ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 61

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, იედუთუნისათვის. ფსალმუნი დავითისა.

1

დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი დავითისი

2 მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან არის ჩემი ხსნა. 2 ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი? რამეთუ მის მიერ არს ცხორებაჲ ჩემი.
3 მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - აღარ დავეცემი მეტად. 3 და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, და მე არა შევირყიო უფროს.
4 ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს? გადაიქცევით ყველანი, ვითარცა კედელი გადახრილი, ყორე მორყეული. 4 ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა?
5 განიზრახავენ მისი სიმაღლიდან გადმოგდებას, მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან. სელა. 5 ხოლო პატივისა ჩემისა იზრახეს განშორებაჲ და რბიოდეს წყურილით; პირითა მათითა აკუეთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს.
6 მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი იმედი. 6 გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენა ჩემი,
7 მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი. 7 და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი, და მე არა შევირყიო.
8 ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; სიმაგრე ჩემი ძალისა და ჩვმი თავშესაფარი ღმერთის მიერაა. 8 ღმრთისა მიმართ არს ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისა და სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ.
9 მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა. 9 ესევდით მას ყოველი კრებული ერისა, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს.
10 მხოლოდ არარაობანი არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველანი ერთად არარაობაზე უარესია. 10 ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა, და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას.
11 არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. 11 ნუ ესავთ სიცრუესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა.
12 ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა. 12 ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისაჲ არს სიმტკიცე.
13 და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით. 13 და შენი არს, უფალო, წყალობაჲ, და შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე