ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესთერი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა, რომელიც მეფობდა ას ოცდაშვიდ მხარეზე ინდოეთიდან მოყოლებული ვიდრე ქუშამდე.

1

იყო შემდგომად სიტყუათა ამათ დღეთა ასვირეოს დიდისა, ესე იგი არს არტაქსექს მეფე, რომელმან დაიპყრა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე ასოცდაშვიდი სოფელი.

2 იმ დროს, როცა იჯდა მეფე ახაშვეროში სამეფო ტახტზე შუბანში, სატახტოში, 2 მათ დღეთა შინა, რაჟამს დაჯდა საყდარსა შუშანს შინა, ქალაქსა, საყდარსა სამეუფოთა,
3 თავისი მეფობის მესამე წელს გაუმართა ლხინი თავის მთავრებს, თავის მორჩილთ, სპარსელთა და მიდიელთა სარდლებს, ხელისუფალთ და მხარეთა განმგებელთ, 3 წელსა მესამესა მეფობისა მისისათა უყო სუმა ყოველთა ერთა სპარსთა და უჟიკთა მთავართა სოფლებისათა წინაშე პირსა მისსა.
4 და აჩენდა თავისი სამეფოს დიდებულ სიმდიდრეს და თავისი სიდიადის ბრწყინვალებას მრავალ დღეს, ას ოთხმოც დღეს. 4 რათა უჩვენოს მათ სიმდიდრე დიდებისა მისისა და პატივი სიქველისა სიხარულითა და შვებითა, რათა დასხდენ დედანიცა უცხოთესლნი,
5 როცა ჩათავდა ეს დღეები, გაუმართა მეფემ მთელს ხალხს, ვინც კი შუშანში, სატახტოში იყო, დიდსა და პატარას, შვიდდღიანი ლხინი სასახლის ბაღში. 5 რამეთუ ესე დღენი არიან ქორწინებისა მეფისანი და ამისა შემდგომად უჩუენა მათ სიმდიდრე სუფევისა მისისა. და ყო მეფემან სმა ყოველთათჳს, რომელნი იპოვნეს. შუშანს შინა ქალაქსა მცირითგან დიდადმდე ვიდრე შვიდ დღე ეზოსა სამეუფოსასა,
6 მრავალფერი ქსოვილები ეკიდა ბისონისა და ძოწის ძაფებით ვერცხლის რგოლებზე და მარმარილოს სვეტებზე. ოქროსა და ვერცხლის საწოლები იდგა ალებასტრით, მარმარილოთი, სადაფითა და შავი მარმარილოთი მოფენილ იატაკზე. 6 დარეცილი ზეზითა და ცისსხეულითა და მეწამულითა და იაკინთითა ჭრელებულითა ყვავილოვნად თჳთოფერითა და კარვები აღმართებულ საბლებითა ბისონისა და ძოწეულისათა და ტორანტოსები ვეცხლისა და სვეტები ბრინჯისა ოქროლესულითა, ტახტები ოქროჲსი და ვეცხლისა და ანთრაკ ფენილი ზედა ზმარაგდოსა ქვათა, და კაპოეტის ქვით დასაგებელნი თჳთოფერად ჭრელებულად ყვავილოვნად და გარემოს ვარდი მოფენილ
7 სასმელს ოქროს სასმისებით სვამდნენ, მრავალფრი სასმისებით. უხვად იყო სამეფო ღვინო, მეფეთა საკადრისი. 7 სმანი დღეთა მრავალთა ვიდრე ასოთხმეოც დღე და ოდეს აღესრულნეს დღენი მრავალნი სმისანი, ყო მეფემან ყოველთათჳს, რაოდენი იპოეს ქალაქსა შინა მცირითგან მდიდრამდე ექუს დღე სახლისა მის მეფისანი, ნერგოანისა შემკულისა, ბისონისა და ბარძიმებისა, ოქროჲთა თჳთოსახე ანთრაკი განწონილნი ტაკუკები წინა დაგებულნი ტალანტთა სამთა ბევრთა და ღვინო,ფრიად კეთილი და წყალი სასმელად მეფისა
8 წესისამებრ სვამდნენ, არავინ იყო დამძალებელი, რადგან ასე დაუდგინა მეფემ სახლთუხუცესებს, თითოეულის ნება-სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ. 8 ხოლო ქორწილი ესე არა განწესებულსა სჯულსა იყო, რამეთუ ეგრეთ ინება მეფემან ბრძანება მნებავთა, რათა ყონ ნებაჲ მისი.
9 ვაშთი დედოფალმაც გადაიხადა ლხინი ბანოვანთათვის მეფე ახაშვეროშის ერთ-ერთ სასახლეში. 9 და ვასტიანეცა დედოფალმან ყო პური დიდი სამეფოთა შინა აზნაურთა დედათა, რომელნი იყვნეს სამეფოსა არტაქსესისასა.
10 მეშვიდე დღეს, როცა ღვინომ გაამხიარულა მეფის გული, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ჰარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს - შვიდ საჭურისს, მეფე ახაშვეროშის წინაშე მომსახურეთ, 10 დღესა მეშჳდესა უბრძანა მეფემან მწდესა არავინ იძულებით კაცად-კაცადისა შენდობად. უბრძანა მონათა თჳსთა ამანს, და მალანს, და თარას, და გორზეს, და ტოთას, და აბატაზას, და თარბას, და გამომას, დარბოს, და აგაბ, და ზათა, და ქაიდა, და თარი, და თურაქთა - შვიდთა მათ საჭურისთა, მსახურთა მეფისა არტაქსესისათა
11 მოეყვანათ ვაშთი დედოფალი მეფის წინაშე სამეფო გვირგვინით, რომ ეჩვენებინა ხალხებისთვის და მთავრებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო სახით. 11 და ბრძანა შემოყვანებად ვასტიანე დედოფლისა კრებულსა მას სმისასა შარავანდითა სადედოფლოსა მისისათა. დედოფალ-ყო იგი და დაადგა მას შარავანდი, რათა უჩუენოს ყოველთა თავადთა სიკეთე მისი, რამეთუ ქმნულკეთილ იყო ფრიად.
12

არ ისურვა ვაშთი დედოფალმა მისვლა მეფის ბრძანებაზე, საჭურისების პირით რომ ეცნობა. დიდად გაწყრა მეფე და რისხვით აენთო.

12

და ვასტიანე დედოფალმან არა ისმინა მისი შესლვად მის წინაშე საჭურისთა მათ თანა ტაძრად, სადა-იგი იყო სუმა. ვითარცა ესმა მეფესა, რამეთუ შეურაცხ-ყო ვასტიანემ ნება მისი, შეწუხნა ფრიად.

13 უთხრა მეფემ ბრძენკაცებს, დროჟამის მცოდნეთ (რადგან ასე წყდებოდა სამეფო საქმე რჯულისა და სამართლის მცოდნეთა წინაშე. 13 ჰრქუა მეფემან ყოველთა ბრძენთა: ამას იტყოდა ვასტიანე. ამისთჳს ზრახეთ, რაჲ უყოთ ვასტიანე დედოფალსა.
14 მისი დაახლოებული პირები კი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი - შვიდი სპარსელი და მიდიელი მთავარი, მეფის პირისმხილველნი და პირველ ადგილზე მჯდომელნი სამეფოში): 14 მიუჴდეს მეფესა არკესიოს და სართეოს, და მალერ, და მუქეოზ; მთავარნი სპარსთანი და უჟიკთანი და წინაშემდგომელნი მეფისანი, რომელნი სხდეს პატივით მახლობელად მეფისა.
15 რისი ღირსია ვაშთი დედოფალი, რჯულის მიხედვით, რომ არ შეასრულა მეფე ახაშვეროშის ბრძანება, საჭურისების პირით რომ ეცნობა? 15 და უთხრეს მას სჯულისა მისებრ, ვითარცა-იგი ჯერ-არს, ვასტიანე დედოფალსა, რამეთუ არა ისმინა მეფისა მიერ ბრძანებული საჭურისთაგან.
16 თქვა მემუქანმა მეფისა და მთავრების წინაშე: არა მხოლოდ მეფე გააწბილა ვაშთი დედოფალმა, არამედ ყველა მთავარი და ყველა ხალხი, ვინც კი მეფე ახაშვეროშის მთელს სახელმწიფოში ცხოვრობს. 16 და ჰრქუა ამუქეოზ მეფესა და მთავართა: არა თუ მხოლოდ მეფესა შესცოდა ვასტიანე დედოფალმან, არამედ ყოველთა მთავართა სპარსთასა და შერაცხილთა და უჟიკთასა. და ყოვლისა მიმართ ერისა შეცოდებაჲ განითქუა, რამეთუ შეურაცხ-ყო ბრძანებაჲ მეფისა არტაქსერისა. ესე სიტყუა-უგო ასვირეოს მეფესა
17 რადგან მიუვათ დედოფლის ამბავი ქალებს და ისინიც დაამცირებენ თავიანთ ქმრებს, იტყვიან: ვაშთი დედოფლის მიყვანა ბრძანა მეფე ახაშვეროშმა თავის წინაშე, მაგრამ არ მივიდაო იგი. 17 ეგრეთვე დღესითგან მძლავრებდეს სხუანიცა ცოლნი მთავართა სპარსთანი და უჟიკთანი, და იკადრონ მათცა.
18 ამიერიდან სპარსელ და მიდიელ მთავართა ცოლები, რომლებიც შეიტყობენ დედოფლის ამბავს, შეეპასუხებიან მეფის მთავრებს. ბევრი დამცირება და წყენა შეგხვდება. 18 უკუეთუ ჯერ-უჩნდეს უფალსა ჩუენსა მეფესა სათნოდ მისა, ბრძანენ სამეფო სჯულისა მისებრ სპარსთა და უჟიკთასა. ნუვინ აქცევნ ერთი.
19 თუ მეფე ინებებს, გაიცეს მისგან სამეფო ბრძანება, ჩაიწეროს სპარსელთა და მიდიელთა რჯულში უცვალებელად, რომ აღარ შევიდეს ვაშთი მეფე ახაშვეროშის წინაშე. ხოლო მისი დედოფლობა მეფემ სხვას მისცეს, მასზე უკეთესს. 19 ვითარ-იგი სიტყვა-უგო წინაშე თუალთა მისთა, რამეთუ თქვეს: ვასტიანე დედოფალმან სიტყუა-უგო მეფესა არტაქსეს შესლვად სახლსა სასმურსა მის წინაშე. ნუმცა შევალს მიერითგან დედოფალი ვასტიანე მეფისა და დედოფლობა მისი მისცეს უმჯობესსა მისსა,
20 მოივლის მეფის ბრძანება მთელს მის სამეფოს, თუმცა ვრცელია იგი, და ყველა ცოლი, აზნაური თუ მდაბიო, პატივისცემით მოეპყრობა თავის ქმარს. 20 რომელთა ისმინონ სჯული სამეუფო, რომელი უბრძანო. და პატივსცემდენ ცოლნი ქმართა თჳსთა პატივითა დიდითა გლახაკითგან ვიდრე მდიდართამდე.
21 მოეწონათ ეს სიტყვა მეფესა და მთავრებს. მემუქანის სიტყვისამებრ მოიქცა მეფე. 21 და სათნო-უჩნდა მეფესა და ყოველთა მთავართა სიტყუაჲ ესე. და ყო, ვითარცა იტყოდა ამუქეოზ.
22 დაუგზავნა წერილები სამეფოს სამთავროებს - თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე, რომ ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში და თავისი ხალხის ენაზე ელაპარაკა. 22 და წარავლინა ყოველთა სოფელთა და სოფლითი სოფლად სიტყჳსაებრ მისისა. და იყო წერილი წიგნსა მისსა, რომელი მიუძღვანა: მეფე დიდი ასვირეოს, მთავართა და ჴელმწიფეთა, ასოცდაშჳდთა ნათესავთა ინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე: ჰმთავრობდინ ცოლსა თჳსსა ყოველი მამაკაცი!

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე