ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 შეიტყო მიდიანელმა მღვდელმა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ყველაფერი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსეს და ისრაელს, თავის ერს, როდესაც გამოჰყავდა უფალს ისრაელი ეგვიპტიდან. 1 ხოლო ესმა იოთორს, მღდელსა მადიამისასა, სიმამრსა მოსესსა, ყოველი, რაოდენი უყო უფალმან ერსა თჳსსა ისრაჱლსა, რამეთუ გამოიყვანა უფალმან ისრაჱლი ეგჳპტით.
2 წამოიყვანა ითროშ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც გაშვებული ჰყავდა მოსეს. 2 და მოიყუანა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, სეპფორა, ცოლი მოსესი, განსავლინებელისა თანა შემდგომად განტევებისა მისისა
3 მისი ორი ვაჟიშვილი, რომელთაგან ერთს ერქვა სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმური ვიყავიო უცხო ქვეყანაში. 3 და ორნი ძენი მისნი: სახელი ერთისა მის - გერსამ, მეტყუელი: მსხემ ვარ ქუეყანასა უცხოსა;
4 ხოლო მეორეს - ელიაზარი, რადგან თქვა: მამაჩემის ღმერთი შემწედ მყავდაო და მიხსნა ფარაონის მახვილისგან. 4 და სახელი მეორისაჲ - ელიეზერ, რამეთუ ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და განმარინა მე ჴელისაგან ფარაოსსა.
5 და მივიდა ითრო, მოსეს სიმამრი, მოსეს ცოლითა და მისი შვილებითურთ, მოსესთან უდაბნოში, სადაც ბანაკად იდგა იგი ღვთის მთასთან. 5 და მოვიდა იოთორ, სიმამრი მოსესი, და ძენი და ცოლი მისი მოსეს მომართ უდაბნოსა, სადა დაბანაკებულ იყვნეს მთასა თანა ღმრთისასა.
6 შეატყობინა მოსეს: შენი სიმამრი მოვედი შენთან, შენი ცოლითა და მისი ორი ვაჟიშვილითურთ. 6 ხოლო მიუთხრეს მოსეს მეტყუელთა: აჰა, იოთორ, სიმამრი შენი, მოვალს შენდა და ცოლი შენი და ორნი ძენი შენნი მის თანა.
7 მიეგება მოსე თავის სიმამრს, თაყვანისცა და გადაკოცნა; მოიკითხეს ერთმანეთი და შევიდნენ კარავში. 7 და განვიდა მოსე მიგებებად სიმამრისა თჳსისა, და თაყუანი-სცა მას და ამბორს-უყო მას, ღა შეიტკბნეს ურთიერთას, და შეიყვანა იგი კარავსა შინა.
8 უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, ისრაელის გამო რაც დამართა უფალმა ფარაონს და ეგვიპტელებს, ყველა გასაჭირი, რაც გზაში შეხვდათ და როგორ იფარავდა მათ უფალი. 8 და მიუთხრა მოსე სიმამრსა ყოველნი, რაოდენნი უყვნა უფალმან ფარაოს და მეგჳპტელთა ისრაჱლისათჳს, და ყოველი ჭირი შემთხუეული გზასა ზედა, და ვითარმედ გამოიჴსნნა იგინი უფალმან ჴელისაგან ფარაოჲსსა და ჴელისაგან მეგჳპტელთასა.
9 გაიხარა ითრომ ყველა იმ სიკეთით, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა იგი ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან. 9 ხოლო განკჳრდა იოთორ ყოველთა ზედა კეთილთა, რომელნი უყვნა მათ უფალმან, რამეთუ გამოიჴსნნა იგინი ჴელისაგან მეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოჲსთა.
10 თქვა ითრომ: კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან, რომელმაც იხსნა ერი ეგვიპტელთა მონობისგან. 10 და თქუა იოთორ: კურთხეულ არს უფალი, რამეთუ იჴსნა ერი თჳსი ჴელისაგან მეგჳპტელთასა და ჴელისაგან ფარაოჲსსა!
11 ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როდესაც მზვაობრობდნენ მასზე. 11 აწ მიცნობიეს, რამეთუ დიდ არს უფალი უფროჲს ყოველთა ღმერთთასა ამისთჳს, რამეთუ მძლე ექმნა მათ!
12 მიუტანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ღმერთს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. მივიდნენ აარონი და ისრაელის მთელი უხუცესობა, რათა უფლის წინაშე ეჭამათ პური მოსეს სიმამრთან ერთად. 12 და მოართუნა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, ყოვლად დასაწუველნი და მსხუერპლნი ღმერთსა. ხოლო მოვიდეს აჰრონ და ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ჭამად პურისა სიმამრსა თანა მოსესსა წინაშე ღმრთისა.
13 მეორე დღეს დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად; დილიდან საღამომდე იდგა ხალხი მოსეს წინაშე. 13 და იყო, შემდგომად ხვალისა დაჯდა მოსე შჯად ერისა; და წინაშე უდგა ყოველი ერი მოსეს განთიადითგან ვიდრე მწუხრადმდე.
14 დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, როგორ ექცეოდა იგი ხალხს და ჰკითხა: როგორ ექცევი ხალხს? რატომ ზიხარ მარტო, როცა მთელი ხალხი დილიდან საღამომდე ფეხზე დგას შენს წინაშე? 14 და იხილა რაჲ იოთორ ყოველი, რაოდენი უყო ერსა, ჰრქუა: რაჲ არს ესე, რომელსა შენ უყოფ ერსა? რაჲსათჳს შენ ჰზი მარტოჲ, ხოლო ყოველი ერი წინა-გითქს შენ განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე?
15 უთხრა მოსემ სიმამრს: იმიტომ, რომ ჩემთან მოდის ხალხი ღვთის ნების საკითხავად. 15 და ჰრქუა მოსე სიმამრსა: რამეთუ მოვალს ჩემდა ერი გამოძიებად მშჯავრსა ღმრთისა მიერ.
16 როცა რაიმე საქმე გაუჩნდებათ, ჩემთან მოდიან და მეც განვსჯი მათ სამართალს, ვუცხადებ ღვთის წესებსა და რჯულს. 16 რამეთუ რაჟამს იქმნეს მათდა ცილობაჲ, და მოვიდენ ჩემდა, განუბჭობ თითოეულსა და შევაზავებ მათ ბრძანებასა ღმრთისასა და შჯულსა მისსა.
17 უთხრა სიმამრმა მოსეს: არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ. 17 და თქუა სიმამრმან მოსესმან მისსა მიმართ: არა მართლად ჰყოფ შენ სიტყუასა ამას!
18 გაიტანჯებით შენც და ეს ხალხიც, შენთან რომ არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე. მარტო შენ ვერ აუხვალ მას. 18 ხრწნილებით განიხრწნა შენ და ყოველი ერი, რომელ არს შენ თანა; მძიმე არს შენდა სიტყუაჲ ესე. ვერ ძალ-გიც ამისი ქმნაჲ შენ მარტოსა.
19 ახლა გაიგონე ჩემი სიტყვა, რჩევას მოგცემ და შენთან იქნება ღმერთი. იყავი ხალხის შუამავალი ღმერთთან და წარუდგინე ღმერთს მათი სარჩელი. 19 აწ უკუე ისმინე ჩემი, და განგზრახო შენ, და იყოს ღმერთი შენ თანა, ექმენ შენ ერსა ღმრთისა მიმართ და შესწირენ სიტყუანი მათნი წინაშე ღმრთისა.
20 ასწავლე მათ წესები და რჯული, უჩვენე გზა, რითაც უნდა იარონ, და საქმეები, რაც უნდა აკეთონ. 20 და უწამებდ მათ ბრძანებათა ღმრთისათა და შჯულსა მისსა, და უნიშნევდ მათ გზათა, რომელთა ზედა ვიდოდინ მათ ზედა და საქმეთა, რომელთა ჰყოფდენ.
21 გამონახე ერში მაგარი ხალხი, ღვთისმოშიშნი, ანგარების მოძულენი, წრფელი ხალხი და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუდგნენ ერს. 21 და შენ თავსა შენსა ეკრძალე და გამოირჩიენ ყოვლისაგან ერისა კაცნი ძლიერნი, ღმრთის მსახურნი, კაცნი მართალნი, მოძულენი ამპარტავანებისანი; და დაადგინენ იგინი მათ ზედა ათასისთავად და ასისთავად და ერგასისთავად და ათისთავად
22 მათ განსაჯონ ერი ყოველ დროს; დიდი საქმეები შენ მოგახსენონ, ხოლო წვრილმანი თავად გადაწყვიტონ, შემოგეშველონ, რომ შეგიმსუბუქდეს ტვირთი. 22 და წერილის შემომყვანებელად და შჯიდენ ერსა ყოველსა ჟამსა, ხოლო სიტყუასა უზეშთაესსა ძალისასა მოაწევდენ შენდა, ხოლო მცირეთა საშჯელთა შჯიდენ იგინი, და აღასუბუქებდენ შენგან და თანაშეგეწეოდინ შენ.
23 თუ ასე მოიქცევი, და ღმერთიც მოგცემს დარიგებებს, მაშინ გაუძლებ და ეს ხალხიც მშვიდობით დაბრუნდება თავის ადგილზე. 23 უკუეთუ სიტყუაჲ ესე ჰყო, განგაძლიეროს შენ ღმერთმან, და შემძლებელ იყო წინაშე დგომად; და ყოველი ესე ერი მივიდეს ადგილსა თჳსსა მშჳდობით.
24 ისმინა მოსემ თავისი სიმამრის სიტყვა და შეასრულა ყოველი მისი ნათქვამი. 24 და ისმინა მოსე ჴმაჲ სიმამრისა და ქმნა, რაოდენიცა მან თქუა.
25 გამოარჩია მოსემ მაგარი ხალხი მთელი ისრაელიდან და დანიშნა ისინი ერის თავკაცებად - ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. 25 და გამოირჩინა მოსე კაცნი ძლიერნი ყოვლისაგან ისრაჱლისა და ყვნა იგინი მათ ზედა ათასისთავ და ასისთავ და ერგასისთავ და ათისთავ
26 სჯიდნენ ისინი ერს ყოველ დროს; მძიმე საქმეს მოსეს მოახსენებდნენ, ხოლო წვრილმან საქმეებს თავად წყვეტდნენ. 26 და წერილის შემომყუანებელ, და შჯიდეს ერსა ყოველსა ჟამსა, ხოლო სიტყუასა უზეშთაესსა ძალისსა მიაწევდეს მოსეს მიმართ და ყოველსა სიტყუასა სუბუქსა შჯიდენ იგინი.
27 გაისტუმრა მოსემ სიმამრი და ისიც წავიდა თავისთვის თავის ქვეყანაში. 27 ხოლო წარგზავნა მოსე სიმამრი თჳსი და წარვიდა ქუეყანად თჳსსა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე