ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი.

1

ისმინეთ ჭალაკთა და მოიხილეთ წარმართა, მრავლით ჟამითგან დეგით, - იტყჳს უფალი, - მუცლითგან დედისაისათ გიწოდა შენ სახელი ჩემი.

2 გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა. 2 და დადვა პირი ჩემი, ვითარცა მახჳლი მკუეთი, და საფარველსა ქუეშე ჴელისა მისისასა დამფარა მე. დამდვა მე, ვითარცა ისარი რჩეული, და კაპარჭსა შინა მისსა დამფარა მე.
3 მითხრა: ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას. 3 და მრქუა მე: მონაჲ ჩემი ხარ, ისრაილ, და შენ შორის ვიდიდო.
4 მე კი ვამბობდი: ამაოდ დავშვერ, ფუჭად და უსაზმნოდ დავხარჯე ძალა. ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან - ჩემი საზღაური! 4 და მე ვთქუ: ცუდად დავშუერ, ამაოთა მიმართ და არარათა მიმართ მივეც ძალი ჩემი, ამისთჳს საშჯელი ჩემი უფლისა მიერ და შრომა ჩემი წინაშე ღმრთისა ჩემისა.
5 ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად, რომ თავისკენ მიაქციოს იაკობი და ისრაელი თავისთან შეკრიბოს, რათა ვიდიდო უფლის თვალში და ჩემი ღმერთი იყოს ძალი ჩემი. 5 და აწ ესრეთ იტყჳს უფალი, აღმზელელი ჩემი, მუცლითგან მონად თავისა თჳსისა: შესაკრებელი იაკობისი, და ისრაილ მის თანა შევკრიბო, და ვიდიდო მე წინაშე უფლისა. და ღმერთი ჩემი იყოს ძალ ჩემდა.
6 თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს. 6 და თქუა ჩემდამო: დიდ არს შენდა ესე წოდებაჲ შენი მონად ჩემდა დადგენად ტომთა იაკობისთა და განთესულებასა ისრაილისასა მოქცევაჲ. აჰა, დაგდევ შენ აღთქუმად ნათესავთა, ნათლად წარმართთა, ყოფად მაცხოვარებად ვიდრე უკუანასკნელამდე ქუეყანისა.
7 ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია. 7

ესრეთ იტყჳს უფალი, მჴსნელი ღმერთი ისრაილისა: წმიდა-ყავთ, რომელი ბიწიან-ჰყოფს სულსა მისსა, მოძაგებული წარმართთა მიერ მონათა მთავართასა, მეფეთა იხილონ იგი და აღდგენ მთავარნი და თაყუანი-სცემდენ უფალსა, რამეთუ სარწმუნო არს წმიდა ისრაილისა, და გამოგირჩიე შენ.

8 ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად, 8 ესრეთ იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი, და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამჳდრებად სამკჳდრებელთა უშენთა.
9 გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი. 9 მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და ბნელისშინანი გამოჩნდით, შორის ყოველთა გზათა ძოვდენ და შორის ყოველთა ალაგთა საძოვარი მათი.
10 არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს. 10 არ მოემშიოს, არცა მოეწყუროს, არცა დასცნეს იგინი სიცხემან, არცა ავნოს მზემან, არამედ, რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცემენ მათ. წყაროებისა მიმართ წყალთაჲსა მიიყვანნეს იგინი.
11 ყოველ მთას ჩემსას გზად გადავაქცევ და ჩემი შარაგზები მაღლა აიწევა. 11 და დავდვა ყოველი მთაჲ ბზად და ყოველი ალაგი საძოვრად მათდა.
12 აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი - ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ესენი კი - სინიმის ქვეყნიდან! 12 აჰა, ესენი შორით მოვლენ, ესენი ჩრდილოსაგან და ზღჳსა, ხოლო სხვანი ქუეყანისაგან სპარსთასა.
13 გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი. 13 იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა, დამოადინეთ მთათა შუებაჲ და ბორცუთა სიმართლე, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და მდაბალთა ერისა მისისათა ნუგეშინის-სცა.
14

თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო.

14

თქვა სიონმან: დამიტევა მე უფალმან და უფალმან დამივიწყა მე.

15 განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ. 15 ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თჳსისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ, - იტყჳს უფალი, -
16 აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული, შენი კედლები მუდამ ჩემს წინაა. 16 აჰა, ჴელითა ჩემითა გამოვხატენ ზღუდენი შენნი და წინაშე ჩემსა ხარ მარადის.
17 აჩქარდებიან შენი მშენებელნი; შენი დამაქცევარნი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან. 17 და მალიად აღიშენო მის წილ, რომელ დაირღუე და მომაოჴრებელნი შენნი განვიდენ შენგან.
18 თვალი მოატარე ირგვლივ და იხილე: ყველანი შეკრებილან, შენთან მოდიან! როგორც მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალი, ასე შეიმოსავ სამკაულად ყველას და მოირთვები მათით, როგორც პატარძალი. 18 აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი და იხილენ ყოველნი: აჰა, შეკრბეს და მოვიდეს შენდამო. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ ყოველნი იგი გარეშეიმოსნეს და მოიბლარდნნეს იგინი, ვითარცა სამკაული სძლისა.
19 რადგან შენს ნაოხარში და უკაცრიელ ადგილებში, შენს აკლებულ მიწაზე, ახლა ნამდვილად ვიწროდ იქნები მის მცხოვრებთა გამო. შენი ჩამყლაპავნი კი გაგშორდებიან. 19 რამეთუ ოჴერნი შენნი. განხრწნილნი და დაცემულნი, აწ შეიწრდენ დამკჳდრებულთა მიერ. და განგეშორნეს შენგან შთამთქმელნი შენნი,
20 კიდეც გეტყვიან ყურში კვლავ შეძენილი შენი შვილები: მევიწროება ადგილი. მიმიშვი, რომ ვიცხოვრო! 20 რამეთუ თქვან ყურთა მიმართ შენთა ძეთა შენთა, რომელნი წარსწყმიდენ იწრო არს ჩემდა ადგილი, მექმენ მე ადგილ, რომელთა დავიმკჳდრო.
21 იტყვი გულში; ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, ბერწი, განდევნილი და მოწანწალე. ვინ გამიზარდა? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ? 21 და თქუ გულსა შინა შენსა: ვინ მიშვნა მე ესენი? რამეთუ მე უშვილო ვარ და ქურივ, მწირ და მოკლებულ, ხოლო ესენი ვინ აღმიზარდნა მე? რამეთუ მე დავშთი მარტოჲ. ხოლო ესენი ჩემდა სადა იყვნეს?
22 ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხალხებისკენ გავიწვდი ხელს და ერებს აღვუმართავ ჩემს დროშას; უბით წამოიყვანენ შენს ვაჟებს და შენი ასულეხი მხრებზე ეყოლებათ აყვანილი. 22 ესრეთ იტყჳს უფალი უფალი: აჰა, აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა მიმართ და ჭალაკთა მიმართ აღვიღო სასწაული, და მოჰყვანდენ ძენი წიაღთა მიერ, ხოლო ასულნი შენნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მოაქუნდენ.
23 მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან, მათი დედოფლები კი - შენი ძიძები; პირქვე დამხობით გცემენ თაყვანს და შენ ფეხთა მტვერს დაუწყებენ ლოკვას, რათა გაიგონ, რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს მოიმედეს. 23 და იყვნენ მეფენი მძუძე შენდა. ხოლო მმთავრობნი მზარდულ შენდა. პირსა ზედა ქუეყანისასა თაყვანის-გცემდენ შენ და მიწასა ფერჴთა შენთასა ლოშნიდენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, და არა ჰრცხუენეს, რომელთა დამითმონ მე.
24 თუ წართმევია ოდესმე ძლიერს ნადავლი ან თუ წასვლია ტყვე გამარჯვებულს? 24 ნუ მი-მე-ვინ-იღისა გმირისაგან ნატყუენავი? უკეთუ წარმოსტყუენოს ვინმე უსამართლოდ, განერესა?
25 ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: რომც წაერთვას ტყვე ძლიერს და ნადავლი წაუვიდეს ძალმომრეს, გამოგესარჩლები შენს მოსარჩლესთან და შენს შვილებს გადავარჩენ. 25 ესრეთ იტყჳს უფალი: უკუეთუ ვინ წარტყუენოს გმირი, მიიღონ ნატყუენავი, ხოლო მიმღებელი ძლიერისაგან განერესა? ხოლო მე საშჯელი შენი ვსაჯო, და მე ძენი შენნი ვიჴსნნე.
26 საკუთარ ხორცს შევაჭმევ მჩაგვრელებს და, როგორც მაჭრით, ისე დათვრებიან საკუთარა სისხლით. მაშინ გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი. 26 და ჭამდენ მაჭირვებელნი შენნი ჴორცთა მათთა. და სუმიდენ, ვითარცა ღჳნოსა ახალსა, სისხლსა მათსა, და დაითრვნენ. და მგრძნობელ იქმნეს ყოველი ჴორცი, ვითარმედ მე ვარ უფალი, მჴსნელი შენი, და შემწე ძალისა იაკობისი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე