ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვაი ამბოხებულ შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას! ზრახვას რომ იზრახავენ, მაგრამ არა ჩემის სულისას, რათა ცოდვა მიუსართონ ცოდვას.

1

ვაჲ შვილთა განდგომილთა ამათ, - იტყჳს უფალი - ჰყავთ განზრახვა არა ჩემ მიერ და ზავნი არა სულისა მიერ ჩემისა, შეძინებად ცოდვანი ცოდვათა ზედა,

2 ეგვიპტეში რომ ჩადიან და ჩემს ბაგეებს არ ეკითხებიან, რათა ფარაონის მფარველობა ეძებონ და ეგვიპტის ჩრდილს შეაფარონ თავი! 2 რომელნი ვიდოდეს შთასვლად ეგჳპტედ, ხოლო მე არა მკითხეს შეწევნად ფარაოს მიერ და დაფარვად მეგჳპტელთა მიერ,
3 სირცხვილად ექცევათ მათ ფარაონის მფარველობა და ეგვიპტის ჩრდილში შეფარება - დამცირებად. 3 რამეთუ იყოს საფარველი ფარაოსი სირცხჳლად თქუენდა და მოსავთათჳს ეგვიპტისა მიმართ საყუედრელ,
4 რადგან მათი მთავრები ცოყანში არიან და მათმა მოციქულებმა ხანეს მიაღწიეს. 4 რამეთუ არიან შორის ტაიანისა მთავარნი და ქადაგნი ბოროტნი.
5 ყველა სირცხვილს ჭამს იმ ხალხის გამო, რომელიც ვერ გამოადგებათ მათ, ვერც იხსნის, ვერც უშველის, მხოლოდ შეარცხვენს და მოაყივნებს. 5 ცუდად შურებიან ერისა მიმართ, რომელმან არა არგოს მათ, არცა შესაწევნელად, არცა სარგებელად, არამედ სირცხჳლად და ყუედრებად,
6 ნეგების პირუტყვთა განაჩენი. ტანჯვისა და წვალების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ხვადი და ძუ ლომი, ასპიტი და მფრინავი გველეშაპი, ჩოჩრების ზურგით მიაქვთ თავიანთი დოვლათი და აქლემების კუზით - თავიანთი განძეულობა იმ ხალხთან, რომელიც არ გამოადგებათ. 6 ხილვა ოთხფერჴთა უდაბნოსა შინათა ჭირსა შინა და იწროებასა. ლომი და ლეკვი ლომისაჲ, მუნით ასპიდნი, შვილისწულნი ასპიდთა მფრინვალეთანი, რომელთა მოჰქონდა ვირთა ზედა და აქლემთა სიმდიდრე მათი ნათესავისა მომართ, რომელმან არა არგოს მათ შესაწევნელად, არამედ სირცხჳლად და ყუედრებად.
7 ეგვიპტის შემწეობა ფუჭი და ამაოა, ამიტომ შევარქვი მას უქმად მოტრაბახე. 7 მეგჳპტელნი ამაოდ და ცუდად გარგებენ თქუენ. მიუთხარ მათ, ვითარმედ ამაო არს ნუგეშინის-ცემაჲ ეგე თქუენი.
8 ახლა წადი და ფიქალზე დაუწერე ეს მათ და წიგნში ამოკვეთე, რომ დარჩეს სამომავლოდ, უკუნისამდე. 8 აწ უკუე დაჯდომილმან დაწერენ ფიცარსა ზედა ესენი და წიგნსა შინა, ვითარმედ იყვნენ დღეთა მიმართ ჟამად ესენი და უკუნისამდე,
9 რადგან ურჩია ეს ხალხი, მატყუარა შვილები არიან, შვილები, რომელთაც არ უნდათ უფლის რჯულის გაგონება; 9 რამეთუ ერი ურჩი არს, ძენი მტყუარნი, რომელთა არა ჰნებავს სმენად შჯული ღმრთისაჲ,
10 რომლებიც ეუბნებიან მისნებს: ნურაფერს ხედავთ, და წინასწარმეტყველთ: ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით საამური სიტყვები, სასეიროდ გვიწინასწარმეტყველეთ! 10 რომელნი ეტყჳან წინასწარმეტყუელთა: ნუ მომითხრობთ ჩუენ სხვასა შეცთომილებასა.
11 გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, ისრაელის წმიდა მოგვაშორეთო. 11

და მიმაქცევთ ჩვენ გზისა ამისგან, და მიმიხუამთ ჩუენგან ალაგთა ამათ, და აწ აიღეთ ჩუენგან სიტუანი წმიდისა ისრაელისა.

12

ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა: რადგან შეიძულეთ ეს სიტყვა, ძალადობის და ცბიერების იმედი გაქვთ და ამას ემყარებით,

12 ამისთჳს ესრეთ იტყჳს წმიდა ისრაელისა, ვითარმედ ურჩ ექმნენით სიტყუათა ამათ. და მოსავ იქმნენით სიცრუესა ზედა, და იდრტჳნენით და მოსავ იქმნენით სიტყვასა ამას ზედა.
13 ამიტომ ეს დანაშაული იქნება თქვენთვის მაღალ კედელზე გაჩენილი ბზარივით, რომელიც გაარღვევს მას და ერთ წამში, ანაზდეულად ჩამოაქცევს. 13 ამისთჳს იყოს თქუენდა ცოდვა ესე, ვითარცა ზღუდე დაცემული მეყსეულად ქალაქისა მაგრისა გამოღებულისა, რომლისა მეყსეულად წარმოდგის დაცემაჲ.
14 დაინგრევა, როგორც იმსხვრევა მექოთნეთა ჭურჭელი, უწყალოდ დალეწილი, და ერთ ნატეხსაც ვერავინ იპოვნის მის ნამსხვრევებში, რომ კერიდან ცეცხლი აიღოს ან საგუბარიდან წყალი ამოხაპოს. 14 დაცემა მისი იყოს, ვითარცა შემუსრვა კეცისჭურჭლისა კეცისა განწულილებად, ვიდრე არ პოვნადმდე მათ შორის ნალეწისა, რომლისა მიერ აღიღო ცეცხლი და რომლისა მიერ აღმოივსო მცირედი წყალი.
15 რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: უკან მოქცევით და დავანებით გადარჩებოდით, სიმშვიდეში და სასოებაში იქნებოდა თქვენი ძალა, მაგრამ არ ინდომეთ, 15 ესრეთ იტყჳს უფალი, უფალი წმიდა ისრაილისა: ოდეს მოქცეულმან სულთ-ითქუნე, მაშინ სცხოვნდე და სცნა, სადა იყავ, რამეთუ ესევდი ამაოთა მიმართ. ამაო იქმნა ძალი თქუენი და არა გნებავსყე სმენა,
16 თქვით: არა, ცხენებით გავიქცევით, ამიტომაც გაიქცევით! მკვირცხლებზე ავმხედრდებითო, იმიტომაც მკვირცხლები იქნებიან თქვენი მდევრები. 16 არამედ სთქუთ: ცხენებითა ვივლტოდით, ამისთჳს ივლტოდით და სთქუთ: სუბუქთა ზედა ვიქმნეთ მჴედარ, ამისთჳს სუბუქნი იყვნენ მდევარნი თქუენნი.
17 ათასი გაიქცევა ერთის მუქარაზე; ხუთის მუქარაზე ყველანი გაიქცევით, ვიდრე სამანივით არ შერჩებით მთის წვერს და მაღლობს - ნიშანივით. 17 ჴმისა მიერ ერთისა ივლტოდიან ათასნი და ჴმისა მიერ ხუთთასა ივლტოდიან მრავალნი, ვიდრემდის დაშთეს, ვითარცა საყე, მთასა ზედა და, ვითარცა ნიშანი, ქონებული ბორცუსა ზედა.
18 მაინც სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყოველი მისი მოესავი. 18 და კუალად ეგოსვე ღმერთი შეწყალებად თქუენდა. ამისთჳს ამაღლდეს წყალობის-ყოფად თქუენდა მით, რამეთუ მსაჯულ არს უფალი ღმერთი ჩუენი. და სადა დატევებულ იქმნეს დიდებაჲ თქუენი, ნეტარ არიან ყოველნი დადგრომილნი მის თანა
19 რადგან ერი სიონში იცხოვრებს, იერუსალიმში; აღარ გექნება სატირალი, წყალობით შეგიწყალებს შენი ღაღადების ხმაზე; როგორც კი მოესმება, პასუხს გაგცემს. 19 მით, რამეთუ ერმან წმიდამან სიონს შინა დაიმკჳდროს და იერუსალემმან ტირილით იტირა: შემიწყალე მე. შეგიწყალოს შენ, ჴმისაებრ ღაღადებისა შენისა, რაჟამს გიხილა, შეგიწყალა შენ.
20 მოგცემთ უფალი ჭირში პურსა და სიმწარეში წყალს და აღარ დაიმალება თქვენი მოძღვარი და იხილავენ თქვენს მოძღვარს თქვენი თვალები. 20 და მოგცეს თქვენ უფალმან პური ჭირისა, და წყალი იწრო, და არღა მერმე არ მიგეახლნენ შენ მაცთუნებელნი შენნი, რამეთუ თუალნი შენნი ჰხედვიდენ მაცთურთა შენთა,
21 თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ. 21 და ყურთა შენთა ესმოდიან სიტყუანი უკუანა შენსა მაცთომთანი, რომელნი იტყოდინ: ესე არს გზაჲ, ვიდოდით ამას შინა, გინა მარჯუენით, გინა მარცხენით.
22 სიბილწედ შერაცხავთ ვერცხლით მოჭედილ თქვენს კერპებს და თქვენი აღალმების ოქროს შესამოსელს, გაფანტავთ როგორც სიბინძურეს, განვედო, ეტყვით. 22

და აღიხუნე კერპნი მოვეცხლულნი და მოოქროვებულნი, დაწულილებულ ქმნნე და განჰფიწლნე, ვითარცა წყალნი დაშტანისა, და, ვითარცა სკორე, დასთხინე იგინი.

23

მოსცემს წვიმას შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე, და პურს - მიწის მოსავალს, რომელიც მსუყე და მაწიერი იქნება; იბალახებს იმ დღეს შენი საქონელი გაშლილ საძოვარზე.

23 მაშინ იწყოს წჳმა თესლსა ქუეყანისა შენისასა და პური ხუარბლისა შენისა იყოს სავსებით და მსუყედ, და ძოვდენ საცხოვარნი შენნი მას დღესა შინა ადგილსა პოხიერსა და ვრცელსა.
24 ხარები და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, გადარჩეულს ნიჩბითა და სანიავებლით. 24 კურონი თქვენნი და ჴარნი მოქმედნი ქუეყანისანი ჭამდენ ბზესა აღქმნილსა ქრთილითა განფიწლულითა.
25 ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ შემაღლებულ გორაკზე გაჩნდება ღელეები, წყლის ნიაღვრები დიდი შემუსრვის დღეს, როცა დაეცემიან გოდოლები. 25 და იყოს ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ყოველსა ზედა ბორცუსა განსაცხრომელსა წყალი წარმდინარი მას დღესა შინა, ოდეს წარწყმდენ მრავალნი და ოდეს დაეცნენ გოდოლნი.
26 მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი გაშვიდკეცდება შვიდი დღის ნათელივით; მაშინ შეუხვევს უფალი ჭრილობას თავის ერს და თავის დანარტყამს განუკურნავს. 26 და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შჳდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსრვილებასა ერისა თჳსისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს.
27 აჰა, უფლის სახელი შორიდან მოდის; გიზგიზებს მისი რისხვა და შენივთდა კვამლი, მისი ბაგეები სავსეა წყრომით და მისი ენა მჭამელი ცეცხლია. 27 აჰა, სახელი უფლისაჲ. აჰა, მოვალს ჟამისა მიერ მრავლისა მგზნებარე გულისწყრომა დიდებისა თანა, სიტყუა ბაგეთა მისთა, სიტყუაჲ რისხვითა სავსე და რისხვა გულისწყრომისა, ვითარცა ცეცხლი, შეშჭამდეს.
28 მისი სუნთქვა, როგორც მოვარდნილი ნიაღვარი, ყველამდე უწვდენს, რომ გაცხრილოს ხალხები აღსპოლვის ცხრილში; რომ ლაგამი ამოსდოს ყბაზე ხალხებს გზა-კვალის ასარევად. 28 და სული მისი, ვითარცა წყალი ჴევსა შინა მქანარი, მოვიდეს, ვიდრე კისრამდე და განიწვალოს შეძრწუნებად ნათესავი საცთურსა ზედა ამაოსა და დევნა-უყოს მათ საცთომელად. და ეწიოს მათ პირისპირ მათსა.
29 სიმღერა გექნებათ როგორც დღესასწაულის განათვლის ღამეს და გულის სიხარული როგორც სალამურით მიმავალს უფლის მთაზე, ისრაელის კლდეზე ასასვლელად. 29 არა მარადის ჯერ-არს თქუენდა სიხარული და შესლვა სიწმიდეთა მიმართ ჩემთა მარადის, ვითარცა მედღესასწაულეთა, და ვითარცა მოხარულთა შესლვად ავლისა თანა მთად მიმართ უფლისა ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაჱლისასა.
30 გამოსცემს უფალი თავის დიდეხულ ხმას და თავის შემართულ მკლავს გამოაჩენს მძვინვარე რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, მეხისტეხაში და თავსხმაში, ქვის სეტყვაში. 30 და სასმენელ-ყოს უფალმან დიდებაჲ ჴმისა მისისა და გულისწყრომა მკლავისა მისისა აჩუენოს გულისწყრომისა თანა და რისხვისა და ალისა შეშჭამდეს და ტეხა მაიძულებელი, და ვითარცა წყალი და სეტყვაჲ გარდამოსრული დაპატიჟებით,
31 რადგან უფლის ხმაზე დაფრთხება აშური, როცა ატყდება კვერთხის ცემა. 31 რამეთუ ჴმისაგან უფლისა იძლინენ ასსურასტანელნი წყლულებითა, რომლითაცა დასცნეს იგინი.
32 ყოველ ჩავლაზე დამსჯელი კეტისა, რომელსაც მათზე შემართავს უფალი, დაფდაფთა და ქნართა ხმა გაისმება და მოღერებული მკლავით შეებმება მათ. 32 და იყავნ მისსა გარემოს, ვინა იყო მისსა სასოებაჲ შეწევნისა, რომლისა მიმართ ესვიდა. ესენი ბობღნითა და ნესტჳთა და ქნარითა ბრძოდენ მას განცხრომისა მიერ, რამეთუ უწინარეს დღეთასა მიეჴადოს.
33 რადგან დიდიხნის მოწყობილია კოცონი, მეფისთვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას. 33 ნუ შენცა განემზადე გამეფებად, ჴევი ღრმა, ხე ნაძჳსა? ცეცხლი და შეშანი მრავალნი, გულისწყრომა უფლისა, ვითარცა ჴევი წუნწუბისა მიერ მგზებარე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე