ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, სამოცი წყრთის სიმაღლისა და ექვსი წყრთის სიგანისა. დურას ველზე, ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი.

1

წელთა რვადაათთა ნაბუქოდონოსორ მეფემან ქმნა ხატი ოქროსაჲ, სიმაღლე მისი წყრთათა სამოცთა და სივრცე მისი წყრთათა ექუსთა. და აღდგა იგი ველსა შორის დეირასა, სოფელსა შინა ბაბილონსა.

2 ხალხი დაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა, რათა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი შეყრილიყვნენ და მოსულიყვნენ იმ კერპის კურთხევაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. 2 და ნაბუქოდონოსორ მეფემან წარავლინა შეკრებად ყოველთა მის ქუეშეთა, და სატრაპეზთა, და ადგილისმთავართა, წინამძღვართა მძლავრთა, და ჴელმწიფებათზედათა და ყოველთა მთავართა სოფელთასა მოსლვად ენკენიათა ხატისათა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.
3 მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი იმ კერპის კურთხევაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. დადგნენ ისინი იმ კერპის წინაშე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. 3 და შეკრბეს ადგილისმთავარნი, ჳპატოსნი, სპასპეტნი, წინამძღუარნი დიდნი, ჴელმწიფებათზედანი, ყოველნი მთავარნი სოფელთანი მოსლვად ენკენიობასა ხატისასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და დგეს წინაშე ხატისა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ.
4 მაშინ მაწვევარმა ომახიანად დაიძახა: ხალხნო, ტომებო და ენანო! თქვენ გებრძანებათ! 4 და ქადაგი ჴმობდა ძლიერებისა თანა: თქუენ გეტყჳ, ნათესავთა, ერთა, ტომთა, ენათა,
5 როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე უნდა დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. 5 რომელსაცა ჟამსა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმონისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომთა თაყვანის-ეცით ხატსა ოქროსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.
6 ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული. 6 და რომელმანცა არა თაყუანის-სცეს, მასვე ჟამსა შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.
7 ამიტომ, როგორც კი ყველა ხალხმა გაიგონა საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და ყველა სამუსიკო საკრავის ხმა, ყველა ხალხი, ტომი და ენა დაემხო და თაყვანი სცა ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. 7 და იყო, ოდეს ესმოდის ერთა ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა, და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომნი ერნი, ტომნი, ენანი თაყვანის-სცემდეს ხატსა ოქროჲსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან წინაშე ამისსა.
8 ამ დროს იყო, რომ მოდგა ზოგიერთი ქალდეველი და იუდაელებს დაუწყეს ბრალის დადება. 8 მაშინ მოუჴდეს მამრნი ქალდეველნი და შეასმენდეს იუდეანთა, და მიმგებელთა ჰრქუეს მეფესა ნაბუქოდონოსორს:
9 უამბეს მათ მეფე ნაბუქოდონოსორს და უთხრეს: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! 9 მეფეჲ საუკუნეთადმი ცოცხლებდინ!
10 მეფეო, შენ განკარგულება გაეცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც კი საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებდა, უნდა დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი; 10 შენ, მეფე, დასდევ რწმენაჲ: ყოველმან კაცმან, რომელმანცა ისმინოს ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა,
11 ხოლო ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ცეცხლით გახურებულ ღუმელში უნდა ჩაგდებულიყო. 11 დავარდეს და თაყუანი-სცეს ხატსა ოქროჲსასა; და რომელმან უკეთუ არდავრდომილმან თაყუანი-სცეს, შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა აგზებულისა.
12 მაგრამ არიან იუდაელნი, რომელთაც შენ ბაბილონის ქვეყნის საქმეები ჩააბარე - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფეო, ეს ხალხი არ ემორჩილება შენს განკარგულებას. ისინი არც შენს ღმერთებს არ ემსახურებიან და არც იმ ოქროს კერპს სცემენ თაყვანს, შენ რომ აღმართე. 12 არიან უკუე მამრნი იუდეანნი, რომელნი დაადგინენ საქმეთა ზედა სოფლისა ბაბილონისათა: სედრაკ, მისაკ, აბედნაქო; მათ მამრთა არა უსმინეს რწმენასა შენსა და ღმერთთა შენთა არმკუთველ არიან და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-სცემენ.
13 მაშინ ბრაზითა და რისხვით ანთებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა. მოჰგვარეს მეფეს ეს კაცები. 13 მაშინ ნაბუქოდონოსორ გულისწყრომისა თანა და რისხვისა თქუა მოყვანებად სედრაკ, მისაკ და აბედნაქოსი; და მამრნი იგი მოიყვანნეს წინაშე მეფისა.
14 მიუგო ნაბუქოდონოსორმა და უთხრა მათ: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, ნუთუ განზრახ არ ემსახურებით ჩემს ღმერთებს და თაყვანს არ სცემთ იმ ოქროს კერპს, მე რომ აღვმართე? 14 და მიუგო ნაბუქოდონოსორ და ჰრქუა მათ: უკუეთუ ჭეშმარიტად, სედრაკ, მისაკ და ავდენაღო, ღმერთთა ჩემთა არამკუთნველ ხართ და ხატსა ოქროსასა, რომელი აღვსდგი, არ თაყუანის-სცემთ?
15

ახლა კი მოემზადეთ და საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და სხვა ყველანაირი სამუსიკო საკრავის ხმის გაგონებაზე, დაემხეთ და თაყვანი ეცით იმ კერპს, მე რომ გავაკეთე: მაგრამ თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი. რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?

15

აწ უკუე, უკეთუ გაქუსყე მზად, რაჲთა, ვითარცა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დავრდომილთა თაყუანი-სცეთ ხატსა, რომელი შევქმენ. ხოლო უკუეთუ არ თაყუანის-სცეთ, მასვე ჟამსა შესცჳვეთ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა. და ვინ არს ღმერთი, რომელმან განგარინნეს თქუენ ჴელთაგან ჩემთა?

16 შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს და უთხრეს მეფეს: ნაბუქოდონოსორ, ძნელი არ არის ჩვენთვის მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა. 16 და მიუგეს სედრაკ, მისაკ და ავდენაგო, მეტყუელთა, მეფესა ნაბუქოდონოსორსა: არა საჴმარად მაქუს ჩუენ სიტყჳსა ამისთჳს მიგებად შენდა,
17 აჰა, არსებობს ჩვენი ღმერთი, რომელსაც ვემსახურებით. მას შესწევს ძალა, რომ ცვცხლით გახურებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო! 17 რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.
18 ასე რომც არ მოხდეს, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ დადგი. 18 და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.
19 მაშინ ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო; შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდმაგად და უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ. 19 მაშინ ნაბუქოდონოსორ აღივსო გულისწყრომითა და შესახედავი პირისა მისისა იცვალა სედრახს ზედა, მისაქს, ავდენაქოს, და თქუა აღგზნებად საჴმილი შჳდწილად, ვიდრე არა სრულიად აღატყდეს,
20 უბრძანა თავისი მხედრობის უძლიერეს ვაჟკაცებს, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი, ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ. 20 და მამრთა, ძლიერთა ძალითა, ჰრქუა, შემკრველთა სედრახ, მისახ, ავდენაღოჲსთა, შეთხევაჲ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.
21 მაშინ ეს კაცები, თავიანთი ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა შესამოსელით შემოსილნი, შეკრეს და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს. 21 მაშინ მამრნი იგი შეიკრნეს სარავარებისა თანა მათისა, და ტიარებისა, და პერიკნიმებისა და შესამოსლებისა მათისა. და შევარდეს შორის საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა,
22 რაკი მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ის კაცები, რომელნიც შადრაქს, მეშაქსა და ყბედ-ნეგოს ჰყრიდნენ ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა. 22 ვინათგან სიტყუა მეფისა უფროს განძლიერდა და საჴმილი აღეტყინა შჳდწილ უმეტეს.
23 ხოლო ეს სამნი - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლით გახურებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ. 23 და კაცთა მათ შემასმენელთა სედრაქ მისაქ, ავდენაქოჲსთა მოსწყუედდა მათ ალი ცეცხლისაჲ გარემოს და მამრნი იგი, სედრაქ, მისაქ და აბედნაქო, შეცჳვეს საშუალ საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა შეკრულნი.
24[*] მიმოდიოდნენ ისინი შუაგულ ცეცხლში, უგალობდნენ ღმერთს და აკურთხებდნენ უფალს. 24 და ვიდოდეს საშუალ მის ალისა, უგალობდეს ღმერთსა და აკურთხევდეს უფალსა.
25 წამოიმართა ყაზარია, ილოცა შუა ცეცხლში, გახსნა პირი და წარმოთქვა: 25 და წარდგომილმან შორის მათსა აზარია ილოცა ესრეთ, და აღმაღებელმან პირისა თჳსისამან შორის ცეცხლისა თქუა:
26 კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებულია სახელი შენი უკუნისამდე. 26 კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთამდი,
27 რადგან ყველაფერში მართალი ხარ, რაც კი რამ ჩვენთვის გაგიკეთებია; ჭეშმარიტია ყოველი შენი საქმე, სწორია შენი გზები, ჭეშმარიტია შენი სამართალნი; 27 რამეთუ მართალ ხარ ყოველთა ზედა, რომელნი მიყვენ ჩუენ, და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებ, და წრფელ გზანი შენნი და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებ.
28 შენ ყველაფერში ჭეშმარიტი სამართალნი აღასრულე ჩვენზე და ჩვენი მამა-პაპის წმიდა ქალაქზე - იერუსალიმზე, რადგან ჭეშმარიტებისა და სამართლის მიხედვით მოგვივლინე ყოველივე ჩვენი ცოდვების გამო; 28 და მშჯავრითა ჭეშმარიტებისათა ჰყავ ყოველთაებრ, რომელნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ქალაქსა ზედა წმიდასა მამათა ჩუენთასა იერუსალიმსა, და რამეთუ ჭეშმარიტებისა მიერ და მსჯავრისა მოაწიენ ესე ყოველნი ჩვენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს,
29

რადგან ცოდვა ჩავიდინეთ და უკანონოდ მოვიქეცით შენგან განდგომილნი; ყველაფერში ვცოდავდით და ყურს არ ვუგდებდით შენს მცნებებს;

29 რამეთუ ვცოდეთ და ვიუსჯულოეთ განდგომილთა შენგან და ვცოდვთ ყოველთაგან,
30 არ ვიცავდით მათ და არ ვასრულებდით ისე, როგორც შენ გვიბრძანე, რათა სიკეთე მოგვნიჭებოდა. 30

და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა დავიცევით, და არცა ვყავთ, ვითარ-იგი მამცენ ჩუენ, რაჲთა კეთილ იქმნეს ჩუენდა.

31 ყველაფერი, რაც კი ჩვენ შეგვამთხვიე და ყველაფერი, რაც გვიყავი, ჭეშმარიტი სამართლის მიხედვით მოგვიზღე; 31 და ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი, რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ.
32 ჩაგვყარე ურჯულო მტრების, უბილწეს განდგომილთა, უსამართლო და მთელს ქვეყანაზე უბოროტესი მეფის ხელში. 32 და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა უსჯულოთა, ფიცხელთა, განდგომილთა და მეფისა ცრუსა და უუსჯულოესსა უფროს ყოვლისა ქუეყანისა.
33 და ახლა აღარ შეგვიძლია პირის გახსნა; შენს მორჩილთათვის და შენს თაყვანისმცემელთათვის სამარცხვინო და საცინლად ასაგდებნი შევიქენით. 33 და აწ არა არს ჩუენი აღება პირისა, სირცხჳლი და ყუედრება იქმნა მონათა შენთა და მმსახურებელთა შენთა.
34 მაგრამ საბოლოოდ ნუ დაგვკარგავ შენი სახელის გულისთვის, რათა შენი აღთქმა არ დაირღვეს. 34 ნუ განმცემ სრულიად სახელისა შენისათჳს და ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა,
35 ნუ წაგვართმევ შენს მოწყალებას იმ აბრაამის გულისთვის, შენ რომ შეიყვარე, შენი მორჩილის, ისაკის გულისთვის და ისრაელის, შენი წმიდის გულისთვის; 35 და ნუ განმაყენებ წყალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთჳს შეყუარებულისა შენ მიერ, და ისაკ მონისა შენისა და ისრაილ წმიდისა შენისა,
36 რომელთაც უთხარი, ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით რომ გაამრავლებდი მათ თესლს. 36 რომელთა სთქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: განვამრავლო თესლი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და ვითარცა ქჳშა ბაგისა თანა ზღჳსა,
37 უფალო, ჩვენ დავმდაბლდით ყველა ხალხზე მეტად და ახლა დამცირებულნი ვართ მთელს ქვეყანაზე ჩვენი ცოდვების გამო. 37 რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს.
38 აღარა გვყავს ამჟამად აღარც მთავარი, აღარც წინასწარმეტყველი, აღარც წინამძღოლი, აღარც აღსავლენი გვაქვს, აღარც მსხვერპლები, აღარც საძღვნები, აღარც საკმეველი და აღარც ადგილი, რომ მსხვერპლი შემოგწიროთ და შენი წყალობა მოვიპოვოთ. 38 და არა არს ჟამსა ამას მთავარი, და წინაწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა.
39 მაგრამ შემუსვრილი გულითა და მოთრგუნული სულით ისევე ვიქნებით შეწყნარებუღანი, როგორც კრავებისა და ხარების აღსავლენით, როგორც ათასი პოხილი ცხვრით. 39 და პოვნად წყალობაჲ, არამედ სულისა მიერ შემუსრვილისა და მბერავისა სიმდაბლისაჲსა შემიწყნარე,
40 ეს იყოს ჩვენი მსხვერპლი შენს წინაშე სადღეისოდ, რათა წყალობა ვპოვოთ შენს თვალში, რადგან არ შერცხვებიან შენი მოიმედენი. 40 ვითარცა ყოვლადდასაწველებისა მიერ ვერძთა და კუროთაჲსა, და ვითარცა ბევრებისა მიერ კრავთა პოხიერთაჲსა, ესრეთ იქმენინ მსხუერპლი ჩუენი წინაშე შენსა, უფალო, დღეს, და სრულ-ჰყავ შემდგომად შენსა, რამეთუ არა არს სირცხჳლი მოსავთა შენდამი.
41 ახლა ჩვენ მოგყვებით მთელი გულით, გვეშინია შენი და დავეძებთ შენს სახეს; ნუ შეგვარცხვენ, 41 და აწ შეგიდგთ ყოვლისა მიერ გულისა და გეშიშვით შენ და ვეძიებთ პირსა შენსა.
42 არამედ მოგვექეცი შენი კაცთმოყვარეობისამებრ შენი უხვი მოწყალებისამებრ. 42 ნუ მარცხუენ ჩუენ, არამედ ყავ ჩუენ თანა სახიერებისაებრ შენისა და სიმრავლისაებრ წყალობისა შენისა,
43

გვიხსენი შენი სასწაულებით და მიეცი დიდება შენს სახელს, უფალო.

43 და განმარინენ ჩუენ საკჳრველებათაებრ შენთა და ეც დიდებაჲ სახელსა შენსა, უფალო!
44 დაე, შერცხვნენ ყველანი, ვინც შენს მორჩილებს ბოროტებას უკეთებენ; შერცხვნენ მთელი თავიანთი ძლიერებით და შეიმუსროს მათი ძალა. 44 და სირცხჳლეულ იქმნედ ყოველნი მაჩუენებელნი მონათა შენთა ძჳრებსა და კდემულ იყუნენ ყოვლისაგან მძლავრებისა, და ძალი მათი შემუსრენ.
45 დაე, შეიგნონ, რომ მხოლოდ შენა ხარ უფალი ღმერთი, განდიდებული მთელს ქვეყნიერებაზე. 45 ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო და დიდებული ყოველსა ზედა მკჳდროანსა.
46

მეფის მსახურები კი, რომლებმაც ჩაყარეს ისინი, განუწყვეტლივ უკეთებდნენ ღუმელში ნავთს, კუპრს, ძენძსა და ფიჩხს.

46 და არ დასცხრებოდეს, რომელთა შესთხინეს მსახურნი მეფისანი, მაგზებელნი საჴმილსა, ნავთსა და ფისსა, ნაძეძსა და ნასხლევსა.
47 ღუმელის ზემოთ ალი ორმოცდაცხრა წყრთაზე ადიოდა. 47

და გარდაეცემოდა ალი ზედაჲთ საჴმილისა წყრთათა ორმეოცდაცხრათა,

48 შიგ ვარდებოდა ყველა და იბუგებოდა, ვინც კი ქალდეველთაგან მოხვდებოდა ღუმელის გვერდით. 48 და მოგზნნა და მოწუნა, რომელნი პოვნა გარემოჲს საჴმილისა ქალდეველთაგანნი,
49 მაგრამ უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ღუმელში ყაზარიასთან და მასთან მყოფებთან ერთად და ღუმელიდან გამოდევნა ცეცხლის ალი. 49 ხოლო ანგელოზი უფლისაჲ თანაშთავიდა მყის აზარიაეთსა საჴმილად მიმართ და განყარა ალი ცეცხლისა საჴმილისაგან.
50 ისე გააკეთა, რომ ხმაურიანი და ნესტიანი ქარივით უბერავდა შუაგულ ღუმელში, ამიტომ ცეცხლი ვერ მიეკარა მათ, ვერც ავნო და ვერც შეაშინა ისინი. 50 და ყო შორის საჴმილისა, ვითარცა სული ცუარისა, ვითარცა-რაჲ მსტჳნავი, და არ შეეხო მათ ყოვლითურთ ცეცხლი მათდა, და არ შეაწუხნა იგინი და არ აღაშფოთნა იგინი.
51 მაშინ ამ სამმა იგალობეს, ადიდეს და აკურთხეს ღმერთი ღუმლის წიაღში: 51 მაშინ სამნივე, ვითარცა ერთისაგან პირისა, აქებდეს და აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა, საჴმილსა შორის მეტყუელნი:
52 კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე; კურთხეულია შენი დიდების სახელი, წმიდა, ქებული და განდიდებულია უკუნისამდე! 52 კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა, და კურთხეულ სახელი დიდებისა შენისა წმიდაჲ და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,
53 კურთხეული ხარ შენი დიდების წმიდა ტაძარში; ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! 53 კურთხეულ ხარ ტაძარსა შორის წმიდისა დიდებისა შენისასა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა დიდებულ საუკუნეთა,
54 კურთხეული ხარ შენ, უფსკრულთა მხილველი, ქერუბიმებზე მჯდომარევ, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! 54 კურთხეულ ხარ მხედველი უფსკრულთა, მჯდომარე ქერაბინთა ზედა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,
55 კურთხეული ხარ შენს სამეუფო ტახტზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! 55 კურთხეულ ხარ საყდარსა ზედა მეფობისა შენისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა,
56 კურთხეული ხარ ცის მყარზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! 56 კურთხეულ ხარ სამყაროსა შორის ცისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა.
57 აკურთხეთ უფლის ყოველი საქმე, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე. 57 აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლსანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
58 აკურთხეთ, უფლის ანგელოზნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! 58 აკურთხევდით ანგელოზნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
59 აკურთხეთ, ცანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! 59 აკურთხევდით ცანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
60 ადიდეთ, წყალნო ცის ზემოთ უფალი, უგალობედა განადიდეთ უკუნისამდე! 60 აკურთხევდით წყალნი ყოველნი, ზეშთაზენი ცათანი, უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
61 აკურთხეთ, უფლის ძალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 61 აკურთხევდით ყოველნი ძალნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
62 აკურთხეთ, მზეო და მთვარევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 62 აკურთხევდით მზე და მთოვარე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
63 აკურთხეთ, ცის ვარსკვლავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 63 აკურთხევდით ვარსკულავნი ცისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
64

აკურთხეთ, ყოველო წვიმავ და ცვარ-ნამო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

64

აკურთხევდით ყოველნი წჳმანი და ცუარი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

65 აკურთხეთ, ყოველნო ქარნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 65 აკურთხევდით ყოველნი ქარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
66 აკურთხეთ, ცეცხლო და სიცხევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 66 აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
67 აკურთხეთ, ყინვაო და ხვატო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 67 აკურთხევდით ნეფხუა და მწველი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
68 აკურთხეთ, ცვარ-ნამნო და თოვლ-ჭყაპნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 68 აკურთხევდით ცუარნი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
69 აკურთხეთ, ყინვავ და სიცივევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 69 აკურთხევდით ყინელი, ნეფხვა უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
70 აკურთხეთ, ჭირხლნო და თოვლნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! 70 აკურთხევდით თრთჳლნი და თოვლნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
71 აკურთხეთ, დღეო და ღამევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 71 აკურთხევდით ღამენი და დღენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
72 აკურთხეთ, ნათელო და ბნელო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 72 აკურთხევდით ნათელი და ბნელი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
73 აკურთხეთ, ელვავ და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 73 აკურთხევდით ელვანი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
74 აკურთხოს დედამიწამ უფალი, უგალობოს და განდიდოს იგი უკუნისამდე! 74 აკურთხევდით ქუეყანაჲ უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
75 აკურთხეთ, მთანო და ბორცვნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 75 აკურთხევდით მთანი და ბორცვნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
76 აკურთხეთ უფალი, ყოველნო მცენარენო დედამიწაზე, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 76 აკურთხევდით ყოველნი მცენარენი ქუეყანისა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
77 აკურთხეთ, წყაროსთვალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 77 აკურთხევდით წყაროები უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
78 აკურთხეთ, ზღვანო და მდინარენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 78 აკურთხევდით ზღუანი და მდინარენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
79 აკურთხეთ უფალი, ვეშაპნო და წყალში მოფუთფუთენო, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 79 აკურთხევდით ვეშაპნი და ყოველნი მოძრავნი წყალთა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
80 აკურთხეთ, ცის ყოველნო ფრინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 80 აკურთხევდით ყოველნი მფრინველნი ცისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
81 აკურთხეთ, ოთხფეხნო და მიწის ყოველნო მხეცნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 81

აკურთხევდით მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.

82 აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 82 აკურთხევდით ძენი კაცთანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
83 აკურთხე, ისრაელ, უფალი, უგალობე და განადიდე იგი უკუნისამდე! 83 აკურთხევდით ძენი ისრაჱლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
84

აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

84 აკურთხევდით მღდელნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
85 აკურთხეთ, უფლის მორჩილნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 85 აკურთხევდით მონანი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
86 აკურთხეთ, მართალთა სულნო და სამშვინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 86 აკურთხევდით სულნი და მბერავნი მართალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
87 აკურთხეთ, წმიდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! 87 აკურთხევდით ღირსნი და მდაბალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა.
88 აკურთხეთ უფალი, ხანანია, ყაზარია და მისაელ, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე, რადგან მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან, მან გვიხსნა სიკვდილის ხელიდან, გამოგვტაცა გავარვარებული ღუმელის წიაღს, დაგვიხსნა შუაგულ ცეცხლიდან! 88 აკურთხევდით ანანია, აზარია და მისაილ უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა, რამეთუ განმარინნა ჩვენ ჯოჯოხეთისაგან და ჴელისა სიკუდილისაჲსა მაცხოვნნა ჩუენ, და გამომიჴსნნა ჩუენ საშუალ მგზებარისაგან ალისა და საშუალისაგან ცეცხლისა მიჴსნნა ჩუენ.
89 აქეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! 89 აღუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
90 უფლის თაყვანისმცემელნო, აკურთხეთ ღმერთთა ღმერთი, უგალობეთ და აქეთ იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! 90 აკურთხევდით მსახურებელნი უფალსა ღმერთსა ღმერთთასა, უგალობდით და აღუარებდით, რამეთუ ყოველთა საუკუნეთადმი წყალობა მისი.
91 მაშინ გაოცდა მეფე ნაბუქოდონოსორი და შეშინებული წამოვარდა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო! 91 და ნაბუქოდონოსორსა ესმა მგალობელთა და დაუკჳრდა. და აღდგა სწრაფისა თანა და ჰრქუა დიდ-დიდთა თჳსთა: არა მამრნი სამნი შევსთხიენითა საშუალ ცეცხლისა შებორკილებულნი? და ჰრქუეს მეფესა: ჭეშმარიტად, მეფე.
92 მიუგო მან და თქვა: აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებელად; მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს. 92 და მიმგებელმან თქუა მეფემან: ხოლო ვითარმე ვხედავ მამრთა ოთხთა ჴსნილთა და მოარულთა საშუალ ცეცხლისა და განყოფილებაჲ არა არს მათ შორის? და ხილვაჲ მეოთხისაჲ მსგავს არს ძისა ღმრთისა.
93 მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შეუძახა და უთხრა: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მორჩილნო, გამოდით და აქ მოდით! მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედნეგო გამოვიდნენ შუაგულ ცეცხლიდან. 93 მაშინ მოუჴდა ნაბუქოდონოსორ კარისა მიმართ საჴუმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა და თქუა: სედრაქ, მისაქ, აბედნაქო, მონანი ღმრთისა მაღლისანი, გამოვედით და მოვედით! და გამოვიდეს სედრაქ, მისაქ, აბედენაქო საშუალისაგან ცეცხლისა.
94 შემოკრბენ სატრაპები, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მეფის მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ ვაჟებს ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც არ შეტრუსვოდათ, სამოსელიც არ შეცვლოდათ და კვამლის სუნიც კი არ უდიოდათ. 94

და შემოკრბეს სატრაპესნი და სპისმყუანნი, და ადგილისმთავარნი და ძლიერნი მეფისანი და ჰხედვიდეს მამაკაცთა მათ, რამეთუ ვერ ეუფლა ცეცხლი სხეულთა მათთა, და თმაჲ თავისა მათისაჲ არ შეიტუსა და სარავარნი მათნი არა განირყუნეს, და საყნოსი ცეცხლისაჲ არა იყო მათ შორის.

95

მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: კურთხეულია ღმერთი შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც თავისი ანგელოზი გამომიგზავნა და იხსნა თავისი მორჩილნი, რადგან მისი მოესავნი იყვნენ ისინი, არ დაემორჩილნენ მეფის განკარგულებას და საკუთარი ტანიც კი გასწირეს, რომ თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ.

95 და თაყვანის-სცა წინაშე მათსა მეფემან უფალსა, და მიუგო ნაბუქოდონოსორ და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსი, რომელმან მოავლინა ანგელოზი მისი და განარინნა მონანი მისნი, რამეთუ ესვიდეს მისდამი, და სიტყუა მეფისა უგულებელს-ყვეს და განსცნეს სხეულნი მათნი, რათა არა მკუთნველ იქმნენ, არცა თაყუანის-სცენ ყოველსავე ღმერთსა, არამედ ღმერთსა ხოლო მათსა.
96 ამიტომ ვიძლევი ბრძანებას: თუ ვინმე რომელიმე ხალხიდან, ტომიდან ან ენიდან შადრაქის, მეშაქის და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწება, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცევა. რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, მის მსგავსად რომ შეეძლოს ხსნა. 96 და მე დავსდებ რწმენასა, რაჲთა ყოველმან ერმან, ტომმან, ენამან, რომელმან უკუეთუ თქუას გმობაჲ ძჳნად ღმრთისა სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსსა, წარსაწყმედელად იყოს და სახლნი მათნი დასატაცებელად, ვინათგან არა ვინ არს ღმერთი სხუაჲ, რომელიმცა შემძლებელ იყოს ჴსნად ესრეთ.
97 მაშინ მეფემ კვლავ აღამაღლა ბაბილონის ქვეყანაში შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. 97 მაშინ მეფემან წარმართნა სედრაქ, მისაქ და აბედნაქო სოფელსა მას ბაბილოვნისასა და აღაორძინნა იგინი და ღირს-ყო წინამძღუანვად ყოველთა ჰურიათა, რომელნი იყვნეს სამეფოსა ქუეშე მისსა:
98 მეფე ნაბუქოდონოსორი ყველა ხალხს, ტომს, ენასა და მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრებთ ასე უცხადებს: მშვიდობა გაგიმრავლდეთ! 98 ნაბუქოდონოსორ მეფე ყოველთა ერთა, ტომთა, ენათა, მყოფთა ყოველთა შორის ქუეყანასა, მშჳდობა თქვენი განმრავლდინ.
99 ნიშნები და სასწაულები, რომელნიც მაღალმა ღმერთმა ჩემზე მოახდინა, მსურს გაცხადებულ იქნას. 99 სასწაულნი და ნიშნი, რომელნი ქმნნა ღმერთმან მაღალმან ჩემ თანა, სათნო იქმნა წინაშე ჩემსა მითხრობად თქუენდა,
100 რაოდენ დიდია მისი ნიშები, რაოდენ ძლევამოსილია მისი სასწაულები! მისი სამეფო სამარადისო სამეფოა, მისი ხელმწიფება კი უკუნითი უკუნისამდეა! 100 ვითარცა დიდნი და ძლიერნი, და ვითარცა დიდ და ძლიერ არს მეფობა მისი. მეფობა მისი - მეფობა საუკუნე და ჴელმწიფება მისი ნათესავამდე და ნათესავად.

 


[*] 24-ე მუხლიდან 90-ის ჩათვლით ებრაული დედანი არ არის მონახული. თარგმნილია ბერძნულიდან. ტექსტი არაკანონიკურია.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე