ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 აჰა, კანონები, რომლებიც უნდა დაუდგინო მათ: 1 და ესე აღრიცხვაჲ სამართალთა ჩემთა წინაშე მათსა.
2 თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს. 2 უკუეთუ მოიგო მონაჲ ებრაელი, ექუს წელ გმონებდეს შენ, ხოლო მეშჳდესა წელსა განვიდეს თავისუფალი ნიჭითა.
3 თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს. 3 ხოლო უკუეთუ თჳთ მხოლოჲ შემოვიდეს, მხოლოცა განვიდეს. ხოლო უკუეთუ ცოლი შემოვიდეს მის თანა, ცოლიცა განვიდეს მის თანა.
4 თუ პატრონმა უთხოვა ცოლი და ცოლმა ვაჟები და ასულები უშვა, ცოლიც და მისი შვილებიც პატრონისაა; თავად მარტო წავიდეს. 4 ხოლო უკუეთუ უფალმან მისმან უსუას მას ცოლი და უშვნეს მას ძენი, ანუ ასულნი, ცოლი და შჳლნი იყვნედ უფლისა მათისად და იგი მხოლოჲ განვიდეს.
5 თუ ყმა იტყვის: მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო, 5 ხოლო უკუეთუ მიუგოს და ჰრქუას მონამან: შევიყუარე უფალი ჩემი და ცოლი ჩემი და შვილნი ჩემნი და არა განვალ თავისუფალი.
6 მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე, მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვრიტოს ყური; მისი ყმა იქნება სამუდამოდ. 6 მიიყუანოს იგი უფალმან მისმან სამშჯავროსა ღმრთისასა და მერმე მიიყუანოს იგი კარად ზღურბლსა თანა და განუჴურიტოს მას უფალმან მისმან ყური სადგისითა და ჰმონებდეს მას უკუნისამდე.
7 თუ კაცი ვინმე მხევლად გაყიდის თავის ქალიშვილს, ყმასავით არ უნდა წავიდეს იგი. 7 უკუეთუ ვინმე მისცეს ასული თჳსი მონასა, არა განვიდეს, ვითარცა განვლენ მჴევალნი.
8 თუ თვალში არ მოუვიდა პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, თავი მაინც გამოასყიდვინოს; უფლება არა აქვს, უცხოს მიჰყიდოს, რადგან პირი უშალა. 8 ხოლო უკუეთუ არა სათნო-იყოს უფლისა თჳსისა, რომელი არა აღიარა მან წინაშე თუალთა, გამოიჴსნას იგი, ხოლო წარმართისა უცხოჲსა არა უფალ არს განსყიდისა მისისა, რამეთუ შეურაცხ-ყო იგი.
9 თუ თავის ვაჟიშვილზე დანიშნავს, როგორც ქალიშვილს, ისე უნდა მოექცეს. 9 ხოლო უკუეთუ ძედ აღიაროს იგი, სამართალთაებრ ასულთასა უყოს მას.
10 თუ სხვა ქალს შერთავს მას, საკვების, სამოსელის და სარეცელის უფლება არ უნდა წაერთვას. 10 და უკუეთუ სხუაჲ მიიყვანოს მან, სათანადოთაგან და შესამოსლისა და ზრახვისა მისისა არა დააკლოს იგი.
11 თუ ამ სამი რამით არ უზრუნველჰყო, ქალს შეუძლია გამოსასყიდის გარეშე წავიდეს. 11 ხოლო უკუეთუ სამნი ესე არა ყვნეს მან, განვიდეს იგი ცუდად თჳნიერ ვეცხლისა.
12 თუ კაცმა ცემით მოკლა კაცი, თავადაც უნდა მოკვდეს. 12 ხოლო უკუეთუ სცეს ვინმე ვისმე და მოკუდეს, იგიცა მოკუედინ.
13 თუ განზრახვა არ ჰქონია და ღმერთმა შეამთხვია, მე დავუნიშნავ ადგილს, სადაც უნდა შეაფაროს თავი. 13 ხოლო რომელმან არა ნებსით, არამედ ღმერთმან მისცა იგი ჴელთა მისთა. მისცე ადგილი, რომელსა მიივლტოდის მუნ კაცისმკულელი იგი.
14 თუ კაცს თვისტომის ჯავრი სჭირდა და მზაკვრულად მოკლა იგი, ჩემი სამსხვერპლოდან წაიყვანე მოსაკლავად. 14 ხოლო უკუეთუ ვინმე ზედა დაესხას მოყუასსა მოკლვად მისა ზაკვითა და მოივლტოდის იგი საკურთხეველისა მიმართ ჩემისა, გამოიყვანო იგი მოკლვად.
15 ვინც ხელს შემოჰკრავს თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. 15 რომელმან სცეს მამასა თჳსსა, ანუ დედასა, სიკუდილით მოკუდეს.
16 ვინც კაცს მოიპარავს და გაყიდის, ან მის ხელში აღმოჩნდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. 16 რომელმან მოჰპაროს ვისმე რაჲმე ძეთა ისრაჱლისათაგანსა და ჰმძლავროს მას მიხუეჭად და იპოოს მის თანა, სიკუდილით მოკუედინ.
17 ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. 17 ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს.
18 თუ კაცები ერთმანეთს წაეკიდნენ, ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი დაჰკრა, კაცი გადარჩა, მაგრამ ლოგინად ჩავარდა, 18 უკუეთუ ილალებოდინ ორნი მამაკაცნი და სცეს ვინმე მოყუასსა ქვითა, ანუ მჯიღითა და არა მოკუდეს, გარნა დავარდესვე ცხედარსა ზედა.
19 მერე თუ ფეხზე წამოდგა და ჯოხით გარეთ სიარული შეძლო, მისი მცემელი არ დაისჯება; მხოლოდ გაცდენილ დროს აუნაზღაურებს და უმკურნალებს. 19 უკუეთუ აღდგეს კაცი იგი და ვიდოდეს გარე კუერთხითა, უბრალო იყოს მცემელი იგი, გარნა უქმებისათჳს მისისა მიაგოს მისდა კურნებისაჲ.
20 თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს. 20 ხოლო უკუეთუ ვინმე სცეს მონასა თჳსსა, ანუ მჴევალსა კუერთხითა და მოკუდეს ჴელთა მიერ მისთა, პატიჟი მიეჴადოს,
21 ოღონდ თუ ერთს ან ორ დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი. 21 ხოლო უკუეთუ იცხორებოდისღა დღე ერთი, ანუ ორი, არა მიეჴადოს, რამეთუ ვეცხლი მისი არს.
22 თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ. 22 უკუეთუ ვინმე იბრძოდინ ორნი კაცნი და დასცეს დედაკაცი მუცელქუმული და განვიდეს ყრმაჲ მისი დაუხატველი, ზღვევით იზღვიოს, ვითარცა ინებოს ქმარმან მის დედაკაცისამან და მისცეს პატივისა თანა.
23 თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ. 23 ხოლო უკუეთუ დახატული იყოს, მისცეს სული ნაცულად სულისა,
24 თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ. 24 თუალი - ნაცულად თუალისა, კბილი - ნაცულად კბილისა, ჴელი - ნაცულად ჴელისა, ფერჴი - ნაცულად ფერჴისა.
25 დამწვრობა დამწვრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, ნატკენი ნატკენის წილ. 25 დამწუარი - ნაცულად დამწურისა, წყლული - ნაცულად წყლულისა, ნაგუემი - ნაცულად ნაგუემისა.
26 თუ კაცი თვის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, თვალის წილ უნდა გაათავისუფლოს. 26 უკუეთუ ვინმე სცეს თუალსა მონისა ანუ მჴევლისა თჳსისასა და დააბრმოს, თავისუფლად განავლინნეს იგინი ნაცულად თუალთა მათთა.
27 თუ ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, კბილის წილ უნდა გაათავისუფლოს. 27 უკუეთუ კბილი მონისა ანუ კბილი მჴევლისა თჳსისა აღმოჰფხურას, თავისუფლად განავლინნეს იგინი ნაცულად კბილისა მათისა.
28 თუ ხარი კაცს ან ქალს ურქენს და მოკლავს, ხარი უნდა ჩაიქოლოს; მისი ხორცი არ იჭმება; ხარის პატრონი უბრალოა. 28 უკუეთუ ურქინოს კურომან მამაკაცსა ანუ დედაკაცსა და მოკუდეს, ქვა-დაკრებულ იქმნეს კუროჲ და არა იჭამოს ჴორცი მისი, ხოლო უფალი კუროსა უბრალო იყოს.
29 თუ ხარი გუშინ და გუშინწინაც მორქენალი იყო და პატრონიც გაფრთხილებული ჰყავდათ, მაგრამ არ დააბა და ხარმა მოკლა კაცი ან ქალი, უნდა ჩაიქოლოს და მისი პატრონიც უნდა მოკვდეს. 29 ხოლო უკუეთუ კურო მრქენალი იყოს უწინარეს გუშინდლისა და უწინარეს ძოღანდლითგან, და უწამებდენ უფალსა მისსა და არა უჩინო-ყოს იგი, ხოლო მოკლას მამაკაცი, ანუ დედაკაცი, კუროჲ ქჳთა განიტჳნოს და უფალი მისი თანა მოკუდეს.
30 თუ გამოსასყიდს დაუწესებენ, გადაიხადოს სიცოცხლის გამოსასყიდად, რასაც დაუწესებენ. 30 ხოლო უკეთუ საჴსარი იგი ზედა ესვას მას, მისცეს საჴსარი სულისა მისისა ყოველთაებრ, რაოდენნი ზედა დაჰსხნენ მას.
31 თუ ვაჟიშვილს ურქენს, ან ქალიშვილს ურქენს, ამ კანონის მიხედვით მოექცნენ. 31 ხოლო უკუეთუ ძესა ურქინოს, ანუ ასულსა, სამართლისა ამისებრ უყონ მას.
32 თუ ყმას ურქენს ხარი ან მხევალს, ოცდაათი შეკელი ვერცხლი გადაუხადოს მათ პატრონს, ხარი კი ჩაქოლონ. 32 ხოლო უკუეთუ მონაჲ დარქინოს კურომან, ანუ მჴევალი, ოცდაათისა ვეცხლისა დიდრაქმაჲ მისცეს უფალსა მათსა და კუროჲ ქჳთა განიტჳნოს.
33 თუ კაცი ვინმე თავს ახდის ორმოს ან თუ ამოიღებს ორმოს და არ გადახურავს და შიგ ხარი ან ვირი ჩავარდება, 33 უკუეთუ ვინმე განაღოს ჯურღმული, ანუ აღმოჰკუეთოს ჯურღმული და არა დაბუროს იგი და შთავარდეს მას შინა ზუარაკი, ანუ ვირი,
34 ორმოს პატრონმა ვერცხლით უნდა აუნაზღაუროს საქონლის პატრონს; მკვდარი პირუტყვი კი მას დარჩება. 34 უფალმან ჯურღმულისამან გარდაიჴადოს: ვეცხლი მისცეს უფალსა მათსა, ხოლო მკუდარი მისი იყოს.
35 თუ ვინმეს ხარი მეზობლის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და მისი ფასი თანასწორად გაინაწილონ; მოკლულიც თანასწორად გაინაწილონ. 35 უკუეთუ ურქინოს კურომან ვისმანმე კუროსა მეზობლისასა და მოკუდეს, განსცეს კუროჲ იგი ცოცხალი და განიყონ ვეცხლი მისი და მომკუდარი იგიცა კუროჲ განიყონ.
36 თუ ხარი ადრეც მორქენალი იყო და პატრონს დაბმული არ ჰყავდა, ხარის წილ ხარი უნდა უზღოს; მევდარი კი მას დარჩეს. 36 ხოლო უკუეთუ ცნობილ იყოს, ვითარმედ მრქენალი არს პირველ გუშინდლისა და პირველ ძოღანდლისა და ეწამოს უფლისა მისისადა და არა უჩინო-ეყოს მას, მისცეს კუროჲ ნაცვლად კუროჲსა უფალსა მისსა, ანუ მისცეს ვეცხლი ნაცვლად კუროჲსა, ხოლო მომკუდარი იგი მისდა იყოს.
37 თუ ვინმე ხარს ან ცხვარს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, ხარის წილ ხუთი ხარი და ცხვრის წილ ოთხი ცხვარი უნდა ზღოს.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე