ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 დაიძრა ელიმით და ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის მთას შორის მდებარეობს. 1 ხოლო იტრნეს ელიმით. და მოვიდეს ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათა უდაბნოდ სინდ, რომელ არს შუა ელიმსა და შუა სინასა. ხოლო მეათხუთმეტესა დღესა მეორესა თთუესა გამოსლვისა მათისასა ქუეყანით ეგჳპტით
2 შესჩივლა ისრაელიანთა მთელმა საზოგადოებამ მოსეს და აარონს უდაბნოში. 2 დრტჳნვიდა ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოსესთჳს და აჰრონისთჳს,
3 უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული! 3 და იტყოდეს მათდა მიმართ ძენი ისრაჱლისანი: ჰე, თუმცა მომკუდარ ვიყუენით მოწყლულნი უფლისა მიერ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, რაჟამს ვსხედით სიავთა ზედა ჴორცისათა და ვჭამდით პურსა მაძღრივ. რამეთუ გამომიყუანენით ჩუენ უდაბნოსა ამას მოსიკუდიდ სიყმილითა, ყოველი ესე შესაკრებელი.
4 უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან, გამოვიდეს ხალხი და ყოველდღე აკრიფოს დღიური სამყოფი. უნდა გამოვცადო, მისდევს თუ არა ჩემს რჯულს. 4 ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე გიწჳმებ თქუენ პურსა ზეცით, და განვიდეს ერი და შეკრიბონ დღისაჲ დღესა შინა, რათა გამოვცადნე იგინი, უკუეთუ ვლენან შჯულსა ჩემსა, ანუ არა.
5 მეექვსე დღეს დაამზადებენ მოტანილს და იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად აგროვებენ. 5 და იყოს, დღესა მეექუსესა განჰმზადონ, რომელსაცა დღესა შინა შეჰკრებდენ. და იყოს ორ წილ მისსა, რომელსა შეჰკრებენ დღითი-დღედისა დღისათჳს.
6 უთხრეს მოსემ და აარონმა ყველა ისრაელიანს: საღამო ხანს გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან. 6 ხოლო თქუეს მოსე და აჰრონ ყოვლისა შესაკრებელისა მიმართ ძეთა ისრაჱლისათასა: მიმწუხრი სცნათ, ვითარმედ გამოგიყუანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით,
7 გათენდება და იხილავთ უფლის დიდებას. ისმინა მან თქვენი ჩივილი უფლისადმი. ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ რომ შემოგვჩივით? 7 და განთიად იხილოთ დიდებაჲ უფლისა სმენითა დრტჳნვისა თქუენისათა ღმრთისა მიერ. ხოლო ჩუენ რანი ვართ, რამეთუ სდრტჳნავთ ჩუენდა მომართ?
8 თქვა მოსემ: საღამოხანს ხორცს მოგცემთ საჭმელად და დილით პურს გაძღომამდე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით. 8 და თქუა მოსე: მოგცეს თქუენ უფალმან მწუხრი ჴორცი ჭამად და პური განთიად მაძღრივ, რამეთუ ისმინა დრტჳნვაჲ თქუენი უფალმან, რომელი იდრტჳნეთ ჩუენდა მომართ. ხოლო ჩუენ ვინ ვართ? რამეთუ არა ჩუენდა მომართ არს დრტჳნვა თქუენი, არამედ ღმრთისა მიმართ.
9 უთხრა მოსემ აარონს: უთხარი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: წარუდექით უფალს, რადგან ისმინა მან თქვენი ჩივილი. 9 და თქუა მოსე აჰრონის მიმართ: არქუ ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაჱლისათასა: შემოკერბით წინაშე ღმრთისა, რამეთუ შეისმინა დრტჳნვაჲ თქუენი.
10 როდესაც ელაპარაკებოდა აარონი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას, გაჰხედა უდაბნოს და, აჰა, გამოჩნდა ღრუბელში უფლის დიდება. 10 ხოლო რაჟამს ეტყოდა აჰრონ ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაჱლისათასა, და მიიქცეს უდაბნოდ, და დიდებაჲ უფლისა გამოჩნდა ღრუბელსა შინა.
11 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 11 და იტყოდა უფალი, მოსეს მიმართ მეტყუელი:
12 ვისმინე ისრაელიანთა ჩივილი. ასე უთხარი მათ: საღამოხანს ჭამეთ ხორცი და დილით დაძეხით პურით, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 12 მესმა დრტჳნვაჲ ძეთა ისრაჱლისათა, თქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: მიმწუხრი შჭამოთ ჴორცი და განთიად განსძღეთ პურითა; და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი!
13 საღამოხანს მოფრინდა მწყერი და დაფარა მთელი ბანაკი; დილით კი ცვრით იყო მოფენილი მთელი ბანაკი. 13 და იქმნა მწუხრი და აღმოვიდა მწყერმარჴილი და დაფარა ბანაკი.
14 დადნა ცვარი და აჰა, ყრია უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი, წვრილი როგორც ჭირხლია ხოლმე მიწაზე. 14 ხოლო განთიად იქმნა დაცხრომაჲ ცუარისაჲ გარემოჲს ბანაკისა, და აჰა, პირსა ზედა უდაბნოსასა მწულილი, ვითარცა ქინძის მარცუალი სპეტაკი, ვითარცა მყინვარი ქუეყანასა ზედა.
15 დაინახეს ისრაელიანებმა და ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ რა იყო. უთხრა მათ მოსემ: ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა. 15 ხოლო იხილეს რაჲ ძეთა ისრაჱლისათა, ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: რაჲ არს ესე? რამეთ: არა უწყოდეს, რაჲ იყო; ხოლო მოსე თქუა მათდა მიმართ: ესე პური, რომელი მოგცა თქუენ უფალმან ჭამად.
16 ასე აქვს ნაბრძანები თქვენთვის უფალს: თითოეულმა იმდენი შეაგროვეთ, რამდენიც საჭმელად გჭირდებათ; კაცზე თითო გომერი, სულადობის კვალობაზე; ყველამ თქვენ-თქვენს კარავში მყოფთათვის შეაგროვეთ. 16 ესე სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: შეკრიბეთ კაცად-კაცადმან მისგან, რაოდენ ჯერ-იყოს, ღომორი თავად-თავად, რიცხჳსაებრ სულთა თქუენთასა, თჳთოეულმან კარავთა შინა თქუენთა შეიკრიბეთ.
17 ასე მოიქცნენ ისრაელიანები: შეაგროვეს, ვინ ბევრი, ვინ ცოტა. 17 და ყვეს ესრეთ ძეთა ისრაჱლისათა და შეკრიბეს, რომელმანმე ფრიადი და რომელმანმე მცირედი.
18 არწყეს გომერით; არც ბევრის შემგროვებელს აღმოაჩნდა ზედმეტი და არც მცირეს შემგროვებელს კლებია რამე. თითოეულს იმდენი ჰქონდა შეგროვილი, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა. 18 და აღწყეს ღომორი, და არა დაჰმატდა ფრიადსა, და მცირედსა არა დააკლდა, თითოეულმან მახლობელთა თჳსთათჳს ჯეროვნად შეიკრიბა.
19 უთხრა მათ მოსემ: დილისთვის არვინ მოიტოვოს ნარჩენები. 19 ხოლო თქუა მოსე მათდა მიმართ: ნუ ვინ დაუტეობს მისგანსა განთიადმდე!
20 არ დაუჯერეს მოსეს. და დილისთვის მოიტოვეს ნარჩენები. გაუჩნდა მატლი და ამყრალდა, და გაურისხდა მათ მოსე. 20 და არა ისმინეს მოსესი; არამედ დაუტევეს ვიეთმე მისგანი განთიადმდე და გარდაეცა მატლი და აღყროლდა. და განმწარდა მოსე მათთჳს.
21 აგროვებდნენ დილაობით რამდენიც სჭირდებოდათ საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა. 21 და შეკრიბეს იგი განთიად თჳთოეულმან წესად თავისა თჳსისა. ხოლო, რაჟამს დატფის მზე, დადნებოდა.
22 მეექვსე დღეს ორჯერ მეტი შეაგროვეს პური, ორი გომერი თითო სულზე, მივიდნენ მოსესთან საზოგადოების თავკაცები და შეატყობინეს. 22 ხოლო, იქმნა რაჲ დღე მეექუსე, შეკრიბეს სათანადოჲ ორ წილად ორი ღომორი თითომან და შევიდეს ყოველნი მთავარნი შესაკრებელისანი და მიუთხრეს მოსეს.
23 უთხრა მათ მოსემ: ასე აქვს ნაბრძანები უფალს: ხვალ უქმეა. უფლის წმიდა შაბათი; რის გამოცხობასაც აპირებთ, გამოაცხვეთ, რის მოხარშვასაც აპირებთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ, დილისთვის შეინახეთ. 23 და თქუა მოსე მათდა მიმართ: ესე არს სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: შაბათი განსუენებისა წმიდაჲ უფლისაჲ ხვალე, რაოდენიცა შესწუათ, შეიწუას, და რაოდენიცა შეაგბოთ, შეგბეს; და ყოველი ნამეტავი დაუტევეთ იგი შთასადებელსა შინა ვიდრე განთიადმდე!
24 მათაც მოიტოვეს დილამდე, როგორც ბრძანა მოსემ; არც ამყრალებულა და არც მატლი გასჩენია. 24 და დაუტევეს მისგან ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ამცნო მათ მოსე: და არა აღყროლდა, არცა მატლი შეიქმნა მას შინა.
25 უთხრა მოსემ: დღეს ჭამეთ, რადგან დღეს უფლის შაბათია; ვერაფერს იპოვით დღეს ველზე. 25 და ჰრქუა მათ მოსე: ჭამეთ დღეს, რამეთუ შაბათი არს უფლისაჲ; დღეს არა ჰპოოთ ველსა ზედა.
26 ექვს დღეს აგროვეთ იგი; მეშვიდე დღეს კი შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს. 26 ექუსთა დღეთა შეჰკრიბოთ, ხოლო მეშჳდე დღე შაბათი არს, არა იყოს მას შინა.
27 გავიდნენ მეშვიდე დღეს ზოგიერთები შესაგროვებლად და ვერაფერი იპოვეს. 27 და იყო დღესა მეშჳდეს, განვიდეს ვინმე შეკრებად და ვერ პოვეს,
28 უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მირღვევდეთ მცნებებს და სჯულდებებს? 28 ხოლო თქუა უფალმან მოსეს მიმართ: ვიდრემდის არა გნებავს სმენაჲ მცნებათა ჩემთა და შჯულისა ჩემისა?
29 გახსოვდეთ, შაბათი მოუცია თქვენთვის უფალს. ამიტომაც მოგცათ მან მეექვსე დღეს ორი დღის სამყოფი პური; დარჩით თქვენ-თქვენს ადგილზე და არსად გახვიდეთ მეშვიდე დღეს. 29 იხილეთ, რამეთუ უფალმან მოგცა თქუენ დღე ესე შაბათთაჲ. ამისთჳს მან მოგცა თქუენ დღესა მეექუსესა პური ორისა დღისაჲ; დასხედით კაცად-კაცადი სახლთა შინა თქუენთა, ნუმცა ვინ თქუენი განვალს თითოეული ადგილისაგან თჳსისა დღესა მეშჳდესა!
30 და უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს. 30 და შაბათობდა ეღი დღესა მეშჳდესა.
31 დაარქვა მას ისრაელის სახლმა სახელად მანანა ქინძის თესლის ოდენა იყო, თეთრი, თაფლიანი პურის გემო ჰქონდა. 31 და სახელ-სდვეს ძეთა ისრაჱლისათა სახელი მისი მანანა. ხოლო იყო, ვითარცა თესლი ქინძისა სპეტაკი და გემოჲ მისი - ვითარცა კიპრუჭი თაფლსა შინა.
32 თქვა მოსემ: ასე აქვს ნაბრძანები უფალს: აავსე მანანით გომერი შესანახად თაობიდან თაობაში, რათა იხილონ პური, რომელსაც გაჭმევდით უდაბნოში, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ. 32 და თქუა მოსე: ესე არს სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: აღავსეთ ღომორი მანანაჲთა დასამარხველად ნათესავისაგან თქუენისა, რათა იხილონ პური, რომელი შჭამეთ თქუენ უდაბნოსა ზედა, ვითარცა გამოგიყვანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით!
33 უთხრა მოსემ აარონს: აიღე ერთი ბადია, ჩადე შიგ სრული გომერი მანანა და დადგი უფლის წინაშე თაობიდან თაობაში შესანახად. 33 და თქუა მოსე აჰრონის მიმართ: მოიღე ტაკუკი ოქროჲსა ერთი და შთაასხ მას შინა ღომორი სავსე მანანათა და დასდგა იგი წინაშე უფლისა ღმრთისა დასამარხველად ნათესავთათჳს თქუენთა!
34 დადგა აარონმა იგი შესანახად აღთქმის კიდობნის წინ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 34 ვითარსახედ უბრძანა ღმერთან მოსეს, და დადვა აჰრონ წინაშე საწამებელისა დასამარხველად.
35 ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელიანები მანანას, ვიდრე თავიანთ სამკვიდრებელში მივიდოდნენ; მანანას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ. 35 ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ჭამეს მანანაჲ ორმეოც წელ, ვიდრემდის მოვიდეს ქუეყანად მკჳდროვნად, მანანასა ჭამდეს, ვიდრემდის მოვიდეს კერძოსა ფინიკიისასა.
36 გომერი კი ეფას მეათედია. 36 ხოლო ღომორი მეათედი სამთა საწყაულთაჲ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე