ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 30

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკჳრვებისათჳს

2 შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი. 2 შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე.
3 მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად. 3 მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა.
4 რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი. 4 რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათჳ მიძეღუ მე და გამომზარდო მე.
5 გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი. 5 და გამომიყვანო მე საბრჴიდა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე,
6 შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო. 6 რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ჴელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო.
7 შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს. 7 მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაცვან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ.
8 ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით. რადგან შენ იხილე ჩემი გაჭირვება, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა. 8 ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მომხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირისაგან სული ჩემი;
9 და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი. 9 და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი.
10 შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. 10 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
11 რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები - გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა. 11 რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაჲ ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს.
12 ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენი და მეზობლებისაგან - მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან. 12 ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარე განივლტიედ ჩემგან.
13 გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი. 13 დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენ მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული.
14

რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიში ყოველი მხრიდან, რაჟამს შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს.

14

რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთა, რომელნი გარემოს იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს.

15 მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი. 15 ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი.
16 შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მდევართა და მტერთა ხელიდან. 16 და ჴელთა შენთა შინა არს მკჳდრობაჲ ჩემი; მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა ჩემთასა და მდევართა ჩემთასა.
17 უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით. 17 გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
18 უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ, დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ქვესკნელში. 18 უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად.
19 დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე - ქედმაღლობით და სიძულვილით. 19 უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უსჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა.
20 რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე. 20 ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისა, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა კაცთასა.
21 შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან, დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან. 21 დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთასა; დაიცუნე იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა.
22 კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა საკვირველი თვისი წყალობა ალყაშემორტყმულ ქალაქში. 22 კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ-ყო წყალობაჲ მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა.
23 და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“, მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე შემწეობისთვის. 23 ხოლო მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან თუალთა შენთასა; ამისთჳს შეგესმა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი.
24 შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს. 24 შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავნებასა.
25 გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ. 25 მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე