ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 56

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როცა საულს გაექცა მღვიმეში.

1

დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს, რაჟამს-იგი ივლტოდა პირისაგან საულისა და შევიდა ქუაბსა მას

2 შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს. 2 მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი; და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარჴდეს უსჯულოებაჲ.
3 მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც ქველმოქმედია ჩემს მიმართ. 3 ჴმა-ვყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველისმოქმედისა ჩემისა.
4 გამომიგზავნის ციდან და მიშველის, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. სელა. გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას. 4 გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრელად დამთრგუნველნი ჩუენნი; გამოავლინა ღმერთმან წყალობაჲ მისი და ჭეშმარიტებაჲ მისი.
5 ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა - ბასრი მახვილი. 5 და იჴსნა სული ჩემი შორის მჴეცთაგან, რამეთუ მეძინა მე ზრუნვით; ძენი კაცთანი, კბილნი მათნი - ჭურ და ისარ, და ენანი მათნი, ვითარცა ჴრმალნი ლესულნი.
6 ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება. 6 ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი.
7 ბადე გაამზადეს ჩემთა ფეხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ. სელა. 7 მახე განჰმზადეს ფვრჴთა ჩემთათჳს და დაამდაბლეს სული ჩემი; თხარეს წინაშე პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს.
8 წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული. გიმღერებ და გიგალობებ. 8 განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა.
9 გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოაღვიძე ჩანგი და ქნარი; გამოვაღვიძებ ცისკარს. 9 განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე ფსალმუნითა და ებნითა. მე განვიღჳძო განთიად.
10 განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში. 10 აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ წარმართთა შორის.
11 რადგან დიდია ზეცამდე შენი წყალობა და ღრუბლებამდე - შენი ჭეშმარიტება. 11 რამეთუ განდიდნა ცამდე წყალობაჲ შენი და ღრუბელთამდე ჭეშმარიტებაჲ შენი.
12 ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზეა შენი დიდება. 12 ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე