ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გააკეთა ბეცალიელმა ურთხელისგან კიდობანი; ორწყრთანახევარი იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე. 1 და ქმნა ბესელიელ კიდობანი იგი სჯულისაჲ ძელთაგან ულპოლველთა, ორ წყრთა, და კერძო - სიგრძე მისი, და წყრთა და კერძო - სივრცე მისი, და წყრთა და კერძო - სიმაღლე მისი. და შემოსა იგი ოქროჲთა წმიდითა შინათ და გარეთ.
2 მოჭედა იგი ხალასი ოქროთი შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო. 2 და აქმნა მას კიდენი ოქროჲსანი გარემოჲს.
3 ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი, მის ოთხსავე კუთხეზე დასამაგრებელი: ორი რგოლი ერთ მხარეზე, ორი რგოლი მეორე მხარეზე. 3 და უქმნა მას დასხმითნი ოთხნი გრკალნი ოქროჲსანი ოთხთავე კიდეთა მისთა: ორი - ერთ კერძო და ორი - ერთ კერძო სივრცისაებრ მათ განსაცმელთასა, რათა აღიღოდიან იგი მით.
4 დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა. 4 და ქმნა სალხინებელი იგი ძელთაგან ულპოლველთა და შემოსა იგი ოქროჲთა.
5 გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად. 5 და შეაკრნეს სალხინებელსა გრკალნი იგი კიდით კიდობნისა მის, რათა აღიღოდიან.
6 გააკეთა სახურავი წმიდა ოქროსაგან; სიგრძე ორწყრთანახევარი ჰქონდა, სიგანე - წყრთანახევარი. 6 და ჰქმნე სალხინებელი ზედა კიდობანსა მის ოქროჲსგან წმიდისა, ორი წყრთა და ნახევარი - სიგრძე მისი, წყრთა და ნახევარი - სივრცე მისი.
7 გააკეთა ოქროს ორი ქერუბიმი; ოქროსაგან გამოჭედა ისინი; სახურავის ორსავე კიდეზე განალაგა. 7 და ქმნნა ორნი იგი ქერაბინნი პატიოსანი ორთავე კიდეთა სალხინებელისასა,
8 ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე, მეორე ქერუბიმი მეორე კიდეზე. სახურავიდან გამოიყვანა ქერუბიმები ორსავე კიდეზე. 8 ქერობინი ერთი კიდესა მას სალხინებელისასა და ქერობინი მეორე მეორისა კიდესა სალხინებელისასა, ჰქმნე ორნივე ქერობინად ორთავე კიდეთა მისთა.
9 ფრთები გაშლილი ჰქონდათ ქერუბიმებს და ფარავდნენ თავიანთი ფრთებით სახურავს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ მიქცეულნი, სახურავისკენ ჰქონდათ მიქცეული სახეები. 9 და იყვნეს ფრთენი ქერობინთა მათ განმარტებით ზედა კვრძო სალხინებელსა მას, რათა აგრილობდეს ფრთითა მით. პირნი ქერობინთანი აქუნდენ პირისპირ.
10 გააკეთა ტაბლა ურთხელისგან; ორი წყრთა ჰქონდა სიგრძე, ერთი წყრთა სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე. 10 და ჰქმნა ლანკანი წინაშე ოქროჲსაგან წმიდისა და უქმნა მას კარშიკნი ოქროჲსანი ოთხნი, კარშიკნი ორნი - ერთ კერძოსა კიდესა და კარშიკნი ორნი - კარშიკსა მას მეორესა სივრცით, რათა აღიღოდიან იგი უღლითა მით, და უღელნი იგი კიდობნისანი და ტაბლისანი ქმნნა ძელთაგან ულპოლველთა და შემოსნა იგინი ოქროჲთა, ორი წყრთა - სიგრძე მისი და ორი წყრთა და ნახევარი - სიმაღლე მისი.
11 ხალასი ოქროთი მოჭედა და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო. 11 და შემოსნა იგინი ოქროჲთა წმიდითა და გარემოს მისა.
12 ირგვლივ ერთი მტკაველი კედელი გაუკეთა და კედელსაც ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო. 12 და უქმნა მას გვირგვინი მტკაველადი გარემოს და ქმნა რქანი ოქროჲსა გვირგვინისანი გარემოს.
13 ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი და ოთხსავე კუთხეზე ოთხ ფეხთან დაამაგრა. 13 და ქმნა ოთხნი გრკალნი ოქროჲსაგან და დადვა სალტითა მით ოთხთავე კერძოთა, რომელი იყუნეს ოთხთა ფერჴთა მისთა.
14 კედელზე მიმაგრებული რგოლები კეტების გასაყრელი იყო, რომ ტაბლა ეტარებინათ. 14 შინაგან გვირგვინისა ქმნა გრკალნი და შეაცვა უღელთა, რათა აღიღებოდიან ტაბლაჲ.
15 გააკეთა ურთხელის კეტები, ოქროთი მოჭედილი, ტაბლის სატარებლად. 15 და ქმნა ორნი უღელნი ძელთაგან ულპოლველთა და შემოსნა იგინი ოქროჲთა აღსაღებელად ტაბლასა.
16 გააკეთა ტაბლის ჭურჭელი: თეფშები, კოვზები, თასები და საღვრელის დასაღვრელი საწდეები ხალასი ოქროსგან. 16 (38,12) და ქმნა სასანოვაგე იგი ჭურჭელი ტაბლისაჲ მის, პინაკები იგი, და ფიალები და ფეშხუნები, და გოვზაკები, რომლითა შეწირეს მით ყოველი, ოქროჲთა წმიდითა.
17 გააკეთა სასანთლე ხალასი ოქროსგან, ნაჭედი იყო სასანთლე; მისი ღერო, რტო, ჯამები, კოკრები და ყვავილები ერთიანი იყო. 17 (38,13) და ქმნა სასანთლე იგი, რომელი ენთებოდის (მყარი ოქროჲსა (38,14), ჴერი იგი და რტონი ორკერძოვე გვერდით მისით (38,15) მისგანვე რტოთა მისთა გამომცენარედ გამომატებულ, სამნი ამიერ და სამნი იმიერ განსწორებულ ურთიერთას. (38,16) და სასანთლენი მათნი, რომელნი დგენ მწუერვალთა მათთანი გველისსახედ მათგანვე და დასადგმელნი მათგანვე, რათა იყუნენ სანთელნი იგი მათ ზედა და დასადგმელი მეშჳდე ზედა წუერსა სანთლისასა თხემსა ზედა კერძო მყარი ყოვლად ოქროჲსაჲ (38,17) და შჳდნი სანთელნი მისნი მას ზედა - ოქროჲსანი და მარწუხნი მისნი - ოქროჲსანი), ოქროჲ წმიდაჲ ოფაზი ქმნა სასანთლე, ბუნი და ჴერი მისი ყვავილედად აღმოკვეთილად, და ბირთვი და შროშანნი მისნი გამოზიდვით მისგანვე.
18 ექვსი რტო გამოდიოდა მისი გვერდებიდან: სასანთლის სამი ღერო ერთი გვერდიდან, სასანთლის სამი ღერო მეორე გვერდიდან. 18 ექვსკეცად განუმზადა საბურველად გვერდით მისა სამნი ნიგოსაკები - ერთ კერძო სასანთლისა მის და სამნი ნიგოზაკები - მეორედ კერძო სასანთლისა მის.
19 ნუშისებრი სამი ჯამი ერთ რტოზე, კოკორი და ყვავილი; ნუშისებრი სამი ჯამი მეორე რტოზე, კოკორი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლიდან გამოდიან.    
20 სასანთლეზე ოთხი ნუშისებრი ჯამი, კოკრები და ყვავილები.    
21 ერთი კოკორი ორ რტოს ქვეშ, ერთი კოკორიც ორ რტოს ქვეშ; ასე ექვსივე რტოსთვის, რომლებიც სასანთლიდან გამოდიან.    
22 მისი კოკრები და რტოები მისგანვე იყო ნაკეთები, მთლიანად ჭედური იყო ერთიანი ხალასი ოქროსი.    
23 გაუკეთა შვიდი ლამპარი და მაშები და აქანდაზები ხალასი ოქროსაგან.    
24 ერთი ქანქარი ხალასი ოქროსგან გააკეთა ისიც და მთელი მისი ჭურჭელი.    
25 გააკეთა საკმევლის სამსხვერპლო ურთხელისგან: ერთი წყრთა სიგრძე ჰქონდა, ერთი წყრთა - სიგანე, ერთი წყრთა - სიმაღლე, მისგანვე იყო ნაკეთები მისი რქები.    
26 ხალასი ოქროთი მოჭედა იგი, მისი სახურავი, კედლები ირგვლივ და რქები; ოქროს გვირგვინი მოავლო გარშემო.    
27 ორი ოქროს რგოლი მიამაგრა ქვემოდან სალტეს ორსავე გვერდზე, ორსავე მხარეს კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ სამსხვერპლო.    
28 დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.    
29 დაამზადა წმიდა მირონი და სურნელოვანი, სუფთა საკმეველი, როგორც მენელსურნელენი ამზადებენ.    

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე