ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 50

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2 რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, როცა ბათ-შებაყთან შევიდა. 2 რაჟამს მოვიდა მისა ნათან წინაწარმეტყუელი, ოდეს-იგი შეეიდა ბერსაბესა, ჰურიაჲს ცოლისა
3 შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული. 3 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი.
4 მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე. 4 უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
5 რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას. 5 რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
6 შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში. 6 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა.
7 აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი. 7 რამეთუ, ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
8 აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული. 8 რამეთუ, ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
9 მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები. 9 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე.
10 მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე. 10 მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
11 სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე. 11 გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აჴოცენ.
12 სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში. 12 გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
13

ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.

13

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

14 დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე. 14 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
15 ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან. 15 ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
16 მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს. 16 მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა.
17 უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას. 17 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
18 რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ. 18 რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
19 შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო. 19 მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
20 კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა. 20 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი.
21 მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს. 21 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი. დიდება

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე