ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ.

1

რამეთუ, აჰა, მეფე მართალი მეფობდეს, და მთავარნი მშჯავრისა თანა მთავრობდენ.

2 თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე. 2 და იყოს კაცი მფარავი სიტყვათა თჳსთა. და დაიფაროს, ვითარცა წყლისა მიერ მქანრისა. და გამოჩნდეს სიონს შინა, ვითარცა მდინარე მქანარი, დიდებული შორის ქუეყანასა წყურიელსა,
3 არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მსმენელთა ყურები გამახვილდება. 3 და არღა მერმე იყვნენ მოსავ კაცთა მიმართ, არამედ ყურნი მათნი მისცნენ მორჩილებად მათდა.
4 თავქარიანთა გული ეზიარება ცოდნას და ჩლიფიანთა ენა ნათლად ამეტყველდება. 4 და გულმან უძლურთამან მოიხილოს მორჩილებად, და ენათა ბრგუნვილთა მალიად ისწავონ ზრახვა მშჳდობისა.
5 აღარ დაერქმევა უგვანს ღირსეული და გაიძვერას აღარ ეთქმის პატიოსანი. ძუნწს ხელგაშლილად არ მოიხსენებენ. 5 და არღა მერმე არა ჰრქუან სულელსა: მთავრობდ. და არღა მერმე არა ჰრქუან მსახურთა შენთა: დუმენ,
6 რადგან უგვანი უგვანად ლაპარაკობს და მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უკეთურება ჩაიდინოს და უფალზე მრუდედ ილაპარაკოს, ცარიელზე დატოვოს მშიერი და მწყურვალს სასმელი წაართვას. 6 რამეთუ სულელმან სულელნი თქუნეს, და გულმან მისმან ამაონი განიგონნეს სრულ-ყოფად უშჯულოებითთა და თქუმად ღმრთისა მიმართ შეცთომილებისა, განთესვად სულთა მშიერთა და სულთა წყურიელთა ცალიერყოფად,
7 ძუნწს ბოროტი აქვს იარაღი, მზაკვრობას იზრახავს, რომ ბედშავი ცრუ სიტყვებით დაღუპოს, მართალსაც რომ ამბობდეს გლახაკი. 7 რამეთუ განზრახვა ბოროტთა უშჯულოთა განიზრახავს განხრწნად მდაბალთა სიტყუათა მიერ ცრუთა და განქარვებად სიტყვათა მდაბალთა საშჯელსა შინა.
8 ღირსეული კი ღირსეულს იზრახავს და ღირსებაზე დგას. 8 ხოლო კეთილმსახურთა გულისხმიერნი განიზრახნეს და განზრახვა იგი ჰგიეს.
9 უზრუნველო ქალებო, წამოდექით, უსმინეთ ჩემს ხმას! უდარდელო ასულნო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი! 9 დედანი მდიდარნი აღდეგით და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ასულთა სასოებით ისმინეთ სიტყუანი ჩემნი.
10 ერთი წელიც და შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან ბოლო მოეღება რთველს, მოსავლის აღების ჟამი არ დადგება. 10 დღეთა წვლიწდისათა ჴსენება-ყავთ სალმობით სასოებისა თანა: განკაფულ არს მსთულებელი, დაცხრომილ არს, თესლი არღარა მოვიდეს მერმე.
11

გეშინოდეთ, უზრუნველნო, შფოთავდეთ, უდარდელნო! განიძარცვეთ, გაშიშვლდით და წელი მოისარტყლეთ.

11

განჰკრთით, შეწუხენით მოსავნი, განიძარცუენით, შიშეულ იქმნენით, გარემოისხთ ძაძა წელთა თქუენთა.

12 მკერდს იცემდეთ სანატრელი ყანების გამო, ნაყოფიერ ვენახთა გამო. 12 და ძუძუთა ზედა იტყებდით, აგარაკისათჳს გულისსათქმელისა და ვენაჴისა ნაყოფისა,
13 ჩემი ხალხის მიწის გამო, სადაც ძეძვი და ეკალი გაიხარებს; ვაგლახ, ყველა მხიარული სახლის გამო, მოზეიმე ქალაქთა გამო! 13 ქუეყანასა ზედა ერისა ჩემისა ეკალნი და თივა აღმოსცენდეს, და ყოველთაგან სახლთა სიხარული აღებულ იქმნეს, ქალაქი მდიდარი,
14 რადგან დარბაზები დაცარიელდება და ხმაურიან ქალაქს მიატოვებენ; ბორცვი და გოდოლი გამოქვაბულად იქცევა უკუნისამდე, კანჯართა საჯირითოდ, ჯოგების საძოვრად. 14 სახლნი დატევებულნი, სიმდიდრე ქალაქისა დაუტეონ, სახლნი გულისსათქმელნი, და იყვნენ დაბნებნი ქუაბებ ვიდრე უკუნისამდე, სიხარულ ვირთა ველურთა, სასაძოვრე მწყემსთა.
15 ვიდრე არ გადმოვა ჩვენზე ზეგარდმო სული და უდაბნო წალკოტად არ გადაიქცევა და წალკოტი მაღნარად არ შეირაცხება. 15 ვიდრემდისცა მოვიდეს თქუენ ზედა სული მაღლისაგან, და იყოს უდაბნო ქერმელი და ქერმელი მაღნარად შეირაცხოს.
16 მაშინ დაივანებს უდაბნოში სამართალი და სიმართლე დამკვიდრდება წალკოტში. 16 და განისუენებდეს უდაბნოს შინა მშჯავრი და სიმართლემან შორის კარმელისა დაიმკჳდროს.
17 მაშინ სამართალი შეიქმს მშვიდობას და შვება და მყუდროება იქნება სამართლის ნაყოფი უკუნისამდე. 17 და იყუნენ საქმენი სიმართლისანი მშჳდობით, დაიპყრას სიმართლემან განსუენება და მოსავებ იყვნენ ვიდრე საუკუნოსამდე.
18 დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო სავანეებში და უზრუნველ სადგომებში. 18 და დაიმკჳდროს ერმან მისმან ქალაქსა შინა მშჳდობისასა, და მკჳდრ იქმნეს სასოებით და განისუენებდენ სიმდიდრისა თანა.
19 მოვა სეტყვა და ტყე დაბლა ჩამოიწევს და ქალაქი ბარად გაივაკებს. 19 ხოლო სეტყუა გარდამო-თუ-ვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს და იყვნენ მკჳდრ ქმნილნი მაღნართა შინა მინდობილ, ვითარცა ველობსა ზედა.
20 ბედნიერები ხართ, ვინც ყველგან თესავთ, სადაც წყალია, და ნებაზე უშვებთ ხარს და სახედარს! 20 ნეტარ არიან მთესველნი ყოველსა ზედა წყალსა, სადა ჴარი და ვირი თრგუნავს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე