ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 95

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!

1

უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ;

2 უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი. 2 უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.
3 მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები. 3 მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა შორის _ საკჳრველებაჲ მისი.
4 რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის. 4 რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროს ყოველთა ღმერთთა;
5 რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი. 5 რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნნა.
6 მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში. 6 აღსაარებაჲ და ჰაეროვნებაჲ არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად შუენიერებაჲ არს სიწმიდესა მისსა.
7 შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება. 7 შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა;
8 შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში. 8 შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები, და შევიდოდეთ ეზოთა მისთა;
9 თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! 9 თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა; შეძრწუნდინ პირისა მისსისაგან ყოველი ქუეყანაჲ.
10 უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს! ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით. 10 თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
11 გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. 11 იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ, აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი.
12 გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი. 12 იხარებდენ ველნი და ყოველი, რაჲ არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი
13 უფლის წინაშე, რადგანაც მოვა, ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თვისი ჭეშმარიტებით. 13 პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თჳსითა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე