ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი ოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა; ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი. 1 და იყო აბრაჰამ მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამ ყოვლითა-ვე.
2 უთხრა აბრაამმა თავის მორჩილს, თავის სახლთუხუცესს, მთელი თავისი ქონების განმგებელს: საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი. 2 და ჰრქუა აბრაჰამ მონასა თჳსსა უხუცესსა სახლისა მისისასა, მთავარსა მას ყოვლისასა, რომელ-რაჲ იყო მისი: დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა.
3 გაფიცებ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს მიწისას. არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ; 3 და გაფუცო შენ უფალსა ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა, რათა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე დამკჳდრებულ ვარ მათ შორის.
4 არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს. 4 არამედ ქუეყანით ჩუენით, ვინა-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ.
5 უთხრა მორჩილმა: თუ არ წამომყვა ის ქალი ამ ქვეყანაში, ხომ არ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყნად, საიდანაც შენ გამოხვედი? 5 ჰრქუა მას მონამან მან უკეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვად ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძე შენი ქუეყანასა მას, ვინა-ცა გამოხუედ შენ მიერ?
6 უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე. 6 ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ.
7 უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაპაპის სახლიდან, ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მეუბნებოდა და მეფიცებოდა, შენს შთამომავლობას მივცემო ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის. 7 უფალმან ღმერთმან ცისამან და ღმერთმან ქუეყანისამან, რომელმან გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ქუეყანისა მისგან, რომელსა ვიშევ, რომელ-იგი მეტყოდა მე და მეფუცა და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა, მან წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მუნით.
8 თუ არ წამოგყვა ქალი, თავისუფალი ხარ ამ ჩემი ფიცისგან, ოღონდ იქ არ დააბრუნო ჩემი შვილი. 8 ხოლო უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვაჲ ჩუენ თანა ქუეყანასა ამას, უბრალო იყო შენ ფიცისა ამისგან, გარნა ძესა ჩემსა ნუ მიაქცევ მუნ
9 ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას. 9 და დასდვა ჴელი მონამან მან წყჳლთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, და ეფუცა მას სიტყჳსა ამისთჳს.
10 გამოიყვანა მორჩილმა ათი აქლემი თავისი პატრონის ჯოგიდან და გაუდგა გზას; მის ხელში იყო მისი პატრონის მთელი ქონება. ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ. 10 და წარიყუანა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოვლისაგან კეთილისა უფლისა თჳსისა თავისა თჳსისა თანა და აღდგა და წარვიდა შუამდინარედ ქალაქად ნაქორისაჲ.
11 ჩაამუხლა აქლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს. 11 და დააწვინნა აქლემნი იგი გარეშე ქალაქსა ჯურღმულსა მას თანა მიმწუხრი, რაჟამს გამოვლენედ მერწყულნი.
12 თქვა: უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს! 12 და თქუა: უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.
13 აჰა, ვდგავარ ჭასთან და ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი სადაცაა გამოვლენ წყლის ამოსაღებად. 13 აჰა ესერა, ვდგა მე წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრნი გამოვლენ ვსებად წყლისა.
14 თუ მოხდა და ყმაწვილქალმა, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. მივხვდები, რომ მადლი უყავი ჩემს პატრონს. 14 და იყოს ქალწული. რომელსა ვჰრქუა მე: მომიდრიკე მე სარწყული შენი, რათა ვსუა მე. ხოლო მან მრქუას: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით ვცნა, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.
15 ვიდრე ამის თქმას მოასწრებდა, აჰა, გამოვიდა მხარზე კოკაშედგმული რებეკა, რომელიც შესძენოდა ბათუელს, მილქასა და აბრაამის ძმის, ნახორის ვაჟიშვილს. 15 და ვიდრე აღსრულებადმდე სიტყუათა ამათ გონებასა შინა. მუნთქუეს-ვე რებეკა გამოვიდოდა, შობილი ბათოელისი, ძისა მელქასი, ცოლისა ნაქორისა, ძმისა აბრაჰამისაჲ, და აქუნდა სარწყული მჴართა თჳსთა.
16 ყმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად, ქალწული იყო, მამაკაცი არ გაჰკარებოდა. ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა. 16 ხოლო ქალწული შუენიერ იყო ხილვითა ფრიად, და ქალწული იყო, მამაკაცი არა უწყოდა მან. და შთავიდა წყაროსა მას და აღმოავსო სარწყული და აღმოვიდა.
17 გაიქცა მისკენ მორჩილი და უთხრა: ცოტა წყალი დამალევინე შენი კოკიდან. 17 ხოლო მირბიოდა ყრმაჲ მიგებებად მისსა და ჰრქუა მას: მეც მე წყალი, ისწრაფა და გარდამოიღო სარწყული იგი მისგან.
18 უთხრა ქალმა: დალიე ბატონო. ჩამოიღო კოკა და თავისი ხელით შეასვა წყალი. 18 და თქუა: სუ, უფალო. და ასუა.
19 შეასვა თუ არა, უთხრა: შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან. 19 ვიდრე განძღებოდა სმითა. და თქუა: აქლემთაცა შენთა ვასუა, ვიდრემდის ყოველთა სუან.
20 უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი. 20 ისწრაფა და წარმოაცალიერა სარწყული ისარნებსა შინა. და მირბიოდა მერმეცა ჯურღმულისა მიმართ აღმოვსებად წყლისა და ასვა ყოველთავე აქლემთა.
21 კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა. 21 ხოლო კაცი შეისწავლიდა მას და ზომდა ცნობად, უკუეთუ კეთილ-ყო ღმერთმან გზაჲ მისი, ანუ არა.
22 როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ერთბეკაყიანი ოქროს საყურე და ათბეკაყიანი ორი ოქროს სამაჯური. 22 და იყო, ვითარცა დასცხრეს ყოველნი აქლემნი სმისაგან, მოიხუნა კაცმან საყურნი ოქროჲსანი თითოჲ დიდრაქმისა საწონისანი და ორნი სალტენი ჴელთა მისთა ოქროჲ საწონი მათნი.
23 უთხრა: ვისი შვილი ხარ? მითხარი, თუ მოიძებნება მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი ჩვენთვის? 23 და ჰკითხა მას და ჰრქუა: ასული ვისი ხარ. შენ? მითხარ მე. უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩემთჳს დავანებად.
24 უთხრა ქალმა: ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა. 24 და ჰრქუა მან მას: ასული ბათოელისი ვარ მე მელქაჲსისაჲ, რომელი უშვა მან ნაქორს.
25 კვლავ უთხრა: ბზეცა და თივაც მრავლადა გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც. 25 და ჰრქუა მას: ბზე-ცა და თივაჲ არს ჩუენდა და ადგილი დავანებად.
26 მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს. 26 და სთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა.
27 თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს. 27 და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან, მე მომიძღუა უფალი სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა
28 გაიქცა ყმაწვილი ქალი და თავისი დედის სახლში შეატყობინა ეს ამბავი. 28 და მირბიოდა ქალი და მიუთხრა სახლსა დედისა თჳსისასა მსგავსად სიტყუათა ამათ.
29 ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. გაიქცა გარეთ ლაბანი იმ კაცისკენ, წყაროსთან. 29 ხოლო რებეკას ძმაჲ იყო, რომლისა სახელი ლაბან. და მირბიოდა კაცისა მიმართ გარე წყაროსა ზედა.
30 როცა დაუნახა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები და მოისმინა თავისი დის, რებეკას, მონაყოლი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა იმ კაცთან და ხედავს, აქლემებთან დგას, წყაროს პირას. 30 და იყო ვითარცა იხილნა სალტენი და საყურნი ჴელთა ზედა დისა თჳსისათა, რამეთუ ესმნეს სიტყუანი დისა მისისა რებეკას მეტყუელისანი: ესრეთ მეტყოდა მე კაცი, და მოვიდა კაცისა მომართ, დგა რა იგი აქლემთა თანა წყაროსა ზედა.
31 უთხრა: შინ წამოდი, უფლის კურთხეულო. გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გამზადებული მაქვს. 31 და ჰრქუა მას: მოედ, შემოვედ კურთხეულ არს უფალი, რაჲსათჳს სდგა გარე? რამეთუ მე განმიმზადებიეს სახლი ღა ადგილი აქლემთა.
32 შევიდა კაცი სახლში. შეხსნა ლაბანმა აქლემებს საკაზმები, აქლემებს ბზე და საკვები დაუყარა, მას და მის თანმხლებ კაცებს ფეხის დასაბანად წყალი მიუტანა. 32 და შევიდა კაცი სახიდ და გარდატჳრთნა აქლემნი და მისცა ბზე და თივაჲ აქლემთა და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა.
33 გაუშალეს სუფრა, მან კი უთხრა: არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი. უთხრა ლაბანმა: თქვი. 33 და დაუგნა მან პურნი ჭამად. და თქუა მან: არა ვჭამო ვიდრე თქუმადმდე სიტყუათა ჩემთა.
34 თქვა: აბრაამის მორჩილი ვარ მე. 34 და ჰრქუა მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე.
35 დიდად აკურთხა უფალმა ჩემი პატრონი და განდიდდა იგი, მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, ყმები და მხევლები, აქლემები და სახედრები; 35 უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად, და ამაღლდა. და მისცნა მას ცხოვარნი და ზროხანი, ოქროჲ და ვეცხლი, აქლემი და ვირნი.
36 უშვა ჩემს პატრონს სარამ, მისმა ცოლმა სიბერეში შვილი, რომელსაც მისცა ჩემმა პატრონმა მთელი თავისი საბადებელი. 36 და უშვა სარრა, ცოლმან უფლისა ჩემისამან, ძე ერთი უფალსა ჩემსა შემდგომად დაბერებისა მისისა და მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი.
37 დამაფიცა ჩემმა პატრონმა, არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო, 37 და მაფუცა მე უფალმან ჩემმან მეტყუელმან: არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე მკჳდრ ვარ ქუეყანასა მათსა.
38 არამედ წადი ჩემი მამა-პაპის სახლში, ჩემს სანათესაოში და იქიდან მოუყვანეო ცოლი ჩემს ძეს. 38 არამედ სახიდ მამისა ჩემისა წარხჳდე და ტომისა მიმართ ჩემისა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა, ისაკს, მუნით.
39 ვუთხარი ჩემს პატრონს: რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი? 39 ხოლო მე ვარქუ: უკუეთუ არა მოვიდეს დედაკაცი ჩემ თანა?
40 მითხრა: უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან. 40 და მრქუა მე უფალმან ღმერთმან, რომლისა სათნო-ვიქმენ წინაშე მისსა, მან წარმოავლინენ ანგელოზი თჳსი შენ თანა და წარმართენ გზა შენი და მოგუარო ცოლი ძესა ჩემსა ტომისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა.
41 მაშინ გათავისუფლდები ჩემი ფიცისგან, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ; თუ არ გამოგაყოლეს, თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან. 41 მაშინ უბრალო იყო წყევისაგან ჩემისა, ხოლო რაჟამს წარხჳდე ტომისა მიმართ ჩემისა და არა მოგცენ შენ და იყო უბრალო ფიცისაგან.
42 მივედი დღეს წყაროსთან და ვთქვი: უფალო, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთო! სასიკეთოდ წარმიმართე გზა, რომელსაც ვადგივარ. 42 და მო-რა-ვედ მე დღეს წყაროსა ზედა, ვთქუ: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ შენ გზა კეთილ ჰყოფ გზასა ჩემსა, რომელსა ზედა ვალ მე.
43 აჰა, ვდგავარ წყაროსთან. როცა მოვა ყმაწვილი ქალი წყლის ამოსაღებად და ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი კოკიდან, 43 აჰა, მე ვდგა წყაროსა ზედა წყლისასა, ხოლო ასულნი კაცთა ქალაქისათანი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული, რომელსაცა ვჰრქუა მე: მასუ მცირედი წყალი სარწყულისაგან შენისა.
44 ისიც მიპასუხებს, შენც დაგალევინებ წყალს და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის ქალი იქნება, რომელიც აურჩევია უფალს ჩემი პატრონის შვილისთვის. 44 და მრქუას მე: და შენ სუ და აქლემთაცა შენთა ვასუა, ესე დედაკაცი არს, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა, ვითარმედ უყავ წყალობაჲ უფალსა ჩემსა აბრაჰამს.
45 ვიდრე ჩემს გულში ამის თქმას მოვასწრებდი, აჰა, მოდის რებეკაც, მხარზე კოკაშედგმული; ჩავიდა წყაროზე და ამოიღო წყალი. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი. 45 და იყო პირველ დასრულებისა ჩემგან, მეტყუელისა გონებასა შინა, მეყსეულად რებეკა გამოვიდოდა მქონებელი სარწყულისა მჴართა ზედა. და შთავიდა წყაროსა ზედა და აღმოივსო. ხოლო ვარქუ მას: მასუ მე.
46 უმალვე ჩამოიღო კოკა და მითხრა: დალიე, და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა. 46 და მოსწრაფე ქმნილმან შთა-მოიღო სარწყული თავისაგან თჳსისა და თქუა: სუ შენცა ღა აქლემთაცა შენთა ვასუა. და აქლემთაცა ასუა.
47 ვკითხე: ვისი შვილი ხარ-მეთქი? მითხრა: ბეთუელის შვილი ვარ, ნახორის და მილქას ძისაო. მაშინ ჩამოვკიდე საყურეები და ხელზე სამაჯურები გავუკეთე. 47 და ვჰკითხე მას და ვარქუ: ვისი ხარ ასული? ხოლო მან თქუა: ასული ბათოელისი, რომელი უშვა მელქა. და შეუსხენ მას საყურნი და სალტენი ჴელთა მისთა.
48 მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს; ვაკურთხე უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელიც წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმისწული მის შვილს მივგვარო ცოლად. 48 და სათნო ჩენილმან თაყუანის-ვეც უფალსა და ვაკურთხე უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან წარმიმართა მე გზასა ჭეშმარიტებისასა მიყვანებად ასულისა ძმისა უფლისა ჩემისა ძისა მისისათჳს.
49 ახლა, მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი პატრონისთვის, მითხარით; თუ არა და, ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ. 49 აწ უკუეთუ ჰყოფთ ვიდრემე თქუენ წყალობასა და სიმართლესა უფლისა თანა ჩემისა, მითხართ მე, ხოლო უკუეთუ არა, რათა მივაქციო მარჯუენით, ანუ მარცხენით.
50 მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: უფლისგან არის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს. 50 მიუბეს ლაბან და ბათოელ და თქუეს: უფლისაგან გამოვიდა ბრძანებაჲ ესე. ვერ ძალ-გჳც უკუე წინააღდგომად, თქუმად ჰავ-კარგობისა.
51 აჰა, აგერ არის რებეკა; წაიყვანე და წადი! გახდეს შენი პატრონის ძის ცოლი, როგორც უბრძანებია უფალს. 51 აჰა, რებეკა წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე და ეყავნ ცოლ ძესა უფლისა შენისასა, ვითარცა თქუა უფალმან.
52 როცა მოისმინა აბრაამის მორჩილმა მათი ნათქვამი, მდაბლად თაყვანისცა უფალს. 52 ხოლო იყო ყრმისაგან სმენასა აბრაჰამისსა სიტყუათა მათთასა, თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა უფალსა.
53 ამოიღო მორჩილმა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და სამოსელი და მისცა რებეკას; მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები. 53 და გამომღებელმან ყრმამან ჭურჭლისა ოქროჲსა და ვეცხლისა და შესამოსლისა და მისცნა რებეკას. და ძღუენი მისცა ძმასა მისსა და დედასა მისსა.
54 ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. ადგნენ დილით და თქვა მორჩილმა: გამიშვით ჩემს პატრონთან. 54 და ჭამეს და სუეს მან და მისთანათა მყოფთა კაცთა. და დაიძინეს და აღ-რაჲ-დგა განთიად ყრმაჲ იგი და თქუა: განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა.
55 უთხრეს ქალის ძმამ და დედამ: დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათი დღით მაინც. მერე კი წადი. 55 მიუგეს ძმათა რებეკასთა და დედამან და ჰრქუეს: იყავნ ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ აწ დღე ოდენ ათთა და ამისსა შემდგომად წარვიდეთ.
56 უთხრა მორჩილმა: ნუ დამაკავებთ. სასიკეთოდ წარუმართავს უფალს გზა ჩემთვის. გამიშვით და წავალ ჩემს პატრონთან. 56 ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფლისა მიერ წარმემართა გზაჲ ჩემი, წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა.
57 თქვეს: დავუძახოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ, რას იტყვის. 57 ხოლო მათ ჰრქუეს: მოუწოდეთ ქალწულსა მასცა და ვჰკითხოთ პირსა მისსა.
58 დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ. 58 და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან თქუა: წარვიდე.
59 გაისტუმრეს რებეკა, თავიანთი დაი, მისი ძიძითურთ, აბრაამის მორჩილი და მისი კაცები. 59 და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი ყოველნი.
60 დალოცეს რებეკა და უთხრეს: ჩვენი და ხარ შენ. ბევრათასჯერ იმრავლე, თავისი მტრების ქალაქები დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ! 60 და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს: დაჲ ჩუენი ხარ შენ, იყავ ათასეულად ბევრეულთა და დაიმკჳდრონ ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთაჲ.
61 ადგნენ რებეკა და მისი მხევლები და შესხდნენ აქლემებზე, და გაჰყვნენ იმ კაცს. წაიყვანა მორჩილმა რებეკა და წავიდა. 61 აღდგა რებეკა და შიმუნვარნი მისნი და აღსხდეს აქლემებსა ზედა და წარვიდეს, კაცისა მის თანა და წარიყუანა მონამან მან რებეკა და წარვიდა.
62 ხოლო ისაკი წამოსულიყო ბერ-ლახაი-როიდან და ცხოვრობდა ნეგების მხარეში. 62 ხოლო ისაკ იქცეოდა უდაბნოსა, ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას სამხრითკერძოსა.
63 გავიდა ისაკი მინდორში სასეირნოდ საღამოხანს. გაიხედა და ხედავს, აჰა, აქლემები მოდიან. 63 და განსრულ იყო იგი ველად განცხრომად მიმწუხრი. და აღმხილველმან თუალთამან იხილნა აქლემნი მომავალნი ათნი.
64 გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და ჩამოვიდა აქლემიდან. 64 და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ შთამავალი სწრაფი აქლემთა მომართ.
65 უთხრა მორჩილს: ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მორჩილმა; ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა. 65 და ჰრქუა მონასა მას: ვინ არს კაცი ესე, რომელი მოგებებად ჩუენდა? ხოლო მან ჰრქუა: ესე უფალი ჩემი. და გარდამოჴდა იგი აქლემისა მისგან და მოიღო თერისტროჲ და გარე მოისხა.
66 უამბო მორჩილმა ისაკს ყველაფერი, რაც გააკეთა. 66 მაშინ მიუთხრა მონამან მან ისაკს ყოველივე ესე სიტყუაჲ, რაჲცა ყო.
67 შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა. 67 ხოლო შევიდა ისაკ სახიდ დედისა თჳსისასა და შეიყუანა რებეკა და იყო იგი მისა ცოლად. და შეიყუარა იგი და ნუგეშინის-იცა ისაკ სარრაჲსთჳს დედისა თჳსისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე