ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესთერი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეიტყო მარდოქაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია მარდოქაიმ სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო და თავზე ნაცარი დაიყარა. გავიდა შუაგულ ქალაქში და ხმამაღლა და მწარედ მოთქვამდა.

1

ხოლო მარდოქე ვითარ გულისხმა-ყო აღსასრული ესე, შევიდა სახლსა შინა თჳსსა და დაიპო სამოსელი თჳსი, და შეიმოსა ძაძა და გარდაისხა ნაცარი და გამოვარდა უბანთა ქალაქისათა, ღაღადებდა და იტყოდა: აღიჴოცების ნათესავი შეუცოდებელი!

2 მივიდა სამეფო კარიბჭემდე, რადგან ჯვალოთი შემოსილს სამეფო კარიბჭეში შესვლა არ შეეძლო. 2 და მოვიდა ვიდრე მეფისამდე და დადგა ბჭეთა წინაშე, რამეთუ არა ჯერ-იყო შესლვად მისი ძაძაშემოსილისა და ნაცარგარდასხმულისა.
3 ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და კანონი მივიდა, დიდი გლოვა ჰქონდათ იუდაელებს, მარხვა, ტირილი და გოდება. ჯვალო და ნაცარი ეგო ბევრს. 3 და ყოველსა სოფელსა და ადგილსა, ვიდრეცა მიაქუნდა ბრძანება იგი მეფისა, იყო ღაღადება, ტყება და გლოვა დიდი ჰურიათა. იმარხვიდეს და ნაცარსსა ირეცდეს ძაძამორტყმულნი.
4 მივიდნენ ესთერთან მისი მოახლეები და საჭურისები და ყველაფერი უამბეს. დიდად შეშფოთდა დედოფალი. გაუგზავნა სამოსელი, რომ შემოსილიყო მარდოქაი და გაეძრო ჯვალო, მაგრამ არ მიიღო. 4 შევიდეს შიმუნვარნი და საჭურისნი დედოფლისანი და უთხრეს ესთერს. და შეძრწუნდა ესთერ, იკითხა და მიავლინა შემოსად მარდოქესა. და განსძარცვა მას ძაძა, ხოლო მან არა ინება.
5 იხმო ესთერმა ჰათაქი, მეფის საჭურისთაგანი, რომელიც მისთვის ჰყავდა მიჩენილი მეფეს, და უბრძანა წასულიყო მარდოქაისთან, რომ გაეგო მისი ამბავი. 5 ხოლო ესთერ მოუწოდა არქათენს, საჭურისსა თჳსსა, რომელი მის წინაშე დგა, და მიავლინა კითხვად მისა ჭეშმარიტად, რაჲ-ძი არს მიზეზი იგი მწუხარებისა.
6 გავიდა ჰათაქი მარდოქაისთან ქალაქის მოედანზე, სამეფო კარიბჭის წინ რომ არის. 6 და განვიდა არქათენ მარდოქეს თანა პალატით ქალაქისად, რომელი იყო პირისპირ ბჭისა მის მეფისათა.
7 მოახსენა მარდოქაიმ ყველაფერი, რაც შეემთხვა, და იმ ვერცხლის ამბავიც, რომელიც უნდა შეეტანა ჰამანს სამეფო ხაზინაში იუდაელთა გასაწყვეტად. 7 ხოლო მარდოქე უთხრა მას ჭეშმარიტად საქმე იგი და აღთქუმა იგი, რომელი აღუთქუა ამან მეფესა საფასე ბევრი ქანქარისა, რათა წარწყმიდნეს ჰურიანი,
8 დაწერილი კანონის პირიც, შუშანში რომ გამოვიდა მათ გასაწყვეტად, მისცა ჰათაქს, რომ ეჩვენებინა ესთერისთვის და ეცნობებინა. დაავალა ესთერს, წასულიყო მეფესთან, რათა შევედრებოდა მას და პატიება გამოეთხოვა თავისი ხალხისთვის. 8 და პაჭენისნი წიგნისა მის შუშანს შინა განმარტნეს წარწყმედისა მათისათჳს. და მისცა მას სიტყუაჲ ესე, რათა აუწყოს ესთერს, და აწყინებდა თავსა, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს ერისა თჳსისათჳს.
9 მოვიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მარდოქაის ნათქვამი. 9 და შევიდა არქათენ და უთხრა ესთერს ყოველივე ესე სიტყუაჲ და ძვირი იგი ნათესავისა მისისა.
10 უთხრა ესთერმა ჰათაქს და დააბარა მარდოქაისთან: 10 და ჰრქუა ესთერ არქათენს: მივედ და უთხარ მარდოქეს:
11

მეფის ყველა მორჩილმა და მეფის სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველ კაცს თუ ქალს, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი სასჯელი ელის - სიკვდილი. მხოლოდ ის გადარჩება, ვისკენაც თავის ოქროს კვერთხს გაიშვერს მეფე. მე კი ოცდაათი დღეა, რაც მეფეს არ დავუძახივარ.

11

ნათესავთა ყოველთა სამეფოთა უწყიან და შენ ყოველი იცი, რამეთუ ყოველივე მამაკაცი, გინა დედაკაცი, რომელი შევიდეს უწოდებელას მეფისა ეზოსა შინაგან, არა არს მისი ცხოვრება, გარდა თუ მიუპყრას მას მეფემან ოქროჲსა კვერთხი, ესე ხოლო ცხონდეს და მე არა ვწოდებულვარ შესლვად მეფისა, აჰა, არიან დღენი ესე ოცდაათ. და ვითარ შევიდე უწოდებელად და მოვჰკუდე

12 მიუტანეს მარდოქაის ესთერის სიტყვები. 12 და უთხრა არქათენ ყოველნი ყსყ სიტყუანი ესთერისნი მარდოქეს.
13 უთხრა პასუხად მარდოქაიმ ესთერს: ნუ ფიქრობ გულში, რომ შენ ერთი გადარჩები მეფის სახლში იუდაელთაგან. 13 და ჰრქუა მარდოქე არქათენს: მივედ და არქუ მას: ესთერ, ნუთუ სთქუა გულსა შენსა, ვითარმედ განვერე მე მარტო დედოფლობით უმეტეს, ყოველთა ჰურიათა?
14 რადგან თუ ახლა დაიდუმებ, სხვა მხრიდან მოვა იუდაელთა შვება და ხსნა, შენი მამისსახლი კი დაიღუპება. ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას? 14 უკუეთუ არა ისმინო ჟამსა ამას და უკუეთუ უგულებელს-ჰყო ნათესავი ესე, ვითარცა არა შეეწიო და სხვით, კერძო იყოსვე შეწევნა ჰურიათათჳს და საფარველი ცხორებისა, ხოლო შენ და სახლი მამისა შენისა წარსწყმდეთ, ხოლო ვინ უწყის, ნუუკუე ამისა ჟამისათჳს დედოფალ იქმენ?
15 უთხრა პასუხად ესთერმა მარდოქაის: 15 და მიავლინა მოციქული იგი, რომელი მოსრულ იყო მისსა, ვითარმედ არქუ მარდოქეს:
16 წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელს იუდაელობას, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით. მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად, მერე წავალ მეფესთან, თუმცა წესი არ არის. თუ დავიღუპები, დავიღუპო. 16 წარვედ და შეჰკრიბენ ჰურიანი, რომელნი არიან შუშანს შინა ქალაქსა და იმარხევდით ჩუენთჳს. ნუ სჭამთ პურს, ნუცა სუამთ რასა სამ დღე და ღამე და ევედრებოდით ღმერთსა, ყოვლითა გულითა იმარხვიდეთ. და მაშინ შევიდე მეფისა თჳნიერ სჯულისა, დაღათუ იყოს წარწყმედა ერისათჳს ისრაჱლისა
17 წავიდა მარდოქაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა დაარიგა. 17 და წარვიდა მარდოქე და ყო ეგრე, ვითარცა ჰრქუა მას ესთერ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე