ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ ხსნა არ შეეძლოს, და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ვერ ისმინოს.

1

ნუ ვერშემძლე არსა ჴელი უფლისაჲ ცხოვნებად შენდა? ანუ დაამძიმა ყური თჳსი არსმენად.

2 მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას, 2 არამედ ცოდვანი თქუენნი განსწვალებენ შორის თქუენსა და ღმრთისა, და ცოდვათა თქუენთათჳს მიიქცია პირი თჳსი თქუენგან არშეწყალებად,
3 რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შებღალული და თითები თქვენი - უკეთურებით; თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს. 3 რამეთუ ჴელნი თქუენნი შებღალულ არიან სისხლითა და თითნი თქუენნი ცოდვათა შინა, ხოლო ბაგეთა თქუენთა თქუეს უსჯულოებაჲ და ენაჲ თქუენი სიცრუესა იწურთიდა.
4 არავინ მოითხოვს სიმართლით და არავინ განიკითხვის ჭეშმარიტებით; ფუჭია მათი საესავი და ცრუობენ; ჩაესახვით ამაოება და ტყუილს ბადებენ. 4 არც ერთი იტყჳს სიმართლეთა, არცა არს სასჯელი ჭეშმარიტი. მოსავ იქმნეს ამაოთა მიმართ და ზრახვენ ცუდთა, რამეთუ მიუდგებიან ტკივილსა და შობენ უსჯულებასა.
5 ასპიტის კვერცხებს ჩეკავენ და ობობას აბლაბუდას ქსოვენ; მათი კვერცხების მჭამელი კვდება და, თუ გატყდა, უნასი იჩეკება. 5 კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ, და მგულებელმან კუერცხთა მათთა ჭამისამან შე-რა-მუსრნა, ღრიაკალი პოვა და მას შინა ვასილისკოსი.
6 მათი აბლაბუდა სამოსელისთვის არ ვარგა და თავიანთ ნაკეთებს ვერ ჩაიცვამენ; მათი ნაკეთები უკეთური ნაკეთებია და ძალადობაა მათ ხელებში. 6 ქსელი მათი არ იყოს შესამოსლად, არცაღა გარემოისხან საქმეთაგან მათთა, რამეთუ საქმენი მათნი საქმე უსჯულოებისა,
7 ფეხები სიავისკენ გაურბით და უბრალო სისხლის დასაღვრელად მიიჩქარიან; მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და პარტახია მათ გზებზე. 7 ხოლო ფერჴნი მათნი უკეთურებასა შინა რბიან, მალენი დათხევად სისხლსა უმიზეზოსა, და გულისსიტყუანი მათნი გულისსიტყუანი უცნობოთანი, შემუსრვაჲ და საარსებულება გზათა შორის მათთა.
8 მშვიდობის გზები მათ არ უწყიან და მათ ბილიკებზე არ არის სამართალი; თავადვე გაიმრუდეს გზა-სავალი და მასზე მავალმა არავინ იცის მშვიდობა. 8 და გზაჲ მშჳდობისა არა უწყიან და არა არს მსჯავრი გზათა შინა მათთა, რამეთუ ალაგნი მათნი გულარძნილ არიან, რომელთა მოგზაურობენ და არა უწყიან მშჳდობაჲ.
9 ამიტომაც განგვშორდა სამართალი და ვერ გვწვდება სიმართლე. მოველით ნათელს და, აჰა, წყვდიადია! გაბრწყინებას - და ბნელში დავდივართ! 9 ამისთჳს განეყენა სამართალი მათგან და არა ეწიოს მათ სიმართლე. მორა-ელოდეს იგინი ნათელსა, იქმნა მათდა ბნელი. მომლოდენი ცისკრისანი უჟამოსა შინა ვიდოდეს.
10 ბრმებივით ვეპოტინებით კედლებს და ხელებს ვაცეცებთ, თითქოს თვალები არ გვქონდეს; ვფორხილობთ შუადღისას როგორც ბინდში, როგორც მკვდრები უკუნეთში. 10 ეძიებენ, ვითარცა ბრმაჲ, კედელსა და, ვითარცა არმქონებელნი თუალთანი. ეძიებენ. დაეცნენ შუასამხრის, ვითარცა შუაღამე, ვითარცა მოსიკუდიდნი, სულთითქუმენ,
11 დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და მტრედებივით ვკვნესით; მოველით სამართალს და არ ჩანს, ხსნას და შორს არის ჩვენგან. 11 ვითარცა დათჳ და ვითარცა ტრედი, ერთბამად ვიდოდიან. ვჰგებდით მსჯავრსა და არა არს მაცხოვარება, შორად განდგა ჩუენგან,
12

რადგან გამრავლდა ჩვენი დანაშაულები შენს წინაშე და ჩვენი ცოდვები ჩვენს წინააღმდეგ მოწმობენ; რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაულები და ჩვენი შეცოდებანი ჩვენვე ვუწყით: 

12

რამეთუ მრავალ არს უსჯულოება ჩუენი წინაშე შენსა, და ცოდვანი ჩუენნი აღმიდგეს ჩუენ, რამეთუ უსჯულოებანი ჩუენნი ჩუენ შორის და სიცრუენი ჩუენნი ვცნენით.

13 უფლის ღალატი და უარყოფა, ჩვენი ღვთისაგან განრიდება, ავის და უკუღმართის ზრახვა, სიცრუის ჩაფიქრება და გულიდან აღმოთქმა. 13 ვიუთნოეთ, ვეცრუენით უფალსა, განუდეგით წინაშედგომისაგან ღმრთისა ჩუენისა. ვზრახენით ცრუნი და ვიურწმუნოეთ, მიუდეგით და ვიწუართენით გულისაგან ჩუენისა სიტყუანი ცრუნი.
14 უკუიქცა სამართალი და სიმართლე შორს გადგა, რადგან წაფორხილდა ქუჩაში ჭეშმარიტება და სიწრფელე ვეღარ შემოდის. 14 და განვდეგით უკანაგან მსჯავრისა, და სიმართლე შორად განგუწუართა, რამეთუ განკფდა გზათა შორის მათთა ჭეშმარიტებაჲ და უგულარძნილოსა მიერ ვერ ეძლო განვლად.
15 გამქრალია ჭეშმარიტება და სიავეს განრიდებული ძლეულია; უფალი ხედავს და თვალში ავად უჩანს, რომ არ არის სამართალი. 15 და ჭეშმარიტებაჲ მოეღო და გარდააქციეს გაგონება მათი გულისხმისყოფისაგან, და იხილა უფალმან და არა სთნდა მას, რამეთუ არა იყო მსჯავრი.
16 ხედავს, რომ არ არის კაციშვილი, და უკვირს, რომ არავინაა ქომაგი. მაშინ მისი მკლავი ეშველება და მისი სიმართლე განამტკიცებს მას. 16 და იხილა და არა იყო მამაკაცი, და განიცადა და არა იყო შემწე, და მიაგო მათ მკლავითა თჳსითა და მოწყალება დაამტკიცა.
17 ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაირქვა თავზე; ნაცვალგების სამოსელი ჩაიცვა და მოსასხამივით მოისხა შური. 17 და შეიმოსა სიმართლე; ვითარცა ჭაჯუ-ჭური, და გარემოიდვა თავის გარემო, ჩაფხუტი მაცხოვარებისა თავსა ზედა მისსა, და მოიბლარდნა შესამოსელი შურისძიებისა და გარემოსასხმელი, ვითარცა შურის-გებაჲ,
18 საქმეთაებრ მიუზღავს ყველას: მტრებს - რისხვას, მოძულეთ - საქმეთაებრ, ზღვისპირელებს, საქმეთაებრ მიუზღავს. 18 და ყუედრება წინააღმდგომთა, და ჭალაკთა შური იძიონ შურის-გებითა.
19 შეუშინდებიან დასავლეთში უფლის სახელს და მზის აღმოსავლეთში - მის დიდებას, რადგან ნიაღვარივით მოვა მტერი, უფლის ქარი გამორეკავს მათ. 19 და ეშიშვოდიან დასავალითნი სახელსა უფლისასა და მზისაღმოსავალითნი სახელსა დიდებულისასა, რამეთუ მოვიდეს, ვითარცა მდინარე მაიძულებელი, რისხვაჲ უფლისა მიმართ, მოვიდეს გულისწყრომისა თანა.
20 მოუვა გამომსყიდველი სიონს და მათ, ვინც ცოდვას განერიდნენ იაკობში, ამბობს უფალი. 20 და მოვიდეს სიონისათჳს მჴსნელი და გარეწარაქციოს უთნოობაჲ იაკობისაგან, - იტყჳს უფალი.
21 აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე. 21 და ესე არს ჩემ მიერ აღთქმა მათდა, - თქვა უფალმან, - სული ჩემი, რომელი არს შენ ზედა და სიტყუანი, რომელნი მივსცენ პირსა შენსა, არა მოაკლდენ პირისაგან შენისა და პირისაგან თესლისა შენისა, - თქუა უფალმან, - ამიერითგან და საუკუნოდმდე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე