ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეშვიდ

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დამაბრუნა ტაძრის შესასვლელთან და, აჰა, წყალი მიედინება ტაძრის ზღურბლის ქვეშიდან აღძოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიქცეული ტაძარი; წყალი გამოდის ქვეშიდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.

1

და შემიყვანა მე წინა ბჭეთა თანა სახლისათა და, აჰა, წყალი გამოვიდოდა ქუეშე კერძო ურთავსა მას სახლისასა, აღმოსავალთათ კერძო, რამეთუ პირი სახლისაჲ ჰხედვიდა აღმოსავალად და წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან სახლისაჲსა მარჯუენისა, ჩრდილოჲთ საკურთხეველსა ზედა.

2 გამიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭის გზით და გამატარა გარეთა გზით გარეთა კარიბჭისკენ, გარეთა გზით, აღმოსავლეთისკენ რომ მიემართება, და აჰა, მოედინება წყალი მარჯვენა მხრიდან. 2 და განმიყვანა მე გზისაგან ბჭისა ჩრდილოდმიმართისა და მომავლო მე გზასა ზედა ბჭისა გარეშესა, ბჭესა თანა ეზოჲსა, მხედველისასა აღმოსავალთაჲთ კერძო. და, აჰა, წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან მარჯუენისა.
3 როცა ეს კაცი აღმოსავლეთისკენ წავიდა ლარით ხელში, გაზომა ათასი წყრთა და გამიყვანა წყალში; კოჭებამდე იყო წყალი. 3 და, აჰა, ვითარცა გამოსლვაჲ მამაკაცისაჲ პირისპირისაგან, და საზომი ჴელსა შინა მისსა, და განზომნა ათასნი საზომითა წყრთისაჲთა და განჴდა წყალსა მას შინა წყალი მიტევებისაჲ.
4 გაზომა კიდევ ათასი და გამატარა წყალში და მუხლამდე იყო; გაზომა ათასი და გამატარა; წელამდე იყო. 4 და განზომნა ათასნი და, აჰა, განვლო წყლისა შორის წყალი ვიდრე ბარკალსხჳლთამდე, და განზომნა ათასნი, და განვლო წყალი ვიდრე წელამდე.
5 გაზომა ათასი და უკვე მდინარე იყო, რომელიც ვეღარ გადავლახე, რადგან ამაღლდა წყალი, გადასაცურავი გახდა; ფეხით გადასვლა არ იქნებოდა მდინარეზე. 5 და განზომნა ათასნი და, აჰა, ღუარნი, რომლისაჲ ვერ ეძლო განვლაჲ, რამეთუ გარდადუღდა წყალი, ვითარცა დუღილი ღუარისაჲ, რომელი არ განივლებინ.
6 მითხრა: ხომ დაინახე, ადამის ძევ! წამიყვანა და დამაბრუნა მდინარის ნაპირას. 6 და თქუა ჩემდამო: უკუეთუ იხილე, ძეო კაცისაო? და წარმიყვანა მე და მომაქცია მე ბაგისა მიმართ მდინარისაჲსა მოქცევასა შინა ჩემსა, და, აჰა, ბაგესა ზედა მდინარისასა ხენი მრავალნი ფრიად ამიერ და იმიერ.
7 დავბრუნდი და, აჰა, ბევრი ხე იყო მდინარის ნაპირზე, ორივე მხარეს. 7  
8 მითხრა: ეს წყალი მიედინება აღმოსავლეთის მხარეს და ჩადის ველზე, შეერთვის ზღვას და, როცა აღმოჩნდება ზღვაში, განიკურნება წყლები. 8 და თქუა ჩემდამო: წყალი ესე, გამომავალი გალილეაჲთ აღმოსავალთა მიმართ და შთამავალი დაუმკჳდრებელსა ზედა, დამოვიდოდა ვიდრე ზღვისზედამდე წყალსა თანა წიაღსავლელსა ზღჳსასა და განსწმედს წყალთა.
9 ყოველი სულდგმული, რომელიც ფუთფუთებს ყველგან, სადაც ეს მდინარე ჩაივლის, გაცოცხლდება; დიდად გამრავლდება თევზი, რადგან სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერი განიკურნება და გაცოცხლდება, სადაც კი ეს წყალი ჩაივლის. 9 და იყოს ყოველი სული ცხოველთა გარდამდუღართაჲ ყოველთა ზედა, რომელსაცა ზედა მივიდეს მუნ მდინარე, ცხონდეს და იყოს მუნ თევზი მრავალიფრიად, რამეთუ მივიდეს მუნ, წყალი ესე განწმდეს და ცხონდეს ყოველი, რომელსაცა ზედა მივიდეს მდინარე, და ცხონდეს.
10 იდგებიან იქ მეთევზეები და ენგადიდან მოყოლებული ენყეგლაიმამდე იქნება დაგებული ბადეები; იმგვარივე თევზი ექნებათ მათ, როგორიც დიდ ზღვაშია, დიდზე დიდძალი. 10 და დადგენ მათ ზედა მუნ მეთევზურნი მრავალნი ენღღადით ვიდრე აღალიმამდე; საშრობი ბადეთა იყოს, თავით თჳსით იყოს და თევზნი მისნი, ვითარცა თევზნი ზღჳსა დიდისანი, სიმრავლე მრავალი ფრიად.
11 ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, სამარილედ დარჩება. 11 და წიაღსავალივე წყალსა შინა მისსა და მოქცევასა შინა მისსა და ზეშთააღსლვასა შინა მისსა, მწყურნებთა შინა მისთა, არ განიკურნოს, მარილად მიეცეს.
12 მდინარის ორსავე ნაპირზე გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; არ დაჭკნება მისი ფოთოლი და არ მოილევა მისი ნაყოფი; ყოველ თვეს ინაყოფებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი - განსაკურნებლად. 12 ხოლო მდინარესა ზედა აღმოჰჴდეს, ბაგესა თანა მისსა ამიერ და იმიერ, ყოველი ხე საჭამადი, რომელმან არ განიყაროს ფურცელი მისი და არა დაძუელდეს მის ზედა, არცა მოაკლდეს ნაყოფი მისი სიახლისა მისისაჲ თუეთა მისთასა, წინაწარ გამოიღოს მით, რამეთუ წყალნი მათნი წმიდათაგან მათთა გამოვლენ, და იყოს ნაყოფი მათი საჭამადად და აღმოცენებაჲ მათი სიმართლედ.
13

ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, საზღვრები, რომელთა თანახმად უნდა დაუნაწილო ქვეყანა ისრაელის თორმეტ შტოს; იოსებს ორი წილი.

13

ამათ იტყჳს ადონაი უფალი ღმერთი: ესე საზღვარნი, რომელნი დაიმკჳდრნეთ ქუეყანისანი, ათორმეტთა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა შეძინება განზომისაჲ.

14 თანაბრად გაუნაწილე ყველას, რადგან ხელის აწევით შევფიცე თქვენს მამა-პაპას, რომ მათ მივცემდი ამ ქვეყანას; თქვენ გერგებათ ის სამკვიდროდ. 14 და დაიმკჳდროთ იგი თითოეულმან, ვითარცა ძმამან მისმან, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა მათთა, და დავარდეს ქუეყანაჲ ესე თქუენდა სამკჳდრებელად.
15 აი, ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადამდე, 15 და ესე საზღვარნი ქუეყანისანი ჩრდილოდ მიმართ ზღჳთგან დიდით, რომელი შთამოვალს და განჰხეთქს შესავალსა ელდამ
16 ხამათამდე, ბეროთამდე, სიბრაიმამდე, დამასკოს საზღვარსა და ხამათის საზღვარს შორის რომ არის მოქცეული, და შუა ხაცერამდე, ხავრანის საზღვართან რომ მდებარეობს. 16 ემათისსა, მაავთიირას, ეფრემ, ილიამ; საშუალ საზღვართა დამასკისათა და საშუალ საზღვართა იმათისათა ეზონი ავნანისნი, რომელნი არიან შორის საზღვართა ავრანიტოდოჲსათა.
17

გავა საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე, დამასკოს და ცაფონის საზღვართან, ჩრდილოეთით, და ხამათის საზღვართან. ეს არის ჩრდილოეთის მხარე.

17 და ესე საზღვარნი ზღჳთგან ეზოჲთგან ავნანისით, საზღვარნი დამასკისანი ჩრდილოდმიმართთაგან ჩრდილოდ კერძო. და საზღვარნი იმათისანი და საზღვარნი ჩრდილოჲსანი.
18 აღმოსავლეთის მხრიდან ხავრანსა და დამასკოს შორის, და გალაადსა და ისრაელს შორის - იორდანე; ჩრდილოეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის ზღვამდე გადაზომე. ეს იქნება აღმოსავლეთის მხარე. 18 პირისპირ აღმოსავალთასა და აღმოსავალთა მიმართ საშუალ ავრანიტიდოჲსა და საშუალ დამასკოჲსა და საშუალ ღალასიტიდოჲსა და საშუალ ქუეყანასა ისრაჱლისასა იორდანე განასაზღვრებს ზღუად მიმართ; აღმოსავალთაჲთ მიმართ ფინიკოანი, ესენი აღმოსავლთაჲთ მიმართ.
19 სამხრეთის მხრიდან სამხრეთისკენ - თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე დიდი ზღვისკენ. ეს იქნება სამხრეთის მხარე, სამხრეთით. 19 და სამხრის და სამხრად და ლივად თემანითგან ფინიკოვნისა, ვიდრე წყლამდე მარიმოჲსა, კადეს განვრცომილი ზღჳსა მიმართ დიდისა; ესე საზომი სამხრისა და ლივაჲსაჲ.
20 დასავლეთის მხრიდან იქნება დიდი ზღვა სამხრეთის საზღვრიდან ხამათის მისადგომამდე. ეს იქნება დასავლეთის მხარე. 20 და საზომი ზღჳსა დიდისა, რომელი განჰსაზღვრებს ვიდრე პირისპირადმდე შესავალსა იმათისასა ვიდრე შესავალამდე მისსა, ესენი არიან ზღჳსა მიმართ იმათისა.
21 დაინაწილეთ ეს ქვეყანა ისრაელის შტოთა შორის. 21 და განისაზღვრეთ ქუეყანა ესე თქუენ, ტომთა ისრაჱლისათა.
22 დაინაწილეთ წილისყრით სამკვიდრო თქვენ და თქვენმა მდგმურებმა, თქვენს შორის რომ მდგმურობენ და შვილები გააჩინეს თქვენს შორის; ძირეულნი უნდა იყვნენ თქვენთვის ისინი ისრაელიანებში და თქვენთან უნდა იყარონ წილი ისრაელის შტოთა შორის სამკვიდროსთვის. 22 ყავთ ესე წილად თქუენდა და მწირთა მათ, დამკჳდრებელთა საშუალ თქუენსა, რომელთა შვნეს ძენი საშუალ თქუენსა, და იყვნენ თქუენდა, ვითარცა მექუეყანენი ძეთა შორის ისრაჱლისათა: თქუენ თანა იყვნენ მემკჳდრეობასა შინა საშუალ ტომთა ისრაჱლისათა.
23 რომელ შტოშიც იქნება მდგმურად, იქ მიეცით სამკვიდრო, ამბობს უფალი ღმერთი. 23 და იყვნენ ტომსა შორის მწირად, მწირთა შორის მათთანათა, მუნ მის ცეთ სამკჳდრებელი მათ, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე