ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2 ადამის ძევ! გააგებინე იერუსალიმს მისი სისაძაგლეები 2 ძეო კაცისაო, უწამენ იერუსალჱმსა უსჯულოებანი მისნი.
3 და უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: შენი დასაბამი და შენი სამშობლო ქანაანის ქვეყანაშია, მამაშენი ამორეველია, დედაშენი - ხეთელი. 3 და სთქუა: ამათ ეტყჳს ადონაი უფალი იერუსალჱმსა: ძირი შენი და შობა შენი ქვეყანისაგან ქანაანისსა, მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა.
4 შენი დაბადებისას, იმ დღეს, როცა დაიბადე, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის და წყალში არ განბანილხარ, რომ განწმედილიყავი, მარილით არ გახეხილხართ და ჩვრებში არ გახვეულხარ. 4 და შობა შენი, რომელსა დღესა იშევ, არა შეიკრნეს ძუძუნი შენნი, უპე შენი არა მეტკუეთილ-ყვეს. და წყლითა არა განიბანე საცხოვნებელად, არცა მარილითა შეიმარილე და სახუევლებითა არ შეიხჳე.
5 არავინ მოგხედა რომ ამ საქმეთაგან ერთი მაინც გაეკეთებინოს შენთვის სამადლოდ; ტრამალზე ეგდე შენი დაბადების დღეს, რადგან საძულველი იყავი. 5 არცა ჰრიდა შენ ზედა თუალმან ჩემმან ყოფად შენდა ერთიცა ამათ ყოველთაგანი, ვნებად რაჲმე შენ ზედა; და განიგდე პირსა ზედა ველისასა გულარძნილებითა სულისა შენისაჲთა, რომელსა დღესა იშევ.
6 ჩაგიარე და დაგინახე შენსავე სისხლში ამოთხვრილი, გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! 6 და განვვლე შენ ზედა და გიხილე შენ შებღალული სისხლისა მიერ შენისა და გარქუ შენ: სისხლისაგან შენისა ცხორებაჲ; და გარქუ შენ: სისხლისა თანა შენისა სცხონდე. განმრავლდი უბრალოდ,
7 მინდვრის მცენარესავით მოგამრავლე; გაიზარდე და გამაღლდი, მშვენებათა მშვენებაში შეხვედი, მკერდი დაგაჩნდა და თმა მოგეზარდა, მაგრამ შიშველ-ტიტველი იყავი. 7 ვითარცა აღმოსავალი აგარაკისაჲ, მიგეც შენ და განჰმრავლდი და განსდიდენ და შეხუედ ქალაქებთა ქალაქთასა; ძუძუნი შენნი აღემართნეს და თმაჲ შენი აღმოჰჴდა, ხოლო შენ იყავ შიშუელ და უშუერქმნილ.
8 ჩაგიარე და დაგინახე, აჰა, სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა და სიშიშვლე დაგიფარე; შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი. 8 და განვლე შენ მიერ და გიხილე შენ; და, აჰა, ჟამი შენი და ჟამი დამარღუეველთაჲ; და განვიფრთენ ფრთენი ჩემნი შენ ზედა და დავბურე უშუერებაჲ შენი, და გეფუცე შენ და შემოვედ აღთქმისა მიერ შენ თანა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და იქმენ ჩემდად.
9 წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგწმინდე და ზეთი გცხე. 9 და განგბანე შენ წყლითა და წარგრეცხე სისხლი შენი შენგან და გცხე შენ ზეთითა.
10 მოქარგულით შეგმოსე და თახაშის ტყავის ხამლები ჩაგაცვი, ზეზის სარტყელი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახურე. 10 და შეგმოსე შენ ჭრელებნი და შეგასხ შენ ჳაკინთი და მოგარტყ შენ ბისონი და გარემოგასხ შენ ტრიხაპტონი.
11

სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი.

11

და შეგამკვე შენ სამკაულითა და შეგასხენ სავლტენი გარე ჴელთა შენთა და მანიაკი გარემოჲს ქედისა შენისა.

12 ცხვირზე ბეჭედი და ყურებზე საყურეები გაგიკეთე, მშვენების გვირგვინი დაგადგი თავზე. 12 და მივეც საყური გარემოჲს სასმენელ ყურისა შენისა და გრკალნი ყურთა ზედა შენთა და გჳრგჳნი სიქადულისა თავსა ზედა შენსა.
13 ოქროთი და ვერცხლით იყავი მორთული; ზეზი, აბრეშუმი და ნაქარგი სამოსელი გეცვა; გამტკიცული ფქვილი, თაფლი და ზეთი გქონდა საზრდოდ; გამშვენდი, დიდად გამშვენდი და სადედოფლო შეიქენი. 13 და შეიმკვე ოქროჲთა და ვერცხლითა, და იქმნეს გარემოსასხმელნი შენნი ბისონისანი და ტრიხაპტანი და ჭრელნი ჭიჭნაუხტითა შეგასხენ; და მიგეც საჭმლად შენდა სემიდალი და თაფლი და ზეთი, შეჭამე და იქმენ შუენიერ ფრიად ფრიად და წარემართე მეფობად.
14 გავარდა შენი სილამაზის სახელი ხალხებში, რადგან სრულქმნილი ჩანდი ჩემი დიდების გამო, რომლითაც შეგმოსე, ამბობს უფალი ღმერთი. 14 და განჴდა სახელი შენი წარმართთა შორის სიკეთისათჳს შენისა მით, რამეთუ განსრულებულ იყავ შუენიერებასა შინა, ქმნულკეთილობასა შინა, რომელი დავაწესე შენ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი.
15 დაენდე შენს სილამაზეს და გაგაბოზა შენმა სახელმა, გაუფინე შენი ბოზობა ყოველ გამვლელს, ყველასი გახდი. 15 და მოსავ იქმენ სიკეთესა ზედა შენსა და ისიძვე სახელითა შენითა და განჰფინე სიძვაჲ შენი ყოველსა ზედა თანწარმავალსა; მისსა იქმნა, რომლისა არა იყო.
16 აიღე შენს სამოსელთაგან და შეამკე საკერპო, და მათზე დაიწყე ბოზობა, როგორც არ მომხდარა და არც მოხდება. 16 და მოიღე სამოსელთაგან შენთა და უქმენ იგი კერპთა კერულებად და განჰმეძვენ მათ ზედა და არა შეხჳდე, რომელნი არა იყვნენ, არცა არა იქმნეს.
17 აიღე შენი სამკაულები ჩემი ოქრო-ვერცხლისგან, რომლებიც მე მოგეცი, გაიკეთე მამაკაცის გამოსახულება და ბოზობდი მასთან. 17 და მოიხუენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი ოქროჲსაგან ჩემისა და ვერცხლისაგან ჩემისა, რომელნი მიგცენ შენ, და უქმნენ თავსა შენსა ხატნი წულებრნი და განჰმეძვენ მათდამი.
18 აიღე შენი მოქარგული სამოსელი და მათ გადააფარე, და ჩემი ზეთი და საკმეველი წინ დაუწყვე. 18 და მოიღე შესამოსელი შენი ჭრელი და გარეშეჰმოსე მათ და ზეთი ჩემი და საკმეველი ჩემი დასდევ წინაშე პირსა მათსა;
19 ჩემი პური, მე რომ მოგეცი, წმიდა ფქვილი, ზეთი და თაფლი, რომლითაც გამოგზარდე, მათ მიართვი ამოსაყნოსელად, ამბობს უფალი ღმერთი. 19 და პურნი ჩემნი, რომელნი მიგცენ შენ, სემიდალი და ზეთი და თაფლი გასაზრდელე შენ, და დასხენ იგინი წინაშე პირსა მათსა საყნოსად სულნელებისად.
20 წაიყვანე შენი ვაჟები და ასულები, რომლებიც შეგძინე მე, და მათ დაუკალი შესაჭმელად. ვითომ შენი ბოზობა არ კმაროდა! 20 და იქმნა შემდგომად ამათსა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მიიყვანენ ძენი შენნი და ასულნი შენნი, რომელნი მიშვენ მე, და უზორენ მათ განსალევნელად, ვითარცა მცირედ განჰმეძვენ.
21

შენ დახოცე ჩემი ვაჟები და მათ მიეცი ცეცხლში გასატარებლად.

21

და დასწყჳდენ შვილნი შენნი და მისცენ მათ გარეშესაჴდელად იგინი მათდად.

22 ამ შენს გარყვნილებაში და ბოზობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი იყავი და საკუთარ სისხლში ითხვრებოდი. 22 ესე უფროს ყოვლისა სიძვისა შენისა და საძაგელებათა შენთა; და არ მოიჴსენე დღისა სიჩჩოებისა შენისაჲ, ოდეს იყავ შიშუელ და უშუერ და შებბღალულ სისხლითა შენითა და სცხოვნდი.
23 ყველა ამ ბოროტების შემდეგ იყო - ვაი, ვაი შენდა! ამბობს უფალი, ღმერთი, 23 და იყოს შემდგომად ყოველთა უკეთურებათა შენთა, ვაჲ ვაჲ შენდა, - იტყჳს ადონაი უფალი,
24 რომ აიშენე სამეძავო და მოიწყვე სათაყვანო გორაკი ყოველ მოედანზე. 24 და უშენე თავსა შენსა საყუდელი სამეძვოჲ. და უქმენ თავსა შენსა გამონადები ყოველსა ზედა უბანსა.
25 ყოველ გზაჯვარედინზე გამართე გორაკი და შელახე შენი მშვენება, ფეხებს უწევდი ყოველ გამვლელს და გაახშირე შენი ბოზობა. 25 და დასაბამსა ზედა ყოვლისა ბზისასა აღაშენენ სიძვანი შენნი, და განჰრყუენ სიკეთე შენი და განუმარტენ წჳვნი შენნი ყოველსა წარმვლელსა გზისასა და განამრავლენ სიძვანი შენნი.
26 შენ ბოზობდი ეგვიპტელებთან, შენს დიდხორციან მეზობლებთან, და უზომო ბოზობით მაჯავრებდი. 26 და ისიძვე ძეთა მიმართ ეგჳპტისათა, მოზღვრეთა შენთა, ჴორცდიდთა, და მრავალგზის ისიძვე განსარისხებელად ჩემდა.
27 აჰა, ხელს მოგიღერებ და არჩივს შეგიმცირებ; მიგცემ შენი მოძულეების - ფილისტიმელთა დიაცების ნებაზე, რომელთაც ერცხვინებათ შენი უზნეო საქციელი. 27 და უკუეთუ განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა და აღვიხუნე უსჯულოებანი შენნი და განგცნე შენ ჴელებსა მოძულეთა შენთასა, ასულთა უცხოთესლთასა, განმდრეკელთა შენთასა გზისაგან შენისა,
28 აშურელებთანაც ბოზობდი შენი გაუმაძღრობის გამო, ბოზობდი მათთანაც და ვერ ძღებოდი. 28 უთნო იქმენ და განჰმეძვენ ძეთა მიმართ ასსურისათა და არცა ეგრეთ განსძეღ, და განჰმეძვენ და არა აღივსე.
29 ამრავლე შენი ბოზობა ქანაანის ქვეყნიდან ქალდეამდე და ამითაც კი ვერ გაძეხი. 29 და განამრავლენ სიძვანი შენნი ქუეყანისა მიმართ ქანანისსა და ქალდეველთა მიმართ და არცა ამათგან აღივსე.
30 როგორ შეგიღონდებოდა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივე ამას სჩადიოდი, თავგასული მეძავი ქალის საქმეს! 30 რაჲთა განვწმიდო გული შენი, - იტყჳს ღმერთი უფალი, - ქმნასა შინა შენგან ამათ ყოველთა საქმეთა დედაკაცისა მეძვისა განკადნიერებულისათა, და განჰმეძვენ სამ წილ ასულთა შორის შენთა?
31

როცა სამეძაოებს აშენებდი ყოველ გზაჯვარედინზე და სათაყვანო გორაკებს აგებდი ყოველ მოედანზე, არ ჰგავდი საჩუქრებზე დახარბებულ მეძავს,

31

აღაშენე რაჲ სასიძველი შენი დასაბამსა ყოვლისა გზისასა და განმონადები შენი ჰყავ ყოველსა ზედა უბანსა, და არა იქმენ, ვითარცა მეძავი შემკრებელი სასყიდელთა,

32 არამედ გარყვნილ დიაცს, ქმრის ნაცვლად უცხოებს რომ ეძლევა. 32 ანუ დედაკაცი მემრუშე ქმარსა ქუეშე თჳსსა უცხოთა მიმართ, მსგავსი შენი, ქმრისაგან თჳსისა მიმღებელი სასყიდელთაჲ,
33 ყველა ბოზ ქალს საჩუქრებს აძლევენ, შენ კი თავად ასაჩუქრებ შენს საყვარლებს და იქრთამავ მათ შენთან-მოსასვლელად ყოველი მხრიდან საბოზაოდ. 33 და ყოველთა მეძავქმნილთაჲ მის თანა მიმცემელი სასყიდელთაჲ: ხოლო შენ მისცენ სასყიდელნი ყოველთა ტრფიალთა შენთა და აღსტჳრთევდ მათ მოსლვად შენდამი გარემოჲს სიძვითა შენითა.
34 შენ გამოირჩეოდი სხვა ქალებში შენი ბოზობით: შენ კი არ გდევდნენ საბოზაოდ, თავად შენ აძლევდი საჩუქრებს, შენ კი არ გაძლევდნენ. ასეთი გამორჩეული იყავი. 34 და იქმნა შენ შორის განდრეკილება უფროს დედათასა სიძვასა ზედა შენსა და შენ თანა არა ისიძვეს, მი-რაჲ-სცემდ შენ სასყიდელთა, და შენ სასყიდელნი არა მოგეცნეს და იქმნა შენ შორის განდრეკაჲ.
35 ამიტომ ისმინე, ბოზო დიაცო, უფლის სიტყვა, 35 ამისთჳს, მეძავო, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ!
36 ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ გადმოღვრილია შენი ქვაბი და გამოჩნდა შენი სიშიშვლე შენს საყვარლებთან და ყველა შენს საძაგელ კერპთან ბოზობაში, და შენი შვილების სისხლის გამო, რომელთაც მათ აძლევდი, 36 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ მიჰფენ რვალსა შენსა და გამოცხადნეს სირცხჳლი შენი ტრფიალთა მიმართ შენთა და ყოველთა მიმართ გულისზრახვათა უსჯულოებათა შენთასა და შორის სისხლებისა შვილთა შენთაჲსა, რომელნი მისცენ მათ,
37 აჰა, შევკრებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც ტკბებოდი, და ყველას, ვინც გიყვარდა და ყველას, ვინც გძულდა; შემოგიკრებ მათ ყოველი მხრიდან - ვუჩვენებ მათ შენს სიშიშვლეს და დაინახავენ ისინი მთელს შენს სიშიშვლეს. 37 ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა შევკრიბნე ყოველნი ტრფიალნი შენნი, რომელთა შორის აღერიე მათ შორის, და ყოველნი, რომელნი შეიყუარენ, ყოველთა თანა, რომელთა სძულობდ; და შევკრიბნე იგინი შენ ზედა გარემოჲს, და გამოვაცხადნე სიბოროტენი შენნი მათდამი, და იხილონ ყოველი სირცხჳლი შენი.
38 დაგსჯი გარყვნილი და სისხლისმღვრელი დიაცების სასჯელით და მიგცემ სისხლს, რისხვასა და შურისგებას. 38 და შურ-ვიგო შენგან შურის-გებაჲ მემრუშისაჲ და გარდაცემულისაჲ სისხლითა და დაგდვა შენ სისხლითა გულისწყრომისა ჩემისა და შურისაჲთა.
39 მიგცემ მათ ხელს და დაანგრევენ შენს სამეძაოებს და დააქცევენ შენს სათაყვანო გორაკებს, შემოგძარცვავენ შესამოსელს, აგართმევენ სამკაულებს და შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ. 39 და მიგცე შენ ჴელთა მათთა და დაარღჳონ სიძვაჲ შენი და დაამჴუან ხარისხი შენი; და განგძარცუნენ შენ სამოსელნი შენნი და დაუტევნენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი და დაგიტეონ შენ შიშუელი და უშუერი.
40 მოგისევენ ბრბოს, რომ ქვებით ჩაგქოლონ და თავიანთი მახვილებით აგკუწონ. 40 და მოიყვანნენ შენ ზედა ერნი და დაგაქვაონ შენ ქვებითა და მოგასრულონ შენ მახჳლებითა მათითა.
41

ცეცხლში დაგიწვავენ სახლებს და გაგასამართლებენ ბევრი დიაცის თვალწინ; შეგაწყვეტინებ ბოზობას და აღარ მოჰყვები საჩუქრების დარიგებას.

41

და დაწუნენ სახლნი შენნი ცეცხლითა და ყონ შენ შორის შურისძიებაჲ წინაშე დედათა მრავალთასა; და მოგაქციო შენ სიძვისაგან და სასყიდელნი არ მისცნე არღა მერმე.

42 როგორ დავიცხრო შენზე რისხვა და როგორ ჩამიქრეს შური შენდამი? როგორ დავმშვიდდე, რომ აღარაფერი მაწუხებდეს? 42 და მოვავლინო გულისწყრომაჲ ჩემი შენ ზედა და აღებულ იქმნეს შური ჩემი შენგან, და განვისუენო და არღა ვზრუნვიდე მერმე.
43 რაკი აღარ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და განმარისხე ყველა ამეებით, ძეც, აჰა, შენს თავზე მოვაქცევ შენს საქმეებს, ამბობს უფალი ღმერთი, და აღარ ჩაიდენ ამ გარყვნილებას ყველა შენს სისაძაგლესთან ერთად. 43 მათ წილ, რომელ არ მოიჴსენე დღე სიჩჩოჲსა შენისაჲ და მაწუხებდ მე ამათ ყოველთა მიერ. და, აჰა, მე გზანი შენნი თავსა ზედა შენსა მივსცენ, - იტყჳს ადონაი უფალი, - და ეგრეთცა არა ვიყავ ყოვლისაებრ უთნოობისა შენისა ყოველთა ზედა უსჯულოებათა შენთა.
44 აჰა, ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: რაც დედაა, ასულიც ის არისო. 44 ესე ყოველნი იყვნენ, რაოდენნი თქუნეს ძჳნად შენდა იგავისა მიერ მეტყუელთა, ვითარცა დედა მისი, ეგრეთცა ასული მისი.
45 დედაშენის შვილი ხარ შენ, ქმარ-შვილის მოძულე დიაცის; და ხარ შენი დებისა, რომელთაც მოიძულეს თავიანთი ქმრები და შვილები; დედათქვენი - ხეთელია, მამათქვენი - ამორეველი. 45 ასული დედისა შენისაჲ შენ ხარ, განმშორებელი ქმრისა თჳსისაჲ და შვილთა თჳსთაჲ, და დაჲ დათა შენთაჲ, რომელთა განიშორნეს ქმარნი მათნი და შვილნი მათნი, დედაჲ თქუენი ქეტტელა და მამა თქვენი - ამორეველი.
46 შენი უფროსი და სამარიელია და თავის ასულებთან ერთად შენს მარცხნივ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად. 46 დაჲ თქვენი უხუცესი - სამარიაჲ, იგი, ასულნი მისნი, დამკჳდრებულნი მარცხენით შენსა; და დაჲ შენი უმრწემესი შენი, დამკჳდრებული მარჯუენით შენსა - სოდომაჲ, და ასულნი მისნი.
47 მათი გზით არ გივლია და მათი სისაძაგლეები არ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა, და მათზე უარესად გაირყვენი ყველა შენს საქმეში. 47 და არცა ვითარ გზათა მათთა ზედა ხჳდოდე, არცა უსჯულოებათა მათთაებრ ჰყავ მცირედ, აღემატე მათ ყოველთა შინა გზათა შენთა.
48 ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ! 48 ცხოველ ვარ მე, - ადონაი იტყჳს უფალი, - უკუეთუ ყო სოდომამან, დამან შენმან მან, და ასულთა მისთა, ვითარსახედ ჰყავ შენ და ასულთა შენთა.
49 აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ. 49 გარნა ესე უსჯულოებაჲ სოდომისა, დისა შენისა, ამპარტავანებაჲ და სისავსითა პურისაჲთა და იეფობითა ნუკვეულობდა იგი და ასულნი მისნი. ესე იყო მის შორის და ასულთა მისთა და ჴელსა გლახაკისა და დავრდომილისასა არა უპყრობდეს,
50 გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე. 50 და დიდმოქადულობდეს და ყვნეს უსჯულოებანი წინაშე ჩემსა და აღვიხუენ იგინი, ვითარცა იხილე.
51

სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ ჩაუდენია: გადააჭარბე მათ შენი სისაძაგლეებით და მართლებად გამოაჩინა შენი დები შენმა სისაძაგლეებმა, რომლებიც შენ ჩაიდინე.

51

და სამარიამან ნახევართაებრ ცოდვათა შენთასა არ ცოდა; და განამრავლენ უსჯულოებანი შენნი უფროს მათსა და განამრავლენ დანი შენნი ყოველთა მიერ ცოდვათა შენთა და ყოველთა მიერ უსჯულოებათა შენთა, რომელნი ჰქმნენ. 

52 შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების მკიცხველო, შენი ცოდვების გამო, რამაც მათზე უფრო საძაგელი გაგხადა; შენზე უფრო მართლები არიან ისინი, შენ კი გრცხვენოდეს და იტვირთე შენი სირცხვილი, რომ გაამართლო შენი დები. 52 და შენ მოიღე ტანჯვაჲ შენი გარდარეული, რომლითა განხრწნენ დანი შენნი ცოდვათა შინა შენთა, რომელნი იუსჯულოენ უფროს მათსა და განამართლენ იგინი უფროჲს თავისა შენისა, შენ შეირცხჳნე და მიიღე უპატიოება შენი განმართლებითა შენგან დათა შენთაჲთა.
53 მე დავაბრუნებ მათ ტყვეებს, სოდომისა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიისა და მისი ასულების ტყვეებს და შენს ტყვეებსაც მათ შორის, 53 და გარემივაქცინე გარემიქცევანი მათნი, გარემიქცევაჲ სოდომისაჲ და ასულთა მისთაჲ, და გარემივაქციო გარემიქცევაჲ სამარიისაჲ და ასულთა მისთაჲ და გარემივაქციო გარემიქცევაჲ შენი შორის მათსა,
54 რათა იტვირთო შენი სირცხვილი ყველაფრის გამო, რაც ჩაგიდენია, როცა მათი ნუგეში იყავი. 54 რათა მიიღო ტანჯვაჲ შენი და უპატიო იქმნე ყოველთაგან, რომელნი ჰყვენ შენ მიერ განრისხებითა ჩემითა.
55 შენი დები - სოდომი და მისი ასულები წინანდელს დაუბრუნდებიან; სამარია და მისი ასულები წინანდელს დაუბრუნდებიან; შენც და შენი ასულებიც წინანდელს დაუბრუნდებით. 55 და დაჲ შენი სოდომაჲ და ასულნი მისნი კუალადეგნენ, ვითარცა იყვნეს დასაბამითგან. და სამარიაჲ და ასულნი მისნი კუალად მოეგნენ, ვითარცა იყვნეს დასაბამითგან; და შენ და ასულნი შენნი კუალად ეგნეთ, ვითარცა იყვენით დასაბამითგან.
56 განა შენს ყბაში არ იყო ჩავარდნილი შენი და - სოდომი შენი ამპარტავნობის დროს, 56 და არა თუმცა იყო სოდომაჲ, დაჲ შენი, სასმენელად პირსა შინა შენსა დღეთა შინა ამპარტავანებისა შენისათა.
57 ვიდრე არ გამოაშკარავდა შენი სიავე და ახლა შეიქენი საკიცხველად არამის ასულთა და მის გარშემოთა, შენს მოძულე ფილისტიმელთა ასულთა, გარს რომ გახვევიან. 57 პირველ გამოჩინებისა უკეთურებისა შენისა, ვითარსახედ საყუედრელ ხარ აწ ასულთა ასურეთისათა და ყოველთა გარემოსთა მისთა და ასულებისა უცხოთა მათთაჲსა, რომელ არიან გარემოს შენსა?
58 შენვე იტვირთე შენი სიგლახე და შენი სისაძაგლეები, ამბობს უფალი. 58 და უთნოობანი შენნი და უსჯულოებანი შენნი, შენ მოიხუენ ესენი, - იტყჳს უფალი.
59 რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა შეიძულე ფიცი და გატეხე აღთქმა. 59 ამათ იტყჳს ადნაი უფალი: და ვყო შენ შორის, ვითარცა ჰყავ, ვითარცა უპატივო-ჰყავ წყევაჲ ესე გარდასლვად მცნებისა ჩემისა.
60 მაინც გავიხსენებ ჩემს აღთქმას, შენი სიყმაწვილის დღეებში რომ დაგიდევი, აღგიდგენ საუკუნო აღთქმას. 60 და მოვიჴსენო მე აღთქმისა ჩემისა შენდა მიმართისაჲ დღესა შინა სიჩჩოჲსა შენისასა და აღგიდგინო შენ აღთქმა ჩემი აღთქმად საუკუნოდ.
61 გავიხსენებ შენს საქციელს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს და უმცროს დებს მიიღებ; ასულებად მოგცემ მათ, მაგრამ არა შენი აღთქმის საზღაურად. 61

და მოიჴსენნე გზანი შენნი და უპატივო იქმნე მოხუმასა შენგან დათა შენთა, უხუცესთა შენთასა, უმრწემესთა თანა შენთა, და მიგცნე იგინი შენ გამოსაცდელად და არა აღთქმად შენდა.

62 აღგიდგენ ჩემს აღთქმას და მიხვდები, რომ უფალი ვარ. 62 და აღვადგინო მე აღთქმაჲ ჩემი შენ თანა და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი,
63 რათა გახსოვდეს და გრცხვენოდეს, ვეღარ გააღო პირი სირცხვილისგან, როცა ყველაფერს გაპატიებ, რაც ჩაიდინე, ამბობს უფალი. 63 რაჲთა მოიჴსენო და გრცხუენოდის, და არა იყოს შენდა მერმე აღებად პირისა პირისაგან უპატიოვებისა შენისა ლხინებასა შენსა ჩემგან ყოველთაგან, რომელნი ჰყვენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე