ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 უთხრა უფალმა მოსეს: კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტეს და მერე გაგიშვებთ აქედან ფარაონი. არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგყრით აქედან. 1 და ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთიღა გუემაჲ მივავლინო მე. ფარაოს ზედა და ეგჳპტელთა მაგათ, და მაშინღა თუ გამოგავლინნეს თქუენ, არამედ რაჟამს გამოგავლინებდეს თქუენ, ყოვლითურთ გამოგასხნეს თქუენ მაგიერ.
2 დაარიგე ხალხი, რომ ინათხოვროს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი. 2 ეტყოდე შენ ფარულად ყურთა ერისათა, რათა მივიდენ და სამკაული შესასხმელად მოითხოვონ ეგჳპტელთა მათგან მამაკაცმან მოძმისაგან თჳსისა და ეგრეთვე დედაკაცმან მახლობელისაგან თჳსისა ჭურჭელი ოქროჲსა და ვერცხლისა და სამოსელი პატიოსანი.
3 მადლი აპოვნინა უფალმა ერს ეგვიპტელთა თვალში; მოსეც დიდ კაცად იყო შერაცხილი ეგვიპტის ქვეყნად ფარაონის მორჩილთა და ხალხის თვალში. 3 და უფალმან მისცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელია მათ და განუჴსნა გული მათი მოცემად მათდა სამკაული იგი შესხმად, ვითარცა-რას ითხოვდეს იგინი მათგან. და კაცი იგი მოსე განდიდნა და ამაღლდა დიდად ფრიად წინაშე მეგჳპტელთა მათ და წინაშე ფარაოჲსა და ყოვლისა ერისა მისისა.
4 თქვა მოსემ: ასე ამბობს უფალი: შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში. 4 სიტყუად იწყო მოსე და თქუა: ამას იტყჳს უფალი: შუაღამესა ოდენ მე მოვიდე და შევიდე შორის ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
5 მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული. 5 ვგუემო და მოვსპო ყოველი პირმშოჲ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა კაცითგან მიპირუტყუადმდე, პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის სასთაულთა საერკოლოტოთა მიპირმშოდმდე მჴევლისა, რომელი-იგი გამოჰკრავს ფქჳლთა მათ,
6 ატყდება დიდი გლოვა მთელს ეგვიპტეში, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება. 6 და იყოს ღაღადება დიდ ყოველსა ზედა ეგჳპტესა, რომელ ეგევითარი ღაღადებაჲ არა სადა ყოფილ იყოს შორის მათსა, არცაღა მერმე ყოფად არს მიაღსასრულადმდე ჟამთა.
7 ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა გეცოდინოთ, რომ ზღვარი დასდო უფალმა ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის. 7 გარნა შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა ლეკჳსაცა ერთისა ჭუმინვაჲ არცა იყოს კაცითგან მიპირუტყუადმდე, რამეთუ არა ვის ევნებოდის, რათა განცხადნეს, ვითარ იდიდოს უფალი ღმერთი შორის მეგჳპტელთა მაგათ და შორის ისრაჱლთა.
8 ჩამოვლენ ჩემთან ეგ შენი მორჩილნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: გადით შენ და მთელი შენი ხალხი, შენს კვალზე მავალი. მხოლოდ ამის მერე გავალ. და გავიდა ფარაონისგან მოსე, განრისხებული. 8 და მოვიდენ ყოველნი ეგე მონანი შენნი ჩემდა და თაყუანის-მცენ მე და თქუან: განვედ შენ და ყოველი ეგე ერი შენი, რომელსა შენ უძღჳ! და მაშინღა წარვიდე. ესე თქუა მოსე.
9 უთხრა უფალმა მოსეს: იმიტომ არ მოგისმენთ ფარაონი, რომ გამრავლდეს ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყნად. 9 და გამოვიდა პირისაგან ფარაოსა სავსე გულისწყრომითა და ჰრქუა უფალმან მოსეს: არა ყოფად არს, არა ისმინოს შენი ფარაო, არა თუ აღვავსო და აღვასრულო ყოველივე იგი ნიშები ჩემი და სასწაულები ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა.
10 მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აარონმა ფარაონის თვალწინ, მაგრამ გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა მან ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან. 10 ყვეს მოსე და აჰრონ ყოველივე სასწაულები და ნიშები ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე ფარაოსა; ხოლო უფალმან განაფიცხა გული ფარაოსი, და არავე გამოუტევებდა ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანისაგან ეგჳპტელთასა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე