ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება.

1

იხარებდ, უდაბნო წყურიელი. და იშუებდინ უდაბნოჲ და ყუაოდენ, ვითარცა შროშანნი.

2 აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს. 2 და აღყუავნენ და იშუებდენ მდინარენი იორდანისანი, და დიდებაჲ ლიბანისა მოეცეს მას და პატივი კარმელისა, და ერმან ჩემმან იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ და სიმაღლე ღმრთისაჲ.
3 გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ! 3 გაძლიერდით ჴელნი დაჴსნილნი და მუჴლნი განრღუეულნი.
4 უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ. 4 ნუგეშინის-ეცით სულმოკლეთა გონებითა: განძლიერდით, ნუ გეშინინ. აჰა, ღმერთი ჩუენი საშჯელსა ნაცვლად მიაგებს, და ნაცვალ-აგოს. თჳთ მოვიდეს და მაცხოვნეს ჩუენ.
5 მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. 5 მაშინ აღეხუნეს თუალნი ბრმათანი. და ყურთა ყრუთასა ესმოდის.
6 მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე - ნიაღვრები. 6 მაშინ ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი, და ცხად იყოს ენაჲ ძლით მზრახვალი, რამეთუ გამოეცა უდაბნოს შინა წყალი და ჴევი შორის ქუეყანასა წყურიელსა.
7 დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება. 7 და ურწყული იყოს მწურნებად, და ქუეყანასა შინა წყურიელსა წყარო წყლისა იყო. მუნ სიხარული მფრინველთა, საყოფელი სამწყსოთა და მწყურნები ლელწმისა, და არა წარჰჴდეს მუნ არაწმიდაჲ.
8 შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ. 8 იყოს მუნ გზა წმიდაჲ და გზად წმიდად ეწოდოს. არა წარვიდეს მიერ არაწმიდაჲ, არცა იყოს მუნ გზა არაწმიდა. ხოლო განთესულნი ვიდოდიან მას ზედა. არა შესცთეს.
9 არ გამოჩნდება იქ ლომი და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას, არ გაჭაჭანდება იქ; მხოლოდ გამოხსნილნი ივლიან. 9 და არა იყოს მუნ ლომი, არცა მჴეცთა ბოროტთაგანი, არა აღვიდეს მის ზედა, არცა იპოოს მუნ, არამედ ვიდოდიან მას ზედა გამოჴსნილნი და შეკრებულნი უფლისა მიერ.
10 უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ. 10 მოიქცენ და მოვიდენ სიონად სიხარულისა თანა და სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა, ქება და მხიარულება და შუება ეწიოს მათ. წარჴდა სალმობა და მწუხარება და სულთქმა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე