ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მითხრა: ადამის ძევ! შეჭამე, რასაც ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს.

1

და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, შეჭამე მატიანი ესე. და წარვედ და არქუ ძეთა ისრაჱლისათა.

2 გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი. 2 და განმიღო პირი ჩემი და შემაჭამა მე მატიანი იგი;
3 მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში. 3 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, პირმან შენმან ჭამოს და მუცელი შენი აღივსოს მატიანითა ამით, მიცემულითა შენდა და შევჭამე იგი: და იქმნა პირსა შინა ჩემსა, ვითარცა თაფლი დამატკბობელი.
4 მითხრა: ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები; 4 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ვიდოდე, შევედ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, და თქუენ სიტყუანი ჩემნი მათდა მიმართ
5 რადგან ბნელმეტყველ და გაუგებარი ენის ხალხთან როდი იგზავნები, არამედ ისრაელის სახლთან; 5 მით, რამეთუ არა ერისა მიმართ ღრმაბაგისა და ენამძიმისა, მიგავლენ შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა;
6 არა ჭრელ ხალხთან, ბაგემძიმესთან და ენაბრგვილთან, რომელთა სიტყვებს შენ ვერ გაიგებდი: მათთან რომ მიმევლინებინე, ისინიც კი მოგისმენდნენ. 6 არცა ერთა მიმართ მრავალთა სხუაჴმათა ანუ სხუაენათა, არცა ენაძლიერად მყოფელთა, რომელთანი არა გესმოდიან სიტყუანი მათნი; და თქუა: ეგევითართა მიმართ ღათუმცა მიგავლინე შენ, მათცამცა ისმინნეს სიტყუანი შენნი.
7 ისრაელის სახლი კი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ მათ, რადგან შუბლმაგარი და ჯიუტი ხალხია ისრაელის მთელი სახლი. 7 ხოლო სახლმან ისრაჱლისამან არა ინებონ სმენად შენდა მით, რამეთუ არა ჰნებავსყე დამორჩილება ჩემი, რამეთუ ყოველი სახლი ისრაჱლისა მაცილობელ არიან და გულფიცხელ.
8 აჰა, გავასასტიკე შენი სახე მათ სახესავით და გავამაგრე შენი შუბლი მათი შუბლივით: 8 და, აჰა, მივეც პირი შენი ძლიერად წინაშე პირებისა მათისა, და ძლევაჲ შენი განვაძლიერო წინაშე ძლევასა მათსა,
9 კაჟზე მაგარი ალმასივით გავხადე შენი შუბლი; ნე გეშინია მათი და ნუ შეგაშინებს მათი სახე, რადგან მოჯანყე სახლია ისინი. 9 და იყოს მარადის უმტკიცეს კლდისა; მიგეც ძლევაჲ შენი, ნუ შეშინდები მათგან, ნუცა იწიწვი პირისაგან მათისა, რამეთუ სახლი განმამწარებელისა არს.
10

მითხრა: ადამის ძევ! ყველა სიტყვა, რასაც გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურით მოისმინე.

10

და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ყოველნი სიტყუანი, რომელნი ვთქუენ შენ თანა, მიიხუენ გულსა შენსა და ყურებითა შენითა ისმინე.

11 წადი და მიდი ტყვეებთან, შენი ერის შვილებთან, და ელაპარაკე მათ; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ. 11 და ვიდოდე, შევედ ტყუეობისადმი, ძეთა მიმართ ერისა შენისათა, და იტყოდი მათდამი და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი! ისმინონ ღათუ სადამე და შეიკდიმონ ღათუ სამე.
12 ამიტაცა სულმა და მომესმა ჩემს უკან დიდი ზანზარის ხმა, - კურთხეულია უფლის დიდება თავისი ადგილიდან! 12 და აღმიღო მე სულმან და მესმა უკანაგან ჩემსა ჴმაჲ ძრვისა დიდისაჲ, რომელნი იტყოდეს: კურთხეულ არს დიდებაჲ უფლისაჲ ადგილისაგან მისისა.
13 ცხოველთა ფრთების ერთმანეთზე ცემის ხმა, ბორბლების ტრიალი მათ გვერდით და დიდი ზანზარის ხმა. 13 და ვიხილე ჴმაჲ ფრთეებისა ცხოველთაჲსა მფრთეებელთასა სხჳსაგან სხჳსა მიმართ, და ჴმაჲ ურმისთუალთაჲ, მახლობელი მათი, და ჴმაჲ ძრვისა დიდი.
14 სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე. 14 და სულმან უფლისამან აღმიღო მე და აღმამაღლა მე. და ვიდოდე, განმცხრომელი, მიმართებითა სულისა ჩემისაჲთა; და ჴელი უფლისაჲ იყო ჩემ ზედა ძლიერი.
15 მივედი თელ-აბიბში გადასახლებულებთან, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ცხოვრობენ, და დავდექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ; და ვიჯექი იქ მათ შორის შვიდ დღეს, გაოგნებული. 15 და შევედ ტყუეობისა მიმართ აღტაცებული და მიმოვვლენ დაშენებულნი მდინარესა ზედა ქობარსა, მყოფნი მუნ, და დავჯედ მუნ შჳდთა დღეთა და ვიქცეოდე მე შორის მათსა.
16 შვიდი დღის ბოლოს უფლის სიტყვა იყო ჩემს მომართ: 16 და იყო შემდგომად შჳდთა დღეთასა და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
17 ადამის ძევ! ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ. 17 ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა, და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუა, და უთქმიდე მათ ჩემ მიერ.
18 როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ. 18 ვრქუა რაჲ მე უშჯულოსა სიკუდილით მოკუდომაჲ, და არა თუ განამკაცრო იგი, არცა ჰრქუა განმკაცრება უსჯულოსა მოქცევად მისა გზათაგან მისთა, ცხოვნებად მისსა, უსჯულოჲ იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.
19

თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის უკეთურებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.

19

ხოლო უკუეთუ შენ განამკაცრო უსჯულოჲ და არა მოქცევით მოიქცეს უსჯულოებისაგან მისისა და გზისაგან მისისა, უსჯულოჲ იგი უსამართლოებასა შინა მისსა მოკუდეს, და შენ სული შენი განირინო.

20 როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და უკეთურებას ჩაიდენს, საბრხეს დავუდებ წინ და მოკვდება; თე შენ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება, არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს, და მის სისხლს შენ მოგკითხავ. 20 და მი-რაჲ-იქცეს მართალი სიმართლეთაგან თჳსთა და ქმნას შეცოდება, და მივსცე ტანჯვაჲ წინაშე პირსა მისსა, იგი მოკუდეს, რამეთუ არა განამკაცრე იგი, ცოდვათა შინა მისთა მოკუდეს მით, რამეთუ არმოჴსენებულ იქმნენ სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.
21 თუ შენ გააფრთხილებ მართალს, რომ არ სცოდოს მართალმა და ისიც არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი. 21 და უკუეთუ შენ განამკაცრო მართალი არაცოდვად და მან არა ცოდოს, მართალი ცხორებით ცხონდეს, რამეთუ განამკაცრე იგი, და შენ სული შენი განირინო.
22 იყო ჩემზე იქ უფლის ხელი და მითხრა: ადექი, გადი ველზე და იქ დაგელაპარაკები. 22 და იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ და თქუა ჩემდამო: აღდეგ და განვედ ველად, და მუნ ითქუას შენდამი.
23 ავდექი და გავედი ველზე, და, აჰა, დგას იქ უფლის დიდება იმ დიდების მსგავსი, რომელიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე. და პირქვე დავემხე. 23 და აღვდეგ და განვედ ველად და, აჰა, მუნ დიდებაჲ უფლისაჲ დგა, ვითარ-იგი ხილვაჲ და ვითარცა დიდებაჲ, რომელი ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისასა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.
24 შემოვიდა ჩემში სული და ფეხზე დამაყენა, მელაპარაკა და მითხრა: შედი, ჩაიკეტე შენს სახლში. 24 და მოვიდა ჩემ ზედა სული და აღმადგინა მე ფერჴთა ზედა ჩემთა და იტყოდა ჩემდამო და მრქუა მე: შევედ და შეეყენე სახლსა შინა შენსა.
25 ადამის ძევ, აჰა, დაგადებენ ბორკილებს და შეგკრავენ, რომ ვეღარ იარო მათ შორის. 25 და შენ, ძეო კაცისაო, აჰა, მიგეცემიან შენ ზედა საკრველნი და შეგკრან შენ მათ მიერ, და არ გამოხვიდე საშუალისაგან მათისა;
26 სასას მივაწებებ შენს ენას, რომ დამუნჯდე და ვეღარ ამხილებდე მათ, რადგან ურჩი მოდგმაა ისინი. 26 და ენაჲ შენი თანშევაკრა სასისა მიმართ შენისა და დაჰყდუნდე და არა იყო შენ მათდა კაცად მამხილებელად მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.
27 მაგრამ, როცა დაგელაპარაკები, გაგიხსნი ბაგეს და ეტყვი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი. გამგონემ გაიგოს, გაუგონარი ნუ გაიგებს; რადგან ურჩი მიდგმაა ისინი. 27 და თქუმასა შინა ჩემსა შენდამი აღვაღო პირი შენი და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მსმენელსა ესმოდენ და ურწმუნოჲ ურწმუნოებდინ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე