ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესთერი

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმ ღამით ძილი გაუკრთა მეფეს. მოატანინა სამახსოვრო წიგნი - მატიანე და უკითხავდნენ მეფეს.

1

ხოლო ძლიერმან ღმერთმან მიაქცია ბოროტი ამანის თავსავე მისსა და განაშორა ძილი მეფისაგან მას ღამესა და ეღვიძა. და ჰრქუა მოსაჴსენებელთმწერალსა მისსა შემოღებად წიგნები მოსაჴსენებელი დღეთა, რათა იკითხვიდეს მათ; და მოუწოდეს წიგნისმკითხველსა და მწიგნობართა და მოიღეს წიგნები

2 აღმოჩნდა ჩაწერილი, როგორ ამხილა მარდოქაიმ ბიგთანა და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველნი, რომელთაც მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჰქონდათ განზრახული. 2 და აღმოიღო წიგნი იგი მარდოქესთჳს დაწერილი მეფისათჳს სპარსთასა და უჟიკთა და უკითხვიდა მეფესა დაწერილსა მას მარდოქესთჳს, ვითარ-იგი უთხრა მეფესა ორთა მათ საჭურისთათჳს, რომელნი სცვიდეს მას. ეგულვებოდათ დასხმად ჴელთა არტაქსექს მეფისა ზედა და მოკლვად მისა, და რომელი ქმნა მარდოქე ქველისსაქმე და განარინა მეფე, და დაიდვა იგი გონებასა
3 თქვა მეფემ: რა პატივი და დიდება ხვდა ამისთვის მარდოქაის? მიუგეს მეფეს მისმა მორჩილებმა: არაფერი ხვდომია. 3 და თქუა მეფემან: რაჲ მადლი და დიდებაჲ მიმიცემიეს მარდოქესთჳს? ჰრქვეს მსახურთა მეფისათა: არარა, არცა ერთი, რომლისა მიერ იხილე სარწმუნო-ყოფა შენდა, ვითარ-იგი იზრუნა შენთჳს. და მოიწია განთიადი
4 თქვა მეფემ: ვინ არის ეზოში? ჰამანი იყო მოსული მეფის სახლის გარეთა ეზოში იმის სათქმელად, რომ ჩამოეკიდათ მარდოქაი მისთვის გამზადებულ ძელზე. 4 თქუა მეფემან: ვინ არს ეზოსა? ხოლო ამან მოსრულ იყო ბრძანების მოღებად მეფისაგან, რათა დამოჰკიდოს მარდოქე ძელსა მას, რომელი განმზადა.
5 უთხრეს მეფეს მისმა მორჩილებმა: აჰა, ჰამანი დგას ეზოში. თქვა მეფემ: შემოვიდეს. 5 ჰრქვეს მსახურთა მეფესა:
6 შევიდა ჰამანი. უთხრა მას მეფემ: რა უნდა გავუკეთოთ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს? თქვა გულში ჰამანმა: ვისი პატივი უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემი? 6 ამან აქა არს გარემდგომარე და ჰრქუა მეფემან: შემოუწოდეთ! და ჰრქუა მეფემან ამანს: რაჲ უყო მე კაცსა, რომლისა მნებავს დიდ-ყოფა მისი? განიზრახა ამან გულსა თჳსსა, -- ვისიმე ჰნებავს მეფესა განდიდება, არა თუ ჩემი?
7 უთხრა ჰამანმა მეფეს: იმ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს, 7 მიუგო ამან: კაცი, რომლისა ჰნებავს მეფესა განდიდება...
8 მიართვან სამეფო შესამოსელი, რაც ემოსა მეფეს და ცხენი, რომელზეც იჯდა მეფე, როცა სამეფო გვირგვინი დაადგეს თავზე. 8 მოიღონ სამოსელი სამეფო და საჴედარი, რომელსა მეფე აღჯდებოდეს, და მისცენ კაცსა მეფისა საყვარელსა, დიდებულსა მას.
9 მიართვან შესამოსელი და ცხენი მეფის უპირველესი კარისკაცის ხელით, შემოსონ ის კაცი, ვისი პატივიც სურს მეფეს, მიიყვანონ ცხენით ქალაქის მოედანზე და გამოაცხადონ მის წინაშე: ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს! 9 და შეჰმოსონ სამოსელი იგი კაცსა მას, რომელი შეიყვანა მეფემან და აღსვან იგი საჴედარსა სამეფოსა და ქადაგი იზახდეს უბანთა შორის ქალაქისათა და იტყოდეს: ესრეთმცა არნ ყოველი კაცი, რომელი იყოს მეფისათჳს ერთგული და პატივის-მცემელი და უნდეს მეფესა დიდ-ყოფა მისი
10

უთხრა ჰამანს მეფემ: სასწრაფოდ აიღე შესამოსელი და ცხენი, როგორც თქვი, და მოექეცი ასე მარდოქაის, იუდაელს, სამეფო კარიბჭესთან რომ ზის. არაფერი დააკლო შენს სათქმელს.

10

და ჰრქუა მეფემან ამანს: კეთილ არს სიტყვა ეგე, ადრე ყავ, რბიოდე! და მოიბ ცხენი და სამოსელი, ვითარცა სთქუ, ყავ ეგრეთ. მარდოქე ჰურია, რომელი არს ეზოსა მეფისა შენისასა, ნუმცა რაჲ დავარდების სიტყუათა შენთაგანი, რომელსა იტყოდე ჩემ წინაშე. ვითარცა გულისხმა-ყო ამან, რამეთუ არა იგი არს, რომელი-იგი დიდებულ-ყო ფრიად, არამედ მარდოქე, შეიშთო გული მისი

11 აიღო ჰამანმა შესამოსელი და ცხენი, შემოსა მარდოქაი, გაიყვანა ცხენით ქალაქის მოედანზე და გამოაცხადა მის წინაშე: ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს! 11 და მოიღო ამან სამოსელი იგი და ცხენი სირცხჳლეულმან და ჰრქუა მარდოქეს: განიძარცვე ძაძა შენი. ხოლო მარდოქე შეძრწუნდა, ვითარცა მოსიკუდიდი, და ჰრქუა: ჵ უკეთურო! გვეკიცხვა ჩვენთა ბოროტთა ზედა. და განსძარცვა ძაძა იგი ძალით და შეჰმოსა მას სამოსელი დიდებისა. ხოლო მარდოქეს ეგონა, ვითარმედ სასწაულსა რასამე ჰხედავს. და გული მისი იყო ღმრთისა თანა. ხოლო შეძრწუნებულ იყო ფრიად, განკჳრვებულ იყო უზომოდ. და ისწრაფა ამან აღსმად მისა ცხენსა და გამოვიდა და წინაუძღოდა მას. და ქადაგებდა უბანთა ქალაქისათა და იტყოდა: ესრეთ ეყოს ყოველსა კაცსა, რომელმან მეფესა პატივ-სცეს, რომლისა უნდეს მეფესა დიდებად
12 დაბრუნდა მარდოქაი სამეფო კარიბჭესთან. ჰამანი კი გაეშურა შინისკენ, დამწუხრებული და თავჩაქინდრელი. 12 ხოლო ამან თავდაკიდებული წარვიდა თჳსთა მისთა თანა მწუხარე. და მარდოქე მოიქცა ეზოდ მეფისა და აკურთხევდა ღმერთსა.
13 უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლს, და მეგობრებს ყველაფერი, რაც შეემთხვა. უთხრეს მისმა ბრძენკაცებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: თუ იუდაელთა მოდგმის არის მარდოქაი, რომლის გამოც ემხობი, ვერ დასძლევ მას, არამედ ნამდვილად დაემხობი მის წინაშე. 13 და უთხრა ამან ზოსარას, ცოლსა თჳსსა, და მეგობართა ყოველი ესე, რაჲცა შეემთხჳა მას. და ჰრქუეს ამანს ცოლმან თჳსმან და მეგობართა თჳსთა (ვინათგან იტყოდე მათთჳს ბოროტსა, ბოროტიცა წინაწარგიძღვა შენ. დუმენ აწ უკუე, ნუ იტყჳ მათთჳს ბოროტსა); უკუეთუ ნათესავისაგან ჰურიათასა არს მარდოქე, და იწყე დამდაბლებად წინაშე მათსა. დაცემით ეც, და ვერ ერეოდე მათ, რამეთუ უფალი ღმერთი ცხოველი არს მათ ზედა და სძულს ამპარტავანება
14 ამას ეუბნებოდნენ, რომ მოვიდნენ მეფის საჭურისები და დააჩქარეს ჰამანი, წასულიყო ესთერის გამართულ ნადიმზე. 14 და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოიწივნეს ორნი საჭურისნი და ასწრაფებდეს ამანს მისლვად სმასა მას, რომელი მზა-ეყო ესთერს. და ესთერ გულდებულ იქმნა და განმხიარულდა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე