ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 78

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს.

1

ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკჳდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი; დადვეს იერუსალჱმი, ვითარცა ხილისსაცავი;

2 მისცეს შენს მორჩილთა მძორი საჭმელად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები - მიწის ნადირებს. 2 დაასხეს მძორები მონათა შენთა საჭმლად მფრინველთა ცისათა და ჴორცნი წმიდათა შენთანი - მჴეცთა ქუეყანისათა.
3 დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინაა. 3 დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალჱმსა, და არა ვინ იყო მფარველ მათდა.
4 სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხრად ასაგდები და დასაცინი - ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის. 4 ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.
5 როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი? 5 ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს, ვითარცა ცეცხლი, შური შენი?
6 გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ. 6 მიჰფინე რისხვა შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ, და მეფეთა ზედა, რომელთა სახლსა შენსა არა ხადეს;
7 რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს. 7 რამეთუ შეჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოჴრეს.
8 ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით. 8 ნუ მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.
9 დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის; გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის. 9 შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათჳს სახელისა შენისა; უფალო, მიჴსენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათჳს.
10 რატომ უნდა თქვან ხალხებმა: სად არის მათი ღმერთი? ცნობილი გახდეს წარმართთა შორის ჩვენს თვალწინ. შურისძიება შენს მორჩილთა დაღვრილი სისხლისა. 10 ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაჲ სისხლისა მის მონათა შენთასა, რომელ დაითხია.
11 მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს. 11 შევედინ შენ წინაშე სულთქმაჲ დაბორკილებულთა, სიმდიდრითა მკლავისა შენისათა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.
12 დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო. 12 მიაგე გარემოსთა ჩუენთა შჳდ წილად წიაღთა მათთა ყუედრებაჲ მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო.
13 ხოლო ჩვენ - შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი გაქებთ შენ მარადჟამს, თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას. 13 ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოსა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე