ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები.

1

და იქმნა ოცდამეათესა წელსა, მეოთხესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, და მე ვიყავ საშუალ ტყუეობისა მდინარესა ზედა ქობარისასა; და განეხუნეს ცანი, და ვიხილე ხილვაჲ ღმრთისაჲ;

2 თვის მეხუთე დღეს - ეს იყო მეხუთე წელი მეფე იოაქინის ტყვეობისა - 2 ხუთსა თთჳსასა; ესე წელიწადი მეხუთე ტყუეობისა იოაკიმ მეფისაჲ
3 გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდეღს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი. 3 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ეზეკიელის მიმართ, და ძისა ვუზისსა, მღდელისა, ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, მდინარესა ზედა ქობარისასა, და იქმნა მუნ ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ.
4 და ვიხალე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და ცეცხლის კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი. 4 და ვიხილე, და, აჰა, სული აღმღებელი მოვიდოდა ჩრდილოთ და ღრუბელი დიდი მას ზედა და ნათელი გარემოჲს მისსა, და ცეცხლი ელვარე; და საშუალ მისსა, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, საშუალ ცეცხლისა, და ნათელი მის შორის.
5 მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის სახე ჰქონდათ; 5 და საშუალ, ვითარცა მსგავსებაჲ, ოთხთა ცხოველთაჲ, და ესე ხილვაჲ მათი: მსგავსებაჲ კაცისა მათ ზედა;
6 თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა; 6 და ოთხნი პირნი ერთსა, და ოთხნი ფრთენი - ერთსა.
7 ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით, 7 და წჳვნი მათნი მართლებ და ფრთოვნებ ფერჴნი მათნი და ნაბერწყალნი, ვითარცა აელვებული რვალი, და სუბუქებ ფრთენი მათნი,
8 ადამიანის ხელები უჩანდათ ფრთებიდან ოთხივე მხარეს; ოთხივეს პირისახე და ფრთები ჰქონდა. 8 და ჴელი კაცისაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა, ოთხთა ზედა კერძოთა მათთა, და პირნი მათნი
9 მათი ფრთები ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა. 9 და ფრთენი მათნი ოთხთანივე მახლობელად სხვაჲ სხვისად; და პირნი მათნი არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, თითოეული მათგანი პირისპირ პირისა თჳსისა ვიდოდა.
10 მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს. 10 და მსგავსება პირთა მათთაჲ: პირი კაცისაჲ და პირი ლომისაჲ მარჯუენით ოთხთასა და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთასა და პირი არწივისაჲ ოთხთაჲვე ესრეთ არს-პირნი არიან ქმნულებისა მათისანი.
11

მათი პირისახე და ფრთები ზემოთკენ იყო გაშლილი; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანი ჰქონდათ დაფარული.

11

და ფრთენი მათნი განპყრობილ ზენაჲთ ოთხთასა, თითოეულად ორნი შეუღლვილებ ურთიერთას მიმართ და ორთა ზედდაჰბურვიდეს ზედა კერძო სხეულსა მათსა.

12 თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა; საითაც მიჰყავდა სულს, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას. 12 და თითოეული წინაშე პირსა თჳსსა ვიდოდა; სადაცა იყო სული მავალი, ვიდოდეს და არა შეიქცეოდეს.
13

ეს ცხოველები შესახედაობით გავარვარებულ მუგუზლებს ჰგვანდნენ; რაღაც ალივით მიმოდიოდა ცხოველებს შორის, ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა ცეცხლიდან.

13 და საშუალ ცხოველთასა ხილვაჲ, ვითარცა ნაკუერცხალთა ცეცხლისათა მგზებარეთაჲ, ვითარცა შესახედავი ლამპართა მმიმოობთაჲ საშუალ ცხოველთასა, და ნათელი ცეცხლისაჲ და ცეცხლისაგან გამოვიდოდა ელვაჲ.
14 ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან. 14 და ცხოველნი რბიოდეს და მოიქცეოდეს მსწრაფლ, ვითარცა სახე ბეზეკისაჲ.
15 ვუყურებ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხსავე მხარეს. 15 და ვიხილე და, აჰა, ურმისთუალი ვრთი ქუეყანასა ზედა, მახლობელად ცხოველთა ოთხთა. და სახე ურმისთუალთაჲ და ქმნილება მათი, ვითარცა სახე თარშისაჲ.
16 იაგუნდს ჰგავდნენ შესახედაობით და ნაკეთობით ეს ბორბლები და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული. 16 და მსგავსება ოთხთა შორის და ხედვაჲ მათი და საქმე მათი იყო, ვითარ-იგი იყვის ურმისთუალი ურმისთუალსა შინა.
17 მოძრაობისას ოთხივე მხრისკენ მოძრაობდნენ, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ. 17 ოთხთა მიმართ კერძოთა მათთა ვიდოდეს, არ შეიქცეოდეს სლვასა შინა მათსა არცა ზურგნი მათნი.
18 ფერსოები მათი მაღალი და საშინელი იყო, ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე. 18 და სიმაღლე იყო მათდა და საშინელ იყუნეს; და ვიხილენ იგინი და ზურგნი მათნი სავსე თვალებითა მრგულივ ოთხთასავე.
19 ცხოველთა მოძრაობისას ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ცხოველები მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწევდნენ. 19 და სლვასა მას ცხოველთასა ვიდოდეს ურმისთუალნიცა, მახლობელნი მათნი, და ამაღლებასა ცხოველთასა ქუეყანით ამაღლდებოდეს ურმისთუალნიცა.
20 საითკენაც სული გასწევდა, იქით მიდიოდნენ; სული გასწევდა და ბორბლებიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული ედგა ბორბლებს. 20 სადაცა იყვის ღრუბელი, მუნ მიიმართის სულმან სლვად; და ვიდოდეს ცხოველნი და ურმისთუალნიცა ამაღლდებოდეს მათ თანა მით, რამეთუ სული ცხოველობისა იყო ურმისთუალთა შორის.
21

მათი მოძრაობისას ესენიც მოძრაობდნენ, მათი გაჩერებისას ესენიც ჩერდებოდნენ; მათი მიწიდან აწევისას ბორბლებიც იწეოდნენ მათ სისწორეზე, რადგან ცხოველი სული ედგა ბორბლებს.

21

და სლვასა მას ურმისთუალნიცა იგი ვლენან, და დადგომასა მას ცხოველთასა ურმისთუალნიცა დადგიან, და ქუეყანით ამაღლებასა მათსა მათ თანავე ამაღლდიან, რამეთუ სული ცხოველი იყო ურმისთუალთა თანა.

22 ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო, გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე. 22 მსგავსებაჲ ზეშთა თავისა მათ ცხოველთასა, ვითარცა სამყაროჲ, ვითარცა ხილვაჲ ბრძოლისა საშინელისა, განმარტებულისაჲ ზეშთა თავისა მათისა ზედა კერძო.
23 ცამყარს ქვემოთ მათი ფრთები უსწორდებოდნენ ერთმანეთს; თითოეულს ორ-ორი ფრთა ჰქონდა, რომელიც უფარავდა მათ სხეულს ერთ მხარეს და მეორე მხარეს. 23 და ქუეშე კერძო სამყაროსა ფრთენი მათნი განმარტებულებ, შეფრთეებულებ სხუაჲ სხჳსა; და თითოეული ორნი შეუღლვილებ, ზედდამბურველნი სხეულთა მათთა.
24 როცა მოძრაობდნენ, მესმოდა მათი ფრთების ხმა, როგორც დიდი ნიაღვრების ხმა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც. 24 და მესმოდა ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ სლვასა შინა მათსა, ვითარცა ჴმაჲ წყლისა მრავლისაჲ, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისაჲ, სლვასა შინა მათსა ჴმაჲ სიტყჳსა, ვითარცა ჴმაჲ ბანაკისაჲ, და დგომასა მათსა შინა დასცხრიან ფრთენი მათნი.
25 გამოდიოდა ხმა ცამყარიდან, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული; როცა დადგებოდნენ, ეშვებოდა მათი ფრთებიც. 25 და, აჰა, ჴმაჲ ზეშთა ზენაკერძო სამყაროჲსა, რომელი იყო ზეშთა თავისა მათისა; დგომასა შინა მათსა განიმარტებდეს ფრთენი მათნი;
26 ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა. 26 და ზეშთა ზენა სამყაროჲსა, ზეშთა თავისა მათისა, ვითარცა ხილვაჲ ქვისა საპფირისანი. მსგავსებაჲ საყდრისა მის ზედა; და მსგავსებასა ზედა საყდრისასა მსგავსებაჲ, ვითარცა სახესა კაცისასა მის ზედა ზენა.
27 ვიხილე რაღაც გაკაშკაშებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე, რაღაც ცეცხლი და ნათება იყო მის ირგვლივ. 27 და ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ შინაგან მისსა, მრგულივ, ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ზემდე და ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ქუემდე; ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ, და ნათელი მრგულივ მისსა,
28 როგორც ცისარტყელა ჩანს ღრუბლებში წვიმიან დღეს, ასე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ; უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. ვიხილე და პირქვე დავემხე, და მომესმა ხმა მეტყველისა. 28 ვითარცა ხილვა მშჳლდისაჲ, ოდეს იყოს ღრუბელსა შორის დღესა შინა წჳმისასა, ეგრეთ ხილვაჲ ნათლისაჲ მრგულივ;

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე