ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი ოცდამეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 იაკობიც წავიდა თავის გზაზე და შემოხვდნენ ღვთის ანგელოზები. 1 და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი.
2 თქვა იაკობმა მათ დანახვაზე: ეს ღვთის ბანაკია; და უწოდა სახელად ამ ადგილს მახანაიმი (ორბანაკი). 2 ხოლო იაკობ თქუა, რაჟამს იხილნა იგინი: ბანაკი წმიდაჲ არს ესე და უწოდა ადგილსა მას "ბანაკებ".
3 იაკობმა გაგზავნა მაცნენი ესავთან, თავის ძმასთან, სეყირის ქვეყანაში, ედომის ველისკენ. 3 წარავლინნა იაკობ მაუწყებელნი წინაშე ესავისა, ძმისა თჳსისა, ქუეყანად სეირად, სოფელსა ედომისასა.
4 დააბარა მათ: უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობს-თქო შენი მორჩილი იაკობი: ლაბანთან ვმდგმურობდი და დავყოვნდი აქამდე. 4 ამცნო მათ და ჰრქუა: ესრე არქუთ უფალსა ჩემსა ესავს: ესრე იტყჳს მონა შენი იაკობ: ლაბანის თანა ვმწირობდ და ვყოვნე ვიდრე აქამომდე.
5 მყავს ხარები და სახედრები, ცხვრის ფარა და ჩემი ყმები და ყმაქალები. კაცი გამოვუგზავნე ჩემს ბატონს მოსახსენებლად, მადლი მინდა ვპოვო შენს თვალში. 5 და მოვიგე ზროხაჲ და ვირები და ცხოვარი, მონები და მჴევლები. და მივავლინე უფლისა ჩემისა ესავისა თხრობად, რათა პოოს მონამან შენმან მადლი წინაშე შენსა.
6 მობრუნდნენ მაცნენი იაკობთან და უთხრეს: ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც მოდის ოთხასი კაცით შენს შესახვედრად. 6 და მოიქცეს და მოვიდეს მაუწყებელნი იგი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა, იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასნი კაცნი მის თანა.
7 იაკობი დიდად შეშინდა და შეშფოთდა. გაჰყო ხალხი, თან რომ ახლდა, ცხვარ-ძროხა და აქლემები, ორ ბანაკად. 7 ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად. განყო ერი მისი მის თანა და ცხოვარი და ზროხა ღა აქლემი ორად ბანაკად.
8 და თქვა: თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს და დაარბევს, მეორე ბანაკი ხომ გადამირჩება. 8 და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს და ბანაკი ესე ერთი მოსრას, განერეს მეორე იგი ბანაკი საცხორებელად.
9 თქვა იაკობმა: ჩემი მამის, აბრაამის, ღმერთო! ჩემი მამის, ისაკის, ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო. 9 და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა, კეთილი გიყო შენ.
10 ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ. 10 კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად.
11 მიხსენი ესავისგან, ჩემი ძმისგან, რადგან მეშინია მისი, არ დამეცეს და დედაწულიანად არ ამომწყვიტოს. 11 განმარინე მე, ჴელთაგან მისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედანი შვილთა ზედა.
12 აკი მითხარი: სიკეთეს გიყოფ, ზღვის ქვიშასავით აურაცხელს გავხდიო შენს შთამომავლობას! 12 შენ სთქუ: კეთილად კეთილი გიყო შენ და ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხების სიმრავლისაგან.
13 იქ გაათენა ის ღამე. გამოარჩია თავისი ქონებიდან ძღვენი ესავისთვის, თავისი ძმისთვის: 13 და დაიძინა მუნ ღამესა მას. და მოიღო რომელ-იგი მოაქუნდა ძღუენი, და მიუძღუანა ესავს, ძმასა თჳსსა.
14 ორასი ნეზვი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნერბი და ოცი ვერძი. 14 თხანი ორასი, ვაცნი ოცნი, ცხოვარნი ორასი, ვერძნი ოცნი.
15 ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებიანად, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი ჭაკი ვირი და ათი ჩოჩორი. 15 და აქლემი ჴდალი და კიცვები მათი ოცდაათი, ზროხაჲ ორმეოცი და კუროჲ ათი, ვირნი ოცნი და კარაულნი ათნი.
16 ჩააბარა თავის მორჩილთ ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: იარეთ ჩემს წინ და ჯოგებს შორის დააგდეთ მანძილი. 16 და მისცა იგი ჴელთა მონათა მისთასა სამწყსო თჳს-თჳს და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე ჩემსა და ხანი დაუტევეთ სამწყსოჲ და სამწყსოსა.
17 დააბარა პირველს და უთხრა: თუ შეგხვდა ჩემი ძმა ესავი და გკითხა, ვისი ხარ და საით მიდიხარ, ვისია ეს ჯოგი წინ რომ მოირეკავო. 17 და ამცნო პირველსა მას და ჰრქუა: უკუეთუ შეგემთხჳოს შენ ესავ, ძმაჲ ჩემი, და გკითხოს შენ და გრქუას: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხუალ და ვისი არს, რომელი-ესე ვალს წინაშე შენსა?
18 უთხარი: შენი მორჩილის, იაკობის, არის-თქო; ჩემი ბატონის, ესავისთვის, გამოგზავნილი ძღვენია-თქო, აგერ, თავადაც უკან მოგყვება-თქო. 18 არქუ შენ: მონისა შენისა იაკობისი; ძღუენი რომელი მიუძღუანა უფალსა ესავს და აჰა, იგი შემდგომად ჩუენსა მოვალს.
19 დააბარა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც ჯოგებს გააყოლა, ასე უთხარითო ესავს შეხვედრისას. 19 ესრეთ ამცნო პირველსა და მეორესა და მესამესა და ყოველთავე, რომელნი ვიდოდეს წინაშე მისა, და ამის სიტყჳსაებრ ეტყოდეთ თქუენ ესავს, რაჟამს გპოვნეს მან.
20 უთხარით: აგერ, შენი მორჩილი იაკობი უკან მოგყვება-თქო. რადგან იფიქრა, გულს მოვუგებ წინ წაძღვანებული ძღვენით; მერე კი სახეზე შევხედავ, იქნება შემიწყალოსო. 20 და არქუთ: აჰა, მონა შენი იაკობ მოვალს შედგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო ძღუენითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და მისა. შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემიწყნაროს.
21 ჩაიარა მის წინ ამ ძღვენმა, ხოლო თავად ის ღამე ბანაკში გაათია. 21 და შემიმთხჳოს მე. და წინა უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისა. ხოლო მან დაიძინა ღამესა მას სავანესა მას.
22 ადგა ღამით, ხელი მოჰკიდა თავის ორ ცოლს, ორ მხევალს, თავის თერთმეტ შვილს და გავიდა ფონს იაბოკზე. 22 და აღდგა მას ღამესა და მოიყვანნა ორნი იგი ცოლნი თჳსნი რა ორნი მჴევალნი და ათორმეტნი ძენი მისნი და წიაღმოჴდა წიაღმოსლვასა მას რაბოკისასა და წარმოიყუანნა იგინი.
23 აიყვანა ყველანი და გადაატარა მდინარე, ყველაფერი გადაიტანა, რაც კი ჰქონდა. 23 და წიაღმოჴდა ნაღუარევსა მას და წიაღმოიკრიბა ყოველივე, რა-ცა იყო მისი.
24 მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე. 24 და დადგა იგი მარტოჲ მუნ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე.
25 როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას. 25 და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა დ, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა.
26 უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ. 26 და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.
27 უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი. 27 და მან ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.
28 უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე. 28 და მან ჰრქუა: არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო.
29 ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა. 29 ხოლო ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი მუნ.
30 უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი. 30 და უწოდა იაკობ ადგილსა მას "ხილვაჲ ღმრთისაჲ", რამეთუ "ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი".
31 ამოუბრწყინდა მზე, როგორც კი გასცდა ფენუელს; და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი. 31 და აღმოუჴდა მას მზე. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ, კელობდა იგი ბარკლითა მით.
32 ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელიანები მენჯის ძარღვს, თეძოს სახსარზე, რომ არის, რადგან შეეხო ის იაკობის მენჯის ძვალს, თეძოს სახსარზე. 32

ამისთჳს არა ჭამონ ძეთა ისრაჱლისათა ძარღჳ, რომელი დაუბუშდა, რომელი არს ვრცელსა ბარკლისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე, რომელსა შეახო ვრცელსა ბარკლისასა ძარღუსა იაკობისსა, რომელ დაუბუშა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე