ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, 1 და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა.
2 დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. 2 ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს.
3 თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. 3 და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ.
4 ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. 4 და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.
5 დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. 5 ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა.
6 ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. 6 და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა.
7 თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე. 7 და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.
8 მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში. 8 ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.
9 ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე. 9 ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.
10 შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. 10 ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ.
11 წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. 11 ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა.
12 გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. 12 და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა.
13 უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ. 13 და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა.
14 გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე. 14 იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.
15 ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა; 15 და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი.
16 სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე. 16 შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.
17 აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს. 17 ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს.
18 შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები. 18 და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა.
19 ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს. 19 და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მჴეცთა და ყოვლისაგან ჴორცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ.
20 ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ. 20 ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა, ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა - მამალი და დედალი.
21 წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც. 21 ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად
22 ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა. 22 და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე