ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს.

1

იაკობ, ყრმა ჩემი, შევეწიო მას. ისრაილ, რჩეული ჩემი, შეიწყნარა იგი სულმან ჩემმან. მივეც სული ჩემი მის ზედა. სამართალი წარმართთა გამოართუას.

2 ის არ იყვირებს და არ აუწევს ხმას, არავის გააგონებს თავის ხმას ქუჩაში. 2 არ ღაღადებდეს, არცა დააცადოს, არცა სასმენელ იქმნეს გარვ ჴმაჲ მისი.
3 გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს, სამართალს სიმართლით გააჩენს. 3 ლელწამი განტეხილი არა შემუსროს და პატრუკი მკუმოლვარე არა დაშრიტოს,
4 არ შედრკება და არ მოეშვება, ვიდრე ქვეყნად სამართალს არ დაამყარებს. მის რჯულს მოელიან ზღვისპირელნი. 4 არამედ ჭეშმარიტებად გამოიღოს მშჯავრი. განაბრწყინვოს და არ მოესრულოს, ვიდრემდის დადვას ქუეყანასა ზედა მშჯავრი, და სახელისა მიმართ მისისა წარმართნი ესვიდენ.
5 ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა - მასზე მავალთათვის: 5 ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ და დაამტკიცა იგი და დაამყარა იგი და მისშორისნი და მისცა ერსა მისსა სამშჳნველი, რომელი არს მას ზედა, და სული ყოველთა მთრგუნველთა მისთა.
6 მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახვ და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის, 6 მე, უფალმან ღმერთმან, გიწოდე შენ სიმართლისა მიერ, და გიპყრა ჴელისა შენისა, და განგაძლიერო შენ. და მიგცე შენ აღთქუმად ნათესავსა, ნათლად წარმართთა,
7 რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან - ბნელში მსხდომარენი. 7 განხუმად თუალებსა ბრმათასა და გამოყვანებად საკრველთაგან შეკრულთა, და სახელისაგან საპყრობილისა მსხდომარეთა ბნელსა შინა.
8 მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას - გამოქანდაკებულ კერპებს. 8 მე ვარ უფალი ღმერთი, ესე არს სახელი ჩემი. დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე, არცა სათნოებანი ჩემნი წახნაგებულთა.
9 აჰა, ამხდარია წინანდელნი და ამიერიდან ახალს გამოგიცხადებთ; ვიდრე აღმოცენდებოდეს, გაცნობებთ. 9 დასაბამისანი, აჰა, მოვიდეს და ახალთა მე მიუთხრობ, და პირველ მითხრობისა განგეცხადა თქუენ.
10 უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო! 10 უგალობეთ უფალსა გალობა ახალი, მთავრობა მისი ადიდეთ, სახელი მისი კიდითგან ქუეყანისათ შთამავალთა ზღუად და მცურვალეთა მისთა, ჭალაკთა და მკჳდრთა მათთა.
11 ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი ცხოვრობს, იზეიმონ კლდეთა მცხოვრებლებმა, მთათა მწვერვალიდან იყიჟინონ! 11 იშუებდინ უდაბნოჲ, არვე და დამკჳდრებულნი კიდარისანი, იშუებდენ დამკჳდრებულნი კლდისანი, მწუერვალისაგან მთათასა ჴმა-ყონ,
12 მიაგონ უფალს პატივი და მისი სადიდებელი ზღვისპირელთა შორის გამოაცხადონ! 12 მისცენ ღმერთსა დიდებაჲ, სათნოებათა მისთა ჭალაკთა შორის მიუთხრობდენ.
13 როგორც გმირი, გამოვა უფალი; როგორც მეომარი, შურით აღივსება, აგრგვინდება, ყიჟინასაც დასცემს, ძალას გამოაჩენს მტრების წინააღმდეგ. 13 უფალი ღმერთი ძალთა გამოვიდეს და შემუსროს ბრძოლაჲ, აღადგინოს შური. და ჴმა-ყოს მტერთა მისთა ზედა ძალისათა:
14

დიდხანს ვდუმარებდი, ვჩუმდი, თავს ვიკავებდი; ახლა ავკივლდები მშობიარესავით, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.

14

დავდუმენ ნუ მარადისცა ვდუმნე და თავს-ვიდვა, მოვითმინე, ვითარცა მშობიერმან, განვაცჳბრო და განვაჴმო ერთბამად.

15 გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მათ ყოველ სიმწვანეს, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ და ამოვაშრობ წყალსატევებს. 15 და დავსხნე მდინარენი ჭალაკებად და მწყურნებნი განვაჴმნე.
16 წავიყვან ბრმებს მათთვის უცნობი წებით და მათთვის უცნობ ბილიკებზე გავატარებ; ბნელს ნათლად ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღროებს - ვაკეებად. აი, ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ. 16 და მოვიყვანნე ბრმანი გზასა ზედა, რომელსა არა იცნობდეს, და ალაგნი, რომელნი არა იცნოდეს. მთრგუნველ-ვყვნე იგინი, ვყო ბნელი მათი ნათლად და გულარძნილნი წრფელად; ესე სიტყუანი ვყუნე და არ დაუტევნე იგინი.
17 უკან დაიხევენ, სირცხვილით შერცხვებიან ქანდაკთა მოესავნი, კერპებს რომ ეუბნებიან: ჩვენი ღმერთები ხართო. 17 ხოლო იგინი გარემიიქცეს მართლუკუნ, შერცხუედ სირცხჳლი მოსავთა ქანდაკებულთა მიმართ, რომელნი ეტყჳთ გამოდნობილთა: თქუენ ხართ ღმერთნი ჩუენნი.
18 ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, იყურეთ, რომ დაინახოთ! 18 ყრუთა ისმინეთ და ბრმათა აღიხილენით ხედვად.
19 ვინ არის ჩემი მორჩილივით ბრმა და ყრუ ჩემი მოციქულივით, მე რომ გავგზავნე? ვინ არის ბრმა ჩემი გამოსყიდულივით და ბრმა უფლის მორჩილივით? 19 და ვინ არს ბრმა, არამედ ყრმანი ჩემნი და ყრუ, არამედ რომელნი ეუფლებიან მათ? და დაბრმეს მონანი ღმრთისანი.
20 ბევრი გინახავს და არ შეგინახავს; სასმენელი ღია გაქვს და არ გესმის. 20 ხოლო იხილეთ მრავალგზის, და არა დაიცევით. განხმულ არიან ყურნი და არა ისმინეთ.
21 უფალმა ინება თავის სიმართლისთვის განედიდებინა და განეთქვა რჯული. 21 უფალსა ღმერთსა ენება, რაჲთა განმართლდეს და განადიდოს ქება.
22 მაგრამ ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული, გამოქვაბულებში არიან ჩაყრილნი და საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის; იტაცებენ და არავინ ამბობს: დააბრუნე! 22 და ვიხილე და იყო ერი წარტყუენულ და მიმოდატაცებულ, რამეთუ საბრჴე საუნჯეთა შინა ყოვლით კერძო და სახლთა შინა ერთბამად, სადა დამალნეს იგინი, იქმნა საიავროდ და არა იყო განმარინებელი ნატაცები, და არა იყო, რომელმან თქვას: უკუნეც.
23 რომელმა თქვენგანმა გაიგონა ეს? ყური ვინ მიაპყრო და ვინ მოისმინა მოწევნადი? 23 ვინ არს თქვენ შორის, რომელმან ყურად-იხუნეს ესენი? შეისმინეთ ზედმომავალთა შინა.
24 ვინ მისცა დამარბეველს იაკობი და ისრაელი - მძარცველებს? განა ეს უფალი არ იყო, რომელსაც შევცოდეთ, არ ვიარეთ მის გზებზე და მისი რჯული არ შევისმინეთ? 24 ვინ მისცა დასატაცებელად იაკობი და ისრაელი წარმტყუენველთა მისთა? არა ღმერთმან, რომელსა შესცოდეს მას და არა ინებებდეს გზათა შინა მისთა სლვასა, არცა სმენასა სჯულისა მისისასა?
25 გადმოაფრქვია მათზე თავისი რისხვის ცეცხლი და ომის სისასტიკე გიზგიზებდა მის ირგვლივ და ვერ მიმხვდარიყო, წვავდა და გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო. 25 და მოაწია მათ ზედა რისხვა გულისწყრომისა მისისა და განაძლიერა მათ ზედა ბრძოლა და თანადმომწუველნი გარემო მათსა, და არა ცნეს თითოეულმან მათმან, არცა დაიდვეს გულისა ზედა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე