ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შენ, ადამის ძევ, აიღე ალიზი და წინ დაიდევი, დახაზე ზედ ქალაქი, იერუსალიმი.

1

და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა ალიზი, და დასდვა იგი წინაშე პირსა შენსა, და გამოსწერო მას ზედა ქალაქი იერუსალიმი.

2 გამოსახე მისი ალყა, მოაწყვე სანგრები, აღმართე მიწაყრილები, განაწყვე ბანაკები და ტარანები დააყენე ირგვლივ. 2 და მისცე მას ზედა გარემოცვაჲ და აღაშენნე მას ზედა წინასაბრძოლებნი, და გარემოადგა მას ზედა პატნეზი, და მისცე მის ზედა ბანაკები და განაწყო მის ზედა მოისრები გარემოჲს;
3 აიღე რკინის ტაფა და დადგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის, პირი მიაქციე მისკენ და ალყაში იქნება, და შემოარტყი ალყა. ეს არის ისრაელის სახლის ნიშანი. 3 და შენ მოიღე თავისა შენისა ტაფაკი რკინისაჲ, და დასდვა იგი, ვითარცა ზღუდე რკინისაჲ საშუალ შენსა და საშუალ ქალაქისა; და განჰმზადო პირი შენი მის ზედა და იყოს შეყენებულობასა შინა, და შეაყენო იგი, სასწაულ არს ესე ძეთა ისრაჱლისათა.
4 დაწექი მარცხენა გვერდზე და დაიდევი ისრაელის სახლის ცოდვა, რამდენ დღესაც იქნები წამოწოლილი, იმდენხანს ატარებ მათ ცოდვას. 4 და შენ დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარცხენესა და დაჰსხნე სიცრუენი სახლისა ისრაჱლისათანი მას ზედა რიცხჳსაებრ დღეთასა ასერგასისათა, რომელთა სწვე მას ზედა, და მოიხუნე სიცრუენი მათნი.
5 მე მიგითვალავ მათი უკეთურების წლებს დღეთა რიცხვის მიხედვით-  სამას ოთხმოცდაათ დღეს - და ატარებ ისრაელის სახლის უკეთურებას. 5 და მე მიგცენ შენ ორნი სიცრუენი მათნი რიცხუად ოცხმეოცდაათთა და სამასთა დღეთად და მოიხუნე სიცრუენი სახლისა ისრაჱლისანი.
6 ამას დაასრულებ და დაწვები მეორედ მარჯვენა გვერდზე, და ატარებ იუდას სახლის უკეთურებას ორმოც დღეს. თითო წელზე თითო დღეს მიგითვალავ. 6 და შეასრულნე იგინი ყოველნი და დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარჯუენესა მეორედ და მოიხუნე სიცრუენი სახლისა იუდაჲსნი ორმეოცთა დღეთა, დღე წელიწადად დაგისხენ შენ იგინი.
7 იერუსალიმის ალყისკენ მიაქციე პირი და შიშველი მკლავი და იწინასწარმეტყველე მის წინააღმდეგ. 7 და შეყენებად იერუსალჱმისა განჰმზადო პირი შენი და მკლავი შენი განიმტკიცო და წინაწარჰმეტყუელებდე მის ზედა.
8 აჰა, დაგადე ბორკილები და გვერდს ვერ შეიცვლი, ვიდრე არ შეასრულებ შენი ალყის დღეებს. 8 და მე, აჰა, მივსცენ შენ ზედა საკრველნი და ნუ გარდაიქცევი გუერდისაგან შენისა გუერდსა ზედა შენსა, ვიდრემდის აღესრულნენ დღენი შეყენებულებისა შენისანი.
9 აიღე ხორბალი, ქერი, ცერცვი, ოსპი, ფეტვი და ასლი, ჩაყარე ისინი ერთ ჭურჭელში და გქონდეს საჭმელად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვერდზე იქნები დაწოლილი: სამას ოთხმოცდაათ დღეს უნდა ჭამო ისინი. 9 და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა იფქლნი და ქრთილნი და ცერცჳ და ოსპნი და ფეტჳ და ასლი, და შთაასხნე იგინი ჭურჭელსა კეცისასა, და შეჰქმნნე იგინი თავისა შენისა პურად რიცხჳსაებრ დღეთასა, რომელთა შენ სწვე გუერდსა შენსა ზედა; ოთხმეოცდაათთა და სამასთა დღეთა შჭამდე შენ მათ.
10 შენი საჭმელი, რასაც შეჭამ, ოცი შეკელი უნდა იყოს დღეში. ჟამიდან ჟამზე უნდა ჭამდე. 10

და ჭამადსა შენსა, რომელსა შჭამდე სასწორით ოცთა სიკილათა დღივ, ჟამითგან ვიდრე ჟამამდე შჭამდე მათ.

11 წყალი ზომაზე უნდა სვა, ჰინის მეექვსედი უნდა სვა ჟამიდან ჟამზე. 11 და წყალსა წყვით სუმიდე, მეექუსედი დორაკისაჲ ჟამითგან ვიდრე ჟამამდე სუა.
12 ქერის ნამცხვრებად უნდა ჭამო ის და ადამიანის განავალზე უნდა იყოს გამომცხვარი მათ თვალწინ. 12 და ყუერბეულად ქრთილისად შჭამნე შენ იგინი და ფუნესა შინა სკორისა კაცობრივისასა დაჰფლნე იგინი წინაშე თუალთა მათთა.
13 თქვა უფალმა: ასე შეჭამენ ისრაელიანები თავიანთ უწმიდურ პურს იმ ხალხთა შორის, რომლებთანაც განვდევნი მათ. 13 და სთქუა: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: ესრეთ შჭამდენ ძენი ისრაჱლისანი პურსა მათსა არაწმიდასა წარმართთა შორის, სადა განვაბნინნე იგინი, მუნ.
14 ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! აი, არ არის ჩემი სული გაუწმიდურებული, მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია სიყმაწვილიდან დღემდე და უსურმაგის ხორცი არ ჩამსვლია პირში. 14 და ვთქუ: ნუსადა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, აჰა, სული ჩემი არშეგინებულ არს არაწმიდებისა მიერ, და მძორი და ნამჴეცავი არ მიჭამიეს შობით ჩემითგან ვიდრე აქამდე, არცა შესრულ არს პირსა ჩემსა ყოველი ჴორცი ბილწი და შეგინებული.
15 მითხრა: კარგი, ძროხის ნეხვს გაძლევ ადამიანის განავალის ნაცვლად, მოამზადე მასზე შენი პური. 15 და თქუა ჩემდამო: აჰა, მიგეც შენ ფუნე ზროხათაჲ ფუნისა წილ კაცობრივისა, და შეჰქმნნე პურნი შენნი მას ზედა.
16 მითხრა: ადამის ძევ! აჰა, გავტეხავ პურის კვერთხს იერუსალიმში, რომ წონით და სიმწრით ჭამდნენ პურს, და წყალს გამოზომით და შიშით სვამდნენ. 16 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, აჰა მე შევმუსრო ძალი პურისაჲ იერუსალჱმს შინა, და ჭამდენ პურსა სასწორით და ნაკლულევანებით და წყალსა წყვით და უჩინო-ქმნით სუმიდენ,
17 რადგან მოაკლდებათ პური და წყალი, შიშით დაუწყებენ ერთმანეთს ცქერას და დაილევიან თავიანთი უკეთურების გამო. 17 რაჲთა ნაკლულევან პურითა და წყლითა იქმნენ, და უჩინო იქმნას კაცი და ძმაჲ მისი, და დადნენ სიცრუეთა შინა მათთა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე