ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 უთხრა უფალმა მოსეს: ახლა დაინახავ, რას დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს მას გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გაყაროს მისი ქვეყნიდან. 1 ჰრქუა უფალმან მოსეს: აწ იხილო, რაჲ-იგი უყო ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოავლინნეს იგინი და მკლავითა მაღლითა გამოასხნეს იგინი ქუეყანით მათით.
2 ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი. 2 ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი,
3 მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის. 3 რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთა ღმერთი მე ვარ და სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყეა მათ?
4 აღთქმაც დავუდევი, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი მდგმურობის ქვეყანას, სადაც მდგმურობდნენ. 4 და დავამტკიცე აღთქუმაჲ ჩემი მათ თანა მიცემად მათა ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელსაცა მწირობდეს, რომელსა იყოფოდეს მას ზედა.
5 მევე ვისმინე ისრაელიანთა კვნესა, რომლებიც ეგვიპტელებს ჰყავთ დამონებული, და გავიხსენე ჩემი აღთქმა. 5 და მესმნეს სულთქუმანი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, რომლითა ეგჳპტელნი იგი დაიმონებენ მათ და მოვიჴსენე აღთქუმაჲ იგი თქუენი.
6 ამიტომ ამცნე ისრავლიანებს: მე ვარ უფალი, მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა კირთებისგან, მე გაგათავისუფლებთ მათი მონობისგან, მე გიხსნით შემართული მკლავით და დიდი სასჯელების ძალით. 6 წარვედ, ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მე ვარ უფალი და გამოგიყუანნე თქუენ მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა და გიჴსნნე თქუენ კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მაღლითა და სასჯელითა დიდ-დიდითა.
7 მიგიღებთ ჩემს ერად და ვიქნები თქვენი ღმერთი. გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტელთა კირთებისგან თქვენი გამომხსნელი. 7 და მოგიყუანნე თქუენ ერად ჩემდა და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანნე თქუენ ქუეყანით ეგჳპტით მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა.
8 მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს. ახლა თქვენთვის მომიცია იგი დასამკვიდრებლად. მე ვარ უფალი. 8 და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მიგცე იგი თქუენ ნაწილად მე უფალმან.
9 ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, მაგრამ არ უსმინეს მოსეს, რადგან სულმოკლენი იყვნენ და შრომისაგან გატანჯულნი. 9 ეტყოდა ესრეთ მოსე ძეთა ისრაჱლისათა და არა ისმინეს მოსესი სულმოკლებისა მისგან და საქმეთა მათგან ფიცხელთა.
10 ასე უთხრა უფალმა მოსეს: 10 ჰრქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან:
11 მიდი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, გაუშვას ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან. 11 შევედ შენ და ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.
12 ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე და თქვა: აჰა, არ მისმინეს ისრაელიანებმა. როგორღა მომისმენს ფარაონი, მე ხომ ენაბრგვილი ვარ? 12 იტყოდა მოსე წინაშე უფლისა და თქუა: აჰა ესერა, ძეთა ისრაჱლისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო. რამეთუ მე უსიტყუ ვარ?
13 ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და ათქმევინა ფარაონისთვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გაეშვა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან. 13 ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და ფარაოს, რათა გამოუტევნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.
14 ესენი არიან თავ-თავიანთ მამისსახლთა უფროსები: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და მარმი. ესენია რეუბენის საგვარეულოები. 14 და ესე არიან მთავარნი სახლთა მამულთა მათთანი, ძენი რუბენისნი, პირმშოჲსა ისრაჱლისანი: ენუქ და ფალუს, ასრონ და ქარმი.
15 სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული, ქანაანელი დედაკაცის შვილი. ესენია სიმონის საგვარეულოები. 15 ესე არიან ნათესავნი რუბენისნი და ძენი სჳმეონისნი: იჱმუელ, და იამინ, და ოდ, და იაქიმ, და საარ და საულ, რომელი იყო ფინიკიელისა მისგან. ესე არიან ტომნი ძეთა სჳმეონისთანი.
16 ესენია ლევის ძეთა სახელები თაობების მიხედვით: გერშონი, კეჰათი და მერარი. ლევის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. 16 და ესე სახლები არს ძეთა ლევისთა ნათესავებისაებრ მათისა: გეთსონ და კაათ და მერარი, და წელნი ცხორებისა ლევისნი ასოცდაათჩჳდმეტ წელ.
17 გერშონის ძენი: ლიბნი და შიმყი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით. 17 და ესე არიან ძენი გეთსონისნი: ლობენი და სემეი, სახლისა მამათმთავართა მათისანი.
18 კეჰათის ძენი: ყამრამი, ხებრონი და ყუზიელი. ხოლო კეჰათის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაცამეტი წელი. 18 და ძენი კათისნი: ამბრამ და ისაჰრ, ქებრონ და ოზიელ. და წელნი ცხორებისა კაათისნი ასოცდაათსამეტ წელ.
19 მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის საგვარეულოები თაობათა მიხედვით. 19 და ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი, ესე სახლისა მამათმთავართა ლევისნი ნათესავად-ნათესავადი მათი.
20 შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად და უშვა ქალმა აარონი და მოსე. ყამრამის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. 20 და მოიყუანა ამბრაამ იოქაბედ, ასული მამის ძმისა თჳსისა, თავისა თჳსისა ცოლად და უშვნა მას: აჰრონ, და მოსე და მარიამ, დაჲ მათი, ხოლო წელნი ცხორებისა ამბრამისნი ასოცდაათშჳდმეტ წელ.
21 იცჰარის ძენი: კორასი, ნეფეგი და ზიქრი. 21 და ძენი ესაარისნი: კორე და ნაფეგ და ზექრი.
22 ყუზიელის ძენი: მისაელი, ელცაფანი და სითრი. 22 და ძენი ოზიელისნი: მისაელ, ელისაფან და სეთრი.
23 შეირთო აარონმა ცოლად ელისაბედი, ამინადაბის ასული, ნახშონის და; უშვა ქალმა ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი. 23 და მოიყუანა აჰრონ ელისაბეთ, ასული ამინადარისი და დაჲ ნაასონისი, თჳსა ცოლად და უშვნა მას ნადაბ და აბიუდ და ელიეზერ და იათამარ.
24 კორახის ძენი: ასირი, ელკანა, და აბიასაფი. ებენია კორახიანთა საგვარეულოები. 24 და ძენი კორესნი: ასერ და ელკანა და აბიასარ - ესე შობანი კორესნი.
25 ითხოვა ელიაზარმა, აარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ერთ-ერთი ასული და უშვა ქალმა ფინხასი. ესენი არიან ლევიანთა მამამთავარნი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით. 25 და ელიაზარ, ძემან აჰრონისმან, მოიყუანა ასულთაგანი ფუტიელისთა თჳსა ცოლად და უშვა მას ფინეზ. ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთანი მსგავსად შობისა მათისა.
26 ეს ის აარონი და მოსეა, რომელთაც უბრძანა უფალმა: გაიყვანეთ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად. 26 ესენი არიან აჰრონ და მოსე, რომელთა ჰრქუა ღმერთმან გამოყვანებაჲ ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით ძალითურთ მათით.
27 ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაეყვანათ ისრაელიანები ეგვიპტიდან. ესენი იყვნენ მოსე და აარონი. 27

ესენი არიან, რომელნი ეტყოდეს ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, და გამოიყვანეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით. ესე არიან აჰრონ და მოსე.

28 მაშინ იყო, რომ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში. 28 დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაოდენი მე გრქუა შენ.
29 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი. რასაც გეუბნები, ყველაფერი უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს.    
30 თქვა მოსემ უფლის წინაშე. მე ხომ ენაბრგვილი ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი? 29 და თქუა მოსე წინაშე უფლისა: აჰა ესერა, მე ჴმა-წულილ ვარ და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო?

 

ვებგვერდი დაამზადა: ირაკლი მაღლაკელიძე