ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, თავი მოიყარეს აარონთან და უთხრეს მას: ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა. 1 და ვითარცა იხილა ერმან მან, რამეთუ დაყოვნა მოსე გარდამოსლვად მიერ მთით, შეკრბა ერი იგი აჰრონის ზედა და ჰრქვეს მას: აღდეგ და მიქმენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინაგჳძღოდიან ჩუენ, რამეთუ კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას.
2 უთხრა მათ აარონმა: დახსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და აქ მომიტანეთ. 2 და ჰრქუა მათ აჰრონ: გამოუღეთ საყურები ოქროჲსა ყურთაგან ცოლთა თქუენთა და ასულთაგან თქუენთა და მომართვით აქა.
3 დაიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები ყურებიდან და მიუტანა აარონს. 3 და გამოიჴადა ყოველმან ერმან საყურები ოქროჲსა ყურთაგან მათთა და მოართვეს აჰრონს.
4 გამოართვა აარონმა, საჭრეთელით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს. 4 და მოიღო იგი ჴელთაგან მათთა და გამოუქმნა იგი გამოწერით და შექმნა ჴბო გამოდნობილად დასხმით. და თქვეს: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაილ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით.
5 ეს რომ დაინახა აარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ. გამოაცხადა აარონმა და თქვა: საუფლო დღესასწაულია ხვალ! 5 და იხილა აჰრონ და უშენა საკურთხეველი წინაშე მისა და ქადაგი განავლინა მათა აჰრონ და ჰრქუა: დღესასწაული არს უფლისაჲ ხვალე.
6 მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ და შესწირეს აღსავლენი და მიიტანეს სამადლობელი მსხვერპლი. დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. მერე ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს. 6 და აღიმსთო ხვალისაგან და შეწირა მსხვერპლები. და მოიღო შესაწირავი ცხორებისა და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.
7 უთხრა უფალმა მოსეს: ძირს ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. 7 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: გარდაგვალე ადრე ამიერ, რამეთუ უშჯულო იქმნა ერი შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით.
8 მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე. ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს. 8 და გარდაჴდეს ადრე გზისა მისგან რომელი ამცენ მათ, იქმნეს თავისა მათისა ჴბოჲ გამოდნობილი და თაყუანის-სცეს მას და თქვეს: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელმან აღმოგიყუანა შენ ქუეყანით ეგჳპტით.
9 უთხრა უფალმა მოსეს: ვხედავ ამ ხალხს, თვითრჯული ყოფილა ეს ხალხი. 9 და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვიხილე ერი იგი, აჰა, ერი ქედფიცხელი არს.
10 ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო. 10 და აწ მიტევე მე და განვრისხნე გულისწყრომითა დიდითა. და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად.
11 ვედრება დაუწყო მოსემ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: რისთვის უნდა აინთო რისხვით, უფალო, ამ ხალხის მიმართ, რომელიც ეგვიპტიდან გამოგიყვანია დიადი ძალითა და მაგარი მკლავით. 11 და ევედრა მოსე უფალსა ღმერთსა და ჰრქუა: რაჲსათჳს განრისხნები ერსა შენსა ზედა გულისწყრომითა შენითა, რომელი აღმოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ძალითა დიდითა და მკლავითა მაღლითა?
12 რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და თავი შეიკავე ამ ხალხის დაღუპვისაგან. 12 ნუუკუე თქუან მეგჳპტელთა მათ, ვითარმედ ზაკჳთ განიყვანა იგინი ღმერთმან მოწყვედად მთათა ზედა და აჴოცად მათა ქუეყანით, დასცხერ რისხჳსაგან გულისწყრომისა შენისა და ლხინება-ყავ უკეთურებისა მისთჳს ერისა შენისა.
13 გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მორჩილნი, რომელთაც შენ თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდრონო. 13 მოიჴსენე აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, მსახურთა შენთა, რომელთა-იგი ეფუცა თავისა შენისა, ეტყოდე და ჰრქჳ: ფრიად განვამრავლო ნათესავი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა და ყოველი ესე ქუეყანაჲ, რომელ სთქუ, მიცემად ნათესავსა მათსა, და დაიპყრან იგი უკუნისამდე.
14 გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება თავის ერს. 14 და ლხინებაჲ-ყო ბოროტისა მისთჳს ერისა, რომელ თქუა ყოფად მათდა.
15 პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო. 15 მოიქცა მოსე და გარდამოვიდოდა მიერ მთით და ორნი იგი ფიცარნი წამებისანი ჴელთა მისთა, ფიცარნი ქვისანი, რომელნი წერილ იყო ორკერძოვე (იმიერ და ამიერ).
16 ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი. 16 ფიცარნი იგი ქნულნი ღმრთისანი იყვნეს და წერილი იგი იყო წერილი ღმრთისაჲ გამოდგმულ ფიცართა მათ.
17 მოესმა იესოს ხალხის ხმაური და უთხრა მოსეს: საომარი ყიჟინაა ბანაკში. 17 და ესმა ისოს, ძესა ნავესასა, ჴმაჲ იგი ერისა მის და ჰრქუა მოსეს: ჴმაჲ ბრძოლისა მესმის ბანაკსა მას.
18 თქვა მოსემ: ეს არც გამარჯვების ყიჟინაა და არც დამარცხების ზარი, არამედ სიმღერის ხმები მესმის. 18 და ჰრქუა: არა არს ჴმაჲ ესე მთავართაგან ძლევისა, არამედ ჴმაჲ განცხრომისა.
19 როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას. 19 და ვითარცა მოეახლა ბანაკსა მას, იხილა ჴბოჲ იგი და მწყობრი და განრისხნა მოსე გულისწყრომითა და განუტევა ჴელთაგან თჳსთა ორნი იგი ფიცარნი და შემუსრნა იგინი მთასა მას ქუეშე.
20 აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა. 20 და ჴბოჲ იგი, რომელ ქმნეს, დაწვა იგი ცეცხლითა, დამუსრნა წვლილად და შთააბნია იგი წყალსა და ასვა იგი ძეთა ისრაჱლისათა.
21 უთხრა მოსემ აარონს: რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთ დიდ ცოდვაში რომ ჩააგდე. 21 და ჰრქუა მოსე აჰრონს: რაჲ გიყო ერმან ამან, რამეთუ მოაწიე მათ ზედა ცოდვაჲ დიდი.
22 უთხრა აარონმა: რისხვით ნუ აინთება ჩემი ბატონი. შენც იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი. 22 და ჰრქუა აჰრონ მოსეს: ნუ განრისხნები, უფალო, რამეთუ შენ უწყი სლვა ერისა ამის.
23 მითხრეს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც მიგვიძღოდნენ წინ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ მოსეს, კაცს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა. 23 რამეთუ მრქუეს მე: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინამიძღოდიან ჩუენ. რამეთუ მოსე, კაცი იგი, რომელმან გამომიყვნა ჩუენ ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას.
24 მე ვკითხე: ვისა გაქვთ ოქრო? მათაც მოიხსნეს და მე ჩამაბარეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა. 24 და ვარქუ მათ: ვის აქუს ოქროჲ, გამოიღენ. და მომცეს მე და შევაბნიე ცეცხლსა და გამოჰჴდა ჴბო ესე.
25 დაინახა მოსემ, რომ გახელებული იყო ეს ხალხი, რომ გაახელა იგი აარონმა მისი მტრებისგან ყბადასაღებად. 25 და ვითარცა იხილა მოსე ერი, რამეთუ განქარდეს და რამეთუ განაქარვა იგინი აჰრონ მოსაცხრომელად მტერთა მათთა.
26 ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა, ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან ლევიანები. 26 დადგა მოსე ბჭეთა თანა ბანაკისათა და თქუა: ვინ არს უფლისა კერძო, მოვედინ ჩემდა. და შეკრბეს მისა ყოველნი ძენი ლევისანი.
27 უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი. 27 და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: შეიბ კაცად-კაცადმან მახჳლი წელთა მისთა და განვლეთ და მოაქციეთ ბჭით ბჭედ ბანაკისა მაგისაგან და მოკალნ კაცად-კაცადმან ძმა თჳსი და კაცად-კაცადმან მოყუასი თჳსი და კაცად-კაცადმან მახლობელი თჳსი.
28 მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს. 28 და ყვეს ძეთა ლევისათა, ვითარცა ეტყოდა მათ მოსე და დაეცნეს მას დღესა შინა ოცდასამი ათასი კაცი.
29 თქვა მოსემ: აივსეთ ხელი დღეს უფლისათვის, რადგან კაცი თავისი ძითა და ძმით არის, რათა კურთხევა გადმოვიდეს დღეს თქვენზე. 29 და ჰრქუა მათ მოსე: აღასრულეთ ჴელითა თქუენითა დღეს უფლისა მიმართ კაცად-კაცადმან ძესა თჳსსა ზედა და ძმასა მოცემად თქუენდა კურთხევისა.
30 მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო ვაპატიებინო თქვენთვის ეს ცოდვა. 30 და იყო ხვალისაგან და ჰრქუა მოსე ერსა მას: თქვენ სცოდეთ ცოდვა დიდი და აწ აღვიდე მე ღმრთისა, რათა გილხინოს ცოდვათა თქუენთათჳს.
31 დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა. 31 მიაქცია მოსე უფლისა და ჰრქუა: გევედრები, უფალო, ცოდა ერმან ამან ცოდვა დიდი და იქმნეს თავისა თჳსისა კერპნი ოქროჲსანი და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ.
32 ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან. 32 უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე.
33 უთხრა უფალმა მოსეს: ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან. 33 და ჰრქუა უფალმან მოსეს: რომელმან ცოდა, აღვჴოცე იგი წიგნისაგან ჩემისა.
34 ახლა წადი და წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. განკითხვის დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს. 34 ხოლო აწ ვიდოდე და წარუძეღუ ერსა მაგას ადგილსა მას, რომელსა გარქუ შენ. აჰა ესერა, ანგელოზი ჩემი წარგიძღვეს წინაშე პირსა შენსა, რომელსა დღესა მოვხედო, მოვჴადო მათ ზედა ცოდვა მათი.
35 დასაჯა ხალხი უფალმა იმის გამო, რომ გააკეთეს ხბო, რომელიც აარონმა გააკეთა. 35 და მოვსრა მე უფალმან ერისა მისგან ჴბოჲსა მის საქმისათჳს, რომელი-იგი ქმნა აჰრონ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე