ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ასე უთხრა უფალმა მოსეს: 1 და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი:
2 უთხარი ისრაელიანებს, შესაწირავი ამიკრიფონ. ყველასგან, ვისაც გული უთქვამს, ამიკრიფეთ შესაწირავი. 2 არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და მიიხუენით ჩემთჳს დასაბამნი ყოველთაგან ნაყოფთა, რომელთაცა სთნდეს გულსა, მიიხუენით დასაბამნი ჩემთჳს.
3 აი, შესაწირავი, რომელიც უნდა აკრიფოთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. 3 და ესე არს ნაყოფი, რომელი მიიღო მათგან: ოქროჲ, ვეცხლი, რვალი,
4 ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლი, სელი და თხისური. 4 ჳაკინთი, პორფირი, ძოწეული ორკეცი, და ბისონი ძახილი და ბალანი თხათაჲ,
5 დათრიმლული ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები. 5 და ტყავნი მეწამულ-ქმნილნი და ტყავნი ჳაკინტინი და შეშანი ულპოლველნი,
6 გასანათებელი ზეთი და სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის. 6 ზეთი და სასაკუმევლე, ნელსაცხებელი და საკუმეველი,
7 სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები. 7 და ქვანი სარდიონნი და ქვანი საწახნაგებელნი სამჴართათჳს და პოდირისაჲ.
8 გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის. 8 და მიქმნე მე სიწმიდე და გეჩუენებოდი თქუენ შორის.
9 როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი. 9 და მიქმნე მე ყოვლისა მისებრ, რაოდენი მე გიჩუენო შენ მთასა ზედა მაგალითი კარვისაჲ და მაგალითი ჭურჭელთა მისთაჲ.
10 გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან; სიგრძე ორნახევარი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა. 10 ეგრეთ ჰქმნა. და ჰქმნა კიდობანი წამებისა ძელთაგან ულპოლველთა ორი წყრთა და ნახევარი სიგრძე და წყრთა და ნახევარი სივრცე მისი და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.
11 ხალასი ოქროთი მოჭედე შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ. 11 და ოქრომოსილ-ჰყო იგი ოქროჲთა წმიდითა შინათ და გარეთ, ოქრომოსილ-ჰყო იგი და ჰყვნე თხზულნი ოქროჲსანი ქცეულნი გარემოჲს მისსა.
12 ოთხი ოქროს რგოლი ჩამოასხი და ოთხსავე კუთხეში მიუმაგრე; ორი რგოლი ერთ მხარეს, ორი რგოლი მეორე მხარეს. 12 და განშჭედნე იგინი ოთხად ბეჭდად ოქროსად და დაჰსხნე ოთხთა კიდეთა ზედა ორნი ბეჭედნი ერთსა კიდესა ზედა და ორნი ბეჭედნი სხუასა კიდესა ზედა.
13 გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე. 13 და ჰქმნე აღსაღებელნი ძელთაგან ულპოლველისა და ოქრომოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა.
14 კეტები რგოლებში გაუყარე კიდობნის გვერდების გასწვრივ, ისე რომ კიდობნის ტარება შეიძლებოდეს. 14 და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა შინა, რომელნი არიან კიდეთა ზედა კიდობნისათა აღებად კიდობნისა მათ მიერ.
15 კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი კეტები, არასოდეს არ გამოაძროთ. 15 ბეჭედთა შინა კიდობნისა მის აღთქმისათა იყვნენ აღსაღებელნი შეურრყეველ.
16 ჩასდებ კიდობანში აღთქმას, რომელსაც მოგცემ. 16 და შთაჰსხნე კიდობანსა შინა წამებანი, რომელნიცა მოგცნე შენ.
17 გაუკეთებ სახურავს ხალასი ოქროსგან, სიგრძე ორნახევარი წყრთა იქნება, ერთნახევარი წყრთა - სიგანე. 17 და ჰქმნა სალხინებელი ზედა დასადებელი ოქროჲსა წმიდსაჲ ორი წყრთა და ნახევარი სიგრძე მისი და წყრთა და ნახევარი სივრცე მისი.
18 ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ. 18 და ჰქმნე ორნი ქერობინნი ოქროჲსანი წახნაგებულნი და დაჰსხნე იგინი ორკერძოთაგანვე კიდეთა სალხინებელისათა.
19 ერთ ქერუბიმს ერთს კიდეზე დაამაგრებ, მეორე ქერუბიმს - მეორე კიდეზე. სახურავის ზემოთ ორსავე კიდეზე დაამაგრე ქერუბიმები. 19 და იქმნნენ ქერობინი ერთი კიდისა ამისგან და ქერობინი ერთი კიდისაგან მეორისა სალხინებელისა მის.
20 თავსზემოთ ჰქონდეთ ფრთები გადმოშლილი ქერუბიმებს, რომ ფრთებმა დაფარონ სახურავი; პირი ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიქცეული, სახურავს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბიმები. 20 და ჰქმნნე ორნი ქერობინნი ორთა ზედა კიდეთა მისთა, იყვნენ ქერობინნი განმპყრობელნი ფრთეთანი ზედა კერძო მაგრილობელნი ფრთეებითა მათითა სალხინებელსა ზედა და პირნი მათნი ურთიერთას მიმართ სალხინებელისა მიმართ, იყვნენ პირნი ქერობინთანი. და დასდვა სალხინებელისა კიდობანსა ზედა ზენათ.
21 ზემოდან დაადე სახურავი კიდობანს, ხოლო კიდობანში მოწმობა ჩადე, რომელსაც მე მოგცემ. 21 და კიდობანსა შინა დაჰსხნე საიდუმლონი, რომელნიცა მიგცნე შენ.
22 მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ. 22 და გეცნობო მე შენ მუნით და გეტყოდი შენ ზენა კერძოჲთ, სალხინებლისათ საშუალ ორთა ქერობინთასა, რომელნი არიან კიდობანსა ზედა წამებისასა, ყოველთა მათებრ, რაოდენნიცა გამცენ შენ ძეთა მიმართ ისრაჱლისათა.
23 გააკეთებ ტაბლას ურთხელისგან: სიგრძე ორი წყრთა იქნება, სიგანე - ერთი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა. 23 და ჰქმნე ტაბლაჲ ძელთაგან ულპოლველისა ორი წყრთა სიგრძით და წყრთაჲ სივრცით და წყრთა და ნახევარი სიმაღლე მისი.
24 წმიდა ოქროთი მოჭედავ მას და ირგვლივ ოქროს გვირგვინს შემოავლებ. 24 და აქმნნე მას კიდენი ოქროჲსა წმიდისანი თხზვით გარემო.
25 ერთი მტკაველი სიმაღლის კედელი გაუკეთე ირგვლივ და ოქროს გვირგვინი შემოავლე კედელს. 25 და აქმნე მას გჳრგჳნი ოთხგოჯეული გარემოჲს და აქმნე ქუეით თხზული გარემოჲს გჳრგჳნისა.
26 ოთხი ოქროს რგოლი გაუკეთე და ოთხსავე კიდეზე ოთხსავე ფეხთან მიუმაგრე. 26 და აქმნე მას ოთხნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაასხნე ბეჭედნი იგი ოთხთა ზედა კერძოთა ფერჴთა მისთასა.
27 კეტების გასაყრელად უნდა იყოს რგოლები კედლებზე, ტაბლის ტარება რომ შეიძლებოდეს. 27 გჳრგჳნსა ქუეშე, და იყვნენ ბეჭედნი იგი შესაცუმელად აღსაღებელთა მათ, რათა აღიღებოდის მათ მიერ ტაბლაჲ იგი.
28 გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე; მათი მეშვეობით ატარონ ტაბლა. 28 და ჰქმნნე აღსაღებელნი იგი ძელთაგან ულპოლველთა და ოქროჲთა, მოსილ-ჰყვნე იგინი ოქროჲთა წმიდითა და აღიღებოდის მათ მიერ ტაბლაჲ იგი.
29 გააკეთე მისთვის თეფშები, კოვზები, თასები და საღვრელის დასაღვრელი სამწდეოები; ხალასი ოქროსგან გააკეთე. 29 და ჰქმნე პინაკები მისი და ფიალები და ტაკუკები და ბარძიმები და შთასაყოფელები, რომლითა შესწირვიდე მათ მიერ, ოქროჲსაგან წმიდისა ჰქმნნე იგინი.
30 მუდამ გეწყოს ტაბლაზე ჩემს წინაშე დასადებელი პური. 30 დააგნე ტაბლასა ზედა პურნი საწინაშონი წინაშე ჩემსა მარადის.
31 გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან; ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე; მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს. 31 და ჰქმნე სასანთლე ოქროჲსაგან წმიდისა, წახნაგებულად ჰქმნე სასანთლე. ღერი მისი და ლელწმის სახენი და ტაკუკნი და ბირთჳს სახენი და შროშანნი მისგან იყვნენ.
32 ექვსი რტო უნდა გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი რტო ერთი მხრიდან, სასანთლის სამი რტო მეორე მხრიდან. 32 და ექუსნი ლელწმის სახენი გამოვიდოდინ გუერდთაგან: სამნი ლელწმის სახენი სასანთლისანი გუერდისაგან მისისა ერთისა და სამნი ლელწმის სახენი გუერდისაგან მეორისა.
33 სამი ნუშისებური ჯამი ერთ რტოზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებური ჯამი მეორე რტოზე, კვირტი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან. 33

და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა, ესრეთ ექუსთა ლელწმის სახეთა გამომავალთა სასანთლისაგან.

34 სასანთლის ღეროზე კი ოთხი ნუშისებური ჯამი, თავ-თავისი კვირტებითა და ყვავილებით. 34 და სასანთლესა მას ოთხნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი ბირთჳს სახენი და შროშანნი მისნი.
35 ერთი კვირტი ორ რტოს ქვეშ, ერთი კვირტი კიდევ ორ რტოს ქვეშ, და ერთი კვირტიც კიდევ ორ რტოს ქვეშ, ექვსსავე რტოს ქვეშ, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან. 35 ბირთჳს სახე ქუეშე: ორთა ლელწმის სახეთა მისგან და ბირთჳს სახე ქუეშე ორთა ლელწმის სახეთა მისგან, ესრეთ ექუსნი ლელწმის სახენი გამომავალნი სასანთლისაგან.
36 მათი კვირტები და რტოები ერთიანი უნდა იყიოს. ერთიანად უნდა იყოს ნაჭედი მთლიანი ხალასი ოქროსაგან. 36 ბირთჳს სახენი და ლელწმის სახენი მისგან იყვნენ ყოველი წახნაგებული, ერთისაგან ოქროჲსა წმიდისა.
37 გაუკეთე შვიდი ლამპარი, რომ აანთონ ეს ლამპრები მისი წინა მხარის გასანათებლად. 37 და ჰქმნე სასანთლენი მისნი შჳდნი და ზედა დაჰსხნე სანთელნი მისნი და ნათობდენ ერთისაგან პირისა.
38 მაშები და აქანდაზები ხალასი ოქროსაგან გააკეთე. 38 და მოსაყოფელი მისი და ქუეშე შესადგმელი მისი ოქროჲსაგან წმიდისა.
39 ერთი ქანქარი ხალასი ოქროსაგან გააკეთონ იგი მთელი ამ მოწყობილობითურთ. 39 ტალანტისაგან ოქროჲსა წმიდისა ჰქმნნე ყოველნი ესე ჭურჭელნი.
40 იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე. 40 იხილე, ჰქმნე წესისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე