ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი ოცდამეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 როცა დაბერდა ისაკი და თვალს დააკლდა, დაუძახა ესავს, თავის უფროს შვილს, და უთხრა: შვილო! მიუგო: აქა ვარ! 1 და შემდგომად სიბერისა მის ისაკისა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცესსა და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან თქუა: აჰა, მე.
2 უთხრა ისაკმა: აჰა, დავბერდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები. 2 ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა.
3 აიღე შენი იარაღი, მშვილდ-ისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე. 3 აწ აღიღე ჭურჭელი შენი, მშჳლდ-კაპარჭი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი.
4 მომიმზადე შეჭამადი, მე რომ მიყვარს, მომიტანე და მაჭამე, რომ გაკურთხოს სულმა ჩემმა, სანამ მოვკვდებოდე. 4 და მიქმენ მე სანოვაგენი, ვითარ-იგი მე მიყუარს. და მომართუ მე და ვჭამო, რათა გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.
5 ესმოდა რებეკას, ისაკი რომ ელაპარაკებოდა თავის შვილს, ესავს. გავიდა ესავი ველად სანადიროდ ნანადირევის მოსატანად. 5 ხოლო რებეკას ესმოდა, ეტყოდა რაჲ ისაკ ესავს, ძესა თჳსსა და ვითარცა განვიდა ესავ ველად და ნადირობად ნადირისა მამისათჳს თჳსისა.
6 უთხოა რებეკამ იაკობს, თავის უმცროს შვილს: გავიგონე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა შენს ძმას, ესავს და ეუბნებოდა: 6 მოუწოდა რებეკა იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა, და ჰრქუა: ესერა, მესმა, ვითარ-იგი ეტყოდა მამაჲ შენი ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა:
7 მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის ნებით, ვიდრე ცოცხალი ვარო. 7 მინადირე მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. და ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.
8 ახლა, გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი: 8 აწ უკუე, შვილო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გამცნებ შენ
9 წადი ფარაში და ორი კარგი თიკანი მომიყვანე; რომ მოვუმზადო მამაშენს მისი საყვარელი კერძი. 9 და წარვედ არვედ და მომართუენ მიერ ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და კეთილნი.
10 წაუღე მამაშენს, რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ. 10 და უქმნე იგი სანოვაგედ მამასა შენსა, ვითარ-იგი უყუარს მას. და შეართვი იგი მამასა შენსა, ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან ვიდრე სიკუდილადმდე მისსა.
11 უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია და მე უბანლო ვარ? 11 ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თჳსსა: არს ესავ, ძმაჲ ჩემი, კაცი ფაჩუნიერი და მე კაცი წყლტუ.
12 ხელი რომ მომისვას მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე. 12 ნუუკუე ჴელი შემახოს მე მამამან ჩემმან და ვიყო წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ.
13 უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიყვანე. 13 ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი. გარნა შენ ისმინე ჴმისა ჩემისა და წარვედ და მომართუ მე, რაჲ-იგი გარქუ შენ.
14 წავიდა იაკობი და მოუყვანა დედამისს. მოამზადა დედამისმა შეჭამადი, მამამისს რომ უყვარდა. 14 ხოლო იგი წარვიდა და მოიყუანნა და მოართუა დედასა თჳსსა. და უქმნა დედამან მისმან სანოვაგენი, ვითარცა უყვარდა მამასა მისსა.
15 აიღო რებეკამ თავისი უფროსი შვილის, ესავის, ძვირფასი ტანისამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და ჩააცვა იაკობს, თავის უმცროს შვილს. 15 და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, ძისა თჳსისა, კეთილი, რომელი ედვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა.
16 ხელები და უბანლო კისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა. 16 და ტყავნი იგი თიკანთანი მოხჳნა მკლავთა მისთა და შიშუელსა ქედსა მისსა.
17 მისცა ხელში იაკობს თავისი მომზადებული კერძი და პური. 17 და მისცა საჭმელი იგი, რომელ ქმნა და პური ჴელთა იაკობისთა, ძისა თჳსისათა.
18 მივიდა მამასთან და უთხრა: მამაჩემო! მიუგო: რა იყო? რომელი ხარ, შვილო? 18 და შეართუა იგი მამასა თჳსსა და ჰრქუა: მამაო და მან ჰრქუა: აჰა, მე, ვინ ხარ შენ, შჳლო?
19 უთხრა იაკობმა მამამისს: ესავი ვარ, შენი პირმშო. გაგიკეთე, რაც მთხოვე. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რომ მაკურთხოს შენმა სულმა. 19 და ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: მე ვარ ესავ, პირმშოჲ შჳლი შენი. ვყავ, ვითარ-იგი მეტყოდე მე. აღდეგ და დაჯედ და ჭამე ნადირებულისა ჩემისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.
20 უთხრა ისაკმა თავის შვილს: რა მალე გიპოვნია, შვილო. უთხრა: უფალი, შენი ღმერთი შემეწია. 20 ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა.
21 უთხრა ისაკმა იაკობს: მომიახლოვდი, ხელი მოგისვა, შვილო; მართლა ჩემი შვილი ესავი ხარ თუ არა. 21 ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე მე და ჴელი შეგახო. უკეთუ შენ ხარ შჳლი ჩემი ესავ, ანუ არა.
22 მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისაკს. მან ხელი შეავლო და თქვა: ხმა იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია! 22 და მიეახლა იაკობ ისაკს, მამასა თჳსსა და მან ჴელი შეახო და თქუა: ჴმაჲ ესე - ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი - ესავისნი.
23 ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბანჯგვლიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი, 23 და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავის, ძმისა მისისანი, ფაჩუნიერ და აკურთხა იგი.
24 უთხრა: ესავი ხარ, ჩემი შვილი? მიუგო: მე ვარ. 24 და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი ესავ? და თქუა: მე ვარ.
25 მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა. მიაწოდა, შეჭამა; ღვინო მიუტანა, შესვა. 25 და ჰრქუა ისაკ: მომართუ მე ნადირებულისა შენისა და ვჭამო, და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას და ჭამა და ღჳნოჲ სუა.
26 უთხრა ისაკმა, მამამისმა: მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო. 26 და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: მომეახლე მე და ამბორს-გიყო შენ, შჳლო.
27 მიუახლოვდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსელის სუნი და აკურთხა შვილი: აჰა, სუნი ჩემი შვილისა ვითარცა სუნი უფლის კურთხეული მინდვრისა! 27 და მიეახლა და ამბორს-უყო მას. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ აკურთხა იგი და თქუა: აჰა ესერა, სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისა, რომელი აკურთხა უფალმან.
28 მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო! 28 მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ.
29 გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი! 29 და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი, და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ.
30 როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც. 30 და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისაგან იაკობისა, ძისა თჳსისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან ისაკისა, მამისა თჳსისა, და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით.
31 მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა. 31 და უქმნა საჭმელი და შეართუა მამასა თჳსსა და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.
32 უთხრა ისაკმა, მამამისმა: ვინ ხარ? მიუგო: შენი შვილი ვარ, შენი პირმშო ესავი ვარ. 32 და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ.
33 შიშის ზარი დაეცა ისაკს და უთხრა: ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე შევჭამე? ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება. 33 განცჳფრდა ისაკ განცჳფრებითა დიდითა და თქუა: ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი, შემომართუა და ვსჭამე მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა? და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ.
34 მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა; უთხრა მამას: მეც მაკურთხე, მამაჩემო! 34 და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე ესავს ისაკისგან, მამისა თჳსისა, ღაღად-ყო მწარედ ჴმითა დიდითა ფრიად და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო.
35 უთხრა ისაკმა: მოტყუებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა. 35 ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკჳთ და მიიღო კურთხევაჲ შენი.
36 თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. უთხრა: ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა? 36 და თქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ ესერა კურთხევაჲ ჩემი მიმიღო. და ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა ისაკს: არა დამიშთინე-ა მე კურთხევაჲ, მამაო?
37 მიუგო ისაკმა და უთხრა ესავს: აჰა, ბატონად დაგისვი იგი, ძმები მორჩილებად მივეცი, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, ჩემო შვილო? 37 მიუგო ისაკ და ჰრქუა ესავს: ვინათგან უფალ-ვყო იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყუენ მისა მრწემ, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შჳლო?
38 უთხრა ესავმა მამას: ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო! ხმამაღლა ატირდა ესავი. 38 ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა. და ვითარცა შეწუხნა ისაკ, ღაღად-ყო ესავ ჴმითა დიდითა და ტიროდა ფრიად.
39 მიუგო ისაკმა, მამამისმა, და უთხრა: აჰა, ნოყიერი მიწა გექმნეს სამკვიდრებელად, ცის ცვარი - კურთხევად. 39 მიუგო ისაკ და ჰრქუა: აჰა ესერა, სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო.
40 შენმა მახვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე; დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს. 40 და მახჳლითა შენითა სცხოვნდებოდი და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს ოდესმე, რაჟამს განიჴსნენ უღელი მისი ქედისაგან შენისა.
41 გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ; თქვა გულში ესავმა: დადგება მამაჩემზე გლოვის დრო და მოვკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას. 41 და ძჳრსა უთქმიდა ესავ იაკობს კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა იგი ისაკ, მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა მოიწინენ დღენი სიკუდილისა მამისა ჩემისანი, და მოვკლა იაკობ, ძმაჲ ჩემი.
42 ემცნო რებეკას ესავის, თავისი უფროსი შვილის ნათქვამი; მოაყვანინა იაკობი, თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი. 42 უთხრეს რებეკას სიტყუაჲ ესე ძისა თჳსისა უხუცესისა. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემესსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, ძმაჲ შენი ესავ გითქუამს შენ მოკლვად.
43 ახლა მომისმინე, შვილო. ადექი და ჩემს ძმასთან, ლაბანთან, გაიქეცი ხარანში. 43 აწ უკუე, შჳლო, ისმინე ჴმისა ჩემისა: და აღდეგ და წარივლტოდე შუამდინარედ ლაბანისა, ძმისა ჩემისა, ქარანად.
44 ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი არ გაუვლის შენს ძმას. 44 და იყავ მის თანა რაოდენმე დღე, ვიდრემდე გარე მიიქცეს გულისწყრომაჲ და რისხვაჲ ძმისა შენისა შენგან.
45 სანამ არ გაუვლის შენი მტრობა და დაავიწყდება, რაც უყავი, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან. რატომ დაგკარგოთ ორთავენი ერთ დღეს? 45 და დავიწყდეს, რაჲ-იგი უყავ მას. და მოვავლინო და მოგიწოდო შენ მიერ, ნუუკუე უშვილო ვიქმნე თქუენ ორთაგან-ვე ერთსა შინა დღესა.
46 უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა; თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღად მინდა მაშინ თავი ცოცხალი? 46 და ჰრქუა რებეკა ისაკს: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტის ძეთასა. უკუეთუ მოიყვანოს იაკობ ცოლი ასულთაგან ამის ქუეყანისათა, რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე