ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვაი, ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა პოხიერი მინდვრების თავზე!

1

ვაჲ გჳრგჳნსა გინებისასა, მიზდურნი ეფრემისნი, ყუავილი დამოვრდომილი დიდებისა თხემსა ზედა მთისა ზრქელისასა, მთრვალნი თჳნიერ ღჳნისა.

2 აჰა, უფლის ძლიერი და მაგარი, როგორც სეტყვის თქეში, დამქანცველი ქარიშხალი, როგორც წყალდიდობის ნიაღვარი, მიწას დაანარცხებს თავისი ხელით. 2 აჰა, ძლიერი და ფიცხელი უფლისა მიერ, გულისწყრომაჲ უფლისაჲ და რისხვა, ვითარცა სეტყუა გარდამომავალი, არმქონებელი სართულსა, იძულებით გარდამომავალი. ვითარცა წყლისა ფრიადისა სიმრავლემან წარმღებმან სოფლისამან, შორის ქუეყანისა ყვის განსუენება ჴელთა და ფერჴთა.
3 ფეხით გაითელება ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინი! 3 და დაითრგუნოს გჳრგჳნი გინებისა, მიზდურნი ეფრემისნი.
4 მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი სახიერი მინდვრების თავზე იქნება როგორც ნაადრევი ხილი, ზაფხულამდე მოუწევნელი, რომელსაც თვალს მოჰკრავს თუ არა მნახველი, ხელთ იგდებს და იმწამსვე ყლაპავს. 4 და იყოს ყუავილი დამოვრდომილი სასოებისა დიდებისა მისისა მწუერვალსა ზედა მთისა მაღლისასა, ვითარ წინამორბედი ლეღჳსა, რომლისა მხილველმან მისმან პირველ ჴელითა თჳსითა პყრობამდე ინების შთანთქმა მისი.
5 იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება დიდების გვირგვინი და ბრწყინვალე ჯიღა თავისი ერის ნარჩომისათვის. 5 მას დღესა ეყოს უფალი საბაოთ გჳრგჳნ სასოებისა, შეთხზულ დიდებისა დაშთომილსა ერისასა ეგჳპტეს შინა.
6 და სამართლის სულად სამსჯავროში მჯდომელისთვის, ძლიერებად - მომხდურთა უკუმქცეველისათვის კარიბჭიდან. 6 და დაშთეს სულითა საშჯელისათა, საშჯელისა მიერ და ძალისა მაყენებელი მოკლვად,
7 მაგრამ ესენიც ბარბაცებენ ღვინისაგან და ირხევიან თაფლუჭისგან; მღვდელი და ქადაგი ბარბაცებენ თაყლუჭისგან, ჩანთქმული ღვინით, ირხევიან თაფლუჭისგან, ბარბაცებენ ხილვების დროს, მერყეობენ სამართლის განკითხვისას. 7 რამეთუ ესენი ღჳნითა შეცთომილნი არიან, შესცთეს თაფლუჭისა მიერ, მღდელი და წინასწარმეტყუელი განჰკრთეს ღჳნისა მიერ, შეირყინეს მთრვალობისაგან თაფლუჭისასა, შესცთეს, ესე იგი არს - განკრთეს.
8 რადგან ყოველი სუფრა სავსეა ნარწყევით, სუფთა ადგილი აღარ დარჩა. 8 განზრახვასა ამას სადმე წყევასა ჭამდენ, რამეთუ ესე განზრახვა ანგაჰრებისათჳს არს.
9 ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი? - რძეს მოწყვეტილთ, ძუძუანასხლეტთ? 9 ვის მიუთხრენით ძჳრნი და ვის მიუთხარით ჰამბავი განსძღებულთა სძისაგან, განყენებულთა ძუძუსაგან?
10 რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ; 10 ჭირი ჭირსა ზედა შეიწყნარე, სასოებასა ზედა სასოებაჲ. მერმე მცირედღა შემწიკულება ბაგეთა.
11

რადგან ლუღლუღა ბაგეებით და უცხოთა ენით დაელაპარაკება ამ ხალხს.

11

ენისა მიერ სხვისა, რამეთუ ეზრახებოდიან ერსა ამას

12 მან უთხრა მათ: აჰა, საშვებელი, მიეცით შვება მაშვრალს! აჰა, განსვენება! მაგრამ მოსმენა არ უნდოდათ. 12 მეტყუელნი მათნი: ესე განსუენებაჲ მსუმელისა, და ესე შემუსრვა, და არა ინებეს სმენად.
13 მაშინ უფლის სიტყვად იქცევა მათთვის რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ, რომ იარონ და გულაღმა გადაყირავდნენ, დაილეწონ, მახეში მოექცნენ და შეპყრობილ იქნენ. 13 და იყოს მათდა სიტყუა იგი უფლისაჲ: ჭირი ჭირთა ზედა შეიწყნარეთ, სასოებაჲსა ზედა სასოება. მცირედღა მერმე მცირედ, რაჲთა წარვიდენ და დაეცნენ მართლუკუნ და შეიმუსრნენ, დაზღვეულ იქმნენ და წარწყმდენ.
14 ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მაგინებელნო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში! 14 ამისთჳს ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ კაცთა შეიწრებულთა და მთავართა ერისა ამისთა იერუსალჱმს შინა,
15 რადგან ამბობთ: აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით შავეთთან; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - საფარველად. 15 რამეთუ სთქუთ: ვყავთ აღთქუმა ჯოჯეხეთისა თანა და სიკუდილისა თანა ზავნი, გრიგალი მოღებული უკეთუ მოვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს, დავდევით ტყუილით სასოება ჩუენი, და ტყუილითა დავეფარნეთ?
16 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება. 16 ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: აჰა, ესერა, დავსდებ საფუძველთა სიონისათა, ლოდსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა თავსაკიდურსა პატიოსანსა საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუანეს.
17 დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს. 17 დავდვა სასჯელი სასოებად, ხოლო მოწყალება სასწორით, რომელნი ესვენ ამაოდ ტყუვილსა, არა თანაწარგუჴდეს ჩუენ გრიგალი.
18 გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით. 18 ნუუკუე მიგჳღოსცა ჩუენ აღთქმა იგი სიკუდილისა და სასოება ჩუენი, არა ჯოჯოხეთსა თანა დაადგრეს; გრიგალმან მომავალმან უკეთუ წარვლოს, იყოს იგი დასათრგუნველად.
19 როგორც კი ჩამოივლის, შეგიპყრობთ თქვენ; რადგან ყოველ დილით ჩამოივლის, დღისით და ღამით. მისი ამბის გაგონებაც კი ზარდამცემი იქნება. 19 ოდეს წარვლოს, აღგიხუნეს თქუენ, განთიად წარჴდეს დღე და ღამესა შინა იყოს სასოება ბოროტი; ისწავეთ სმენად, შეიწრებულნო,
20 რადგან მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და ვიწრო იქნება საბანი გადასახურავად. 20 ვერ ძალ-გჳც ბრძოლად, ხოლო ჩუენ უძლურებთ შეკრებად ჩუენდა.
21

რადგან აღიმართება უფალი როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის როგორც გიბყონის ველზე თავისი საქმის, უცხო საქმის აღსასრულებლად და თავისი ქმედების, საოცარი ქმედების ჩასადენად.

21

ვითარცა მთა უთნოთა, და აღდგეს უფალი და იყოს ჴევსა შინა გაბაონისასა. გულისწყრომისა თანა ყვნეს საქმენი მისნი, სიმწარისა საქმე, ხოლო გულისწყრომა მისი უცხომან იჴუმიოს. და სიმწარე მისი გაუცხოებულმან.

22 ახლა მოეშვით შეგინებას, რომ არ მოგიჭიროთ თქვენმა საკვრელებმა, რადგან გავიგე რომ გადაწყვეტილია მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგან მთელი ქვეყნის განადგურება. 22 და თქუენ ნუ იხარებთ, ნუცა განძლიერდებიან საკრველნი თქუენნი მით, რამეთუ შესრულებულნი და შემოკლებულნი საქმენი მესმნეს უფლისაგან საბაოთისა, რომელნი ყვნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.
23 ყურადიღეთ და ისმინეთ ჩემი ხმა, გაიგონეთ და შეისმინეთ ჩემი სიტყვა: 23 ყურად იღეთ და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, მოიხილეთ და ისმინენით სიტყუანი ჩემნი.
24 განა სულმუდამ ხნავს მხვნელი დასათესად? განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს თავის მიწას? 24 ნუ სრულსა დღესა ჰგულავს მჴნველსა ჴნევაჲ, ანუ წინგამზადება თესლისა პირველ ქვეყანის მოქმნისა.
25 განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მიმოფანტავს სოინჯს და თესავს კვლიავს, ჩადებს ხორბალს ხნულში და ქერს თავის ადგილზე და ასლს ყანის კიდეებზე? 25 არა ოდეს მოაწრფელის პირი მისი, მაშინ დასთესის მცირედ სონიჯი, ანუ ძირაკი. და კუალად დასთესის იფქლი და ქრთილი და ფეტჳ და ასლი საზღვართა შინა შენთა.
26 ესა აქვს წესად დადებულთ, მისმა ღმერთმა დამოძღვრა იგი. 26 და განისწავლო მშჯავრითა ღმრთისა შენისათა და განიშუა,
27 რადგან კევრით არ ლეწაკენ სოინჯს და ურმის ბორბალს არ ატარებენ კვლიავზე, რადგან სოინჯი კეტით იცეხვება და ჯოხით - კვლიავი. 27 რამეთუ არა სიფიცხით განიბერტყების სონიჯი, არცა თუალი ურმისა მოავლის ძირაკსა ზედა, არამედ კუერთხითა განიბერტყების სონიჯი,
28 პური ილეწება, მაგრამ ბოლომდე არ ინაყება; გრიალებენ ურმის ბორბალი და ცხენები, მაგრამ არ ნაყავენ მას. 28 ხოლო ძირაკი პურისა თანა იჭამოს, რამეთუ არა უკუე განგირისხნე თქუენ, არცა ჴმამან სიმწარისა ჩემისამან დაგთრგუნნეს თქუენ.
29 ესეც ცაბაოთ უფლისგან მოდის; საკვირველია მისი რჩევა და სიბრძნე მისი - დიდებული. 29 და ესე უფლისაგან საბაოთისა განვიდა ნიშები. ზრახეთ და აღამაღლეთ ამაო ნუგეშინის-ცემა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე