ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 დაიძრა მწყობრად ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში, სადაც ხალხისთვის სასმელი წყალი არ იპოვებოდა. 1 და აღიტრა ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ უდაბნოთ სინით დაბანაკებისაებრ მათისა სიტყჳთა უფლისათა და დაიბანაკეს რაფიდინს შინა; ხოლო არა იყო წყალი სასუმელად ერისა.
2 შესჩიოდა ხალხი მოსეს და ეუბნებოდა: მოგვეცით სასმელი წყალი! უთხრა მათ მოსემ: რატომ მეჩხუბებით, რატომ სცდით უფალს? 2 და ჭუოდა ერი მოსეს მიმართ და იტყოდა: მეც ჩუენ წყალი, რათა ვსუათ! და ჰრქუა მათ მოსე: რაჲსა სჭუით ჩემდა მომართ? და რაჲსა განსცდით უფალსა?
3 ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს? 3 ხოლო მოეწყურა მუნ ერსა წყალი, და დრტჳნვიდეს მოსეს ზედა და იტყოდეს: რაჲსათჳს აღმომიყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოწყუედად ჩუენდა და შვილთა ჩუენთა და საცხოვარსა ჩუენსა წყურილითა?
4 ასე შეჰღაღადა მოსემ. უფალს: რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ. 4 და ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ მეტყუელმან: რაჲ უყო ერსა ამას? მერე მცირედღა, და ქვაჲ დამკრიბონ მე!
5 უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიარე ხალხის წინ, და თან ისრაელის უხუცესთაგანნი იახლე; ხელში გეჭიროს კვერთხი, რომელსაც სცემდი ნილოსს, და იარე. 5 და ჰრქუა უფალმან მოსეს: წინა წარუძეღუ ერსა ამას, ხოლო მიიყვანენ შენ თანა მოხუცებულთაგან ერისათა და კუერთხი, რომლითა ეც მდინარესა, მიიღე ჴელსა შენსა და მოვედ აქა.
6 მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გამოვა წყალი, და დალევს ხალხი. ასეც გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ. 6 რამეთუ მე ვდგე პირველ მოსლვისა შენისა მუნ კლდესა ზედა ქორებს; და სცე კლდესა და გამოვიდეს წყალი, და სუას ერმან, და ქმნა მოსე ეგრეთ წინაშე ძეთა ისრაჱლისათასა.
7 უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა ისრაელიანთა შუღლის გამო და იმის გამო, რომ უფალი გამოცადეს, როცა თქვეს: არის თუ არა ჩვენს შორის უფალი? 7 და უწოდა სახელი ადგილსა მას "განცდა და დრტჳნვაჲ" დრტჳნვისა მისთჳს ძეთა ისრაჱლისათისა და გამოცდისათჳს უფლისა და თქუმისა: უკუეთუ არს უფალი ჩუენ შორის, ანუ არა.
8 მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში. 8 ხოლო მოვიდა ამალეკი და ებრძოლა ისრაჱლსა რაფიდინს.
9 უთხრა მოსემ იესოს: გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად. ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში. 9 და ჰრქუა მოსე ისოს: გამოირჩიენ თავისა შენისა მამაკაცნი და განსრული ეწყვე ამალეკსა ხვალე! და აჰა, მე ვდგე თხემსა ზედა ბორცჳსასა და კუერთხი ღმრთისაჲ ჴელსა შინა ჩემსა.
10 ისე მოიქცა იესო, როგორც უბრძანა მოსემ: წავიდა ყამალეკთან საბრძოლველად, ხოლო მოსე, აარონი და ხური ბორცვზე ავიდნენ. 10 და იყო ისო, ვითარ-იგი ჰრქუა მას მოსე, და განეწყო ამალეკსა. და მოსე და აჰრონ და ორ აღვიდეს თხემსა ზედა ბორცჳსასა.
11 როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი. როცა დაუშვებდა ხელს, ყამალეკი ძლევდა. 11 და იყვის, რაჟამს აღიხუნის მოსე ჴელნი, განძლიერდის ისრაჱლი, ხოლო რაჟამს შთამოიხუნის ჴელნი, განძლიერდის ამალეკი.
12 დაუმძიმდა ხელები მოსეს; მოუტანეს ქვა, ქვეშ დაუდეს და ჩამოჯდა ქვაზე მოსე. ხოლო აარონსა და ხურს მისი ხელები ეჭირათ, ერთს ერთი მხრიდან, მეორეს მეორე მხრიდან. არ ჩამოშვებია ხელები მზის ჩასვლამდე. 12 ხოლო ჴელნი მოსესნი იყვნეს მძიმე, და მოიღეს ქვაჲ, და დადვეს ქუეშე მისსა, და დაჯდა მას ზედა. ხოლო აჰრონ და ორ განამტკიცებდეს ჴელთა მისთა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ. და იყვნეს ჴელნი მოსესნი განპყრობილ ვიდრე დასლვადმდე მზისა.
13 სძლია იესომ ყამალეკს და მის ხალხს მახვილით. 13 და განაქცია ისო ამალეკი და ყოველი ერი მისი სიკუდილითა მახჳლისათა.
14 უთხრა უფალმა მოსეს: სამახსოვროდ ჩასწერე ეს წიგნში და ჩააგონე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან. 14 და ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერე ესე საჴსენებელად წიგნსა შინა და მიეც ყურთა ისოჲსთა, ვითარმედ: აღჴოცით აღვჴოცო საჴსენებელი ამალეკისა ცისქუეშისაგან.
15 ააგო მოსემ სამსხვერპლო და უწოდა სახელად ადონაი-ნისი (უფალი - ალამი ჩემი). 15 და აღაშენა მოსე საკურთხეველი და უწოდა სახელი მისი `უფალი ჩემი და შესავედრებელი ჩემი".
16 თქვა: რადგან ხელი უფლის ტახტზეა: ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე. 16 რამეთუ დაფარულითა ჴელითა ჰბრძავს უფალი ამალეკსა ნათესავთათაგან ნათესავთამდე.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე