ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ეს არის სახელები ისრაელიანთა, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში. თითოეული თავისი სახლითურთ ჩავიდა. 1 ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი შესრულ იყვნეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, კაცად-კაცადი ყოვლითურთ სახლით მათით შევიდეს.
2 რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა. 2 რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა,
3 ისახარი, ზებულონი და ბენიამინი. 3 იზაქარ, ზაბულონ და ბენიამენ.
4 დანი, ნაფთალი, გადი და აშერი. 4 დაან და ლეფთალემ, გაად და ასერ.
5 სულ სამოცდაათი სული იყო იაკობის საზარდულიდან გამოსული. ხოლო იოსები ეგვიპტეში იყო. 5 ხოლო იოსებ იყოვე ეგჳპტეს და იყო ყიველი სული იაკობისითაგანი სამეოცდაათხუთმეტ.
6 აღესრულა იოსები, მისი ყველა ძმა და მთელი ის თაობა. 6 აღესრულა იოსებ და ყოველნი ძმანი მისნი და ყოველივე იგი ნათესავი.
7 ინაყოფიერეს ისრაელიანებმა, გაფუფუნდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ და მეტისმეტად გაძლიერდნენ. აავსეს მთელი ქვეყანა. 7 ხოლო ძენი ისრაჱლისანი აღორძნდეს და განმრავლდეს და ამრღუე იქმნეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად, რამეთუ განამრავლებდა მათ ქუეყანა იგი.
8 დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელსაც არ გაეგონა იოსები. 8 აღდგა მეფე სხუაჲ ეგჳპტეს შინა, რომელმან იცოდავე არა იოსებ,
9 უთხრა თავის ხალხს: ხედავთ, ჩვენზე მრავალრიცხოვანია და ძლიერი ისრაელიანთა ხალხი. 9 და ჰრქუა ნათესავსა თჳსსა: აჰა ესერა, ნათესავი ესე ძეთა ისრაჱლისათაჲ დიდი სიმრავლე არს და ძლიერ არს უფროჲს ჩუენსა.
10 მოდით, როგორმე ვაჯობოთ ჭკუით, რომ არ გამრავლდეს. თუ ომი ატყდა, შეუერთდება ჩვენს მტრებს, აგვიმხედრდება და გავა ქვეყნიდან. 10

მოდით და ვისიბრძნოთ დამჴობად მათდა, ნუუკუე განმრავლდენ და ოდეს, თუ სადმე შეგვემთხჳოს ჩუენ ბრძოლაჲ, შეერთნენ იგინიცა მტერთა მათ ჩუენთა და გუბრძოდიან ჩუენ და ეგრეთ განვიდენ ქუეყანით.

11 დაუნიშნეს მას ბეგრის უფროსები, რომ მძიმე შრომით დაეჩაგრათ იგი. აუშენა მან ფარაონს მარაგისათვის ქალაქები - ფითომი და რამსესი. 11 და დაადგინნა მათ ზედა ზედამდგომელნი საქმისანი, რათა ძჳრსა შეაჩუენებდენ მათ საქმითა და უშენნენ ქალაქნი ძლიერნი ფარაოს: პითოფი და რამესე და ონი, რომელ არს მზის ქალაქი.
12 მაგრამ რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე. 12 და რაოდენ იგინი დაამდაბლებდენ, ეგოდენ ესენი განმრავლდებოდეს და განძლიერდებოდეს დიდად ფრიად.
13 უწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელიანებს ეგვიპტელები. 13 და საძაგელ იყვნეს ეგჳპტელნი ძეთაგან ისრაჱლისათა და მსძლავრობდეს მეგჳპტელნი იგი ძეთა ისრაჱლისათა ძლით.
14 სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით და აგურების კეთებით, მინდორში მუშაობით, ყველა სამუშაოთი, რაზედაც უწყალოდ ამუშავებდნენ. 14 და აჭირვებდეს სალმობით ცხორებასა მათსა საქმითა მით ფიცხელითა თიჴისა და ალიზისათა და ყოვლითავე საქმითა, რომლითა დაიმონებდეს მათ სასტიკად.
15 უთხრა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს სახელად ერქვა შიფრა, მეორეს - ფუაყი. 15 და ჰრქუა მეფემან მან მეგჳპტელთამან ყრმისა ამქუმელთა მათ ებრაელთასა, სახელი ერთისა მის სეფორა და ერთისა - ფოა
16 უთხრა: როცა მოამშობიარებთ ებრაელ ქალებს, ნახეთ, თუ ვაჟი იყოს, მოკალით, თუ ქალი - ცოცხალი დარჩეს. 16 და ჰრქუა მათ: ოდეს შეხჳდეთ შჳნებად ებრაელთა მათ და შობასა იყუნენ, უკუეთუ წული იყოს, მოკალით იგი და, უკუეთუ ქალი იყოს, განარინეთ იგი.
17 ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხალს ტოვებდნენ ვაჟებს. 17 შეეშინა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და არა ყვეს ეგრე, ვითარ-იგი უბრძანა მათ მეფემან ეგჳპტელთამან და აცხოვნებდეს წულსა.
18 იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და უთხრა: ამას რატომ შვრებით, ცოცხალს რატომ ტოვებთ ვაჟებს? 18 მოუწოდა მეფემან ეგჳპტელთამან ყრმისა აღმქუმელთა მათ და ჰრქუა: რაჲსათჳს ჰყავთ საქმე ესე და აცხოვნებდით ყოველსა წულსა?
19 უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: არ ჰგვანან ეგვიპტელ ქალებს ებრაელი ქალები, ამტანები არიან. სანამ ბებიაქალი მივიდოდეს, ნამშობიარები არიან უკვე. 19 ჰრქუეს ყრმისა აღმქუმელთა მათ ფარაოს: არა ვითარცა დედანი ეგჳპტისანი არიან ებრაელთა დედანი, რამეთუ შვიან ვიდრე შესლვადმდე ყრმისა აღმქუმელთა და შობდეს იგინი.
20 წყალობდა ღმერთი ბებიაქალებს, ხალხი კი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა. 20 კეთილსა უყოფდა ღმერთი ყრმისა აღმქუმელთა მათ და განმრავლდა ერი იგი და განძლიერდებოდა ფრიად.
21 ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და ღმერთმაც ააშენა ისინი. 21 რამეთუ ეშინოდა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და იშენეს მათ თავისა მათისა სახლებ.
22 მაშინ უბრძანა ფარაონმა მთელს თავის ხალხს: ნილოსში ჩააგდეთ ყოველი ახალშობილი ვაჟი, ხოლო ქალი ცოცხალი დატოვეთ. 22 უბრძანა ფარაო ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი წული, რომელი შვიან ებრაელთა, მდინარესა შთასთხევდით და ყოველსა ქალსა აცხოვნებდით.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე