ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 21

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, შეწევნისათჳს საცისკროსა, ფსალმუნი დავითისი

2 ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა. 2 ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაჲსათჳს დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.
3 ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის. 3 ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს.
4 შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის. 4 ხოლო შენ წმიდასა შინა დამკჳდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაჱლისაჲ.
5 შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც. 5 შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იჴსნენ იგინი;
6 შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ. 6 შენდამი ღაღადებდეს და ცხონდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.
7 მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა. 7 ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.
8 ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ. 8 ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.
9 ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი. 9 ესვიდა უფალსა და იჴსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.
10 რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე. 10 რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოჲთ, სასოო ჩემო, დედის ძუძუთ ჩემითგან.
11 შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი. 11 შენდა შევვარდი მე საშოჲთგან, დედისმუცლით ჩემითგან. ღმერთი ჩემი ხარი შენ,
12 ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის. 12 ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე და არა ვინ არს მწე ჩემდა.
13 ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს. 13 გარემომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე;
14 პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა. 14 აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყჳრალმან.
15 ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში. 15 ხოლო მე, ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცჳლი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა.
16 გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას. 16 განჴმა, ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამჴადე მე.
17

რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.

17

რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე;

18 მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით. 18 განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე,
19 ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე. 19 განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
20 და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე. 20 ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ჴელის აპყრობად ჩემდა მომხედენ;
21 გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი. 21 იჴსენ მახჳლისაგან სული ჩემი და ჴელთაგან ძაღლთასა მხოლოდშობილებაჲ ჩემი;
22 მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე. 22 მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი;
23 ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ. 23 მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიასა გიგალობდე შენ.
24 უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას. 24 მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას;
25 რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა. 25 ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა, რამეთუ არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვა გლახაკისა, არცა გარემიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.
26 შენს გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე გადაგიხდი აღთქმულს. 26 შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.
27 ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა. 27 ჭამონ დავრდომილთა და განძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.
28 გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა. 28 მოიჴსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა;
29 რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი. 29 რამეთუ უფლისაჲ არს სუფევა და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა.
30 ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა. 30 ჭამეს და თაყვანი-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცჳოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენენ მიწად.
31 შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ. 31 და სული ჩემი მისა ცხოველ არს და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას;
32 მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა. 32 ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი. და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე