ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გააკეთე სამსხვერპლო ურთხელისგან, ხუთი წყრთა ჰქონდეს სიგრძე, ხუთი წყრთა - სიგანე. ოთხკუთხა იყოს სამსხვერპლო და სამი წყრთა ჰქონდეს სიმაღლე. 1 და ჰქმნე საკურთხეველი ძელთაგან ულპოლველთა ხუთ წყრთა სიგრძე და ხუთ წყრთა სივრცე მისი, მოთხვითი იყოს საკურთხეველი იგი და სამი წყრთა სიმაღლე მისი.
2 გაუკეთე რქები ოთხსავე კუთხეში; კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს რქები. სპილენძით მოჭედე ისინი. 2 და უქმნნე რქანი ოთხთა კიდეთა მისთა. მისგანვე იყვნენ რქანი მისნი და დაჰფარნე იგინი რვალითა.
3 გაუკეთე ქვაბები ნაცრისთვის, ნიჩბები, ჩანგლები და აქანდაზები. მისი ყველა იარაღი სპილენძისგან გააკეთე. 3 და უქმნნე გჳრგჳნი საკურთხეველსა, დასაბურავი მისი და ფიალები მისი და ფუცხუები მისი და საცეცხური მისი და ყოველი ჭურჭელი მისი ჰქმნე რვალისა.
4 გაუკეთე ბადისებური ცხაური სპილენძისაგან; გაუკეთე ბადეს სპილენძის ოთხი რგოლი ოთხსავე კუთხეში. 4 და უქმნე ლანძჳ ბადის სახე რვალისაჲ და აქმნე ლანძუსა ოთხნი ბეჭედნი რვალისანი ოთხთა კიდეთა მისთა.
5 ქვეშიდან შეუდგი იგი სამსხვერპლოს. ბადე სამსხვერპლოს შუამდე უნდა სწვდებოდეს. 5 და შემოუდრიკნე იგინი ლანძუსა მას საკურთხეველისასა ქუეშე კერძო, ხოლო იყოს ლანძჳ იგი ვიდრე ნახევრადმდე საკურთხეველისა.
6 გაუკეთე კეტები სამსხვერპლოს, ურთხელის კეტები, და სპილენძით მოჭედე. 6 და უქმნე აღსაღებელი საკურთხეველსა მას ძელთაგან ულპოლველთა და გარე შეჰრვალნე იგინი რვალითა.
7 რგოლებში გაუყარე კეტები; სამსხვერპლოს ორივე მხარეს იყოს კეტები მის სატარებლად. 7 და განუხუნე აღსაღებელნი იგი ბეჭედთა მათ და იყვნენ აღსაღებელნი იგი ორთავე გუერდთა საკურთხეველისათა აღსაღებელად მისსა.
8 ღრუ გააკეთე იგი, ფიცრებისგან; როგორც მთაზე გეჩვენა, ისე გააკეთონ. 8 გრძელოვნად ფიცრედად ჰქმნე იგი ჩუენებულისაებრ შენდა მთასა ზედა, ეგრეთ ჰქმნნე.
9 ეზო გაუკეთე სავანეს; სამხრეთ მხარეს ფარდები ჰქონდეს ეზოს გრეხილი სელისგან, ასი წყრთა სიგრძისა ერთ მხარეს. 9 და ჰქმნე ეზოჲ ტაძრისა კერძოჲსაჲ სამხრად მიმართსა, კრეტსაბმელი ეზოჲსაჲ ბისონისგან ძახილისა, სიგრძე - ასი წყრთაჲ ერთისა მის მომრგულებისაჲ.
10 ოცი სვეტი და ოცი მისი კვარცხლბეკი სპილენძისა; სვეტების კავები და მათი სამაგრები ვერცხლისა. 10 და სუეტნი მათნი ოცნი და ხარისხნი მათნი - ოცნი რვალისანი და კარშიკნი მათნი და მარწუხნი მათნი - ვეცხლისანი.
11 ასევე ჩრდილოეთ მხარეს მთელს სიგრძეზე ასი წყრთა სიგრძის ფარდა და ოცი სვეტი ოცი სპილენძის კვარცხლბეკითურთ, სვეტების კავები და მისი სამაგრები ვერცხლისა. 11 ეგრეთვე კერძოსა აღმოსავლად მიმართსა - კრეტსაბმელი, ასი წყრთა სიგრძით და სუეტნი მისნი ოცნი - რვალისანი და ხარისხნი მისნი ოცნი - რვალისანი და კარშიკნი მისნი და მარწუხნი სუეტთანი და ხარსხნი - გარემოვეცხლულ ვეცხლითა.
12 ეზოს სიგანეზე დასავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა სიგრძის ფარდები; და ათი სვეტი მისი ათი კვარცხლბეკითურთ. 12 ხოლო სივრცე ეზოჲსა ზღჳთ კერძოჲსა - კრეტსაბმელი წყრთაჲ ერგასისი, სუეტნი მისნი - ათ და ხარისხნი მათნი - ათ.
13 ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს ათი წყრთა ფარდა. 13 ხოლო სივრცე ეზოჲსა ჩრდილო კერძოჲსაჲ - კრეტსაბმელი წყრთაჲ ერგასისი, სუეტნი მათნი - ათ და ხარისხნი მათნი - ათ.
14 თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთი ფრთისთვის და სამი სვეტი სამი კვარცხლბეკითურთ. 14 და ათხუთმეტი წყრთაჲ - სიმაღლე კრეტსაბმელთა ერთისა მის კერძოჲსათა, სუეტნი მათნი - სამ და ხარისხნი მათნი - სამ.
15 მეორე ფრთისთვის თხუთმეტი ფარდა და სამი სვეტი სამი კვარცხლბეკითურთ. 15 და მეორისა კერძოჲსა - ათხუთმეტი წყრთაჲ სიმაღლე კრეტსაბმელთა, სუეტნი მათნი - სამ და ხარისხნი მათნი - სამ.
16 ეზოს კარისთვის ჩამოსაფარებელი ოცი წყრთა ლურჯი, ძოწისფერი ქსოვილისაგან და გრეხილი სელისაგან მოქარგული; ოთხი სვეტი ოთხი კვარცხლბეკითურთ. 16 და ბჭესა მას ეზოჲსასა საბურველი - ოცი წყრთაჲ სიმაღლით ჳაკინთისაგან და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა ჭრელად ნემსულისა სუეტნი მისნი - ოთხ და ხარისხნი მისნი - ოთხ.
17 ეზოს ყველა სვეტს ირგვლივ ვერცხლის სამაგრები უნდა ჰქონდეს; კავები - ვერცხლის, ხოლო კვარცხლბეკები - სპილენძის. 17 ყოველნი სუეტნი ეზოჲსანი გარემოჲს - რვალისანი და მოვეცხლილნი ვეცხლითა, სუეტის თავნი მათნი - ვეცხლისანი და ხარისხნი მაინი - რვალისანი.
18 ეზოს სიგრძე ასი წყრთა, სიგანე ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლე ხუთი წყრთა. ფარდები გრეხილი სელისა, კვარცხლბეკები სპილენძისა. 18 ხოლო სიგრძე ეზოჲსა - ასი ასსა თანა და სივრცე - ერგასისი ერგასისსა თანა, და სიმაღლე - ხუთ წყრთა ბისონისაგან გრეხილისა და ხარისხნი მათნი რვალისანი.
19 სავანის ყველა ჭურჭელი, რაც კი იქ უნდა მოიხმარონ, ყველა მისი პალო და ეზოს ყველა პალო სპილენძის უნდა იყოს. 19 და ყოველი სამზადისი კარვისა და ყოველნი ჭურჭელნი და მანანი მის ეზოჲსანი - რვალისანი.
20 უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. 20 და შენ ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიღე ზეთი ზეთთაგან უთხლეო, წმიდა, წურვილი სანთებლად, რათა მარადის ენთებოდის სასანთლე.
21 სადღესასწაულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც ფარავს მოწმობის კიდობანს, ანთებული ჰქონდეთ იგი აარონს და მის შვილებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წესი ისრაელიანებისთვის თაობიდან თაობაში. 21 კარავსა შინა წამებისასა გარეშე კრეტსაბმელსა ზედა კერძოსა აღთქუმისასა ანთებდენ მას აჰრონ და ძენი მისნი მწუხრითგან ვიდრე განთიადადმდე წინაშე უფლისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შინა თქუენსა ძეთა მიერ ისრაჱლისათა.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე