ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იუდას მეფის ახაზის დროს, იოთამის ძისა, ყუზიას ძისა, გამოვიდნენ რეცინ არამის მეფე და ფეკახ რემალიას ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს.

1

და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, აღმოვიდა რაასონ, მეფე არამისა და ფაკე, ძე რომაელისი, მეფისა ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად მისსა, და ვერ შეუძლეს გამოღება მისი.

2 ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან. 2 და მითხრობილ იქმნა სახლისა მიმართ დავითისისა თქუმითა: შეერთჴმავდა არამ ეფრემის თანა. და განჰკრთა სული მისი და სული ერისა მისისა ვითარსახედ ოდენ მაღნარსა შინა ხე შეირყიოს ქარისა მიერ.
3 უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე, 3 და თქვა უფალმან ესაიას მიმართ: გამოვედ შემთხუევად აქაზისსა შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი, საბანელსა თანა ზენასა, გზისა აგარაკისა მმურკნველისასა.
4 და უთხარი: მშვიდად იყავი, ნუ შეშინდები და გულს ნუ შეგიღონებს აკვამლებული მუგუზლების ეს ორი კუდი - რეცინ არამელისა და რემალიას ძის სიბრაზე. 4 და არქუ მას: დაიცევ დაწყნარებულად და ნუ გეშინინ, ნუცა მოუძლურდებინ სული შენი ორთაგან შეშათა, მუგუზთა ამათ მკუმოლვარეთა, რამეთუ ოდეს რისხვა გულისწყრომისა ჩემისა იქმნეს, კუალად განეკურნო და ძემან არამისმან და ძემან რომაელისმან.
5 რადგან შეითქვნენ შენს წინააღმდეგ არამი, ეფრემი და რემალიას ძე და თქვეს: 5 განიზრახეს განზრახვაჲ ბოროტი შენთჳს, მეტყუელთა:
6 გავილაშქროთ იუდაზე, დავეცეთ და გავტეხოთ, დავუსვათ მეფედ ტაბეალის ძე. 6 აღვიდეთ იუდეად და შეზრახებულთა მათთა მოვაქცინეთ იგინი ჩუენდამო და მეფე მათდა ვყოთ ძე ტაბავეელისი.
7 ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არ მოხდება, ეს არ იქნება! 7 ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგრეს განზრახვაჲ ესე, არცა იყოს;
8 რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი. კიდევ სამოცდახუთი წელი და მოსწყდება ერს ეფრემი. 8 არამედ თავი არამისსა - დამასკოჲ და თავი დამასკოსა - რაასინ, არამედ სამეოცთადახუთთა წელიწადთა ზე მოაკლდეს მეფობა ეფრემისი ერისაგან.
9 ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიას ძე. თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ. 9 და თავ ეფრემისსა სომორონ და თავ სომორონისსა - ძე რომაელისი, და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ.
10 კვლავ უთხრა უფალმა ახაზს: 10 და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან:
11 მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან. 11 ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ.
12 უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს. 12 და თქვა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო უფალი.
13 უთხრა: ახლა ისმინე, დავითის სახლო, არ კმარა შენთვის, რომ ხალხს აღონებ, ახლა ჩემი ღმერთიც გინდა შეაღონო? 13 და თქვა ისაიამან: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა?
14

ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს.

14

ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.

15 ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის. 15 ერბოსა და თაფლსა ჭამდეს პირველ, ანუ ცნობამდე მისსა, ანუ წინააღრჩევად ბოროტისა გამოირჩიოს კეთილი;
16 მაგრამ ვიდრე ყრმა ისწავლიდეს ბოროტის უკუგდებას და სიკეთის არჩევას, გაუდაბურდება ეს მიწა, რომელსაც შენ მისი ორი მეფის გამო განუდექი. 16 რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი და დაშთომილ იქმნეს ქუეყანა, რომლისად შენ გეშინის, პირისაგან ორთა მეფეთასა.
17 ისეთ დღეებს მოგივლენს უფალი შენ და შენს ხალხს, და შენი მამის სახლს, როგორიც არ დამდგარა იუდასგან ეფრემის განდგომის დღიდან - მოგივლენს აშურის მეფეს. 17 არამედ მოაწინეს უფალმან შენ ზედა და ერსა შენსა ზედა და სახლსა ზედა მამისა შენისასა დღენი, რომელნი აროდეს მოიწინეს დღითგან, რომლით განეჴუა ეფრემ იუდაჲსგან, მეფე ასსურასტანელთა.
18 იმ დღეს სტვენით მოუხმობს უფალი ბუზებს, ეგვიპტის ჭაობებში რომ არიან, და ფუტკრებს, აშურის ქვეყანაში რომ არიან. 18 და იყოს მას დდესა შინა: მოუწოდს უფალი მწერთა, რომელნი უფლებენ კვრძოსა ზედა მდინარისა ეგჳპტისასა, და ფუტკარსა, რომელ არს სოფელსა ასსურასტანელთასა.
19 მოვლენ და შეესევიან გაუდაბურებულ ხეობებს, კლდეთა ნაპრალებს, ყოველ ძეძვნარს და ყოველ საძოვარს. 19 და შევიდენ და განისუენონ ყოველთა ჴევნებთა შინა სოფლისათა და ნაპრალებსა შორის კლდეთასა და ქუაბთა შინა და ყოველთა დანახეთქთა და ქუეშე ყოველსა ხესა.
20 იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს. 20 მას დღესა შინა აყჳნვიოს უფალმან საყჳნველთა დიდთა და განმწმედელთა წიაღ კერძო მდინარესა მეფისა ასურასტანელთასა, თავი და თმანი ფერჴთანი და წუერი მოუღოს.
21 იმ დღეს გამოზრდის კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვრს. 21 და იყოს მას დღესა შინა: განზარდოს კაცმან დიაკეული ზროხათა და ორნი ცხოვარნი.
22 რა რძესაც მოიწველიან, იმის ერბოს შეჭამს, რადგან ერბოთი და თაფლით გამოიკვებება ქვეყანაში დარჩენილი მთელი ხალხი. 22 და იყოს სავსედ ქმნისაგან სძისა, ერბოსა და თაფლსა ჭამდეს ყოველი დაშთომილი ქუეყანასა ზედა.
23 იმ დღეს ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი ათასი ძირი ვაზი იყო ჩაყრილი, ჯაგნარად და ეკალ-ნარად გადაიქცევა. 23 და იყოს მას დღესა შინა ყოველი ადგილი, სადაცა, უკეთუ იყვნენ ათასნი ვენაჴნი ათასთა სიკილათანი, კორდად იყვნენ და ეკლად.
24 მშვილდ-ისრებით შემოვლენ იქ, რადგან მთელი ქვეყანა ჯაგნარად და ეკალ-ნარად იქნება გადაქცეული. 24 ისრებისა თანა და მშჳლდისა შევიდენ მუნ, რამეთუ კორდ და ეკლებ იყოს ყოველი ქუეყანა:
25 ვერცერთ მთაზე, რომელიც თოხით ითოხნებოდა, ვერ მიხვალ ჯაგნარისა და ეკალ-ნარის შიშით; ხარების გასარეკი და ცხვრების გასათელი გახდება იგი. 25 და ყოველი მთა მოჴნვით მოიჴნას, და არა ზედა მივიდეს მუნ შიში, რამეთუ იყოს სიკორდისაგან და ეკლისა საძოვარ ცხოვრისა და დასათრგუნველ ზროხისა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე