ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 26

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?

1

უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?

2 თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან. 2 მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.
3 თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს. 3 გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა. აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთჳს მე შენ გესავ.
4 ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე. 4 ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი.
5 რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს. 5 რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა,
6 და ახლა მაღლა ავწევ თავს გარს შემოხვეული მტრების მიმართ და შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს. 6 კლდესა ზედა აღმამაღლა მე. და აწ, ესერა, აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისა, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.
7 ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე. 7 ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისა, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.
8 შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო. 8 შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო.
9 ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს. ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო, 9 ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუცა დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
10 რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე. 10 რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.
11 მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო. 11 შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა შენსა, და მიძეღუ მე ალაგთა შენოა წრფელთა
12 ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ, რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ, 12 მტერთა ჩემთათჳს. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუემან თავსა თჳსსა.
13 რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში. 13 მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქუეყანასა მას ცხოველთასა.
14 მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი. 14 დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა. დიდება

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე