ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს;

1

აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა,

2 ვაჟკაცს და მეომარს, მსაჯულს და ქადაგს, მისანს და უხუცესს, 2 გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა
3 ორმოცდაათისთავს და დიდებულს, მრჩეველს და ბრძენ ხელოვანს, გრძნეულ შემლოცველს. 3 და ერგასისთავსა და საკჳრველსა თანამზრახვალსა და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და გულისხმის-მყოფელსა მსმენელსა.
4 სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე. 4 და დავადგინნე ჭაბუკნი მთავრად მათდა და მემღერენი ეუფლებოდიან მათ.
5 დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს; ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს. 5 და დაეცეს ერი, კაცი კაცისა მიმართ და კაცი მოყუსისა მიმართ მისისა, წარეკუეთოს ყრმა მოხუცებულისა მიმართ, უპატივოჲ პატიოსნისა მიმართ,
6 რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში: სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთ ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო. 6 რამეთუ შეიპყრეს კაცმან ძმაჲ თვისი, ანუ სახლეული მამისა თვისისა მეტყუელმან: შესამოსელი გაქუს, წინამძღვარ ჩვენდა იქმენ და ჭამადი ჩვენი შენ ქუეშე იყოს.
7 დაიფიცებს იმ დღეს და იტჟვის: ვერ ვიქნები განმგებელი, არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად. 7 და მიმგებელმან მას დღესა შინა თქვას: არა ვიყო მე თქვენდა წინამძღვარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური, არცა სამოსელი. არა ვიყო მე წინამძღვარ ერისა ამის.
8 რადგან დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიობაა მისი დიდების თვალში. 8 რამეთუ დატევებულ იქმნა იერუსალემი, და იუდეაჲ დაეცა და ენანი მათნი უშჯულოებით უფლისა მიმართ ურწმუნოებენ.
9 მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს! 9 მით, რამეთუ აწ დამდაბლდა დიდება მათი და სირცხჳლი პირისა მათისა აღუდგა მათ, და ცოდვა მათი, ვითარცა სოდომელთაჲ, მიუთხრეს და გამოაჩინეს ვაჲ სულისა მათისა მით, რამეთუ განიზრახეს განზრახვა ბოროტი ძჳნად თავთა მათთა.
10 უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს. 10 და მეტყუელთა: შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ საჴუმეველ არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ.
11 ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს! 11 ვაჲ უშჯულოსა, ბოროტნი საქმეთაებრ მისთა თანა შთავიდენ მისსა.
12 ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს! 12 ერო ჩემო, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ! და მიმჴდელნი გეუფლებიან თქვენ. ერო ჩემო, მნეტარებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ და კუალებსა ფერჴთა თქვენთასა აღაშფოთებენ.
13 წარდგა სამხილებლად უფალი და დგას ხალხთა განსასჯელად. 13 არამედ აწ დადგის სასჯელად უფალი და დაადგინოს შჯად ერი თვისი.
14

უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს: თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები.

14

თჳთ უფალი საშჯელად მოვიდეს მოხუცებულთა თანა ერისათა და მთავართა თანა მისთა, ხოლო თქვენ რად მოსწჳთ ვენაჴი ჩემი და ნატაცები გლახაკისაჲ, სახლთა შინა თქვენთა?

15 რატომ თელავთ ჩემ ერს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ? ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი. 15 რად ჰმძლავრობთ თქვენ ერსა ჩემსა და პირსა გლახაკთასა არცხუენთ? ამას იტყჳს უფალი, მეუფჱ საბაოთ.
16 თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ. 16 ამათ იტყჳს უფალი მათ წილ, რომელ ამაღლდეს ასულნი სიონისანი და ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თვალთათა, და სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი.
17 თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ. 17 და დაამდაბლებს უფალი მთავრობათა ასულთა სიონისათა და უფალი გამოაცხადებს სახესა მათსა.
18 იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს, 18 მას დღესა შინა და მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა მათსა.
19 საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს, 19 და შესაკრველთა ფესუედთა და ქედისა სახუეველთა მკობილთა.
20 მჯიღებს, ფეხსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ავგაროზებს, 20 და მოსაბლარდნელსა და სამკაულსა პირისა მათისასა და შეწყობასა სამკაულისა დიდებისასა და დასტანაგებსა და სალტებსა და შეთხზულებსა
21 ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს, 21 და ბეჭდებსა და სამარჯუნეებსა და საყურებსა
22 ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს, მანდილებს და ქისებს, 22 და პორფირისგარეთა და საშუალთა პორფირთა და ზედასასხმელთა სასახლეთა და საჩინოთა ლაკონიკურთა.
23 სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს. 23 და ბისსონისათა და ჳაკინთისათა და ძოწეულთა და ბისსონსა ოქროჲსა თანა და ჳაკინთისა თანამოქსოილსა და თერისტროთა განტკეცილთა.
24 სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი. 24 და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათჳს შენთა. და ნაცვლად შესამოსლისა შუა პორფირისასა გარემოირტყა ძაძაჲ.
25 შენი ვაჟკაცები მახვილისგან დაეცემიან და შენი გმირები ბრძოლაში დაიხოცებიან. 25 და ძე შენი უკეთესი, რომელი გიყვარს, მახჳლითა დაეცეს და შემძლებელნი თქვენნი მახჳლითა დაეცნენ.
26 მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი მტვერში იჯდება იავარქმნილი. 26 და დამბალბდენ და გოდებდენ შთასადებელნი სამკაულისა თქვენისანი და დაშთე მხოლოჲ და ქვეყანად მიმართ დაიატაკდე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე