ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი ორმოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გაიგო იაკობმა, რომ იშოვებოდა პური ეგვიპტეში და უთხრა იაკობმა თავის შვილებს: რას უყურებთ? 1 და ვითარცა იხილა იაკობ, რამეთუ არს სასყიდელი ეგჳპტეს, ჰრქუა ძეთა თჳსთა: რაჲსა უდებ ხართ.
2 უთხრა: აჰა, შევიტყვე, პური იშოვება თურმე ეგვიპტეში. ჩადით იქ და გვიყიდეთ პური, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ. 2 აჰა, მესმა, ვითარმედ არს იფქლი ეგჳპტედ, შთავედით მუნ და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი, რათა ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ.
3 ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში. 3 და შთავიდეს ძმანი იოსებისნი ათნი ეგჳპტედ სყიდად იფქლისა.
4 ხოლო ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს; თქვა: უბედურება არ შეემთხვესო. 4 ხოლო ბენიამენ, ძმაჲ იოსებისი, არა წარავლინა ძმათა მისთა თანა, რამეთუ თქუა: ნუუკუე სნეულებაჲ რაჲმე ხუდეს გზასა ზედა.
5 მივიდნენ ისრაელიანები სხვა მიმსვლელებთან ერთად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში. 5 მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტედ სყიდად მომავალთა თანა. ხოლო იყო სიყმილი ქუეყანასა-ცა ქანანისასა.
6 იოსები იყო ხელისუფალი ქვეყანაში; ის იყო ამ ქვეყნის ხალხის დამპურებელი. იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანისცეს. 6 ხოლო იოსებ იყო მთავარ ქუეყანასა მას და ესე მიჰყიდდა ყოველსა ერსა ქუეყანისასა. და მოვიდეს ძმანი იოსებისნი და თაყუანის-სცეს მას პირსა ზედა ქუეყანისასა.
7 დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ არ გაამხილა თავი და მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. უთხრა: საიდან მოსულხართ? მიუგეს: ქანაანის ქვეყნიდან პურის საყიდლად. 7 და ვითარცა იხილა იოსებ ძმანი თჳსნი, იცნა იგინი და არა გამოეცხადა მათ, არამედ ეტყოდა ფიცხელად და ჰრქუა მათ: ვინა მოხუალთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქუეყანით ქანანისათ სყიდად საზრდელისა.
8 იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი. 8 იცნა იოსებ ძმანი თჳსნი, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.
9 გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა, და უთხრა: მსტოვრები ხართ, ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედით. 9 მოეჴსენა იოსებს ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა მან და ჰრქუა მათ: მსტოარნი ხართ და ალაგთა სოფლისათა მისრულ ხართ ხილვად.
10 უთხრეს: არა, ბატონო, პურის საყიდლად მოვედით შენი მორჩილნი. 10 ხოლო მათ ჰრქუეს: არა, უფალო, მონანი შენნი ვართ და მოვედით სყიდად საზრდელისა.
11 ერთი მამის შვილები ვართ ყველანი, პატიოსანი ხალხი ვართ. არ არიან მსტოვრები შენი მორჩილნი. 11 ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.
12 უთხრა: არა, ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედითო. 12 ჰრქუა მათ იოსებ: არა, არამედ ალაგთა სოფლებისათა მოსრულ ხართ ხილვად.
13 უთხრეს: თორმეტი ძმანი ვართ შენი მორჩილნი, ერთი მამის შვილები, ქანაანის ქვეყნის მკვიდრნი. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი აღარა გვყავს. 13 ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტნი ვიყვენით ჩუენ ძმანი, მონანი შენნი, ქუეყანასა ქანანისსა. და ერთი უმრწემესი ჩუენი მამისა თანა არს დღეს, ხოლო ერთი იგი არა არს ჩუენ შორის.
14 უთხრა იოსებმა: ასეა, როგორც გითხარით, მსტოვრები ხართ-მეთქი. 14 ჰრქუა მათ იოსებ: ესე იგი არს, რომელსა გეტყოდე თქუენ, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.
15 უნდა გამოგცადოთ. ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, ვიდრე თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა. 15 ამით საცნაურ იყვნეთ: უკუეთუ მშჳდობისანი ხართ, ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, არა განხჳდეთ ამიერ, ვიდრე არა მოვიდეს აქა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი.
16 გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; დანარჩენები დატყვევებული იქნებით. მაშინ გაირკვევა თუ მართალს ამბობთ. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, მსტოვრები ხართ. 16 წარავლინეთ ერთი თქუენგანი და მოიყუანეთ იგი აქა. ხოლო თქუენ გიპყრნე კრძალულად, ვიდრე განცხადნენ სიტყუანი თქუენნი, გინა თუ ჭეშმარიტ არიან, გინა არა. უკეთუ არა ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.
17 სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი. 17 და შესხნა იგინი საპყრობილესა სამ დღე.
18 უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით; ღვთისმოშიში კაცი ვარ მე. 18 და მესამესა დღესა ჰრქუა მათ: ესე ჰყავთ და სცხოვნდეთ, რამეთუ მე ღმრთისა მეშინის.
19 თუ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს. 19 უკუეთუ ხართ მშჳდობისანი. ძმაჲ თქუენი ერთი დავიყენო საპყრობილესა შინა, ხოლო თქუენ წარვედით და წარიღეთ სყიდული ეგე იფქლი თქუენი
20 აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი. დათანხმდნენ. 20 და ძმა იგი თქუენი მოიყუანეთ ჩემდა, და მაშინ-ღა თუ სარწმუნო იყვნენ სიტყუანი ეგე თქუენნი; უკეთუ არა, მოსწყდეთ. ხოლო მათ ჰრქუეს: ეგრე.
21 უთხრეს ერთმანეთს: მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი. 21 და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისათჳს ჩუენისა, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისა, რაჟამს-იგი გვევედრებოდა ჩუენ და არა ვისმინეთ მისი. ამისთჳს მოიწია ჩუენ ზედა ყოველი ესე ჭირი.
22 მიუგო მათ რეუბენმა და უთხრა: ხომ გეუბნებოდით, ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებით-მეთქი. თქვენ კი არ დამიჯერეთ და, აჰა, ახლა მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი. 22 მიუგო რუბენ და ჰრქუა მათ: არა გეტყოდი-ა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას? და არა ისმინეთ ჩემი, აწ, ესერა, სისხლი მისი იძიების.
23 არ ეგონათ, რომ ყველაფერი ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იყო მათ შორის. 23 ხოლო მათ არა იცოდეს, ვითარმედ ესმის იოსებს, რამეთუ თარგმანი დგას მათ შორის.
24 შეტრიალდა იოსები და ატირდა. მერე მოუბრუნდა მათ და ელაპარაკა; გამოარჩია მათგან სიმონი და მათ თვალწინ დაადო ბორკილი. 24 მიიქცა გარე მათგან იოსებ და ტიროდა. მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე.
25 ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ვაშკარანები, გადახდილი ვერცხლი მათ ვაშკარანებში ჩაედოთ და საგზალი მიეცათ. ასეც მოიქცნენ. 25 და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე. და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭელნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადისა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა და უყვეს მათ ეგრე.
26 აჰკიდეს პური სახედრებს და წავიდნენ. 26 და აღჰკიდეს იფქლი ვირთა მათთა და წარვიდეს მიერ.
27 ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა, სახედრისთვის საკვები რომ დაეყარა, მოხსნა პირი ვაშკარანს და და დაინახა თავისი ვერცხლი: ვაშკარანის პირზე დევს იგი. 27 განჴსნა ერთმან ტჳრთსა, რათა-მცა სცა საზრდელი ვირთა სადგურსა ზედა, და იხილა კრული იგი ვეცხლი თჳსი, რამეთუ იყვა ზედა კერძო ძაძასა მისსა
28 უთხრა ძმებს: დაუბრუნებიათ ჩემი ვერცხლი. აჰა, ჩემს ვაშკარანში დევს. გულზე შემოეყარათ და შიშით უთხრეს ერთმანეთს: ეს რა გვიყო ღმერთმა? 28 მიუგო და ჰრქუა ძმათა თჳსთა: კუალად მომეცა მე ვეცხლი ჩემი და, აჰა, იგი ვაშკარანსა ჩემსა არს. და განუკრთა გული მათი და შეშფოთნეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ ესე მიყო ჩუენ ღმერთმან?
29 მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს: 29 და მოვიდეს იგინი იაკობისა, მამისა მათისა, ქუეყანად ქანანისა, უთხრეს მათ ყოველი, რაჲცა შეემთხჳა და ეტყოდეს:
30 მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, მსტოვრებად მიგვიჩნია. 30 მეტყოდა ჩუენ კაცი იგი, უფალი მის ქუეყანისა ფიცხლად და შემსხნა საპყრობილესა, ვითარცა მსტოვარნი ქუეყანისანი.
31 ვუთხარით: პატიოსნები ვართ, მსტოვრები არა ვართ. 31 ხოლო ჩუენ ვარქუთ მას: რამეთუ მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.
32 თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები; ერთი აღარა გვყავს ცოცხალი; უმცროსი ახლა მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში. 32 ათორმეტნი ვიყუენით ჩუენ ძენი ერთისა მამისანი, ერთი იგი არა შოვრის არს, ხოლო ერთი იგი უმრწამესი მამისა ჩუენისა თანა არს ქუეყანასა ქანანისსა.
33 გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის პატრონმა: ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა დამიტოვეთ, თქვენ კი აიღეთ პური თქვენიანებისთვის და წადით. 33 და მრქუა ჩუენ კაცმან მან, უფალმან მის ქუეყანისამან: ამით ვცნა, რამეთუ მშჳდობისანი ხართ, ძმაჲ ერთი თქუენგანი აქა დაუტევეთ ჩემ თანა და სყიდულიცა იგი იფქლი, რომელი მიგიღებიეს, მიართჳთ ვანსა თქუენსა და წარვედით.
34 მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და დავიჯერებ, რომ მსტოვრები არა ხართ, რომ პატიოსანი ხალხი ხართ. მოგცემთ თქვენს ძმას და მშვიდობით გაივლით ამ ქვეყანას. 34 და ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი მოიყუანეთ ჩემდა და ვცნა, რამეთუ არა მსტოვარნი ხართ, არამედ მშჳდობისანი, მიგცე ძმაჲ ესე თქუენი და ქუეყანასა ამას იქცეოდეთ და ვაჭრობდეთ.
35 როცა გადმოაცარიელეს თავ-თავიანთი ვაშკარანები, თითოეულს თავისი ვერცხლით სავსე ტომსიკა აღმოაჩნდა ვაშკარანში. დაინახეს თავიანთი ვერცხლი მათ და მათმა მამამ და შეეშინდათ. 35 და იყო, ვითარცა წარმოაცალიერებდეს ძაძათა მათთა, იპოვა შეკრული ვეცხლი კაცად-კაცადისა ძაძასა თჳსსა. და ვითარცა იხილეს შეკრულები იგი ვეცხლი მათი და შეეშინათ.
36 უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: შვილები წამართვით! იოსები აღარ მყავს, სიმონი აღარ მყავს! ახლა ბენიამინი მიგყავთ. ყველაფერი მე დამატყდა თავს! 36 და ჰრქუა იაკობ, მამამან მათმან: მე უშვილო მქმენით, იოსებ არა არს, სჳმეონ არა არს და ბენიამენ-ღა მიმიღოთ, ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი.
37 ასე უთხრა რეუბენმა მამამისს: ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო! მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ. 37 მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოსწყჳდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც მე ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ.
38 უთხრა იაკობმა: ჩემს შვილს ვერ გაგატანთ, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა შემრჩა. რამე უბედურება შეხვდება გზაზე, სადაც მიდიხართ. გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში! 38 ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ გზასა ზედა, რომელსა მიხუალთ და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე