ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მერე მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში. 1 და ამისა შემდგომად შევიდეს მოსე და აჰრონ წინაშე ფარაოჲსსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: გამოავლინე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა.
2 უთხრა ფარაონმა: ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ. 2 და ჰრქუა ფარაო: ვინ არს იგი, რათა ვისმინო ჴმისა მისისა, ვითარმედ განუტევნე ძენი ისრაჱლისანი? არა ვიცი უფალი, არცა განუტეო ისრაჱლი.
3 უთხრეს: ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ ჩვენს ღმერთს, თორემ გაგვწყვეტს ჭირით ან მახვილით. 3 და ჰრქუეს მას: ღმერთი ებრაელთა მიწესს ჩუენ, განვიდი გზასა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა მსხუერპლი შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ნუუკუე შემემთხჳოს ჩუენ სიკუდილი, გინა მახჳლი.
4 უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: რატომ აცდენთ, მოსე და აარონ, ხალხს საქმეს? წადით, შეუდექით თქვენს სამუშაოს. 4 ჰრქუა მათ მეფემან ეგჳპტისამან: რაჲსათჳს თქუენ, მოსე და აჰრონ, გარდააქცევთ ერსა საქმისაგან მათისა? წარვედით კაცად-კაცადი თქუენი საქმესა თჳსსა.
5 კვლავ უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: მრავალრიცხოვანია ახლა ეს ხალხი, თქვენ კი გინდათ, მოაცდინოთ სამუშაოს. 5 და თქუა ფარაო: აჰა ესერა, აწ განმრავლებულ არს ერი ესე ქუეყანისა, არღარა შეუნდოთ მათ საქმისა მისგან.
6 უბრძანა იმავე დღეს ფარაონმა ხალხის ზედამხედველებსა და თავდგმურებს და უთხრა: 6 და უბრძანა ფარაო მას დღესა შინა საქმის მაწუეველთა მათ ერისათა და მწიგნობართა და ჰრქუა:
7 აღარ მისცეთ ხალხს ბზე ალიზის მოსაზელად, როგორც გუშინ და გუშინწინ აძლევდით. წავიდნენ და თავად მოაგროვონ ბზე. 7 ნუღარა შესძინებთ ცემად ბზესა ალიზისა საქმედ რად, ვითარცა გუშინ და ძოღან, იგინი წარვიდედ და შეიკრიბედ თავისა თჳსისა ბზე.
8 ხოლო აგურების რაოდენობა, რამდენსაც გუშინ და გუშინწინ აკეთებდნენ, იმდენივე დაუწესეთ, არ მოუკლოთ, რადგან ზარმაცები არიან და ამიტომაც გაჰყვირიან, წავალთ, ჩვენს ღმერთს მსხვერპლს შევწირავთო! 8 და ბრძანებული იგი ალიზი, რომელსა იქმან დღითი-დღედ იგივე დასდევით მათ, ნუმცა რას დააკლებენ, რამეთუ სცალს და ამისთჳს ღაღადებენ და იტყჳან: განვიდეთ და შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
9 გაუძნელდება შრომა მაგ ხალხს, საზრუნავი გაუჩნდება და ვეღარ მიუგდებს ყურს მაცთუნებელ სიტყვებს. 9 დაუმძიმდინ საქმე კაცთა ამათ და მას ზრუნვიდენ და ნუ ზრუნვედ სიტყუასა ცუდსა.
10 გავიდნენ ხალხის ზედამხედველები და თავდგმურები და გამოუცხადეს ხალხს: ასე თქვა ფარაონმა, აღარ მოგცემთო ბზეს, 10 ასწრაფდეს მათ საქმის მწუეველნი იგი ერისანი და მწიგნობარნი იგი და ეტყოდეს ერსა: ამას იტყჳს ფარაო, არარა გცემ თქუენ ბზესა.
11 წადით და თავად მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით. მოკლებით კი არაფერი მოაკლდება თქვენს სამუშაოს. 11 წარვედით თქუენ და შეკრიბეთ ბზე, სადაცა ჰპოოთ და არარაჲ დააკლოთ თქუენ დაწესებულსა მას არცაღა ერთ.
12 მოეფინა ხალხი მთელს ეგვიპტის ქვეყანას, რომ ბზის სანაცვლოდ ნამჯა შეეგროვებინათ. 12 და განიბნია ერი იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შეკრებად წუელისა ბზედ.
13 ზედამხედველები კი აიძულებდნენ, ეუბნებოდნენ: ყოველდღიურად შეასრულეთ ის სამუშაო, რასაც მაშინ ასრულებდით, როცა ბზე გეძლეოდათ. 13 ხოლო საქმის მწვეველნი იგი ასწრაფებდეს მათ და ეტყოდეს: აღასრულეთ საქმე დაწესებული თქუენი დღითი-დღედ, ვითარცა-იგი რაჟამს ბზე გეცემოდა თქუენ.
14 სცემდნენ ისრაელიანთა გზირებს, რომლებიც მიჩენილი ჰყავდათ მათთვის ფარაონის მოხელეებს, და ეუბნებოდნენ: რატომ არ გაგიკეთებიათ დაწესებული რაოდენობის აგური, როგორც გუშინ და გუშინწინ, როგორც დღემდე აკეთებდით? 14 და იტანჯნენ მწიგნობარნი იგი ნათესავისა მის ძეთა ისრაჱლისათანი, რომელნი-იგი დაედგინნეს მათ ზედა ზედამდგომელთა მათ ფარაოჲსთა და ეტყოდეს: რაჲსათჳს არა აღასრულეთ დაწესებული იგი ალიზისა საქმე თქუენი გუშინდელისა და ძოღანდელისა დღისა დღესცა ეგრევე?
15 მივიდნენ ისრაელიანთა გზირები და შეჰბღავლეს ფარაონს: ასე რად ექცევი შენს მორჩილთ? 15 შევიდეს მწიგნობარნი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, ღაღადებდეს წინაშე ფარაოსსა და იტყოდეს: რაჲსათჳს ესრეთ უყოფ მონათა შენთა?
16 ბზე აღარ ეძლევათ შენს მორჩილთ და მაინც გვეუბნებიან, აგურები აკეთეთო. აჰა, სცემენ შენს მორჩილთ. შენს ხალხს აწევს ცოდვა. 16 ბზესა არა გუცემენ მონათა შენთა და ალიზსა მასვე გვეტყჳან საქმედ და, აჰა ესერა, მონანი შენნი ტანჯულ არიან, ავნებ ეგრე ერსა შენსა?
17 მიუგო: ზარმაცები ხართ, ზარმაცები. ამიტომ ამბობთ, წავალთ, მსხვერპლს შევწირავთო ჩვენს უფალს. 17 ჰრქუა მათ ფარაო: გცალს, მოცალე ხართ და მისთჳს იტყჳთ: განვიდეთ და ემსახურეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.
18 ახლა წადით და იმუშავეთ! ბზე არ მოგეცემათ, აგური კი იმდენივე უნდა მოგვცეთ. 18 აწ უკვე წარვედით და იქმოდეთ, ხოლო ბზე არა გცეს თქუენ და დაწესებული იგი ალიზი მოსცეთ.
19 დაინახეს ისრაელიანთა გზირებმა, რა ჭირშიც ჩაცვივდნენ, როცა ებრძანათ, არაფერი დააკლოთო ყოველდღიურად დასამზადებელი აგურების რაოდენობას. 19 ვითარცა აღიხილნეს თავნი თჳსნი მწიგნობართა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ ბოროტსა შინა არიან, ვითარ-იგი ეტყოდეს, ვითარმედ: არა დააკლოთ თქუენ განწესებულსა მას მდღევარსა რიცხვი ალიზთა.
20 როცა ფარაონისგან გავიდნენ, შეეყარნენ მოსეს და აარონს, რომლებიც მათ შესახვედრად გამოსულიყვნენ. 20 და შეემთხჳნეს მოსეს და აჰრონს, მო-რა-ვიდოდეს მათა, ვითარ-იგი გამოვიდოდეს ფარაოჲსგან.
21 უთხრეს: უფალმა დაგინახოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს, და ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში. 21 და ჰრქუეს მათ: იხილენ ღმერთმან თქუენი და საჯენ, რამეთუ საძაგელ ჰქმენით სულნელებაჲ ჩუენი წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა მიცემად მახჳლი ჴელთა მისთა და მოკლვად ჩუენდა.
22 მიბრუნდა უფლისკენ მოსე და თქვა: უფალო, რატომ უბოროტე ამ ხალხს? რატომ გამომგზავნე? 22 მოიქცა მოსე უფლისა და ჰრქუა: უფალო, რაჲსა განაბოროტე ერი ესე. რაჲსა მომავლინე მე?
23 მას შემდეგ, რაც ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკნა, ბოროტად ექცევა ამ ხალხს ფარაონი. ხსნით კი, არ იხსენი შენი ხალხი. 23 და ვინათგან შევედ მე ფარაოჲსა სიტყუად სახელითა შენითა, ბოროტსა უყოფს ერსა შენსა და არა იჴსენ ერი შენი.

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე