ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი ოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი, ეს არის სარას სიცოცხლის წლები. 1 იყო ცხორებაჲ სარრასი ასოცდაშჳდ წელ.
2 მოკვდა სარა კირიათ-არბეში, აწინდელ ხებრონში, ქანაანის ქვეყნად. მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად. 2 და მოკუდა სარრა ქალაქსა შინა არბოკსა, რომელ არს ღელოვანსა მას, ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისსა. მოვიდა აბრაჰამ ტყებად სარრასა და გლოვად.
3 მოსცილდა თავის მკვდარს აბრაამი და ეუბნება ხეთელებს: 3 და აღდგა აბრაჰამ მკუდრისა მისგან და ჰრქუა ძეთა ქეტისთა მეტყუელმან:
4 მსხემად და მდგმურად ვარ თქვენთან; მომეცით საკუთარი სამარხი თქვენს მიწაზე, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი. 4 მწირ და წარმავალ ვარ მე თქუენ თანა. მომეცით მე ადგილი საფლავისაჲ თქუენ შორის და დავფლა მკუდარი ჩემი ჩემგან.
5 მიუგეს ხეთელებმა აბრაამს და უთხრეს: 5 მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ და ჰრქუეს.
6 მოგვისმინე, ბატონო. ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენს შორის; დამარხე შენი მკვდარი ჩვენს საუკეთესო სამარხში. ჩვენს შორის ვერავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად. 6 რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.
7 ადგა აბრაამი და თაყვანისცა ამ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს. 7 აღდგა აბრაჰამ და თაყუანი-სცა ერსა მას მის ქუეყანისასა, ძეთა ქეტისთა.
8 ასე უთხრა მათ: თუ ინებებთ და მკვდარს დამამარხვინებთ, ბარემ ნუ გამაწბილებთ და შემავედრეთ ყეფრონ ცოხარის ძეს, 8 და ეტყოდა მათ და ჰრქუა: უკუეთუ გულითად გნებავს, რათა დავჰფლა მკუდარი ჩემი პირისაგან ჩემისა; ისმინეთ ჩემი და ეტყოდეთ ჩემთჳს ეფრონს, ძესა სარისსა.
9 მომცეს მახფელას მღვიმე, მისი ყანის ბოლოს რომ არის; თავის ფასში მომცეს თქვენი თანდასწრებით საკუთარ სამარხად. 9 და მომეცინ მე ქუაბი მრჩობლი. რომელ არს მისი, რომელ-იგი არს ერთკერძო აგარაკსა მისსა, ვეცხლის რაჲ ღირდეს, მომეცინ მე იგი თქუენ შორის მონაგებად საფლავისა.
10 ყეფრონი ხეთელებს შორის იჯდა; მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ნეთელთა და ყველას გასაგონად, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული, და უთხრა: 10 ხოლო ეფრონ ჯდა შორის ძეთა ქეტისთა, მიუგო ეფრონ ქეტელმან აბრაჰამს და ჰრქუა წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა, რომელნი შევიდეს ქალაქად.
11 არა, ბატონო, მომისმინე: მინდორიც მომიცია და მღვიმეც, იქ რომ არის; ჩემი ხალხის თანდასწრებით მომიცია; დამარხე შენი მკვდარი. 11 და ჰრქუა: ჩემდა მოიხილე, უფალო და ისმინე ჩემი: აგარაკსა მას და ქუაბსა, რომელ არს მას შინა, შენ მიგცემ, წინაშე ყოველთა მოქალაქეთა ჩემთა დაჰფალ მუნ მკუდარი შენი.
12 თაყვანისცა აბრაამმა ქვეყნის ერს. 12 თაყუანის-სცა აბრაჰამ წინაშე ყოვლისა ერისა მის ქუეყანისა.
13 ასე ელაპარაკა ყეფრონს ქვეყნის ერის გასაგონად: თუ თანახმა ხარ, აიღე მინდვრის საფასური, გამომართვი და დავმარხავ იქ ჩემს მკვდარს. 13 და ჰრქუა ეფრონს ყურთა მიმართ ყოვლისა ერისა მის ქუეყანისათა: რამეთუ ჩემ კერძო ხარ, ისმინე ჩემი, ვეცხლი აგარაკისა მის მიიღე ჩემგან და დავფლა მკუდარი ჩემი მუნ.
14 მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა: 14 და მიუგო ეფრონ აბრაჰამს და ჰრქუა:
15 ყური დამიგდე, ბატონო: რა სალაპარაკოა ოთხასი შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა. წადი, დამარხე შენი მკვდარი. 15 არა, უფალო, რამეთუ მასმიეს, ვითარმედ ქუეყანა ოთხასისა დიდრაქმისა ვეცხლისა არს, არამედ შენ შორის და ჩემ შორის რაჲ არს ესე? ხოლო შენ დაჰფალ მკუდარი შენი.
16 დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა აბრაამმა ყეფრონს ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად, ოთხასი შეკელი ვერცხლი ვაჭართა მაზანდით. 16 და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა.
17 ასე დაუმტკიცდა საკუთრებად აბრაამს ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს წინ რომ არის, მინდორი და იქ მდებარე მღვიმე, ყოველი ხე იმ მინდორზე და მის საზღვრებში რომ დგას ირგვლივ, 17 და დაამტკიცა აგარაკი იგი ეფრონისი. რომელი იყო ქუაბსა მა~ მრჩობლსა, რომელ არს პირისპირ წინაშე მამბრესსა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელი იყო მას შინა და ყოველი ხე, რომელი იყო აგარაკსა შინა, რომელ არს საზღვართა მისთა გარემო.
18 ხეთელთა და ყველას თანდასწრებით, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული. 18 ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.
19 ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყნად. 19 და ამისსა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ ცოლი თჳსი სარრა, ქუაბსა მას შინა აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრესსა. ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისასა.
20 დაუმტკიცდა აბრაამს მინდორი და იქ მდებარე მღვიმე ხეთელებისგან საკუთარ სამარხად. 20 და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე