ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი ორმოცდამეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მივიდა იოსები და ამცნო ფარაონს და უთხრა: მამაჩემი და ჩემი ძმები თავიანთი ცხვარ-ძროხითა და მთელ საბადებლითურთ ჩამოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან. აჰა, უკვე გოშენის მხარეში არიან. 1 და მივიდა იოსებ, უთხრა ფარაოს და ჰრქუა: მამაჲ ჩემი და ძმანი ჩემი და ყოველი საცხოვარი და ზროხანი მათნი მოსრულ არიან ქუეყანით ქანანისათ და აჰა არიან იგინი ქუეყანასა გესემისასა.
2 ძმების მხრიდან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარუდგინა ფარაონს. 2 და ძმათაგანი მისთა წარიყუანა იოსებ ხუთი კაცი და დაადგინნა იგინი , წინაშე ფარაოჲსა.
3 უთხრა ფარაონმა მის ძმებს: რა საქმეს მისდევთ. უთხრეს ფარაონს: მეცხვარეები გახლავართ შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი მამა-პაპები იყვნენ. 3 და ჰრქუა ფარაო ძმათა იოსებისთა: რაჲ არს საქმე თქუენი? ხოლო მათ ჰრქუეს ფარაოს: მწყემს ვართ ცხოვართა მონანი შენნი სიყრმითგან, ვიდრე აქამომდე, ჩუენ-ცა და მამანი ჩუენნი.
4 უთხრეს ფარაონს: მდგმურად მოვედით ამ ქვეყანაში რადგან აღარ გვქონდა საძოვარი ცხვრისათვის თქვენ მორჩილთ; მძიმე გახდა შიმშილი ქანაანის ქვეყნად. დაგვასახლე შენი მორჩილნი გოშენის მხარეში. 4 და ჰრქუეს ფარაოს: მწირობად მოსრულ ვართ ჩუენ ქუეყანასა, რამეთუ არა არს საძოვარი საცხოვართათჳს მონათა შენთასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ქანანისასა აწ უკუე დავეშენნეთ მონანი შენნი ქუეყანასა მას გესემისასა.
5 უთხრა ფარაონმა იოსებს: მამა და ძმები მოგივიდნენ. 5 ჰრქუა ფარაო იოსებს და ეტყოდა: მამაჲ შენი და ძმანი შენნი მოსრულ არიან შენდა.
6 შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები; დაესახლონ გოშენის მხარეში. თუ გამოძებნი მათ შორის მარჯვე კაცებს, დაუდგინე სარქლებად ჩემს საქონელს. 6 ეგერა, ქუეყანა ეგჳპტისა შენ წინაშე არს, უმჯობესა ქუეყანასა დაამკჳდრენ მამაჲ შენი და ძმანი შენნი, დაემკჳდრნედ ქუეყანასა გესემისასა, უკუეთუ იცი შენ, ვითარმედ არიან მათ შორის კაცნი ძლიერნი, დაადგინენ იგინი მთავრად ჩემთა საცხოვართა.
7 მოიყვანა იოსებმა თავისი მამა, იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი. 7 შეიყვანა იოსებ მამაჲ თჳსი იაკობ და დაადგინა იგი წინაშე ფარაოჲსა და აკურთხა იაკობ ფარაო.
8 უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლისა ხარ? 8 და ჰრქუა ფარაო იაკობს: რაოდენ არიან წელნი დღეთა ცხოვრებისა შენისათანი?
9 უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ. 9 და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წელთა ცხორებისა ჩემისანი, ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩუენთასა, რაოდენთა დღეთა მწირობდეს.
10 დალოცა იაკობმა ფარაონი და გავიდა ფარაონისგან. 10 და აკურთხა იაკობ ფარაო და განვიდა მისგან.
11 დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამსესის მხარეში, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები. 11 და დააშენა იოსებ მამაჲ თჳსი და ძმანი თჳსნი და მისცა მათ სამკჳდრებელი ქუეყანასა ეგჳპტისასა და უმჯობესსა ქუეყანასა მას რამესესასა, ვითარცა იგი უბრძანა ფარაო.
12 ამარაგებდა იოსები მამას და ძმებს, მთელს მამის სახლს პურით ბავშვების სულადობის კვალობაზე. 12 და იფქლსა უწყვიდა საწყაულით იოსებ მამასა თჳსსა და ძმათა თჳსთა და ყოველსა სახლსა მამისა თჳსისასა იფქლსა თავად-თავად.
13 პური არ იყო მთელს ქვეყანაში, რადგან გამძიმდა შიმშილობა მეტისმეტად; მოუძლურდა ეგვიპტის ქვეყანა და ქანაანი შიმშილისგან. 13 და იფქლი არა იყო ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ფრიად და მოაკლდა ქუეყანა ეგჳპტისა და ქუეყანა ქანანისა სიყმილითა.
14 მთელი ვერცხლი, რაც კი ეგვიპტეში და ქანაანში იპოვებოდა, იოსებმა მოიხვეჭა გაყიდული პურის ფასად და შესძინა ფარაონის სახლს. 14 და შეკრიბა იოსებ ყოველი ვეცხლი, რაოდენი იპოვა ქუეყანასა ეგჳპტისასა იფქლითა მით, რომელსა ჰყიდდეს და იფქლსა უწყვიდა მათ და შეიღო იოსებ ყოველი ვეცხლი სახლსა ფარაოსსა.
15 გამოილია ევრცხლი ეგვიპტეში და ქანაანში, და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: მოგვეცი პური. ვერცხლი რომ გამოგველია, ამისთვის ხომ არ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ? 15 და მოაკლდა ვეცხლი ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა ქანანისსა, მოვიდეს ყოველნი ეგჳპტელნი იოსებისა და ეტყოდეს: მეც ჩუენ პური, რაჲსა მოვსწყდებით წინაშე შენსა, რამეთუ მოგუაკლდა ჩვენ ვეცხლი.
16 უთხრა იოსებმა: მოასხით საქონელი და მოგცემთ საქონლის ფასად, ვერცხლი თუ გამოგელიათ. 16 ჰრქუა მათ იოსებ: მომეცით მე საცხოვარი თქუენ- და გცე პური საცხოვრისა წილ თქუენისა.
17 მიჰყავდათ იოსებთან საქონელი და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენების, ცხვრის ფარის, ნახირის და სახედრების საფასურში; ამარაგებდა მათ იმ წელიწადს პურით მთელი მათი საქონლის საფასურად. 17 მიჰგუარეს მათ საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვარისა წილ მათისა, ცხენებისა წილ და ვირებისა ზროხებისა და ცხოვარისა: და გამოზარდნა იგინი მას წელიწადსა შინა პურითა ყოვლისა წილ საცხოვარისა მათისა. წარჴდა წელიწადი იგი.
18 მიიწურა ის წელიც და მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ვერცხლიცა და საქონლის ჯოგიც ჩვენი ბატონისთვის მისაცემად; არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბაგონის წინაშე, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა. 18 და მოვიდეს მისა წელიწადსა მას მეორესა და ჰრქუეს: ნუუკუე მოვისრნეთ უფლისა ჩუენისაგან, რამეთუ მოგუაკლდა ჩუენ ვეცხლი და მონაგები და საცხოვარი შენდამი უფლისა ჩუენისა და არა დამიშთა ჩუენ წინაშე უფლისა ჩუენისა, გარნა თჳსი ესე გუამი და ქუეყანაჲ ჩუენი.
19 რისთვის უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ და განადგურდეს ჩვენი ყანები? გვიყიდე ბარემ ყანებიანად პურის საფასურში და მონებად გავუხდებით ფარაონს ჩვენცა და ჩვენი ყანებიც. მოგვეცი მარცვალი, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ ამოვწყდეთ, და მიწაც არ გაუკაცრიელდეს. 19 რათა არა მოვსწყდეთ წინაშე შენსა და ქუეყანაჲ ჩვენი მოოჴრდეს, არამედ მიმიყიდენ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი პურისა წილ და ვიყუნეთ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი მონა ფარაოჲსა, მეც ჩუენ თესლი, რათა ვსთესოთ და ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ და ქუეყანა არა მოოჴრდეს.
20 შეუსყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონს, რადგან გაყიდეს ეგვიპტელებმა თავიანთი ყანები გაუსაძლისი შიმშილის გამო. ასე დაეუფლა მიწას ფარაონი. 20 და მოუყიდა იოსებ ყოველი ქუეყანა ეგჳპტისაჲ ფარაოს, რამეთუ მისცეს ქუეყანა მათი ეგჳპტელთა ფარაოს, რამეთუ დაიპყრა იგინი სიყმილმან და იყო ქუეყანა იგი ფარაოჲსა.
21 გადაჰყავდა ხალხი ქალაქებში ეგვიპტის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში. 21 და ერი იგი დაამონა ფარაოს კირთად კიდითგან საზღურით ეგჳპტისად ვიდრე კიდედმდე მისა თჳნიერ.
22 მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან ჰქონდათ ნაკვეთები, და თავს ირჩენდნენ ამ ნაკვეთებით, ფარაონმა რომ მისცა. ამიტომაც არ გაუყიდიათ თავიანთი მიწა. 22 ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა იგი ხოლო არა მოიყიდა იოსებ, რამეთუ უსასყიდლოდ მისცემდა იოსებ მღდელთა მათ ფარაოსთა და ჭამეს საცემელსა მას, რომელსა სცემდა მათ ფარაო, ამისგან არა განყიდეს ქუეყანა მათი.
23 უთხრა იოსებმა ხალხს: აჰა, ნაყიდი მყავხართ ახლა ფარაონისთვის თქვენცა და თქვენი მიწებიც. აჰა, თესლი და დათესეთ პური. 23 ჰრქუა იოსებ ყოველთა ეგჳპტელთა: აჰა ესერა, მოგიგენ თქუენ და ქუეყანა თქუენი დღესითგან ფარაოსად, მიიღეთ თქუენ თესლი, დასთესეთ ქუეყანასა.
24 მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, ხოლო ოთხი წილი ყანის დასათესად და საკვებად დაიტოვეთ თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი წვრილშვილისთვის. 24 და ნაყოფი მისი, რომელი იყოს, მოეცით მეხუთე ნაწილი ფარაოს, ხოლო ოთხი ნაწილი იყოს თავისა თქუენისა თესლად ქუეყანისა საზრდელად თქუენდა და ყოვლისა სახლისა თქუენისა და საჭმელად ჩჩჳლთა თქუენთა.
25 უთხრეს: შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს. 25 და მათ ჰრქუეს: მაცხოვნენ ჩუენ, ვპოვეთ მადლი წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, და ვიყუნეთ მონა ფარაოჲსა.
26 ასეთი წესია დღემდე დადგენილი იოსებისგან ეგვიპტის მიწებზე: მეხუთედი ფარაონისაა. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს. 26 და დადვა იოსებ ბრძანებაჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე: მეხუთე ნაწილი ფარაოს, თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა არა იყო ყოველი ფარაოჲსა.
27 დაესახლა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნად, გოშენის მხარეში, ეჭირათ იგი, მოშენდნენ და დიდად გამრავლდნენ. 27 ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა გესმეს, და დაეშენნეს მას ზედა და აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად.
28 იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; ხოლო ხანი მისი სიცოცხლისა იყო ასორმოცდაშვიდი წელი. 28 და ცხოვნდა იაკობ ეგჳპტეს ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი იაკობისნი და წელნი ცხორებისა მისისანი ასორმეოცდაშჳდ წელ.
29 დაუდგა სიკვდილის ჟამი იაკობს და უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი. მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში. 29 და ვითარცა მოიწივნეს დღენი სიკუდილისა იაკობისნი; მოუწოდა იოსებს, ძესა თჳსსა, და ჰრქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა და პოოს ჩემ თანა მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ, რათა არა დამფლა მე ეგჳპტეს.
30 რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე, წამიღე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში. უთხრა იოსებმა: შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი. 30 არამედ დავეფლა მე მამათა ჩუენთა თანა და განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ საფლავსა მამათასა, ხოლო მან თქუა: ეგე ვყო.
31 უთხრა იაკობმა: შემომფიცე. მანაც შეჰფიცა. და სასთუმალზე მიდო თავი ისრაელმა. 31 და ჰრქუა მას: მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე