ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 შეუდგნენ საქმეს ბეცალიელი, ოჰოლიაბი და ყველა გულბრძენი კაცი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ. 1 და იქმოდეს ბესელიელ და ელიაბ და ყოველი ბრძენი გონებითა, რომელთა მისცა უფალმან სიბრძნე და მეცნიერება მათ შორის გულისხმის-ყოფად საქმედ ყოველსავე მას საქმესა მის სიწმიდისა ჯეროვანად ყოვლისა მისთჳს საქმისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან.
2 მოუხმო მოსემ ბეცალიელს, ოჰოლიაბს და ყველა გულბრძენ კაცს, რომელსაც უფალმა ჩაუდო სიბრძნე გულში, ყველას, ვისაც გული ერჩოდა შესდგომოდა საქმეს და ემუშავა. 2 მოუწოდა ბესელიეს და ელიაბს მოსე და ყოველსა, რომელსა აქუნდა გულისხმის-ყოფაჲ, რომელსა მოსცა ღმერთმან მეცნიერებაჲ გულსა მისსა და ყოველთავე მათ ნებსით მომავალთა, რომელთა უნდა მოსლვად საქმისა აღსრულებად მისსა.
3 ჩაიბარეს მოსესგან მთელი შემოწირულება, რაც კი მოტანილი ჰქონდათ ისრაელიანებს საწმიდარისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გასაკეთებლად; და კვლავაც გულუხვად მიჰქონდათ მასთან ყოველ დილას. 3 და მიიღეს მოსესგან ყოველივე შეწირული, რომელი მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა ყოვლისა მისთჳს საქმისა სიწმიდისა საქმედ მისა და ესენიცა მოიღებდეს განთიად, რომელი მოაქუნდა მერმე შემწირველთა მათ.
4 მოვიდა ყველა ბრძენკაცი, საწმიდარის ყოველგვარი საქმის მკეთებელი, თავ-თავისი საქმის მცოდნენი, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო, 4 და მოვიდეს ყოველი იგი ბრძენნი, რომელნი იქმოდეს საქმესა მას წიდისასა, რომელსა იქმოდენ იგინი კაცად-კაცადი საქმისაებრ თჳსისა.
5 და ასე უთხრეს მოსეს: უფრო მეტი მოაქვს ხალხს, ვიდრე უფლისაგან ნაბრძანები საქმის გასაკეთებლად არის საჭირო. 5 ჰრქუეს მოსეს, ვითარმედ: ფრიად მააქუს ერსა ამას უმეტეს საქმარისა მის. რომელი ბრძანა უფალმან საქმედ.
6 მაშინ ბრძანა მოსემ და გამოაცხადეს ბანაკში: ნურც მამაკაცი, ნურც დედაკაცი ნუღარაფერს გაამზადებს საწმიდარისთვის შესაწირავად. შეწყვიტა ხალხმაც მოტანა. 6 უბრძანა მოსე და ქადაგებდეს ბანაკსა მას შინა და იტყოდეს: მამაკაცი და დედაკაცი ნურღარა მოგაქუს ჴსნილად საჴმრად ნივთი იგი კაცისა მის სიწმიდისა, ამიერითგან კმა-ყვედ.
7 რაც კი შემოტანილი იყო, საკმარისი აღმოჩნდა მიელი საქმის გასაკეთებლად და ზედმეტადაც კი დარჩა. 7 და დააცადა ერმან მან არღარა მოღებად, რამეთუ კმა-ეყო მზა იგი ნივთი, კარვისა მის საქმე წარემართებოდა და ნივთი იგი გარდაერეოდა.
8 გააკეთა ყველა გულბრძენმა კაცმა, რაც სავანისთვის ჰქონდათ გასაკეთებელი: გრეხილი სელის და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერურიმებიც ამოქარგეს ზედ. 8 და ქმნეს ყოველთა ბრძენთა გონებითა მოქმედთა მათ საქმისათა კარავი იგი ათ ეზოედად იაკინთისაგან სთულისა მეწამულისა, და პორფირისა, და ძოწეულისა ძახილისა ქერობინებრ ქმნილად.
9 თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყო და სიგანე თითოეული ნაჭრისა - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა იყო. 9 სიგრძე ეზოჲსა ერთისა ფელიკისა მის ოცდარვა წყრთა მისი, და სივრცე ოთხით წყრთით ერთისა მის ფელიკისა. და ყოველთავე ფელიკთა ზომა ეგრეთვე იყო.
10 ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადააკერა, მეორე ხუთი ნაჭერიც ერთმანეთს გადააკერა. 10 შეაბრძვილო ხუთნი იგი ფელიკნი სხვათა მათ ხუთთა ფელიკთა ზედა, და ხუთნიცა სხუანი იგი ფელიკნი - ხუთთა მათ სხვათავე ზედა.
11 გაუკეთა ლურჯი კილოები ერთ ნაჭერს ბოლო გადანაკერის კიდეზე; ასევე გაუკეთა ნაჭერს უკანასკნელი გადანაკერის კიდეზე. 11 და ჰქმნა წალაები ვიაკინთისაგან გარეგან ერთისა მის ფელიკისა.
12 ორმოცდაათი კილო გაუკეთა ერთ ნაჭერს და ორმოცდაათი კილო გაუკეთა მეორე ნაჭერს ბოლო გადანაკერის კიდეზე ისე, რომ კილოები ერთმანეთს მისადაგებოდა. 12 კიდით კიდე შეაბრძვილო გარემოჲს, ეგრეთვე ყო გარეგნითცა ფელიკნი მეორენი შებრძვილებულად.
13 გააკეთა ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და გადააბა ერთმანეთს ნაჭრები კაუჭებით, ისე რომ ერთი მთლიანი კარავი გამოვიდა. 13 წალაები ერგასნი უქმნა ერთსა ფელიკსა და წალაები ერგასნი უქმნა გვერდით მეორისა ფელიკისა მეორისაებრ შებრძჳლებულსა, რათა შეებრძვილოს ურთიერთას წალაებთა ურთიერთს თანა. და უქმნა კარშიკები ოქროჲსა ერგასი შესაკინძველად ფელიკთა ურთიერთს თანა კარშიკებითა მით, რათა იქმნას შებრძჳლებულად ერთად.
14 დაამზადა ნაჭერი თხისურისგან სავანის გადასაფარებლად; თორმეტი ასეთი ნაჭერი დაამზადა. 14 უქმნა ფელიკნი ბალანთაგან საბურველად კარვისა მის, ათერთმეტნი ფელიკნი უქმნა მას.
15 ერთი ნაჭრის სიგრძე ოცდაათი წყრთა იყო, სიგანე ერთი ნაჭრისა - ოთხი წყრთა; ერთი ზომისა იყო დანარჩენი თერთმეტი ნაჭერი. 15 სიგრძე ერთისა მის ფელიკისა - ერგასი წყრთა და სივრცე ერთისა ფელიკისა - ოთხი წყრთა, ზომით ეგრეთვე იყოს ათერთმეტთა მათ ფელიკთანი.
16 ხუთი ნაჭერი ცალკე გადააბა ერთმანეთს, ხუთი - ცალკე. 16 და შეაბრძვილნა ხუთნი ფელიკნი ერთად და ექუსნი იგი ფელიკნი ერთად
17 გააკეთა ორმოცდაათი კილო ბოლო ნაჭრის კიდეზე, გადასაბმელთან და ორმოცდაათი კილო გააკეთა მეორე გადასაბმელი ნაჭრის კიდეზე. 17 და ქმნა ერგასნი წალაები გარემოჲს ფელიკთა მათ შორის შესაბრძჳლველად. და ქმნა ერგასნიცა სხვანი წალაები გარემოჲს ფელიკთა მათ მეორისა შებრძვილებულისა თანა.
18 გააკეთა ორმოცდაათი სპილენძის კაუჭი გადასაფარებლის გადასაბმელად, რომ ერთი მთლიანი გამოსულიყო. 18 და შექმნა კარშიკები რვალთაგან ერგასნი და შესაკინძველად კარვისა, რათა იქმნას ერთ.
19 გაუკეთა გადასაფარებელს გადასახურავი დათრიმლული ტყავებისგან და ზემოდან გადასახურავი თახაშის ტყავებისგან. 19 და ქმნა სუეტის თავთა ზედა კარვისათა ტყავთაგან ვერძისათა ტარსიკონი მეწამული დასაბურველად ცისსხეული ზედა კერძო.
20 სვეტებად ურთხელის ძელები გაუკეთა სავანეს. 20 და ქმნა ორნი სუეტნი კარვისა მის ძელთაგან ულპოლველთა და აღმართებული.
21 ათი წყრთა იყო ძელის სიგრძე, წყრთანახევარი იყო თითოეული ძელის სიგანე. 21 ათ წყრთა სიგრძე ერთისა მის სუეტისა და წყრთისა და კერძოსი სივრცე ერთისა სვეტისა.
22 ორ-ორი რიკი ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთს მისადაგებული. ასე გაუკეთა სავანის ყველა ძელს. 22 და ორნი თჳთეულთა სუეტთა შესაბრძვილველად ურთიერთას, ეგრეთვე უქმნა ყოველთა მათ სვეტთა კარვისათა.
23 გაუკეთა სავანეს ძელები, ოცი ძელი სამხრეთით. 23 და ქმნა სვეტნი კარვისანი ოცნი სვეტნი სამხრით კერძო და ორმეოცნი ხარისხნი ვეცხლისანი სვეტთა ოთხთა მათ.
24 ორმოცი ვერცხლის ფეხი დაუყენა ქვეშ ოც ძელს, ორი ფეხი ერთი ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის. 24 და ორნი ხარისხნი - ერთსა მას სვეტთა ორთავე კერძოთა და ორნი ხარისხნი - ერთისაცა მის სვეტთასა ორთავე კერძოთა.
25 სავანის მეორე გვერდისთვის ჩრდილოეთის მხარეს გააკეთა ოცი ძელი; 25 და მეორე კერძო კარვისა მის ჩრდილოჲთ კერძო ოცნი სვეტნი.
26 და ორმოცი ვერცხლის ფეხი: ორი ფეხი ერთი ძელის ქვეშ, ორი ფეხი მეორე ძელის ქვეშ. 26 და ორმეოცნი ხარისხნი - ვეცხლისანი, ორნი ხარისხნი ერთისა თანა.
27 სავანის უკანა მხარეს დასავლეთისკენ გააკეთა ექვსი ძელი. 27 და ზურგით კარვისა მის ზღჳთ კერძო ქმნა ექუსნი სვეტნი.
28 ორი ძელი გააკეთა სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს. 28 და ჰქმნა ორნი სუეტნი უკანით კერძო.
29 შეერთებული იყო ქვემოდან და ზემოდან თითო რგოლით: ასე გააკეთა ორივესთვის ორსავე კუთხეში. 29 და იყვნეს სწორად შინაგან და ეგრეთვე მსგავსად მისა იყვნეს სწორად თავის კერძოდ ერთად შებრძჳლებულად. და ეგრეთვე უქმნა ოთხთა მათ სუეტთა, რომელნი იყვნეს საფუძველად ძგიდეთა მათ.
30 იყო სულ რვა ძელი და თექვსმეტი ვერცხლის ფეხი; ორ-ორი ფეხი თითო ძელის ქვეშ. 30 და იყვნენ რვანი სუეტნი და ხარისხნი მათნი ვეცხლისა ათექუსმეტნი და ორნი ხარისხნი - ერთი ერთისა სუეტისა მიმართ და ერთი ერთისა სუეტისა.
31 გააკეთა ლარტყები ურთხელის: ხუთი - სავანის ერთი გვერდის ძელებისთვის 31 და ქმნა სართული მისი ძელთაგან ულპოლველისა, ხუთნი ერთისა მის სვეტისა ერთ კერძო კარვისა მის.
32 და ხუთიც - სავანის მეორე გვერდის ძელებისთვის, ხუთიც - სავანის უკანა მხარის ძელებისთვის, დასავლეთით. 32 და ხუთნი იგი სხვანი სართულნი მეორისა კერძო კარვისა მის და ხუთნი სართულნი ზურგით ზღჳს კერძო.
33 გააკეთა შუათანა ლარტყი, რომელიც გასდევს ძელებს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე. 33 ყო შუა კერძო სართული სვეტთა შორის გვერდით კერძო.
34 ძელები ოქროთი მოჭედა, რგოლები ოქროსგან გააკეთა, აგრეთვე ლარტყების ჩასადგმელები; ლარტყებიც ოქროთი მოჭედა. 34 ორნივე სვეტნი ოქროჲთა შემოსა და ორნი იდაყუნი მისნი ოქროჲსანი, რომელი განეცმოდიან ურთიერთას. და შემოსა სართული იგი ოქროჲთა.
35 გააკეთა ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან; ზედ ქერუბიმები ამოქარგა. 35 და ჰქმნეს კრეტსაბმელი იგი იაკინთისაგან, და ძოწეულისა, და მეწამულისა, და ზეზისაგან ძახილისა და ქმნული ქსოვით ქერობინად.
36 გაუკეთა მას ურთხელის ოთხი სვეტი ოქროს კაუჭებითურთ და ოქროთი მოჭედა; ჩამოასხა მათთვის ოთხი ვერცხლის ფეხი. 36 და დგეს იგი ოთხთა სუეტთა ძელთაგან ულპოლველთა, რომელნი შემოსილ იყუნეს ოქროჲთა და სვეტის თავნი მათნი ოქროჲსანი, და ხარისხები მათნი ოთხნი - ვეცხლისანი.
37 დაამზადა მოხატული ფარდა სავანის შესასვლელისთვის ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან, 37 და ქმნეს კრეთსაბმელი იგი კარისა მის კარვისა საწამებელისა იაკინთისაგან ძოწეულისა, და მეწამულისა სთულისა და ზეზისაგან ძახილისა ქმნული ქსოვით ქერაბინად.
38 და ხუთი სვეტი კაუჭებითურთ; ოქროთი მოჭედა მათი თავები და სალტეები, გააკეთა სპილენძის ხუთი ფეხი. 38 და სვეტნი მათნი ხუთ, და კრკლები მათი, და მარწუხები მათი შემოსილ ოქროჲთა და ხარისხები მათ, ხუთი რვალისაჲ.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე