ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 37

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ფსალმუნი დავითისა, გასახსენებელი.

1

ფსალმუნი დავითისი, მოსაჴსენებელად შაბათთა

2 უფალო, შენი განრისხებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი. 2 უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
3 რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე. 3 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ჴელი შენი.
4 არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო. 4 არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშჳდობაჲ ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა;
5 რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან. 5 რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
6 აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო. 6 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
7 წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები. 7 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
8 რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში. 8 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნება ჴორცთა ჩემთა.
9 დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით. 9 შევბოროტენ და დავმდაბლდი ვიდრე ფრიად, ვჴმობდ სულთქმითა გულისა ჩემისათა.
10 უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან. 10 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულისთქმა ჩემი, და სულთქმა ჩემი შენგან არა დაეფარა.
11 ჩემი გული თრთის, ძალღონე განმიდგა და თვალთა ჩემთა სინათლე - აღარც ის არის ჩემთან. 11 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთა, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
12 ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ჩემი ახლობლები შორს გამიდგნენ. 12 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს, და მახლობელნი ჩემნი შორს განდგეს ჩემგან.
13

მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ სიცრუეს, და მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ.

13

და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს.

14 მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს. 14 ხოლო მე ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თჳსი;
15 და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი. 15 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ.
16 რადგან შენ გელოდები, უფალო, შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო. 16 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
17 რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე. 17 რამეთუ ვთქუ: ნუ სადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერჴთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
18 რადგან მარცხისთვის მე მზადა ვარ და ჩემი სატკივარი ჩემს წინაა მუდამ. 18 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
19 რადგანაც ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს ცოდვაზე. 19 რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათჳს.
20 ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან და მრავლდებიან ჩემი ამაოდ მოძულენი. 20 აწ, ესერა, მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროს; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
21 კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ. 21 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
22 ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები. 22 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
23 გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო! 23 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე