ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი სამოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი.

1

საჩინო ვექმენ ჩემთა არმეძიებელთა. ვეპოე ჩემთა არგამომკითხველთა. ვარქუ: აქა ვარ! - ნათესავსა, რომელთა არა ხადეს სახელსა ჩემსა.

2 დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე; 2 განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ყოველსა დღესა ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა, რომელნი არა ვიდოდეს გზასა კეთილსა, არამედ შემდგომად ცოდვათა მათთა.
3 ხალხისაკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს გამუდმებით, მსხვერპლს სწირავს ჭალებში და აგურებზე საკმეველს აკმევს. 3 ერი ესე განმაძჳნნებელი ჩემი წინაშე ჩემსა, მარადის ესენი აკუმევენ მტილებთა შინა და უკმევენ ალიზთა შინა
4 დამჯდარა საფლავებს შორის და გამოქვაბულებში აღამებს, ჭამს ღორის ხორცს და მურდალი შეჭამადი უდგათ ჭურჭლებში. 4 ეშმაკთა, რომელნი არა არიან და საფლავთა შინა და ქუაბთა შინა დაიძინებენ სიზმართათჳს, რომელნი ჭამენ ჴორცსა ღორისასა და წუენსა ნაგებთასა, შეგინებულ არიან ყოველნი ჭურჭელნი მათნი
5 ამბობენ: განვედ, არ მომეკარო, რადგან შენზე წმიდა ვარო! ეს კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლი, რომელიც მთელი დღე გიზგიზებს. 5 რომელნი იტყჳან: შორს ჩემგან, ნუ შემომეხები მე, რამეთუ წმიდა ვარ. ესე კუამლი გულისა წყრომისა ჩემისაჲ, ცეცხლი აღატყდების მის შორის ყოველთა დღეთა.
6 აჰა, დაწერილია ჩემს წინაშე: არ დავდუმდები, ვიდრე საზღაურს არ მივაგებ; საზღაურს მივაგებ მათ უბეს. 6 აჰა, დაწერილ არს წინაშე ჩემსა: არ დავიდუმო, ვიდრემდისცა მივაგო და კუალად ვაგე წიაღთა მათთა
7 მათი ცოდვებისთვის და მათი მამა-პაპის ცოდვებისთვის ერთიანად, ამბობს უფალი, ყველას, ვინც საკმეველს აკმევდა მთებზე და გორაკებზე, და მგმობდნენ მე; უბეში მივუზომავ მათ წარსულ საქმეებს. 7 ცოდვანი მათნი და მამათა მათთანი ერთბამად, - იტყჳს უფალი, - რომელნი უკუმევდეს მთათა ზედა და ბორცუთა ზედა, მაყუედრეს მე; კუალად ვაგნე საქმენი მათნი წიაღსა მათსა.
8 ასე ამბობს უფალი: როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, ამბობენ: ნუ გააფუჭებ, რადგან კურთხევაა მასში. ასევე მოვიქცევი მეც ჩემს მორჩილთა გულისათვის, რათა ყველა არ დავღუპო. 8 ესრეთ იტყჳს უფალი: ვითარსახედ იპოვების კუფხალი ტევანსა შინა და იტყჳან: ნუ განჰრყუნი მას, რამეთუ კურთხევა უფლისაჲ არს მის შორის, ეგრეთ ვყო მმონებელისათჳს ჩემისა, ამისათჳს არა წარვწყმიდნე ყოველნი,
9 გამოვიყვან იაკობისგან თესლს და იუდადან ჩემი მთების მემკვიდრეს; დაიმკვიდრებენ მათ ჩემი რჩეულნი და ჩემი მორჩილნი და დასახლდებიან იქ. 9 და გამოვიყვანო იაკობისაგან თესლი და იუდაჲსაგან და დაიმკჳდროს მთაჲ წმიდაჲ ჩემი, და დაიმკჳდრონ რჩეულთა ჩემთა და მონათა ჩემთა და დაეშენნენ მუნ.
10 გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა - საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის. 10 და იყვნენ მაღნარსა შინა ეზონი სამწყსოთანი და ჴევი აქორისი განსასუენებელად მროწეულთა ერისა ჩემისათა, რომელთა გამომიძიეს მე.
11 თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის დამვიწყებელნო, გადისათვის სუფრის გამშლელნო და მენისათვის თასის ამვსებნო, 11 ხოლო თქუენ, დამტევებელნი ჩემნი და დამვიწყებელნი მთისა წმიდისა ჩემისანი და განმზადებულნი ეშმაკისათჳს ტაბლისანი და აღმავსებელნი ბედისათჳს განზავებულისანი,
12 სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ, რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით. 12 მე განგცნე თქუენ მახჳლისა მიმართ, ყოველნი კლვითა დაეცნეთ, რამეთუ გიწოდე თქუენ და არ შეისმინეთ. ვიტყოდე და ურჩ იქმნენით და ჰყავთ ბოროტი წინაშე ჩემსა, და რომელნი არ მინდეს, გამოირჩიენით.
13 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით! 13

ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მმონებელნი ჩემნი ჭამდენ, ხოლო თქუენ გშიოდის. აჰა, მმონებელნი ჩემნი სუმიდენ, ხოლო თქუენ გწყუროდის. აჰა, მმონებელნი ჩემნი იშუებდენ, ხოლო თქუენ გრცხუენოდის.

14

აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!

14 აჰა, მმონებელნი ჩემნი იხარებდენ მხიარულებით, ხოლო თქუენ ჰღაღადებდეთ ტკივილისათჳს გულისა თქუენისა და შემუსრვისაგან სულისა ჰვაებდეთ.
15 დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს. 15 რამეთუ დაუტევეთ სახელი თქუენი სამაძღროდ რჩეულთა ჩემთა, ხოლო თქუენ მოგსრავს უფალი, ხოლო მმონებელთა ჩემთა ეწოდოს სახელი ახალი,
16 ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთისგან იქნება კურთხეული; ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთის მოფიცარი იქნება; რადგან დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება. 16 რომელი იკურთხოს ქუეყანასა ზედა. აკურთხევდენ ღმერთსა ჭეშმარიტსა და მფუცავნი ქუეყანასა ზედა ფუცვენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, რამეთუ დაივიწყონ ჭირი მათი პირველი და არა აღვიდეს გულსა ზედა მათსა,
17 რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. 17 რამეთუ იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანა ახალი. და არღა მოიჴსენონ პირველთა მათ, არცა არა მოუჴდეს გულსა მათსა ზედა,
18 მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად. 18 არამედ შუებაჲ და მხიარულებაჲ პოონ მას შინა, რამეთუ, აჰა, მე ვჰყოფ იერუსალიმსა სიხარულად და ერსა ჩემსა შუებად.
19 მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა. 19 და ვიხარებდე იერუსალიმსა ზედა, და ვიშუებდე ერსა ჩემსა ზედა, და არღა ისმეს მის შორის მერმე ჴმაჲ ტირილისა, არცა ჴმაჲ ყივილისა.
20 არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება. 20 არცა იქმნეს მუნ უჟამოჲ და მოხუცებული, რომელმან არა აღავსოს ჟამი თჳსი, რამეთუ იყოს ჭაბუკი ასთა წელთა, ხოლო, რომელი მოკუდეს ცოდვილი, არა ასთა წელთა დაწყეულ იყოს.
21 ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. 21 და აშენებდენ სახლთა, და იგინი დაემკჳდრნენ, დაჰნერგვიდენ ვენაჴთა, და იგინი ჭამდენ ნაყოფთა მათთა.
22 არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები. 22 და არა აღაშენნენ და სხვანი დაემკჳდრნენ, და-არა-ჰნერგვიდენ და სხვანი ჭამდენ, რამეთუ დღეთაებრ ხისა ცხოვრებისათა იყვნენ დღენი ერისა ჩემისანი, საქმეთა ნაშრომთა მათთასა დააძუელებენ,
23 ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანავე იქნებიან. 23 რამეთუ რჩეულნი ჩემნი არ დაშურებიან ცუდად, არცა შვილ-ისხმენ საწყევარად, რამეთუ თესლი კურთხეული არს ღმრთისა მიერ და შვილისწულნი მათნი მათ თანა იყუნენ.
24 ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე. 24 და იყოს, პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?
25 მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი. 25 მაშინ მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად და ლომი, ვითარცა ჴარი ბზესა ჭამდეს. ხოლო გუელი ქუეყანასა, ვითარცა პურსა, და არა ავნებდენ, არცა განჰრყუნიდენ მთასა წმიდასა ჩემსა, - იტყჳს უფალი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე