ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა წილისყრით დაანაწილებთ ქვეყანას სამკვიდროდ, გამოუყავით უფალს წმიდა ადგილი ქვეყანაში სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგანით ათასი წყრთა; ეს წმიდა უნდა იყოს მთილს მის საზღვარში, ირგვლივ.

1

და განზომასა თქუენგან ქუეყანისასა სამკჳდრებელად განუჩემოთ დადასაბამი უფლისა წმიდისაჲ ქუეყანისაგან ხუთ და ოც ათასეული სიგრძე, და სივრცე ათი ათასეული, წმიდა იყოს ყოველთა შორის საზღვართა მისთა გარემოჲს.

2 აქედან საწმიდარად იყოს ოთხკუთხი ნაკვეთი ხუთასი წყრთა ხუთასზე, ირგვლივ, და ორმოცდაათი წყრთა მის შემოგარედ, ირგვლივ. 2 და იყოს ამის განწმედისათჳს ხუთასნი ხუთასთა თანა მოთხვით მრგულივ და ერგასისთა წყრთათა ხანი მრგულივ მათსა.
3 ამ საზომით გადაზომავ სიგრძით ოცდახუთი ათას წყრთას და სიგანით ათი ათას წყრთას; აქ იქნება საწმიდარი, წმიდათა წმიდა. 3 და განზომისა ამისგან განზომო სიგრძე ხუთი და ოცი ათასეული სივრცე ათი ათასეული, და მას შინა იყოს სიწმიდე წმიდისა წმიდათაჲსა.
4 წმიდა უნდა იყოს ეს ქვეყანაში; მღვდლებს, საწმიდარის მსახურებს, უნდა ეკუთვნოდეთ, რომლებიც მიახლებულნი არიან უფლის სამსახურად; თავიანთი სახლების ადგილად და საწმიდარის ნაკვეთად უნდა ჰქონდეთ. 4 წმიდაჲ ქუეყანისაგან ესე მღდელთათჳს იყოს, რომელნი ჰმსახურებენ წმიდასა შინა, და იყოს მიახლებულთად მსახურებად უფლისა. და იყოს მათდა ადგილი სახლთათჳს განჩემებული სიწმიდედ მათდა.
5 ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძით და ათი ათასი წყრთა სიგანით უნდა ჰქონდეთ ლევიანებს, ტაძრის მსახურებს, საკუთრებად ოც ოთახთან ერთად. 5 ხუთ და ოც ათასად სიგრძით და სივრცით ათ ათასად იყვნენ ლევიტელთათჳს, რომელნი ჰმსახურებენ სახლსა დაპყრობად ქალაქი სამკჳდრებელად.
6 ქალაქის საკუთრებად მიეცით სიგანით ხუთი ათასი წყრთა და სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა შეწირული ნაკვეთის გასწვრივ; მთელი ისრაელის სახლს უნდა ეკუთვნოდეს. 6 და დასაპყრობელი ქალაქისაჲ მისცე ხუთ ათასეული სივრცე, და სიგრძე ხუთი და ოცი ათასეული, ვითარსახედ დასაბამი წმიდათაჲ ყოვლისა სახლისა ისრაელისა იყოს.
7 მთავარს კი ეკუთვნის შეწირული ნაკვეთის და ქალაქის საკუთრების ორივე მხარე, შეწირული ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების გვერდით დასავლეთის მხარეს, დასავლეთის მიმართულებით და აღმოსავლეთის მხარე, აღმოსავლეთის მიმართულებით, სიგრძით ერთ-ერთი წილის კვალობაზე დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე. 7 და წინამძღუარსა მას ამისგან და მისგან და ამისგან დასაბამად წმიდათა და დასაპყრობელად ქალაქისა პირისპირ დასაბამებისა წმიდათაჲსა და პირისპირ დასაპყრობელსა ქალაქისასა ზღუადმიმართთა, ზღჳთ კერძო და ზღჳსა მიმართთაგან აღმოსავალთადმი, და სიგრძე ვითარცა ერთი ნაწილითაგანი საზღვართაგან ზღუადმიმართთა, სიგრძე საზღვართა კერძო აღმოსავალთაჲთმიმართთა ქუეყანისათა.
8 ეს იქნება მისი მიწა, მისი საკუთრება ისრაელში, რომ აღარ შეავიწროონ მთავრებმა ჩემი ერი და მისცენ დანარჩენი მიწა ისრაელის სახლს შტოებისდა მიხედვით. 8 და იყოს მისსა დასაპყრობელ ისრაჱლსა შორის, და არა ჰმძლავრობდენ არღა მერმე წინამძღუარნი ისრაჱლისანი ერსა ჩემსა, და ქუეყანაჲ დაიმკჳდრონ სახლმან ისრაჱლისამან ტომთაებრ მათთა.
9 ასე ამბობს უფალი ღმერთი: კმარა, ისრაელის მთავრებო! მოეშვით მძლავრობას და ძარცვას; ქმენით მართალი სამართალი და შეწყვიტეთ ჩემი ერის დევნა, ამბობს უფალი ღმერთი. 9 ამას იტყჳს ადონაი უფალი: კმა იყავნ თქუენდა, წინამძღუარნო ისრაელისანო, უსამართლობაჲ და საარებაჲ მოისპეთ, და მსჯავრი და სიმართლე ყავთ და აღიღეთ მძლავრებაჲ ერისაგან ჩემისა, - იტყჳს ადონაჲ უფალი.
10 მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი უნდა გქონდეთ. 10 სასწორი მართალი და საწყეო მართალი და კაბიწი მართალი იყავნ თქუენდა. საწყეოჲსაჲ
11 ეფა და ბათი ერთი საწყაო უნდა იყოს: ბათი ხომერის მეათედს უნდა შეიცავდეს და ეფაც ხომერის მეათედს. ხომერი უნდა იყოს წყვე. 11

და კაბიწი ეგრეთვე ერთი იყოს მიღებად და მოღებად; მეათედი ღომორისაჲ - კაბიწი, და მეათედი ღომორისაჲ - ჳფი, ღომორისა მიმართ იყოს სწორი სატჳრთედ.

12 შეკელი ოცი გერაა, ოცი შეკელი ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის. 12 და საწონნი - ოცნი ოვოლნი, სიკლა, ათხუთმეტნი სიკლანი, მნა იყვნენ თქუენდა.
13 აი, შესაწირავი, რომელსაც უნდა სწირავდეთ: ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ხორბლიდან და ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ქერიდან. 13 და ესე დასაბამი, რომელი განაჩინოთ: მეექუსედი საწყეოჲსაჲ ღომორისაგან იფქლისა, და მეექუსედი ჳფისაჲ - ოცდაათისა გრივისაგან ქრთილისა.
14

ზეთზე დადგენილია: ერთ ბათ ზეთში მეათედი ბათი ქორიდან; ათი ბათი ერთი ხომერია, რადგან ხომერში ათი ბათია.

14 და ბრძანებაჲ ზეთისაჲ: კოტჳლი ზეთისა მეათე ათთა კოტჳლთაგან, რამეთუ ათნი კოტკჳლნი არიან ღომორ, ხოლო ათი ღომორი - გრივ.
15 ერთი ცხვარი ორასი სული ფარიდან, ისრაელის საძოვრიდან საძღვნოდ, აღსავლენად და სამადლობელ მსხვერპლად, რათა განიწმიდონ სამონანულოდ, ამბობს უფალი ღმერთი. 15 და ცხოვარი ერთი ცხოვართა ათთაგან, მოსაღებელი ყოველთაგან ტომობათა ისრაჱლისათა, სამსხუერპლოდ და ყოვლადდასაწუელად და მაცხოვარებად, სალხინებლად თქუენთჳს, - იტყჳს ადონაი უფალი.
16 მთელმა ქვეყნის ერმა უნდა გაიღოს ეს შესაწირავი ისრაელის მთავრებისთვის. 16 და ყოველმან ერმან მოსცეს დასაბამი ესე წინამძღუარსა ისრაჱლისასა.
17 მთავრებს კი ევალვბათ აღსავლვნები, ძღვენი და საღვრელი დღესასწაულებზე, ახალმთვარობებზე, შაბათებზე, ისრაელის სახლის ყოველ ზეიმზე; მან უნდა მოამზადოს ცოდვის გამოსასყიდი, ძღვენი, აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი ისრაელის სახლის განსაწმედად. 17 და წინამძღუარისათჳს იყვნენ ყოვლადდასაწუელნი და მსხუერპლნი და გებანი დღესასწაულთა შინა და ახალთთუეთა და შაბათთთა და ყოველთა შინა დღესასწაულთა სახლისა ისრაჱლისათა. და მან ყვნეს ცოდვისა ძლითნი და მსხუერპლი და ყოვლადდასაწუელნი და მაცხოვარებითნი ლხინებად სახლისათჳს ისრაჱლისა.
18 ასე ამბობს უფალი ღმერთი: პირველი თვის პირველში აიღე საღი ხბო და განწმიდე საწმიდარი. 18 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: პირველსა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოიყვანოთ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ სალხინებელად წმიდისა.
19 აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლიდან სისხლი და სცხოს სახლის წყრთილებს, სამსხვერპლოს ოთხივე კუთხეს და შიდა ეზოს კარიბჭის წყრთილებს. 19 და მოიღოს მღდელმან სისხლისაგან სალხინებელისაჲსა და მისცეს წყირთლთა ზედა სახლისათა და ოთხთა ზედა ყურეთა ტაძრისათა და საკურთხეველსა ზედა და წყირთლთა ზედა ეზოჲსა შინაგანისათა.
20 ასე მოიქეცი თვის შვიდშიც ყველასთვის, ვინც შესცოდა უნებლიეთ თუ უმეცრებით, და განწმედ სახლს. 20 და ესრეთ ყოს მეშჳდესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოიღოს თითოჲსაგან კაცისა უმეცრისა და ჩჩჳლისაგან ნაწილი სალხინებელად სახლისათჳს.
21 პირველი თვის თოთხმეტში გექნებათ პასექი - შვიდდღიანი დღესასწაული; უფუარს უნდა ჭამდეთ. 21

და პირველსა შინა თთუესა, მეათოთხმეტესა დღესა თთჳსასა, იყავნ თქუენდა დღესასწაული პასექისაჲ, შჳდთა დღეთა უცომოთა შჭამდეთ.

22 გაამზადებს მთავარი ამ დღეს თავისთვის და მთელი ქვეყნის ერისთვის ხბოს ცოდვის გამოსასყიდლად. 22 და ყოს წინამძღუარმან მას დღესა შინა თავისა თჳსისათჳს და სახლისა თჳსისათჳს და ყოვლისათჳს ერისა ქუეყანისაჲსა ზუარაკი ზროხათაგან ცოდვისათჳს.
23 დღესასწაულის შვიდი დღის განმავლობაში გაამზადებს უფლისთვის აღსავლენს: შვიდ საღ ხბოს და შვიდ საღ ცხვარს, ამ შვიდეულის თითო დღისთვის და თხას ცოდვის გამოსასყიდად, ყოველდღიურად; 23 და შჳდთა დღეთა შინა დღესასწაულისათა უყვნეს ყოვლადდასაწუელნი უფალსა - შჳდნი ზუარაკნი და შჳდნი ვერძნი უბიწონი, დღითა დღე შჳდთა შინა დღეთა. და ცოდვისათჳს ვაცი თხათაჲ დღითი დღე
24 გაამზადებს მარცვლეულის ძღვენს - ერთ ეფას ხბოზე და ერთ ეფას ცხვარზე, და ერთ ჰინ ზეთს ეფაზე. 24 და მსხუერპლი და ცხობილი ზუარაკსა და ცხობილი ვერძსა უქმნე და ზეთისა ინი ცხობილსა.
25 მეშვიდე თვის თხუთმეტში, დღესასწაულზე, ამასვე გააკეთებს შვიდი დღის განმავლობაში: ისეთივე ცოდვის გამოსასყიდს, ისეთსავე აღსავლენს, იმდენსავე ძღვენს და იმდენსავე ზეთს. 25 და მეშჳდესა თთუესა, მეათხუთმეტესა დღესა თთჳსასა, დღესასწაულსა შინა ჰყო ამათებრვე შჳდთა დღეთა, ვითარ-იგი ცოდვისა ძლითნი და ვითარ-იგი ყოვლადდასაწუელნი და ვითარ-იგი მანააჲ და ვითარ-იგი ზეთი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე