ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი - ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო.

1

უფალო ღმერთო ჩემო, გადიდო შენ. საგალობელ-ვყო სახელი შენი, რამეთუ ჰქმნენ საკჳრველნი საქმენი, განზრახვა დასაწყისისა ჭეშმარიტი,

2 რადგან ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი - ნანგრევებად, უცხოთა სასახლე აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება. 2 იყავნ, უფალო, რამეთუ დასხენ ქალაქნი მიწად, ქალაქნი ძლიერნი დაცემად საფარველნი მათნი, ქალაქი უთნოთაჲ საუკუნოდ არ აღეშენოს.
3 ამიტომ მოწიწებით გახსენებენ ძლიერი ხალხები, მტარვალთა ქალაქებს შიში ექნებათ შენი. 3 ამისთჳს გაკურთხოს შენ ერმან გლახაკმან, და ქალაქნი კაცთა მიმძლავრებულთა მოშიშთა შენთანი გაკურთხევდენ შენ,
4 რადგან შენა ხარ საპყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე მათ გასაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანებაში; რადგან მტარვალთა სუნთქვა კედელს მიხლილი ქარიშხალია, 4 რამეთუ ექმენ ყოველსა ქალაქსა მდაბალსა შემწე და შეურვებულთა ნაკლულევანებისათჳს საფარველ. კაცთაგან უკეთურთა იჴსნი მათ,
5 როგორც ხვატი უდაბნოში. უცხოთა ხმაურს შენ აცხრობ; როგორც ხვატი ღრუბლის ჩრდილში, ასე ითრგუნება მტარვალთა სიმღერა. 5 საფარველი წყურიელთა და სული კაცთა მიმძლავრებულთა, ვითარცა კაცნი სულკნინნი წყურიელნი სიონს შინა, რამეთუ იჴსნის მათ კაცთაგან უთნოთა, რომელთაცა მიმცენ ჩუენ. სიცხე საფარველსა შორის ღრუბლისასა, ნერგი ძლიერი დაამდაბლოს.
6 გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით. 6 და უყოს უფალმან საბაოთ მთასა ამას ზედა ყოველთა ნათესავთა სასუმელი ჴმანელობათა, სასუმელი თხლეთა; სუმიდენ მხიარულებით, სუმიდენ ღჳნოსა, იცხებდენ მირონთა,
7 გააუქმებს ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და საბურველს, ხალხებს რომ ბურავთ. 7 და მოეცნენ მთასა ამას შორის განცემასა; მიეც ესე ყოველთა წარმართთა, რამეთუ ზრახვა ესე ყოველთა მიმართ წარმართთა
8 შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა. 8 შთანთქნა სიკუდილმან და შეუძლო და კუალად ღმერთმან მოსპო ყოველი ცრემლი ყოვლისაგან პირისა; ყუედრება ერისა მისისა მოსპო ყოვლისაგან ქუეყანისა, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ.
9 იტყვიან იმ დღეს: აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით! 9 და თქუა უფალმან მას დღესა: აჰა, უფალი, ღმერთი ჩვენი, რომლისა მიმართ მოსავ ვართ. და მხიარულ ვართ მაცხოვარებისა ჩუენისა ზედა, რამეთუ ესე არს უფალი, რომლისა არს მოლოდება. ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ მაცხოვარებასა ჩუენსა.
10 რადგან დაადგრება უფლის ხელი ამ მთას და გაითელება მოაბი თავის ადგილზე, როგორც ჩალა ითელება სანეხვეზე. 10 და ვიშუებთ, რამეთუ განსუენება მოსცეს ღმერთმან მთისა ამის ზედა; და დაითრგუნოს მოაბელაჲ ადგილსა შინა თჳსსა, ვითარსახედ დასთრგუნვენ კალოსა ურემთა ზედა.
11 ხელებს გაშლის მის შუაგულში, როგორც მოცურავე შლის საცურაოდ ხელებს, მაგრამ დასცემს უფალი მის სიამაყეს მისი ხელის ხრიკებთან ერთად. 11 და აღიხუნეს ჴელნი თჳსნი, ვითარ განჰმარტებს მბანელი საცურავად. ვითარსახედ მანცა დაამდაბლა წარსაწყმედელად, ეგრეთ დამდაბლდეს და დაამდაბლოს გინება მისი, რომელთა ზედა მიყვნა ჴელნი.
12 ჩამოაქცევს, დაამხობს შენი გალავნის მაღალ ბურჯებს, მიწასთან გაასწორებს. 12 და სიმაღლე მისალტოლველისა სახლისა შენისასა დაამდაბლოს და შთავიდეს ვიდრე იატაკადმდე, ვიდრე მტუერამდე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე